პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ხარ?

წვიმიანი დღეა. რაღაც შემოგვეჩვია ეს წვიმა, სულ წვიმს… გაზაფხულზე წვიმს, ივნისში წვიმს, აგვისტოშიც კი წვიმს და ახლა რაღად გამკვირვებია წვიმის მოსვლა?! მე და ნალექი ერთმანეთს ვერ ვეწყობით, არც თოვლი მიყვარს და არც წვიმა. საჭიროაო, იტყვით. ჰოდა, აგერ, ბატონო, წვიმს, სულაც არ მეკითხება, რა განწყობით შევცქერი ფანჯრიდან.

სოციალურ ქსელში ვიხედები და კოლეგის სტატუსზე მეღიმება. ამ ბოლო დროსო, წერს, კითხვაზე „როგორ ხარ?” ადამიანები  სულ უფრო ხშირად პასუხობენ, რა ვიცი, აბაო.

თურქულ ენაში ამ კითხვაზე პასუხის მრავალი ვარიანტიდან ერთი ასეთია: „fena değilım” – „ფენა დეილიმ”, ანუ ცუდად არ ვარო. გამოდის, ცუდად რომ არ ხარ, ეს უკვე კარგია. მაგრამ თუ ცუდად არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს კარგად ყოფნას. მოკლედ, რაღაც შუალედურ მდგომარეობაში ხარ, არც იქით და არც აქეთ.

შუალედური მდგომარეობა შესაძლოა იმ კაცის ყოფასაც ჰგავდეს, ლექსიდან პოეტის ენით რომ გვეუბნება:
„მესროლა ერთხელ! – ამცდა!
მეორედ! – ისევ ამცდა!
ახლაც მიზანში ვყავარ!
შიშით მოველი ამ ცდას!”
(„ინფარქტი”, ტარიელ ჭანტურია)
როცა იტყვი, რომ შუაში ხარ, კარგად და ცუდად ყოფნის შუაში, ბედზეც შეიძლება დაჩივლება:
„უჭკუოს და ბეცს-
მეც ვემდური ბედს!-
როგორც შენ და ის-
გამიმეტა მეც…”
( ტარიელ ჭანტურია)
თუმცა ბედს ვინ არ უჩივის?
„…ხომ კითხულობ ბლოკს,
შოთას, კაფკას, ფეტს…
ვინ, რომელი, სად –
არ უჩივის ბედს!”
(ტარიელ ჭანტურია)
მაგრამ პასუხის იმ ვარიანტს რატომ გამოვრიცხავთ, როცა მართლაც კარგად ხარ?
„მთელი სახე მიცინოდა?
რატომ დაგანახე ცერი?
შენ არ გაგეხარდებოდა? –
დღეს სიკვდილზე ავიცერი!”
(ტარიელ ჭანტურია)

სიკვდილზე აცრა შეუძლებელია, თუმცა სწორი რეჟიმით აცრისთვის ნიადაგის შექმნა შეიძლება. მარილი გიყვართ? მწნილი? თეფშზე ამოღებულ კერძს მარილს კიდევ ამატებთ?

დიახ, სუფრის მარილზე გეკითხებით. უძველეს დროში ალქიმიკოსები მას იდუმალ ნივთიერებას უწოდებდნენ. პარაცელსის აზრით, სწორედ მისგან შეიძლებოდა ფილოსოფიური ქვის მიღება. სპირტში თუ გახსნიდი, მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირად გარდაიქმნებოდა. ძველ ეგვიპტეში კი ბოროტი ძალების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ეგვიპტელთა აზრით, ეს იყო ნივთიერება, რომელიც ყოველივე ცოცხალს სპობდა. ის ერთადერთი მინერალია, რომელსაც საკვებში სუფთა სახით ვიყენებთ. ბევრი მარილის მირთმევით სიკვდილს ვიახლოებთ. თუმცა, მოდი, ასე ვთქვათ: მარილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ნივთიერებაა. ის სიცოცხლისთვისაც გვჭირდება. მაგრამ სად არის ის ზღვარი, რომლის იქითაც მარილი საწამლავად იქცევა?

დარვინმა ერთ ლექციაზე განაცხადა, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე ორი სუბსტანციის – წყლისა და მარილის – წყალობით ჩაისახაო. ახლა ხომ მარსის ათვისება აქვთ ჩაფიქრებული, ჰოდა პოეტიც კითხულობს:
„…არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?!
არის თუ არა იქ სადმე წყალი?!
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება…”
(ტარიელ ჭანტურია)
მარილი იქნებაო, არ წერს, მაგრამ ალბათ გულისხმობს.
სანამ მარსზე რამეს იპოვიდნენ, ვიტყვი, რომ დედამიწაზე მარილი ყველგანაა: ოკეანეებსა და ზღვებში, მცენარეებსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში. სისხლსა და ცრემლშიც მარილია…
„… ვენაცვალე ცრემლის
ერთ, ერთადერთ წვეთს,
ცხოვრებაში ზოგჯერ
ყველაფერს რომ წყვეტს!
ერთადერთ წვეთს ცრემლისას,
ბავშვის თვალზე მომდგარს –
ცვილივით რომ მოალბობს
ტვინარეულ ხონთქარს…”
(ტარიელ ჭანტურია)

მარილი აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის სწორი ფუნქციობისთვის. ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალი სწორედ მისი იონების მონაწილეობით გადაიცემა. ეს რთული მექანიზმებით ხორციელდება, რაც, მერწმუნეთ, ავიცენამ არ იცოდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ეთქვა, ჩვენი ნაფიქრალი მარილისგანაა შექმნილიო.

მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. მარილის დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული უჯრედების ფუნქციობასა და იმპულსების გადაცემაში, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაში, კუნთების შეკუმშვაში, თუმცა ნატრიუმთან მიმართებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, რასაც შესაძლოა არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვეს. სისხლძარღვებში ზედმეტმა სითხემ შესაძლოა წნევის მომატება გამოიწვიოს. ამრიგად, ჭარბი ნატრიუმი წნევის მატებას უწევს პროვოცირებას, მომატებული წნევა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ინსულტის, ინფარქტის), ასევე – თირკმელების უკმარისობის რისკფაქტორია. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოჩნდა ე.წ. მარილის შემცვლელი პრეპარატები, სადაც ნატრიუმის იონი კალიუმის ან მაგნიუმის იონითაა შეცვლილი. თუმცა მათი ავკარგიანობა საბოლოოდ ჯერ არ დაუდგენიათ. გარდა ამისა, ნატრიუმზე სულ მთლად უარის თქმაც არ ივარგებს. გამოდის, რომ საუკეთესო გამოსავალი მარილის დოზირებული მიღებაა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ნახევარი გრამი მარილია საჭირო. თუმცა ამ ნორმას, მგონი, არავინ იცავს… საშუალო იაპონელი დღეში 40 გრამ მარილს გეახლებათ, ამერიკელი – 20 გრამს, ევროპელები კი წელიწადში თურმე 5 კგ მარილს მიირთმევენ. ამ ხალხმა ასე თუ გააგრძელა, ერთ ფუთ, ანუ 16 კილოგრამ მარილს სამიოდე წელიწადში შეჭამენ და ერთმანეთსაც უკეთ გაიცნობენ.

ეს – ხუმრობით, სერიოზულად კი ის ვთქვათ, რომ ერთ ჯერზე 30 გრამი მარილი ფაქტობრივად სასიკვდილო დოზაა. თუ ყოველდღიურად გადავამეტებთ მარილის ნორმას, ორგანიზმში ნატრიუმის ქლორიდი ჭარბად დაგროვდება. ამის შედეგად მოიმატებს დატვირთვა გულზე, თირკმელები ვერ მოასწრებენ ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას, მეტაბოლიზმი მთლიანად ამოვარდება კალაპოტიდან. მარილი ორგანიზმის დაშლას დაიწყებს.
მარილი კარგი კონსერვანტია და მომაკვდინებელია ბაქტერიებისთვის. სწორედ ამიტომ დაიწყეს კონსერვირებისას მისი გამოყენება. დაკონსერვებულმა საკვებმა მოგზაურობის განვითარებას შეუწყო ხელი. მოგზაურები სწორედ ასეთი მარაგის იმედად მიდიოდნენ ახალი კონტინენტების აღმოსაჩენად. ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომ მეცამეტე საუკუნეში ჩინეთის მონახულებისას აღწერა ქვამარილისგან დამზადებული მონეტები. მეცხრამეტე საუკუნეში ეთიოპიაში მარილს მსხვილი ფულის ნაცვლად იყენებდნენ, წითელი წიწაკა კი წვრილის მაგივრობას ეწეოდა.

მარილს ან ზღვის წყლის ამოშრობით მოიპოვებენ, ან ქვამარილის საბადოებიდან. ერთ-ერთ მინერალს, რომლისგანაც ასევე იღებენ მარილს, ჰალიტი ჰქვია. ის ნახევრად გამჭვირვალეა და მოვარდისფრო. მისგან ლამპრებსაც აკეთებენ. ასეთი ლამპარი მიკროკლიმატს უფრო სუფთასა და გამჭვირვალეს ხდის.

მარილის დღიური ნორმა რომ ნახევარი გრამია (ჩაის კოვზის მესამედი), ზემოთ უკვე დავწერე, მაგრამ თუ მარილზე საერთოდ უარს ვიტყვით, საიდან მივიღებთ ამ აუცილებელ ნახევარ გრამს?

აღმოჩნდა, რომ სავსებით ბუნებრივად – პურის, ბოსტნეულის, ყველის და სხვა იმ პროდუქტების მეშვეობით, რომლებსაც დღის განმავლობაში ისედაც მივირთმევთ. იმის თქმა მინდა, რომ თუნდაც მარილი ხელოვნურად არ შევიტანოთ რაციონში, დღიური ნორმის გარეშე არ დავრჩებით.

თუ მარილს გამუდმებით ჭარბად გამოვიყენებთ, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას და სისხლძარღვების სანათური შევიწროვდება. შედეგად არტერიული წნევა მოიმატებს. ჭარბი მარილის გამო სითხის შეკავების თანმხლები პრობლემებია ჭარბი წონა, ჭარბი შაქარი, ჭარბი ქოლესტერინი.

მარილის მოყვარული ადამიანების ენაზე მარილის აღმქმელი რეცეპტორები დომინირებს, სხვა გემოზე პასუხისმგებელი რეცეპტორების მგრძნობელობა კი სუსტდება. როგორც კი მარილს შეამცირებთ, ეს უმალვე დაიბრუნებენ აქტიურობას.

ჭარბი მარილის მიღების შემთხვევაში ორგანიზმიდან კალციუმი გამოიდევნება. კალციუმის დაკარგვისას კი ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა იმატებს.
მოკლედ, თქვენი არ ვიცი, მე კი მარილზე მთლად უარის თქმას არ ვაპირებ. თუმცა საგრძნობლად შევამცირებ მის მოხმარებას.
სერიოზული თემაა, მაგრამ სტატიას თავიდანვე ოდნავ სახუმარო ელფერი მივეცი.
რატომ? – 2016 წელი მოგვდგომია კარს, მაიმუნისა…
„მაიმუნობს რაღაცას
მაიმუნის წელი! –
წიგნი წიგნზე შეადეს –
პო, ტოლსტოი, ბელი…
დიდი მაიმუნია
მაიმუნის წელი!..”
(„2004 – მაიმუნის წელი”, ტარიელ ჭანტურია)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი