შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ლიტერატურული ტექსტების სწავლება- პროზასა და პოეზიაზე…

ლიტერატურული ტექსტების შესწავლის პროცესში საკმაოდ ხშირად შეინიშნება სირთულე, როდესაც კონვენციურ ლექსებთან ერთად კლასს ურითმო ლექსებსაც ვაცნობთ.

 

მოსწავლეებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ურითმო ან მეტრულად მოუწესრიგებელი ტექსტი პოეტურია, ის ლირიკულ ჟანრებს განეკუთვნება და არ ითვლება ეპიკურად. ბლოგში მინდა გაგიზიროთ საკუთარი გამოცდილება – როგორ შეიძლება თავისუფალი და თეთრი ლექსის (ვერლიბრი და ვერბლანი) მიწოდება და დამუშავება ისე, რომ მოსწავლებმა იგრძნონ ამ სალექსო ფორმების თავისებურებები, თავად გასცენ პასუხი კითხვას – ვერლიბრი და ვერბლანი ლექსია თუ პროზა? რატომ მიიჩნევა კონვენციური ლექსისგან ფორმის თვალსაზრისით ასე განსხვავებული ტექსტი პოეტურად?

ამ სამუშაოს ჩასატარებლად, სასურველია, ერთი ან ორი საგაკვეთილო საათი მთლიანად დავუთმოთ მასალას. ბლოგში სანიმუშოდ შემოთავაზებული ტექსტები საილუსტრაციო ხასიათისაა, კონკრეტული კლასისთვის შესაფერისი ტექსტების შერჩევის დროს მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს პროგრამული ტექსტებიდან ამონარიდები, ასევე, საკუთარი სურვილისა და გემოვნებისამაებრ მიაწოდოს მოსწავლეებს თანამედროვე ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები.

მომზადება: წინასწარ მოვიძიებთ პროზაულ და პოეტურ ნიმუშებს. გვჭირდება რამდენიმე პროზაული, ნარატიული ტექსტი და რამდენიმე არაკონვენციური ლექსი ( ვერლიბრი ან ვერბლანი). სამუშაო ფურცელზე განთავსებულ არაკონვენციურ ლექსებს მიზანმიმართულად „დავუკარგავთ” სალექსო ფორმას ( სალექსო სტრიქონების შეერთებით, ანუ ლექსს პროზაული ტექსტის სახეს ვაძლევთ) და ვურიგებთ მოსწავლეებს.

მითითება ასეთია – წაიკითხეთ და ამოიცანით, რომელია აქედან პროზაული ტექსტი და რომელი – პოეტური. კომენტარები ჩაინიშნეთ სამუშაო რვეულში; დააზუსტეთ, რატომ მიგაჩნიათ ეს ნაწყვეტი პროზაულ ან პოეტურ ნიმუშად.

მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ მოსწავლეებს, შესაძლოა, საერთოდაც გაუჭირდეთ პოეტური ტექსტების გამორჩევა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ტექსტები კლასის შესაძლებლობების გათვალისწინებით შეირჩეს.

დრო – 10-15 წუთი;

სამუშაო ფურცლის ნიმუში:

1.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,

როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ…

2.

შემოდგომამშვიდობისა. მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა. შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ. ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო, ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ, მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან, მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ, მე შემიძლია გარეთ თბილოდეს, მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა, გული კი გრძნობდეს: მათგან ერთ-ერთი ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე ჩემი შეყვარებულია, მესამე კი ჩემი შეყვარებულია. შემიძლია არ შემეძლოს სხვაგვარად წერა, მე შემიძლია, შემოდგომამშვიდობისა, არ შემეძლოს სხვაგვარად წერა..

3.

დავიბადე ამ ჭაობში ჰოსპიტალებში, რომლებიც ისეთი ძვირია, უფრო იაფში გამოხვალ რომ ჩაძაღლდე. ვექილებში, რომლებიც იმდენ რამეში გდებენ ბრალს, უკეთესია დანაშაული აღიარო ქალაქში, სადაც ციხეები გატიკნულია და საგიჟეთები დაცარიელებული ადგილას, სადაც მასები სულელებს აქცევენ გასუქებულ გმირებად. დავიბადე აქ!

4.

აი, ასეთია ჩემი ცხოვრება,არც ხელს მკიდებს,არც მიცდის,არც კი მაკვირდება,ცალკე დადის მოპირდაპირე ტროტუარზედა ნერვიული ნაბიჯებით,უკან მოუხედავად,გზაზე მუდამ შუქნიშნის წითელ შუქზე გადადის…

5.

შენ რომ დაიბადე, ღრუბლიანი დღე იყო, რესა. ცხელოდა და სუნთქვა ჭირდა, ნიავის ჭაჭანებაც არ იყო, სიო რომ სიოა, ისიც კი არ ქროდა. შენ ჩვრებში გახვეული იწექი, სახე გაგლურჯებოდა და კაცმა არ იცოდა, გადარჩებოდი თუ არა, ტირილის თავიც აღარ გქონდა. წყაროს წყალს გასმევდნენ ქალები, წლისა რო შესრულდი, ძლივს გამოიხედე. შენი ტოლები რომ თამაშობდნენ, ჩრდილში დაგსვამდა ხოლმე დედაშენი და მთელი დღე ასე იჯექი და პურს ლოღნიდი, რადგან წამოდგომაც არ შეგეძლო – ფეხებში ძალა არა გქონდა, რესა.

6.

ეს ამბავი სიცოცხლეშივე მემახსოვრება,რადგან ყველაფერი ძალზე უბრალოდ მოხდა.ირენე თავის ოთახში ქსოვდა, საათმა რვა დარეკა, მე მატეს დალევა მომინდა. დერეფანი გავიარე, გამოღებულ კარამდე მივედი და სამზარეულოსკენ რომ შევტრიალდი, ბიბლიოთეკიდან თუ სასადილოდან ხმაური მომესმა, ყრუ გაურკვეველი ხმაური,თითქოს ვიღაცეები საუბრობდნენ,თუ სავარძელი ეცემოდა ხალიჩაზე.იმავე წამს ან შეიძლება ცოტა მოგვიანებით ხმაური დერეფნის მეორე მხრიდან გავიგონე. მაშინვე კარს ვეცი და დავკეტე. კიდევ კარგი, გასაღები ჩვენკენ იყო, გულის დასააარხეინებლად ურდულიც გავუყარე.

მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ საკუთარი დასკვნების და დაკვირვებების გაზიარებას.

მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს მოსწავლეების მიერ აღმოჩენილ მახასიათებლებს. სასურველია, დაფა ორ ნაწილად დაიყოს და ეს მახასიათებლები ცალ-ცალკე დაჯგუფდეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, რომ ტექსტებში, რომლებიც მოსწავლეებმა პროზაულად მიიჩნიეს ( N5 და N 6) აღწერა მეტად ობიექტურია, ყურადღება გამახვილებულია გადმოსაცემ ამბავზე ( რა არის გადმოცემული), რიტმი ან მისი მოლოდინი არ იკვეთება…პოეტურ ტექსტებში კი ( N 1, N 2, N 3, N 4) ყურადღების ცენტრში „მოსაუბრის” განცდები ან შთაბეჭდილებებია, ავტორი კონცეტრირებულია ამ შთაბეჭდილებების მხატვრული სახეებით გადმოცემაზე, აღწერა სუბიექტურია, არ იკვეთება პერსონაჟების სახელები, ლექსიკა ექსპრესიულია…

ამის შემდეგ, სასურველია, მოსწავლეებს ჩვენ მიერ ფორმადაკარგული ლექსების ორიგინალები გავაცნოთ. ამ შემთხვევაში ისევ უნდა მივმართოთ კლასს კითხვით – ფურცელზე ამგვარი ფორმით წარმოდგენილი ტექსტი პირველივე დანახვისთანავე მიახვედრებს თუ არა მკითხველს, რომ ტექსტი პოეტურია?

ჩატარებული სამუშაოს შემდეგ მოსწავლეები თავად ჩაინიშნავენ რვეულებში მათ მიერვე შემუშავებულ თეორიას.

მათ ეცოდინებათ, რომ ლექსი, შესაძლოა, არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც „ჩვეულებრივი” ანუ კონვენციური ლექსი გამოიყურება ( სტროფი, სალექსო სტრიქონი, თანაბარზომიერი ან არათანაბარზომიერი მარცვლებისგან შედგენილი სტრიქონების მონაცვლეობა…), თუმცა მაინც ინარჩუნებდეს სალექსო სტრიქონის ფორმას;

ლექსში, შესაძლოა, არ იყოს რითმა, მაგრამ ის მაინც ლექსად ითვლება და თვისებრივად, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით, განსხვავდება პროზაული ტექსტისგან. მეტიც, ზოგიერთი ლექსი (მაგალითად,ვერლიბრი) მეტრულადაც კი მოუწესრიგებელია, ანუ რიტმი არ არის დაცული, თუმცა, მიუხედავად ამისა ის მაინც ლირიკულია.

პროზაულ, ნარატიულ ტექსტებში კი აუცილებლად ამბავი უნდა იყოს გადმოცემული. ჟანრის თავისებურებების მიხედვით, ეს ამბავი ან ვრცლად და დეტალურადაა მიმოხილული ( დიდი ეპიკური ჟანრები) ან მოკლედ (მცირე ეპიკური ჟანრები), თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თხრობითი და აღწერითი ტიპის ტექსტებია, განსხვავებით ლირიკისგან, სადაც ლირიკული გმირის ემოციურ მდგომარეობას, სუბიექტურ განცდებს, შთაბეჭდილებებს, მის „შინაგან სამყაროს” ან „შინაგან ბიოგრაფიას” ვეცნობით.

გაკვეთილი კი ერთი თვალსაჩინო და ხუმრობანარევი შედარებით შეგიძლიათ დაასრულოთ: განსხვავება პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ჰგავს სხვაობას ალგებრასა და არითმეტიკას შორის.

პოეტი თავის ლექსებში „გვიმტკიცებს”, რომ X + Y = Z

პროზაიკოსი კი გვეუბნება: 5+7=12

პროზაიკოსს უმრავი რამ აქვს „მოსასწრები” და გადმოსაცემი. მან უნდა მოგვითხროს, მარტივ მამრავლებად დაგვიშალოს, დაგვიმტკიცოს რამე ან უარყოს. მოწოდებით ის პოპულარიზატორია.

პოეტი კი „ფორმულებით” (მეტაფორებით) გვესაუბრება და დაშიფრული შეტყობინებების ამოხსნას „გვაიძულებს”…

ლიტერატურის თეორიის საკითხების შესწავლისას სირთულე იკვეთება, ასევე, ვერლიბრისა და ვერბლანის შესწავლის პროცესშიც. მომდევნო ბლოგში სწორედ თეთრი და თავისუფალი ლექსის განსხვავებაზე და თითოეულისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე გავამახვილებთ ყურადღებას.


ბლოგში გამოყენებული ტექსტები:


ზვიად რატიანის „ნეგატივი. 20 წლის შემდეგ” , „ადამიანი ფანჯარასთან” ( N 1 , N 2 )


ჩარლზ ბუკოვსკი „დინოზავრეთი , ჩვენ” ( N 3)


თეა თოფურიას ლექსი ( N 4)


გურამ დოჩანაშვილი ნაწყვეტი რომანიდან „სამოსელი პირველი” ( N 5 )


ხულიო კორტასარი „მიტაცებული სახლი” ( N 6 )

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი