ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში…

მწვანე კარებს შევაღებ და ეზოში შევალ. ამ ეზოში თავი სხვადასხვა დროს მახსოვს… მახსოვს, ბილიკზე როგორ მივრბივარ ყვირილით, რომ ბებო ჩემია. ამ დროს სამი წლის ვარ, თბილისიდან მომავალს დეიდაშვილები მანქანაში მაბრაზებენ და მიმტკიცებენ, რომ ბებია მათია. ჰოდა, მეც კარებში შესული ბილიკზე თავ-პირის მტვრევით ვეშვები და ბოლო ხმაზე გავკივი, რომ მხოლოდ ჩემია. მჯერა, რომ ბებოსთან პირველი ვინც მიასწრებს, სწორედ მისი იქნება.

მახსოვს, სადღაც ხუთი წლის, სიცივისგან ალეწილი თხელ უმკლავებო კაბაში კიბეზე ვზივარ. იმასაც ვხედავ, ბებო როგორ მორბის ჩემკენ: გოგო, ეს რა გიქნიაო. ზამთარია.. თოვლია… მე კიდევ ახალგამოღვიძებულს ზაფხული მომენატრა და ვიფიქრე, თუ საზაფხულო კაბაში კიბეზე დავჯდებოდი, ზაფხული მოვიდოდა.

მერე ვხედავ, ბებო როგორ მაბანავებს და ეზოში გრძელი გაშლილი თმებით გამოვდივარ. ისიც მესმის, მამა როგორ ეუბნება დედას – ამას კარგი პატრონობა უნდა, აბა შენ იციო.

ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ეზოში ზღვა ხალხსაც ვხედავ… ბევრ ყვავილს, ბევრი მოფერება მახსოვს, ზოგი გულწრფელი, ზოგიც ისე, სხვების დასანახად, ყველა მამხნევებს, მე კიდევ გულში ვბრაზობ, არ მომწონს, რომ მიცოდებენ.

მერე ვხედავ, ალუბლებს ვკრეფ… მიყვარს ალუბალი. ჰო, უკვე დიდი ვარ და ერთ კვირაში საფრანგეთში მივდივარ. არ ვიცი, რა ვიპოვე იმხანად ამ ქვეყანაში, მაგრამ ბავშვობის ოცნებაა. ოღონდ მანამდე, ბებოს ჩამოვაკითხე და ალუბალი დავკრიფეთ ერთად.

მერე დაუსრულებელ მიდი-მოდის ვხედავ, ბებია უკვე სუსტადაა. მერე ისევ თოვლს, ხალხს და ყვავილებს ვხედავ.
ახლა ეს სახლი თითქოს ცოცხალივითაა და მე შემომცქერის, მომეჩვია და როცა ჩავდივარ, უხარია. არა, არ იფიქროთ, რომ როცა მხედავს ასკინკილით ხტუნავს. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ უხარია.

მწვანე კარს მე ვღებავ ხოლმე. ღებვა სულაც არ მიყვარს, ასე დაემთხვა უბრალოდ. მწვანედ პირველად ვინ შეღება, არ ვიცი. მგონი სულაც ამ ფერის მოიტანეს. ის კი ვიცი, მწვანე ჩემი ფერია და ეზოს კარები სწორედაც რომ მწვანე უნდა იყოს.

ეზოში ყაზბეგა ძიას ვხედავ. ახლა უკვე მკვდარია, მე მაშინ ვხედავ, როცა ეზოში კირს ხსნის, მე კი სახელდახელოდ ვიდეოს ვუღებ და ვეკითხები, ასე რატომ იქცევით-მეთქი. ყაზბეგა ძია ჩვენი მეზობელი იყო და თავისუფალ დროს დამატებითი შრომით გამომუშავებული თანხა შეჰქონდა ოჯახში. ჩვენთანაც მოსულა ერთი-ორჯერ. სწორედ, კირით აპირებდა ხეების შეთეთრებას, ვიდეო კი „ვირტუალური ქიმიისთვის” გადავუღე, რომელსაც იმ ხანად ვაკეთებდი.

https://www.youtube.com/watch?v=8vHdaemz_D8&feature=youtu.be

კირი კალციუმის ოქსიდია, ჩაუმქრალ კირსაც უწოდებენ, წყალთან ენერგიულად მოქმედებს და კალციუმის ჰიდროქსიდი (ჩამქრალი კირი) წარმოიქმნება.

ერთ საინტერესო ცდას ჩაგაწერინებთ. ცივი მინერალური წყლის, მაგ. ბორჯომის ბოთლს მოხსენით საცობი, სწრაფად გაუკეთეთ აირსადინარიანი მილის მქონე საცობი და მისი მეორე ბოლო კირწყლიან ჭიქაში ჩაუშვით. მინერალურწყლიანი ბოთლი თბილ წყალში მოათავსეთ. ბოთლის შიგთავსიდან გამოიყოფა აირის ბუშტუკები – ნახშირორჟანგი, რომელიც ჩაედინება თუ არა მილით კირწყლიან ჭიქაში, მაშინვე აამღვრევს მას. კირწყალში არსებული კალციუმის ჰიდროქსიდი გარდაიქმნება კალციუმის კარბონატად – კირქვად. ის წყალში ცუდად იხსნება და თეთრ ნალექს წარმოქმნის.

განაგრძეთ ნახშირორჟანგის გატარება კირქვიან წყალში. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გამჭირვალე გახდება, რადგან ნახშირორჟანგი რეაქციაში შედის კირქვასთან და მას ჰიდროკარბონატად გარდაქმნის, რომელიც წყალში კარგად იხსნება:

Ca(OH)2+CO2=CaCO3+H2O
CaCO3+ CO2+ H2O=Ca(HCO3)2

კალციუმი თავისუფალი სახით მუქი მოვერცხლისფრო მეტალია. რბილია, ყოველ შემთხვევაში, დანით გაჭრით. ბუნებაში თავისი დიდი აქტიურობის გამო თავისუფალი სახით არ არის. კარგად ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, ნახშირორჟანგთან, წყალთან. ამიტომ, ლაბორატორიაში კალციუმს კარგად თავდახურულ ჭურჭელში ნავთში ან ზეთში ინახავენ. დედამიწის ქერქში გავრცელების მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს. კალციუმის მარილები ყველგანაა, ნიადაგში, ზღვებისა და ოკეანეების წყალში, მცენარეებში და ცოცხალ ორგანიზმებში. ქალაქში ხომ არის და არის – კირი, ცემენტი, ბეტონი, აგური, მინა. მინერალი კალციტი, იგივე კალციუმის კარბონატი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია – ცარცი, კირქვა, მარმარილო. სწორედ მისგანაა წარმოქმნილი მარჯნის პოლიპები, იდუმალ გამოქვაბულებშიც კალციტი გვხვდება. კალციტის განსხვავებული ფორმის მინერალები არსებობს, ერთ მათგანს ისლანდიური შპატი ჰქვია. მის კრისტალებში საინტერესო ოპტიკურ მოვლენას შეიძლება მივადევნოთ თვალი. თუ რაიმე საგანს ამ მინერალით გავხედავთ, ყველაფერი გაორებული გვეჩვენება. არაგონიტი კალციტის კიდევ ერთი ნაირსახეობაა. საიუველირო ქვად კალციტი სუსტი სიმაგრის გამო ვერ გამოიყენება. თუმცა, სწორედ ნაკლები სიმაგრის გამო, კალციტის ისეთი ნაირსახეობა, როგორიც მარმარილოა, მოქანდაკეებისა და არქიტექტორების საყვარელი მასალაა. კალციტი ძალიან აქტიურად მოქმედებს მჟავებთან. სულ რამდენიმე წვეთის დაწვეთებაც კი საკმარისია, რომ მაშინვე აშუშხუნდება და გაზის ბუშტუკები წარმოიქმნება. სწორედ ასე შეიძლება გამოვარჩიოთ კალციტი სხვა მინერალებისგან.

კალციტი სამზარეულოშიც გვაქვს. შეამოწმეთ თქვენი ჩაიდნები, ნალექი არის? ჰოო, ცუდია, ეს ნიშნავს, რომ ჩაიდანი გასაწმენდია და სასწრაფოდ უნდა გარეცხოთ, თორემ მთელი ეს ნალექი თქვენს ჩაის ჭიქაში მოხვდება. მეორე მხრივ კი გილოცავთ, წყლის გამუდმებული ადუღებით კალციტი მიგიღიათ. კალციტი ნიჟარების შემადგენლობაშიც არის.

ცივი მიწისქვეშა წყლებიდან სტალაქტიტების და სტალაგმიტების სვეტები იზრდება. წყლის წვეთები, რომლებიც ნახშირორჟანგს შეიცავს, გახსნიან რბილ კირქვას. CaCO3+H2O+CO2=Ca(HCO3)2, ანუ წარმოიქმნება კალციუმის ჰიდროკარბონატი, რომელიც წყალში ხსნადია. სწორედ ეს ნაერთი გახსნილი სახით ნაპრალებში შეაღწევს და ნესტიან ჰაერთან შეხებისას ხდება უკურეაქცია, კირქვა კვლავ გამყარდება. ეს წანაზარდი იზრდება და ასე წარმოიქმნება მღვიმის ჭერში და ქვემოთ – სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ჩაიდანშიც თუ ნალექია, ეს ნიშნავს, რომ წყალი კალციუმის ჰიდროკარბონატს შეიცავს და ადუღებისას ზემოთ აღწერილი რეაქცია თქვენს ჩაიდანშიც მიმდინარეობს.

კალციუმი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მისი უმეტესი ნაწილი ჩონჩხსა და კბილებშია. კალციუმის იონები სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობენ. კალციუმი ცილა კალმოდულინის შემადგენლობაშიც შედის. ეს მარტივი ცილაა, ერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან შედგება და მასთან კალციუმის ოთხი იონია დაკავშირებული. კალმოდულინი მეხსიერების ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს და მისი გააქტიურებისთვის აუცილებელია კალციუმი. კალციუმზე მოთხოვნილება ასაკზეა დამოკიდებული, მოზარდებს გაცილებით დიდი რაოდენობით სჭირდებათ. კალციუმი რძის პროდუქტებში, თევზში, ხორცში, ზოგიერთ მცენარეულ საკვებში, ხილსა და ბოსტნეულშია.

ოღონდ, არ იფიქროთ, რომ თუ კალციუმით მდიდარ საკვებს მივიღებთ, ის სისხლიდან აუცილებლად დანიშნულების ადგილს მიაღწევს. შეიძლება სისხლში მისი რაოდენობა ჭარბადაც კი იყოს, მაგრამ შესაბამის უჯრედებამდე ვერ აღწევდეს. კალციუმს სპეციალური გადამტანი სჭირდება და ასეთი ტრანსპორტერი სისხლიდან უჯრედებამდე D ვიტამინია.

ადრე, როდესაც ჟურნალ „მასწავლებელთან” თანამშრომლობა ახალდაწყებული მქონდა, მახსოვს ვიტამინებზე დავწერე სტატია. თქვენც კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გადახედოთ.

https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=9&id=132

კალციუმის სულფატი CaSO4, იგივე თაბაშირია. ორი მოლეკულა წყლის დაკავშირება შეუძლია, ანუ კრისტალჰიდრატია. გამომწვარი თაბაშირი – ალებასტრი CaSO4X0,5H2O გამოიყენება სამშენებლო სატიხრე ფილებისა და პანელების დასამზადებლად. მედიცინაში მოტეხილობის დასაფიქსირებლად თაბაშირის სახვევებს მოტეხილ კიდურებზე ადებენ პაციენტებს.

ბუნებაში თაბაშირი უდაბნოს ვარდს ქმნის, აფრიკის უდაბნოებში გვხვდება.

ასეთი ვარდი სამუშაო ოთახში, თაროზე მიდევს. ერთი შეხედვით ვარდს სულაც არ ჰგავს, მაგრამ შემდეგ, როცა ხელში აიღებ, მიატრიალ-მოატრიალებ, სხვადასხვა კუთხიდან გახედავ, იტყვი, ჰო, თითქოს წააგავსო. თან თუ იცი, რომ უდაბნოს ვარდია, ქვეცნობიერი აუცილებლად მოგაძებნინებს რამე მსგავსებას.

ერთმა სტუდენტმა მკითხა, ეს რანაირი ვარდიაო. რა ვიცი, უდაბნოსია, ქარმა წამოუბერა, ქვიშა თუ სილა მოხვეტა, ცაში აიტაცა, მიჭყუნ-მოჭყუნა და მიწაზე დანარცხებული ასე დატოვა, ვარდის ფორმაში.

სილაში ვარდი სად გაგონილაო – ისევ ჯიუტად მკითხა სტუდენტმა. რა ვიცი, არც გალაკტიონს ჯეროდა, სიზმარიაო წერდა…

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი