ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვერლიბრი და ვერბლანი

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის თანახმად, საშუალო საფეხურზე მოსწავლემ უნდა იცოდეს მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები.

 

ლიტერტურული გვარებიდან ლირიკული ჟანრის შესწავლისას ურითმო და მეტრულად მოუწესრიგებელი ლირიკული ტექსტების გაცნობისას აუცილებელია ორი სალექსო ფორმის, ვერლიბრის და ვერბლანის განსხვავებების ცოდნა, რადგან ეს ორი სახეობა ყველაზე ხშირად ერევათ ერთმანეთში. ბლოგში გთავაზობთ სამუშაოს ამ მიმართულებით.

წინაპირობა: მოსწავლეებმა იციან სალექსო საზომი, სალექსო სტრიქონის დაშლა თანაბარზომიერ ბგერით ელემენტებად, ასხვავებენ იზოსილაბურ და ჰეტეროსილაბურ საზომებს.

მათ ურიგდებათ სამუშაო ფურცელი, რომელზეც თავმოყრილია ორი სახეობის ლირიკული ტექსტები – თეთრი და თავისუფალი ლექსების ნაკრები.

მითითება ასეთია: დათვალეთ სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა. საზომი მიუწერეთ ლექსებს გვერდით. რიტმულად მოწესრიგებული ლექსები შემოხაზეთ. ( ანუ ლექსები, რომლებშიც მარცვალთა რაოდენობა სტრიქონებში თანაბარია).

სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ლექსს:

დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ,

დაემხო ჩემი სამშობლო,

გულს მიკლავს უიმედობა,

საფლავს ჩავდივარ სიმწარით…

(გრიგოლ ორბელიანი)

სული იზრდება სიმარტოვეში.

მე მესმის, როგორ იზრდება იგი

და ვხედავ, როგორ იკეთებს ყვავილს

და როგორ მიაქვს მზისკენ ყვავილი,

გაქვავებული კოცონის მსგავსი

(ოთარ ჭილაძე)

რა შეუძლია მაწანწალა ძაღლს?

ის ლოკავს ხელებს, რომლებიც კლავენ

და მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი,

დღიდან დღემდე ხედავდეს ამას.

რადგან ძაღლი თუ შეეცოდა,

მერე კაციც შეეცოდება

ძაღლს პირველი ქვა თავში მოხვდა,

შინდის ტოტივით აყვავდა სისხლი

(ლია სტურუა)

ეს ყველაფერი უბრალოდ მიდებ-მოდებაა,

ღობე-ყორე, აბდა-უბდა.

მთელი ქალაქის მაღაზიებს

ერთი შარვლის საყიდლად რომ მოივლისიდა საღამოს გაგეცინება,

იქნებ ეს შენი ბოლო დღე იყო

რაში დახარჯე.

როგორ გიყვარვარ, უფალო,

როგორ მიჭირს შენი სიყვარული გადატანა.

ყველა ძონძი, ყველა კრემიანი ნამცხვარი შენს თავს მირჩევნია;

შვილი არა მყავს, თორემ ვიღას გაახსენდებოდი.

როგორ დაგემდუროთ, ვინც თავიდან მიშორებდით,

ვინც თქვენს ძონძს და თქვენ წილ ლუკმას ჩააჩერდით, ვინც ღმერთს ისე გადამაბარეთ,

ჩემთვის ერთხელ არ გილოციათ.

მეც თქვენსავით ვარ.

როცა ღმერთს კლავდნენ,

არც გოლგოთაზე ვტიროდი

და არც ბრბოდან მიყვირია, ჯვარს აცვით-მეთქი.

სახლში ვიყავი, ან ბაზარში, ან ზეთისხილის ხეებს ვუვლიდი,

როცა ღმერთს კლავდნენ, მე ეს სულაც არ გამიგია.

(თეა თოფურია)

ეგრე სადაა:

რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,

და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.

შევინიღბე.

არ იყო სხვა გზა.

ჩემ თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,

სხვები – გარედან.

სიმართლე თითქოს გათანაბრდა.

საწყენია, ლექსები გაქრნენ

(ზვიად რატიანი)

ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი

და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,

როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,

რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,

ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.

ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქმის ელოდნენ

და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___

უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.

ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

(ზვიად რატიანი)

მოსწავლეებს ამ სამუშაოს შესასრულებლად 15-20 წუთი მაინც დასჭირდებათ. დამოუკიდებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეულ ლექსში დათვლილი იქნება სტრიქონებში მარცვლების რაოდენობა, საზომი მიწერილი იქნება სტრიქონების გასწვრივ. ის ლექსები, რომლებშიც თანაბარზომიერი საზომია გამოყენებული – შემოხაზულია. გამოდის, მათ წინ უკვე დაჯგუფებულია მეტრულად მოწესრიგებული და მეტრულად მოუწესრიგებელი ლექსები. ახლა გვრჩება მხოლოდ საერთო კანონზომიერების აღმოჩენა და სამუშაო რვეულში წესის სახით ჩანიშვნა.

შეჯამება:

ლექსი, ზოგადად, რიტმული და/ან ინტონაციური თვალსაზრისით მოწესრიგებული პოეტური ფორმაა, რომელიც ემყარება განსაზღვრულ ლექსწყობის კანონს. ფორმისა და შინაარსის მხრივ ის არსებითად განსხვავდება პროზაული ტექსტისგან ( ამაზე წინა ბლოგში გვქონდა დეტალურად საუბარი), ლექსწყობის თითქმის ყველა არსებული სისტემა ლექსში გამოყოფს სტროფს, ტაეპს, სალექსო სტრიქონს.

არსებობს სალექსო ფორმები, რომლებიც განსხვავდება კლასიკური, კონვენციური ლექსისგან და ესენია:ვერლიბრი ( თავისუფალი ლექსი) და ვერბლანი ( თეთრი ლექსი).

ამათგანვერლიბრი მეტრულად მოუწესრიგებელი ლექსია. სალექსო სტრიქონი შენარჩუნებულია, თუმცა სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა არათანაბარია. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია( მაგრამ აუცილებელი პირობაა ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა). ვერლიბრში რითმა, ისევე, როგორც ვერბლანში, არ გვხვდება.

საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ რიტმულ-ინტონაციური შეწყობის ელემენტზეც.

აკაკი გაწერელია ძალიან კარგად ხსნის ვერლიბრის ამ თვისებურებას: „ თავისუფალი ლექსის თავისებურება ისაა, რომ მისი უხმოდ კითხვისას თუ ზეპირი წარმოთქმის დროს საზომი მკაფიოდ არ ვლინდება სისტემის სახით, თავისუფალ ლექსში იგი მონაწილეობს პოტენციურად და მეტწილად აუნაზღაურებელი მოლოდინის სახით” ( აკაკი გაწერელია, რჩეული ნაწერები, ტ მე-3, თბ. 1981);

ვერბლანი კი, როგორც აქ წარმოდგენილი ნიმუშებიც ცხდყოფს, ასევე ურითმო ლექსია, თუმცა, ვერლიბრისგან განსხვავებით, მეტრულად, რიტმულად მოწესრიგებულია. (მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის წარმოდგენილ სტროფში ყველა სალექსო სტრიქონში საზომი თანაბარია);

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი