ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მანძილი (ნაწილი I)

ინტერვალები: დიატონური და ქრომატული
დაიცავით დისტანცია! ეს წესი სასარგებლოა მძღოლებისათვის, სიყვარულის მაძიებლებისთვის კი – მავნებელი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა მანძილია. მანძილი მუსიკაში.
 
ოდესმე პიანინოზე შემთხვევით მაინც თუ შეხებიხართ წყვილ კლავიშს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქმე ინტერვალთან გქონიათ.

ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების გასაგებად და აღსაქმელად მუსიკალური თეორია უნივერსალური გასაღებია. ნოტებს შორის მანძილის ანუ ინტერვალების ათვისება ერთ-ერთი პირველი საფეხურია მუსიკალურ თეორიაში – აკორდები ხომ სწორედ ინტერვალებისგან იგება. გარდა ამისა, ინტერვალები სმენის განსავითარებლადაც შესანიშნავი საშუალება გახლავთ. 

გადავხედოთ ინტერვალებს, დავახარისხოთ და ისე მოვაწესრიგოთ, რომ მომავალში მათთან დაკავშირებული სირთულეები აღარ შეგვექმნას.

ინტერვალების სწრაფად აგება არ არის ადვილი, ამისთვის განსაკუთრებული წესები და ფორმულები არსებობს. ცნობილია ორი სახის ინტერვალები: მარტივი (8 ინტერვალი) და რთული (7 ინტერვალი). თუ ინტერვალი ოქტავას სცდება, მას რთულ შემადგენელ ინტერვალს ვუწოდებთ. ვინაიდან ყველაზე ხშირად მარტივი ინტერვალებით ვსარგებლობთ, წერილში რთულ ინტერვალებს არ შევეხები (ანუ ოქტავის ზედა ზღვარს არ გავცდები), – იმ ინტერვალებს, რომლებსაც არნოლდ შონბერგი აქტიურად მიმართავდა თავის ატონალურ მუსიკაში. 

მუსიკალურ თეორიაში სიტყვა „ინტერვალს” (ლათ. intervallum – მანძილი) მაშინ ვიყენებთ, როცა ორ ნოტს შორის ბგერის სიმაღლის სხვაობაზე ვსაუბრობთ. ინტერვალი არის მანძილი ერთი ნოტიდან მეორემდე ანუ ორი თანმიმდევრულად ან ერთდროულად აღებული ბგერის (ნოტის) ურთიერთშეფარდება. ინტერვალის ქვედა ბგერას ფუძე ეწოდება, ზედას – მწვერვალი. 

ინტერვალი ჰარმონიულია, თუ ორი ნოტი ერთდროულად ჟღერს, ხოლო თუ მიმდევრობით (რიგრიგობით) – მელოდიური. ჰარმონიული და მელოდიური ინტერვალების თვისება ორი პარამეტრით განისაზღვრება, ანუ ორი სიდიდე აქვს: საფეხურებრივი (რაოდენობრივი) და ტონობრივი (ხარისხობრივი). 

ახლა გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ამ მანძილის გაზომვა: 

1.ინტერვალში შემავალი საფეხურების რაოდენობას საფეხურებრივი სიდიდე ეწოდება (ინტერვალში შემავალი საფეხურების რაოდენობით გამოიხატება).
2.ინტერვალში შემავალი ტონების რაოდენობას ტონობრივი სიდიდე ეწოდება (ინტერვალში შემავალი ტონების რაოდენობით გამოიხატება).
საფეხურებრივი სიდიდე აღინიშნება ლათინური სიტყვებით: პრიმა, სეკუნდა, ტერცია, კვარტა, კვინტა, სექსტა, სეპტიმა, ოქტავა – და შესაბამისი რიცხვებით: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 (რიცხვითი სახელები აღნიშნავს, მერამდენე საფეხურია ინტერვალის ქვედა ბგერა ზედას მიმართ). პრიმა აღინიშნება ასე – (1), სეკუნდა – (2), ტერცია – (3), კვარტა – (4), კვინტა – (5), სექსტა – (6), სეპტიმა – (7), ოქტავა – (8). 
ტონობრივი სიდიდე აღინიშნება სიტყვებით: წმინდა, დიდი, პატარა, გადიდებული, შემცირებული, ორჯერ გადიდებული და ორჯერ შემცირებული; გამოისახება ტონებით: 0 ტ. 0,5 ტ. 1 ტ. 1,5 ტ. 2 ტ. 2,5 ტ. 3 ტ. 3,5 ტ. 4 ტ. 4,5 ტ. 5 ტ. 5,5 ტ. 6 ტ. (ტონობრივი სიდიდე აღნიშნავს, რამდენი ტონი თავსდება ინტერვალის ქვედა ბგერიდან ზედამდე).
ამრიგად, ინტერვალის სრული დასახელება მის საფეხურებრივ და ტონობრივ სიდიდეს გვამცნობს. მაგალითად, დიდი (ტონობრივი) სეკუნდა (საფეხურებრივი); წმინდა (ტონობრივი) კვინტა (საფეხურებრივი). 

როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერვალების დასახელებისთვის ლათინური სიტყვები გამოიყენება, შემოკლებული ჩაწერის შემთხვევაში კი – ციფრები. ეს უფრო მოხერხებულია. მაგალითად, ტერცია აღინიშნება ციფრით 3, სექსტა – ციფრით 6 და ა.შ.

შემოკლებულ ტონობრივ განსაზღვრებას ( წმინდა (წმ.), პატარა (პ.), დიდი (დ.), შემცირებული (შემც.) და გადიდებული (გად.)) თუ საფეხურებრივ სახელწოდებებსაც შევუერთებთ, მივიღებთ: წმინდა პრიმა (წმ. 1), პატარა ტერცია (პ. 3), დიდი სეპტიმა (დ. 7) და ა.შ. 

ასო და ციფრი, მაგალითად, პ.3, ინტერვალში საფეხურების რაოდენობას აღნიშნავს. ეს მისი საფეხურებრივი დახასიათებაა.

ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ნატურალურ ბგერათა რიგში წმინდა ინტერვალებს განეკუთვნება პრიმა, კვარტა, კვინტა და ოქტავა.

პატარა და დიდ ინტერვალებს განეკუთვნება სეკუნდა, ტერცია, სექსტა და სეპტიმა.
 
რაც შეეხება გადიდებულ და შემცირებულ ინტერვალებს, ძირითად ბგერათა რიგში ყველა კვარტა წმინდაა, გარდა ინტერვალისა ფა – სი. ის გადიდებულია. 

იგივე ითქმის კვინტაზე: ყველა კვინტა წმინდაა, სი – ფა-ს გარდა. ის შემცირებულია.

გადიდებულ კვარტას (გად. 4) ან შემცირებულ კვინტას (შემც. 5) ტრიტონსაც უწოდებენ. აქ ორ ნოტს შორის ზუსტად სამი ტონია.

უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია ყოველი დიატონური ინტერვალის შემცირებაც და გადიდებაც. ინტერვალის ერთ-ერთ ბგერას – ფუძეს ან მწვერვალს – ნახევარი ტონით თუ ავამაღლებთ ან დავადაბლებთ, გადიდებულ ან შემცირებულ ინტერვალს მივიღებთ. გადიდებული ინტერვალები წმინდა და დიდი ინტერვალებისგან წარმოიქმნება, შემცირებული – წმინდა და პატარა ინტერვალებისგან. გამონაკლისია მხოლოდ წმინდა პრიმა – თავად დაფიქრდით, სადამდე უნდა შემცირდეს.

მოვიყვანოთ მაგალითი ერთ-ერთ გადიდებულ ინტერვალზე:

იმისათვის, რომ გადიდებული ტერცია მივიღოთ, ავიღოთ დიდი ტერცია დო – მი, სადაც დო ფუძეა, ხოლო მი – მწვერვალი. ნოტი მი ნახევარი ტონით ავამაღლოთ. მივიღებთ დო – მი დიეზით გადიდებულ ტერციას (არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითქვას ფა, ვინაიდან საფეხურებრივი დასახელება შეიცვლება, ანუ ინტერვალი კვარტად გადაიქცევა). თუ მი-ს ამაღლების ნაცვლად დო-ს დავადაბლებთ, ასევე გადიდებულ ტერციას – დო ბემოლ – მი-ს მივიღებთ. 

ტონების რაოდენობა ყოველ ინტერვალში უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ. მაგალითად, წმინდა პრიმაში 0 ტონია, წმინდა ოქტავაში – 6, წმინდა კვარტაში – 2,5, წმინდა კვინტაში – 3,5 და ა.შ.

ინტერვალების ჩამონათვალიდან წმინდა მელოდიური პრიმა ყველაზე მარტივი ასაგებია ნებისმიერ ინსტრუმენტზე. აქ ზევით ან ქვევით მოძრაობა არ შეინიშნება. ერთი და იგივე ნოტი მხოლოდ ორჯერ უნდა „დავაკაკუნოთ” კლავიატურაზე, ორჯერ ჩავბეროთ ან ორჯერ გამოვკრათ, იმის მიხედვით, რომელ საკრავს შევარჩევთ (ანუ ბგერა თავის თავს იმეორებს). ერთი სიტყვით, პრიმა უნისონში (უნისონი ბგერების ერთიანობას ნიშნავს) იკვრება, მისი სიდიდე ნული (0) ტონია და ასე აღინიშნება: წმ.1 

რაც შეეხება წმინდა ოქტავას, ის ძალიან ჰგავს წმინდა პრიმას, ვინაიდან აქაც ერთი და იგივე ნოტი იკვრება. პრიმასგან განსხვავებით, ოქტავაში ორ, ქვედა და ზედა თანამოსახელე ნოტს შორის 12–ნახევარი ტონია. მაგალითად, პირველი ოქტავის დო-დან მეორე ოქტავის დო-მდე; პირველი ოქტავის რე-დან მეორე ოქტავის რე-მდე და ა.შ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ალტერაციის ნიშნები ინტერვალების სიდიდეს ცვლის. ინტერვალი ნახევარი ტონით იზრდება თუ მის ზედა ნოტს დიეზs დავუმატებთ ან ქვედა ნოტს – ბემოლს. ინტერვალი ნახევარი ტონით მცირდება, თუ მის ზედა ნოტს – ბემოლს ან ქვედას დიეზს დავუმატებთ. 

მომდევნო წერილში თემის უკეთ გასააზრებლად არაერთ თვალსაჩინო მაგალითს გავეცნობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი