ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფეხბურთი მაგიდაზე

დავუშვათ გადაიღალეთ და მძიმე  დღის შემდეგ დასვენება, გართობა გსურთ. ”ვითამაშებ რამეს” – იტყვი. კომპიუტერზე არ გირჩევ, მონიტორის ცქერა არ გყოფნის?  თანაც რას აღარ ამბობენ ეკრანის არამარტო თვალებისთვის მავნე გამოსხივებაზე. კარტი, დომინო თუ ნარდი კარგი და სასარგებლო (ტვინის გამავარჯიშებელი) თამაშებია, თუმცა მაინც მოსაწყენია. აბა რას იტყოდი, არ იცი ასეთი თამაში?
საქართველოში სპორტის სახეობა, სახელად “სუბბუტეო”, შეიძლება ითქვას არავინ იცის. არადა, ეს ჩვეულებრივი სამაგიდო ფეხბურთია, რომლის მსგავსს სკოლის მერხზე დახაზულ მოედანზე დაგორგოლავებული ქაღალდის ბურთით ვთამაშობდით და წკიპურტით ვიტანდით გოლებს. ამის გარდა, სამაგიდო ფეხბურთის საკმაოდ პოპულარული ნაირსახეობა იყო ერთგვარი სათამაშოც (ასეთი ჰოკეიც არსებობდა), რომელზეც მოთამაშეს სპეციალური ზამბარებითა და ღერძებით ლითონის ფეხბურთელი მოძრაობაში მოჰყავდა და პლასტმასის ბურთს აქეთ-იქით მანამდე არტყმევინებდა, სანამ მეტოქის კარში არ შეაგდებდა.
ასეა თუ ისე, სამაგიდო ფეხბურთით გართობას ჩვენთვის მხოლოდ სკოლის ასაკში ჰქონდა ხიბლი. თუმცა იყვნენ და არიან ზრდასრული „სერიოზული” ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გასართობი არაფრით ჩამოუვარდება სპორტის სხვა „სერიოზულ” სახეობებს და არანაკლები ეშხით გამოხატავენ წარმატებას, ვიდრე ოლიმპიელები ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მოპოვებისას.
ყველაფერი შორეულ 1929 წელს ლივერპულში დაიწყო. საერთოდ ინგლისის ამ ქალაქის მცხოვრებლებს მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ნოვატორული იდეა თუ აღმოჩენა მიეწერებათ. ჰოდა, ერთ დღესაც, ერთმა ფანტაზიამოჭარბებულმა ლივერპულელმა ვინმე უილიამ კილინგმა, საბავშვო თამაში გამოიგონა.
კილინგის სამაგიდო ფეხბურთის კომპლექტი თერთმეტი მოთამაშისგან შემდგარი ორი გუნდისგან შედგებოდა. ფანერის ფეხბურთელთა ფიგურები ხის ნახევარსფეროებზე იყო დამაგრებული, ოდნავი გამოძრავებით კი ცელულოიდის ბურთს აგორებდნენ. თამაშის პრინციპი კი მარტივი – ფიგურაზე თითის შეხებით მეტოქის კარში ბურთის შეგდება იყო.
1947 წლამდე ამ გამოგონებას განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია, სანამ სხვა ბრიტანელმა პიტერ ადოლფმა არ წარმოადგინა ანალოგიური თამაში სახელად შუბბუტეო. ალბათ დაგაინტერესათ საიდან ასეთი უცნაური სახელწოდება? თანაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. თურმე მისტერ პიტერს თავდაპირველად თამაშისთვის ჰობი დაურქმევია, მაგრამ ამ სახელით მისი დარეგისტრირება ვერ შეძლო. 
რაც შეეხება შუბბუტეო-ს ეს ერთ-ერთი მტაცებელი ფრინველის ჯიშის ლათინური შესატყვისია, რომელსაც ინგლისელები „ჰობის” უწოდებენ. რა კავშირშია ეს მაგიდის ფეხბურთთან, განსჯა თქვენთვის მოგვინდია. ამასთან, გამორიცხული არაა, სწორედ ასეთმა გაუგებარმა სახელწოდებამ განაპირობა ის, რომ თამაშმა ომის შემდგომ ბრიტანეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და უმალ პოპულარულ გასართობად იქცა.
საგულისხმოა, რომ ადოლფმა არც არაფერი დაუმატა კილინგის აღმოჩენას, გარდა სახელისა და კარებებზე ბადის გაკეთებისა. თავდაპირველად სათამაშოდ სპეციალური მოედანი არც იყო საჭირო. ერთნაირი აზარტით თამაშობდნენ ხის იატაკზეც და ნოხზეც.
თამაში სწრაფად ვითარდებოდა. 1960 წლიდან მოთამაშეთა ფიგურები პლასტმასისგან ჩამოასხეს. თამაშისთვის მეტი ხიბლის მისაცემად დაიწყეს დამატებითი აქსესუარების დამზადება – პატარა ტრიბუნების, განათებებისა და სატელევიზიო კოშკურებისაც კი. 1970 წლიდან ადოლფის ფირმამ სათამაშო კომპლექტს ახალი ფიგურები – კუთხურის მიმწოდებლები და დამრტყმელი ფეხბურთელები შეჰმატა. დაამზადა პატარა მოედანიც მთელი თავისი აღჭურვილობით. ყოველივე ამან კი შუბბუტეო მილიონობით ადამიანის საყვარელ გასართობად აქცია. 80-იანი წლების ბოლოსთვის კი თამაშში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ კიდევ უფრო ნამდვილს მიამსგავსა სამაგიდო ფეხბურთი.
დღეს ეს თამაში, ისევე როგორც ”დიდი ფეხბურთი”, წარმოუდგენელია თავისი ფედერაციის, კვალიფიციურ მსაჯთა კომიტეტის, თამაშის დახვეწილი და დაკანონებული წესებისა და სხვა მთელი რიგი ნიუანსების გარეშე. იმართება ოფიციალური ტურნირები, მსოფლიო ჩემპიონატები. ეგ კი არა და, რამდენიმე ქვეყანაში რეგულარულად იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრების ტელეტრანსლაციები..
რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, თითო ”გუნდს” თითო მოთამაშე მართავს. ბურთის დარტყმა, მოთამაშეების გადაადგილება გარკვეული წესების დაცვით, წკიპურტებითა და თითის კვრით შეიძლება. თამაში ორი, 15-წუთიანი ტაიმისგან შედგება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისეთივე ”მოკრძალებული” ანგარიშით მთავრდება, როგორითაც ნამდვილ ფეხბურთში – გოლის გატანა, როგორც დიდ, ასევე მაგიდის ფეხბურთში ძნელი და მნიშვნელოვანი საქმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი