შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ახალი წელი და გეოგრაფია

ახალი წელი მოდის. დაიწყო სკოლების მორთვა – მოკაზმვა, საახალწლო ზეიმებისთვის მზადება. განსაკუთრებით დაწყებითი კლასები აქტიურობენ. გაკვეთილების შემდეგ ყელმოღერებული პატარების მღერას სიამოვნებით ვუსმენ… აპლიკაციებს მაჩვენებენ, თითოეულს უნდა, თავი მოიწონოს… და ირთვება ჩვენი საყვარელი სკოლა.
ახალი წელი მოდის, წელი ახალი იმედებისა, ახალი იდეებისა…
ბევრმა არ იცის ალბათ, რომ საქართველოში ახალი წლის 1–ელ იანვარს აღნიშვნა XIV საუკუნეში დამკვიდრდა. IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნეში – 1–ელ სექტემბერს, IX–ში კი ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან, მარტიდან იწყებოდა.
1–ელი იანვარი მართლმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის ხსენების დღეა და საქართველოში ახალი წელი ამ დღესასწაულთან არის გაიგივებული, ამიტომ საახალწლო პურებს, რომლებსაც სხვადასხვა კუთხეში აცხობენ ახალი წლისთვის, ბასილას პურებს ეძახიან. თოვლის პაპის არსებობაც წმინდა ბასილის უკავშირდება.
ახალ წელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, მაგრამ სხვადასხვანაირად და სხვადასხვა დროს. მაგალითად, მიანმაში (ბირმაში) 1–ელ აპრილს აღინიშნება, ესკიმოსებთან კი – პირველი თოვლის მოსვლისთანავე. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ინდოეთში ახალ წელს წელიწადში 8-ჯერ აღნიშნავენ. ამ მრავალკულტურიან ქვეყანაში იმდენი დღესასწაულია, ყველა რომ აღინიშნებოდეს, სამუშაოდ ვეღარავინ მოიცლიდა, ამიტომ ზოგი მათგანი „არჩევით დღესასწაულად” იქცა. „არჩევით დღესასწაულებზე” ყველა დაწესებულება მუშაობს, მაგრამ თანამშრომლებს, თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ, სამსახურში არ გამოცხადდნენ. სწორედ ასეთ დღესასწაულთა რიცხვში შედის ინდოეთში 1–ელი იანვარიც. ახალი წელი ინდოეთში, ერთიანი ეროვნული კალენდრის შესაბამისად, 22 მარტს დგება. მაჰარაშტრას შტატში ამ დღესასწაულს „გუდი პადვას” უწოდებენ, ხოლო ანდჰრა პრადეშის შტატში – „უგადის”. კერალის შტატში ახალ წელს 13 აპრილს აღნიშნავენ, სახელად კი „ვიშუს” უწოდებენ.
სამხრეთ ინდოეთში შემოდგომაზე ფართოდ აღინიშნება დივაპალის დღესასწაული, რაც ახალი წლის დადგომასაც ნიშნავს.
მიანმაში ახალ წელს, როგორც გითხარით, აპრილში აღნიშნავენ, ტროპიკული წვიმების სეზონის დამდეგს. ბუნებისადმი მადლიერების გამოსახატავად ბირმელები წყალს ასხამენ ერთმანეთს და ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იწყება წყლის ფესტივალი – ტინჯანი.
წყლის ფესტივალი მიანმაში
საუდის არაბეთში ახალ წელს 21 მარტს ზეიმობენ. 1–ელ იანვარს ახალი წლის აღნიშვნა ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა. პოლიციელებმა საჩუქრებით მოვაჭრე მაღაზიები გააფრთხილეს, რომ არ გაეყიდათ საახალწლო ნივთები, რომლებსაც უცხოელი ტურისტები ყიდულობენ ხოლმე. ასე რომ, ახალი წლის აღნიშვნა სტუმრებისთვისაც კი აკრძალულია.
ისრაელში ახალ წელს შემოდგომაზე აღნიშნავენ – სექტემბერში ან ოქტომბერში. დღესასწაულს „როშ ჰაშანა” ჰქვია. ებრაული კალენდარი ეფუძნება მთვარის ფაზებსა და მზის წლიურ ციკლს, ამიტომ ძირითადი დღესასწულების თარიღები ცვალებდია. 2014 წელს „როშ ჰაშანა” 5 სექტემბერს აღინიშნა, ებრაელთა წელთაღრიცხვით – 5774 წელს.
ახალი წელი იანვარში არც ირანში აღინიშნება. იქ ახალი წლის დადგომას გაზაფხულის პირველ დღეს ზეიმობენ, რომელიც გრეგორიანული კალენდრით 22 მარტს ემთხვევა. ახალ წელს ირანში ნოვრუზს უწოდებენ. მათ საკუთარი კალენდარი (ჰიჯრა) აქვთ, რომლითაც ახლა 1436 წელია.
ნოვრუზს, გარდა ირანისა, ავღანეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, ალბანეთსა და მაკედონიაშიც აღნიშნავენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1949 წელს ახალი წლის პირველ დღედ 1–ელი იანვარი დააწესა, მაგრამ ჩინელებისთვის ის დღემდე ვერ იქცა დღესასწაულად. ახალი წელი, იუან-დანი, ჩინეთში საკმაოდ შეუმჩნევლად ჩაივლის ხოლმე – როგორც ამბობენ, რამდენიმე სუპერმარკეტსა და სავაჭრო ცენტრში თუ ნახავთ ხელოვნურ ნაძვის ხეს და სანტა კლაუსებს. ჩინელები თავიანთ დასავლელ მეგობრებს ელექტრონულ მისალოცებსაც უგზავნიან, თუმცა ამასაც უფრო საშობაოდ და არა საახალწლოდ. ჩინელებისთვის ახალი წელი დგება ჩინური კალენდრის პირველი თვის პირველ დღეს. ამ დღესასწაულს „გაზაფხულის ფესტივალს” უწოდებენ და 15 დღეს გრძელდება. ყოველი დღე სხვადასხვანაირად აღინიშნება. კულმინაციაა მე-15 დღე, ლამპიონების ფესტივალი. ირთვება ათასობით ლამპიონი, იმართება სეირნობა. ამ დღესასწაულის ნაწილია დრაკონის ცეკვაც. ჩინელები ხმაურით ცდილობენ ავი სულების განდევნას, რომლებიც, მათი წარმოდგენით, გარს ეხვევიან ახალ წელს. ჩინეთში ახლა 4697 წელია.
დრაკონის ცეკვა
ახალ წელს იანვარში არც ეგვიპტელები აღნიშნავდნენ. მათ დღესასწაულად ნილოსის ადიდება მიაჩნდათ, რადგან მოსავალი მასზე იყო დამოკიდებული, ამიტომ ახალ წელს სექტემბრის ბოლოს ზეიმობდნენ. ეგვიპტელები ნილოსში ნავებით შეაცურებდნენ ღმერთ ამონისა და მისი ცოლ-შვილის ქანდაკებებს. ახალ წელს ერთი თვის განმავლობაში ზეიმობდნენ. ბოლოს კერპებს ტაძრებში აბრუნებდენ.
ძველ რომში ახალ წელს „კალენზ” ერქვა და 1–ელ მარტს აღინიშნებოდა, მაგრამ, იულიუს კეისრის ბრძანებით, ძვ. წ. 46 წელს დროის ათვლა 1–ელი იანვრიდან დაიწყეს. ეს დღე რომაელებმა შემოსვლისა და გასვლის, კარისა და ყველა საწყისის ღმერთს იანუსს მიუძღვნეს. სწორედ იანუსის პატივსაცემად დაერქვა წლის პირველ თვეს იანვარი. არისტოკრატები და მონები ერთად ზეიმობდნენ, ილხენდნენ, საჩუქრებს უძღვნიდნენ ერთმანეთს.
21-ე საუკუნეში ახალი წელი საერთაშორისო დღესასწაულად მიიჩნევა. მას ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად ხვდებიან. ალბათ, მრავალ ჩვენგანს ახსოვს ის პერიოდი, როცა ახალ წელს ორჯერ ვეგებებოდით: საქართველოსა და საბჭოთა კავშირის (მოსკოვის) დროით.
საინტერესოა, პირველად რომელ ქვეყანაში „დგება” ახალი წელი?
პირველად მას წყნარი ოკეანის ქვეყნებში, სამოასა და კირიბატიზე ხვდებიან. სამოა სამოას არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღმოსავლეთი ნაწილი ამერიკის სამოად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სამოას მოსახლეობა ერთ ერს ეკუთვნის და ერთი ენა აქვთ, მათ შორის კულტურული სხვაობაც არსებობს. აღმოსავლეთი სამოა ამერიკის შეერთებულ შტატებზეა ორიენტირებული, დასავლეთი კი – ახალ ზელანდიაზე.


სამოას დროშა და გერბი

2011 წლის 31 დეკემბერს სამოამ დროის სარტყელი UTC 10-დან UTC +14-ზე შეცვალა. ტექნიკურად ეს მოხდა 30 დეკემბრის გაუქმების ხარჯზე. ამის შედეგად სამოა თარიღის შეცვლის ხაზიდან დასავლეთით მოექცა. ეს ახალ ზელანდიასთან ეკონომიკური ურთიერთქმედების გასამარტივებლად გაკეთდა. ასე რომ, სამოა კირიბატისთან ერთად პირველი ქვეყანაა, რომელიც ახალ წელს ხვდება. ამერიკის სამოა კი ყველაზე ბოლო ეგებება ახალ წელს.
ოკეანეთის ქვეყნები
რესპუბლიკა კირიბატი მდებარეობს კუნძულებზე, რომელთა უმეტესობა ატოლია. 32 ატოლი დაყოფილია 3 ჯგუფად: 16 კუნძული გილბერტის კუნძულებს ეკუთვნის, 8 – ფენიქსის კუნძულებს, 8 – ლაინის კუნძულებს, ბანაბას კუნძული კი ცალკეა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ლაინის კუნძულებზე დრო შეცვალეს და თარიღთა ხაზი გადასწიეს, რის შედეგადაც ატოლი კაროლაინი მეთორმეტე საათის სარტყლის აღმოსავლეთი წერტილი გახდა და სამოასთან ერთად პირველი ეგებება ახალ წელს.
მერე უკვე ახალი ზელანდია და ავსტრალია ხვდებიან ახალ წელს. პირველ იანვარს აქ ისე ცხელა, რომ სანტა კლაუსი საჩუქრებს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი არიგებს, თუმცა სიმბოლურად თეთრი წვერი და სანტას წითელი ქუდი მაინც ამშვენებს.
ახალ წელს ყველაზე გვიან ალასკის, ჰავაისა და ამერიკის სამოას მცხოვრებნი აღნიშნავენ.
ასე მოიწევს ახალი წელი დედამიწაზე. ამ დღეს ადამიანები ყოველგვარ საზრუნავს ივიწყებენ და ახალი წლის შემობრძანებას იმედით ელიან. დედამიწა ფერადი და მხიარული ხდება.
იმედების ახდენის წელი ყოფილიყოს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი