პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მანძილი (ნაწილი II)

დროა გავიხსენოთ, რომ ოქტავა 12 ბგერისაგან შედგება: 7 ძირითადისა და 5 წარმოებულისგან (წარმოებული ნოტები კლავიატურაზე შავი ფერისაა). შეგახსენებთ, რომ ნახევარი ტონი (0,5 ტ.) ორ ბგერას შორის უახლოესი მანძილია, რომ ინტერვალის საზომ უმცირეს ერთეულად სწორედ ნახევარი ტონი მიიჩნევა და რომ ეს არის ერთი კლავიშით სვლა ზევით ან ქვევით. ერთი ტონი კი ორ ნახევარ ტონს უდრის. ტონი (0,5 ტ + 0,5 ტ.) ორი კლავიშით ანუ 1 ტონით სვლაა. ამ საკითხზე დაწვრილებით ერთ-ერთ ადრინდელ წერილში გესაუბრეთ („თეთრისა და შავის საიდუმლო”).

ნატურალურ ბგერათა რიგში ინტერვალები ადვილი გამოსაცნობია, განსაკუთრებით – სეკუნდა: ის კლავიატურაზე ორ მეზობელ ნოტს წარმოადგენს. პატარა სეკუნდა არის ნაბიჯი ნახევარი ტონით ზევით ან ქვევით, დიდი სეკუნდა – ნაბიჯი ორი ნახევარი ტონით ანუ ერთი ტონით.

მეტი თვალსაჩინოებისთვის: თუ სეკუნდას ალტერაციის ნიშანი აქვს, უნდა შეგვეძლოს ორ ნოტს შორის სიდიდის ზუსტი განსაზღვრა. მაგალითად, დო – რე ბემოლ. ეს ინტერვალი პატარა სეკუნდაა, ვინაიდან მათ შორის მანძილი ნახევარი ტონია. ინტერვალის ზედა ბგერა რე-ს ბემოლს თუ ჩამოვაშორებთ, დიდ სეკუნდას მივიღებთ.

მაგალითად, თუ გვსურს მი-ფა ინტერვალის დიდ სეკუნდად გარდაქმნა, ნოტ ფა–ს ალტერაციის ნიშანი – დიეზი უნდა მივუწეროთ. ამ ორ ნოტს შორის ახლა ზუსტად ერთი ტონია.

ისევ დო-რე-ს მაგალითზე:

თუ ზედა ნოტს დიეზს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით გაიზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის (დო-რე დიეზი) გადიდებულ სეკუნდად გარდაიქმნება.

თუ ზედა ნოტს (რე) ბემოლს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით შემცირდება. ამ შემთხვევაში დო და რე ბემოლი პატარა სეკუნდად, ანუ ერთმანეთის უახლოეს მეზობლებად იქცევიან.

თუ ქვედა ნოტს დიეზს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით შემცირდება (დო დიეზ-რე) და პატარა სეკუნდა გახდება, ხოლო ბემოლის დამატების შემთხვევაში (დო ბემოლ-რე), ინტერვალი გადიდებულ სეკუნდამდე გაიზრდება.

ერთი შეხედვით, ნამდვილი თავსატეხია, სწავლის სურვილს რომ დაგაკარგვინებს, მაგრამ „მეორე შეხედვით” ეს დაუჯერებლად ადვილია.

„მანძილებსა და მეზობლებზე” საუბარში ფრანსუა ტრიუფოს ერთი შესანიშნავი ფილმი გამახსენდა. ამ საუნდტრეკში ინტერვალების დადგენა ანუ მანძილის გამოთვლა თქვენთვის მომინდვია.

ინტერვალების გადათვლა დამწყებისთვის თითების საშუალებით იქნება მოხერხებული. როგორც ვიცით, დო ფუძიდან სოლ მწვერვალამდე ინტერვალი კვინტაა. ამის გასაგებად დო-დან სოლ-ის ჩათვლით უნდა გადავთვალოთ: დო, რე, მი, ფა, სოლ (1, 2, 3, 4, 5). და აი, განაპირა დო და სოლ ნოტებით ინტერვალი კვინტა მივიღეთ. ხოლო საფეხურებრივი სიდიდის დასაზუსტებლად განაპირა ნოტებს შორის 3,5 ტონს თუ გადავთვლით, წმინდა კვინტას მივიღებთ.

სახალისო მაგალითად დილანდელი ჩაიდნის მუსიკალური პერფორმანსიც გამოდგება. მოგეხსენებათ, ჩაიდნის „ბუნება” ასეთია – მასში წყალი დუღდეს. ამ მხრივ არც ჩემი ჩაიდანია გამონაკლისი და დილით, როცა თავისი „არიის” შესრულებას შეუდგა, მე, თქვენთვის „მუსიკალურ მანძილზე” კონცენტრირებულმა, ჩაიდნის სტვენაში ინტერვალები შევიცანი და უმალ გადავთვალე. ჯერ წმინდა კვარტებით (წმ. 4) „მღეროდა”, მერე წმინდა კვინტაზე (წმ. 5) გადავიდა. ამ დროს შევამჩნიე, რომ ფუძე „ფეხს არ იცვლიდა”, ხოლო მწვერვალი ანუ ორხმიანობის ზედა (პირველი) ხმა ზევით მოძრაობდა. ჩაიდანს ერთფეროვნება მალე მობეზრდა და ისევ ზევით, პატარა სექსტისკენ იწყო სვლა, ისევ ზედა ბგერის მოძრაობის ხარჯზე.

რაღა თქმა უნდა, ჩაიდნის დუღილის მოსმენა ყოველ თქვენგანს შეუძლია. ის არ გაგაღიზიანებთ, თუ „მუსიკალურ კვლევას” შეუდგებით. წარმატებას გისურვებთ, მკითხველებო.

ინტერვალები: კონსონანსი და დისონანსი

გადმოცემით, უდიდეს კომპოზიტორს სებასტიან ბახს თვალის მოტყუება ჰყვარებია. მისი გამოღვიძება დისონანსური (არა ჰარმონიული) აკორდის აჟღერებით იყო შესაძლებელი. გამოღვიძებული, მაშინვე კლავესინს მიუჯდებოდა და დისონირებულ აკორდს იქამდე ავითარებდა, ვიდრე ჟღერადობას ჰარმონიულ, დასრულებულ აკორდამდე არ მიიყვანდა.

მუსიკალურ განსაზღვრებაში კონსონანსისა და დისონანსის შეხამების ძირითადი ნიშან-თვისებაა ჰარმონიული (თანხმობა) და დისჰარმონიული (უთანხმოება) შთაბეჭდილების მოხდენა. მუსიკალურმა ხელოვნებამ სწორედ ამ ნიშნით ისარგებლა და ადამიანის სულიერი მდგომარეობა კონსონირებული (სიმშვიდე, სიამოვნება, სიხარული) და დისონირებული (გაღიზიანება, უთანხმოების არასასიამოვნო შეგრძნება) აკორდებით გამოხატა.

ჩვენ ვიცით, რომ მუსიკალური ინტერვალები, როგორც ბგერათა სიხშირეების თანაფარდობა, ჰარმონიული წყობის საფუძველში დევს. ტონების სიხშირეთა თანაფარდობის მიხედვით ინტერვალები კონსონანსებად და დისონანსებად იყოფა.

კონსონანსები რბილად, მშვიდად, კეთილხმოვნად ჟღერენ; ისინი აკუსტიკურად მყარ ხმოვანებას ქმნიან და გადაწყვეტას არ მოითხოვენ.

სრულქმნილი კონსონანსებია: წმინდა პრიმა (წმ. 1) და წმინდა ოქტავა (წმ. 8).
სრული კონსონანსებია: წმინდა კვარტა (წმ. 4) და წმინდა კვინტა (წმ. 5)
არასრული კონსონანსებია: დიდი და პატარა ტერცია (დ. 3, პ. 3) და სექსტა (დ. 6, პ. 6).
დისონანსები მკვეთრად, უხეშად, დაძაბულად და გამაღიზიანებლად ხმოვანებს. სმენითი აღქმით მათი ხმები არათუ ერწყმის, უშლის კიდეც ხელს ერთმანეთს და აუცილებლად მოითხოვს გადაწყვეტას.

დისონანსებია: დიდი და პატარა სეკუნდა (დ. 2, პ. 2) და სეპტიმა (დ. 7, პ. 7), ასევე – ყველა გადიდებული და შემცირებული ინტერვალი.

კონსონანსური და დისონანსური ინტერვალების, ასევე აკორდების აღქმა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი იყო. ადრეულ შუა საუკუნეებში ჰარმონიულად მხოლოდ უნისონში სიმღერა მიიჩნეოდა. დროთა განმავლობაში აღქმის დიაპაზონი საგრძნობლად გაიზარდა სიმღერის სხვადასხვა ინტერვალით გამდიდრების ხარჯზე და უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სიმახვილითა და დახვეწილობით ჩვენი სმენა დღეს ბევრად აღემატება წინაპრებისას. ბგერითი ხარისხის თვალსაზრისით ჩვენი აღქმისთვის ისეთი ნიუანსები გახდა მისაწვდომი, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდნენ. სავარაუდოდ, მომავალში ეს უნარი კიდევ უფრო განვითარდება.

დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში კონსონანსი თითქმის სრულიად განიდევნა „მუსიკალური თანაცხოვრებიდან”. თანამედროვე მუსიკასა და ძველ მუსიკას შორის განსხვავება ფორმის თავისუფლებით, რიტმული მრავალფეროვნებითა და დისონირებული აკორდების შეხამებათა სიჭარბით გამოიხატება. ახალი გამომსახველობითი ხერხების ძიებისას მუსიკოსებმა ჰარმონიის განვითარებას მიმართეს და შექმნეს ახალი დისონირებული შეხამებები (არცთუ დიდი ხნის წინ საზოგადოებას ხომ ვაგნერის ჰარმონიები ზედმეტად რთული ეჩვენებოდა). დღეს მუსიკაში კონსონანსის როლი უფრო და უფრო მცირდება; იქმნება ნაწარმოებები, საიდანაც კეთილხმოვანი აკორდები სრულიად გამოდევნილია. სამაგიეროდ, დისონანსი ძლევამოსილებით ბატონობს. დისონანსი წინათ თუ გადაწყვეტის საშუალება იყო, ახლა უკვე თვითმიზანია.

ზემოთ აღნიშნულს ფსიქოლოგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, თანამედროვე ნაწარმოებები შეიძლება განვსაზღვროთ როგორც დაძაბული მოძრაობის სისტემა სიმშვიდის წამიერი გაელვებით. მუსიკაში კმაყოფილება და სიმშვიდე იშვიათ მომენტებს თუ წარმოადგენს. აქედან მოდის ახალი მუსიკის მოუსვენარი და მერყევი ხასიათი. ხშირად თანამედროვე მუსიკა ფართო მსმენელის გაოცებას, გაღიზიანებასა და პროტესტს იწვევს. ახალი მუსიკა მსმენელებს დიდ მოთხოვნებს უყენებს. საინტერესო შემთხვევაა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმული მოსაზრება: როდესაც თანამედროვე კომპოზიტორის სიმფონიის დასრულების შემდეგ კრიტიკოსის გადაქანცულ ყურთასმენას კონცერტის დაწყებამდე მუსიკოსების მიერ საკრავების აწყობისას მიღებული სრულიად ქაოსური (დისონანსური) ხმოვანება კეთილხმოვანი მოეჩვენა, ის მიხვდა, რომ მისმა ყურთასმენამ ახლაღა დაისვენა. ეჭვგარეშეა, მის სიტყვებში ნათლად გამოჩნდა ფართო მსმენელის პოზიცია მოდერნისტ კომპოზიტორთა ნაწარმოებების მიმართ. ზემოთქმულის მიზეზი ზოგიერთ „შეხამებულ” ბგერას მიუჩვეველი ყურია, რომელიც ვერ ახერხებს ბგერების გარჩევას, მათი კავშირების დაჭერას და ერთ სისტემაში მოქცევას. მსმენელის ყური ცდილობს, მისი ყურთასმენისთვის უჩვეულო მკვეთრ დისონანსებში ნაწარმოების ძირითადი აზრი, მთავარი თემა ამოიცნოს, რაც საბოლოოდ ბგერათა ქაოსში ეფანტება. საინტერესოა, რა ფსიქოლოგიური დანიშნულება აქვს ამგვარ ევოლუციას? დღეს ამაზე პასუხის გაცემა ძნელზე ძნელია. დაველოდოთ დროს, ის გაგვიმხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი