ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფრედ კენტი – ფრედ კენტის წერილი შვილიშვილს

ბატონი კენტის შვილიშვილი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ძალიან შეაწუხა მოგების სისტემის გაბატონებულმა უგულვებელყოფამ. მან ჰკითხა თავის ბაბუას, თუ როგორ შეიძლებოდა მოგების მიღება სხვა ადამიანების შრომის მითვისების გარეშე.
აპრილი, 1942 წელი

ჩემო ძვირფასო შვილიშვილო:

ვუპასუხებ შენს შეკითხვას იმდენად მარტივად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოგება არის საწარმოს შედეგი, რომელიც აშენებულია როგორც ამ საწარმოს მფობელისათვის, ასევე სხვებისათვის. მოდი განვიხილოთ ამ ფაქტის ფუნქციონირება პრიმიტიულ საზოგადოებაში, ვთქვად 100 ადამიანისაგან შემდგარ საზოგადოებაში, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული ინტელექტუალური უნარები, თუ არ ჩავთვლით იმ უნარს, რომ მოიპოვონ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აუცილებელი საკვები, რისთვისაც მთელი დღის განმავლობაში უწევთ მძიმე შრომა.

ჩვენს პრიმიტიულ საზოგადოებას, რომელიც მთის ძირას ბინადრობს, რა თქმა უნდა, სჭირდება წყალი. წყალი ხელმისაწვდომია მხოლოდ მთის თავთან ახლოს. ამიტომ 100-ვე ადამიანს უწევს ყოველდღიურად მთაზე ასვლა. მთაზე ასვლისა და უკან დაბრუნებისათვის მათ 1 საათი სჭირდებათ. ისინი ყოველდღიურად ადიოდნენ მთაზე, ვიდრე მე-100 ადამიანმა არ გააცნობიერა, რომ გაზაფხულზე წყალი მიედინება მთის შიგნით იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის მიდის მთის თავიდან თავისი საცხოვრებლისაკენ. იგი მოიფიქრებს, რომ გააკეთოს ღარი მთის თავიდან თავის საცხოვრებელ ადგილამდე და დაიწყებს ღარის აშენებას. დანარჩენ 99 ადამიანს ცნობისმოყვარეობაც კი არ აწუხებთ იმასთან დაკავშრებით, რასაც მე-100 აკეთებს.

ერთ დღესაც, ეს მე-100 ადამიანი მიუერთებს ღარს წყალის ნაკადს მთის თავთან და წყალიც დაიწყებს დენას მთიდან ქვემოთ და ჩაედინება ავზში, რომელიც მან მთის ძირას ააშენა. ამის შემდეგ, ის ეტყვის დანარჩენ 99 ადამიანს, რომ თითოეული, რომელიც იმუშავებს 10 წუთს მისთვის, უფლებას მიიღებს, რომ წყალი აიღონ ავზიდან და აიცილონ ყოველდღიურად მთაზე ასვლა, რომელსაც 1 საათი სჭირდება. ამიტომ იგი მიიღებს ყოველდღიურად 990 წუთ შრომას დანარჩენი 99 ადამიანისაგან და განთავისუფლდება თავისი 16 საათიანი დღიური სამუშაო რეჟიმისაგან, რაც საჭირო იყო მისი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. მე-100 ადამიანი გამოიმუშავებს უზარმაზარ მოგებას თავისი საწარმოსაგან, მაგრამ იგი ასევე საშუალებას აძლევს დანარჩენ 99 ადამიანს, რომ ყოველდღიურად თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ის 50 წუთი, რომელიც მე-100 ადამიანის ძალისხმევის შედეგად გამოუთავისუფლდათ.

მეწარმეს ახლა აქვს თავისუფალი 16 საათი, რომელსაც იყენებს თავისი შეხედულებისამებრ. იგი ატარებს დღეებს წყლის ყურებაში და აკვირდება, თუ როგორ მოედინება წყალი მთიდან. ის დაინახავს, რომ წყალი ეცემა ქვებსა და ტოტებს. დიდი ხნის დაკვირვებისა და განჭვრეტის შემდეგ ის განავითარებს წყლის საშუალებით მოძრავ თვალს, რის შემდეგაც აღმოაჩენს, რომ მას აქვს ძალა და ასე შექმნის წისქვილს თავისი მარცვლეულის დასაფქველად.

მე-100 ადამიანი ასევე გააცნობიერებს, რომ მას აქვს საკმარისი შესაძლებლობა დანარჩენი 99 ადამიანის მარცვლეულის დასაფქვავად. ამის შემდეგ ის მიმართავს მათ: „საშუალებას მოგცემთ დაფქვათ თქვენი მარცვლეული ჩემს წისქვილში, თუ იმუშავეთ ჩემთვის იმ დროის 1/10-ს, რომელსაც დაზოგავთ”. ისინი დათანხმდებიან და მეწარმე დაიწყებს დამატებითი მოგების გამომუშავებას. ის იყენებს დროს, რომელსაც დანარჩენი 99 ადამიანი მუშაობს მისთვის, რომ აიშენოს უკეთესი სახლი, გააკეთოს მოხერხებული სკამები, მოაწყოს განათება და უკეთესად დაიცვას თავი სიცივისაგან. ასე გრძელდება ცხოვრება, როდესაც მე-100 ადამიანი პოულობს გზას, რომ დაზოგოს დანარჩენი 99-ის დრო და შემდეგ იგი მათ თხოვს დაზოგილი დროის 1/10-ს თავისი საწარმოთი სარგებლობისათვის.

საბოლოოდ, მე-100 ადამიანის დრო მთლიანად თავის განკარგულებაში გადადის და შეუძლია გამოიყენოს ისე, როგოც მიიჩნევს უფრო მოსახერხებლად. მას აღარ სჭირდება მუშაობა, თუ თავად არ მოისურვებს. მის საკვებს, საცხოვრებელს და ტანსაცმელს უზრუნველყოფენ სხვები. მიუხედავად ამისა, მისი გონება მაინც მუშაობს და დანარჩენი 99 ადამიანი გამუდმებით პოულობს დამატებით დროს თავიანთი თავისათვის ამ მე-100 ადამინის ფიქრისა და დაგეგმვის შედეგად.

მაგალითისათვის, იგი გააცნობიერებს, რომ ერთ-ერთი 99-დან აკეთებს უკეთეს ფეხსაცმელს ვიდრე დანარჩენი. ამიტომ მე-100 პიროვნება მოაწყობს ისე, რომ ამ ადამიანმა მთელი თავისი დრო დაუთმოს ფეხსაცმლის გაკეთებას და იგი უზრუნველყოფს მას საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით გამომუშავებული მოგებიდან. ამის შემდეგ დანარჩენი 98-ი ადამიანი აღარ აკეთებს ფეხსაცმელს თავიანთი თავისათვის. ისინი მუშაობენ 99-ე ადამიანისათვის დაზოგილი დროის 1/10-ს. შესაბამისად, 99-ე ადამიანის სამუშაო დროც შემცირდა, რადგან ფეხსაცმლის სანაცვლოდ თავიანთი დროის ნაწილს 98-ადამიანი მუშაობს მისთვის და ეს ყოველივე შესაძლებელი გახდა მე-100 ადამიანის დაკვირვების შედეგად.

დღეებმა გაირა და კიდევ ერთმა ადამიანმა, ისევ მე-100 ადამიანის საშუალებით, დაინახა, რომ მას ყველაზე კარგად გამოსდის ტანსაცმლის გაკეთება. ამიტომ ისიც გადაწყვეტს, რომ მთელი თავისი დრო დაუთმოს ტანსაცმლის შექმნას. ასეთი განვითარება გაგრძელდება შემდეგაც.

მე-100 ადამიანის გამჭრიახობის შედეგად შეიქმნა შრომის დანაწილება, რამაც საშუალება მისცა თითოეულ ინდივიდუალს, რომ გაეკეთებინათ ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. თითოეულს აქვს დიდი თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ. ყველა დაინტერესდა სხვა ადამიანების საქმიანობით, სულელების გარდა, და თითოეულმა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გახდეს საუკეთესო თავის პოზიციაზე. საბოლოო შედეგი ამ პროცესის განვითარების არის ის, რომ თითოელი ადამიანი იპოვის სათანადო ადგილს განათლებულ საზოგადოებაში.
მაგრამ წარმოიდგინე, როდესაც მე-100 ადამიანმა დაამთავრა ღარის აშენება მთის თავიდან საცხოვრებელ ადგილამდე და უთხრა დანარჩენ 99 ადამიანს: „თუ თქვენ იმუშავებთ ყოველდღიურად 10 წუთი ჩემთვის, მაშინ მე უფლებას მოგცემთ აიღოთ წყალი ჩემი ავზიდან და ასე თითოეულს ყოველდღიურად დაგეზოგებათ 50 წუთი”, ისინი მოუბრუნდნენ და უთხრეს მას: „ჩვენ ვართ 99 და შენ ხარ ერთი, ჩვენ ავიღებთ იმდენ წყალს, რამდენსაც მოვისურვებთ და არაფერსაც არ მოგცემთ, რადგან შენ ვერ გაგვიწევ წინააღმდეგობას”. ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა? სტიმული ყველაზე გასაოცარი გონების, რომელსაც შეეძლო საწარმოების შექმნა გაქრებოდა, რადგან ის დაინახავდა, რომ თავისმა ძალისხმევამ, რომელიც სხვების პრობლემების გადაჭრაში გამოიხატა, არაფერი სარგებელი არ მისცა და ისევ მოუწევს ყოველდღიურად მუშაობა, რომ შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე. საზოგადოებაში არანაირ პროგრესს არ ექნებოდა ადგილი. იგივე განუვითარებლობა იმეფებდა, რომელიც მანადმე არსებობდა. ცხოვრება გაგრძელდებოდა, როგორც წვალება ყველასათვის და მათი ერთადერთი შესაძლებლობა ის იქნებოდა, რომ ემუშავათ მთელი დღე მხოლოდ არსებობისათვის.

ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ, რომ 99 ადამიანმა არ შეუშალა ხელი მე-100 ადამიანს აზროვნებაში და ამის საპასუხოდ მთლიანად საზოგადოებაც გამდიდრდა. წარმოვიდგინოთ, რომ მალე ამ საზოგადოებაში შეიქმნა 100 ოჯახი. როდესაც ბავშვები გაიზარდნენ ნათელი გახდა, რომ მათ უნდა ესწავლათ ცხოვრების გზა. რადგან ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი წარმოება, მე-100 ადამიანს შეეძლო გამოეთავისუფლებინა რომელიმე მათგანი თავისი სამუშაოდან და გადაეხადა ახალგაზრდების სწავლებისათვის.

ზემოაღნიშნულის შედეგად, როდესაც განათლების დონე გაიზარდა, ბუნების სილამაზეც ნათელი გახდა. ადამიანებმა დაიწყეს მცენარეებისა და ცხოველების ნახატებში დაფიქსირება და ხელოვნებაც დაიბადა. ბგერებმა, რომლებიც ესმოდათ ბუნებისა და ადამიანებისაგან, შესაძლებელი გახდა ხელოვნების განვითარება. შრომის დანაწილების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად გამოსდიოდათ ხატვა და მუსიკა, მთელი თავიანთი დრო ხელოვნებისათვის დაეთმოდ, ხოლო შემდეგ შექმნილი ნახატები და ნაწარმოებები საზოგადოებისათვის შეეთავაზებინათ კონკრტული პროდუქტის სანაცვლოდ.

ამ განვითარების გაგრძელებასთან ერთად, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრი თავისი შრომის ნაწილს ცვლიდა ერთმანეთში, ადამიანები უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ სხვების ძალისხმევაზე. ამრიგად, თუ შურიანი, ბოროტი და უსამართლო კანონები არ შეზღუდავს პატიოსან მეწარმეებს, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ყველასათვის, მაშინ პროგრესი მუდმივად გაგრძელდა.

კიდევ არის საჭირო მეტის თქმა, რომ დავამტკიცოთ საწარმოსაგან მოგების მიღების შესაძლებლობა სხვების შრომის მითვისების გარეშე და, რომ საწარმო აადვილებს ყველა ადამიანის ცხოვრებას?

ეს პრინციპები ისევე მუშაობს ისეთ დიდებულ ერში, როგორიც ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, როგორც ჩვენს წარმოსახვით საზოგადოებაში. კანონები, რომლებიც კლავენ სტიმულს და აზიანებენ პატიოსან მეწარმეს, აფერხებენ პროგრესს. ნამდვილი მოგება არ არის ის, რისიც უნდა გვეშინოდეს, რადგან ის მუშაობს ყველას სასარგებლოდ.

ჩვენ უნდა ვცადოთ ახლის შენება ნაცვლად იმისა, რომ დავანგრიოთ ის, რაც სხვებმა ააშენეს. ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანი სხვა ადამიანების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება არ იქნება სამართლიან ჩვენს მიმართ.

პატივისცემით,
ბაბუა.

ავტორის შესახებ

ფრედ ი. კენტი (1869-1954) გახლდათ ამერიკელი ბანკირი და საერთაშორისო სავალუტო ოპერაციების ექსპერტი, რომელმაც თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა „Bankers Trust Company”-ში. იგი გრეთვე აქტიურად იყო ჩართული ისეთი ორგანიზაციებში, როგორებიცაა „ამერიკის ბანკირთა ასოციაცია” და „საერთაშორისო სავაჭრო პალატა”. საერთაშორისო ფინანსური სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილის სანაცვლოდ ფრედ ი. კენტი 1917 წელს დანიშნულ იქნა ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მმართველის მოადგილედ.

ავტორი: ფრედ ი. კენტი

ინგლისურიდან თარგმნა: გივი კუპატაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი