პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მოზარდი სპორტსმენის კვება

სპორტსმენისათვის სწორად შერჩეული კვებითი რეჟიმი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი მწვრთნელი. მით უმეტეს ახალგაზრდა სპორტსმენისათვის, რომელიც კარიერის სტარტზევე უნდა მიეჩვიოს სწორად და ჯანსაღად კვებას და თავიდანვე უნდა ირწმუნოს, რომ ყუათიანი საკვები ხშირად პრობლემების შემქმნელი უფროა, ვიდრე დიდი სიკეთის მომტანი.

არადა, სულ სხვანაირად იყო ჩვენს ბავშვობაში. საბჭოთა ეპოქაში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ყველას გამუდმებულად გვესმოდა, რომ ბევრი ჭამა აუცილებლად მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებით ისეთი “მარგებელი” საკვები ფასობდა, რომელიც დღეს უბრალოდ დაუშვებლად ითვლება. ასევე იყო ერთი მეტად უცნაური მიდგომა, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე ფიზკულტურის მასწავლებლებმა და სხვადასხვა სახეობების მწვრთნელებმა ერთხმად უარყვეს. ეს გახლავთ წყლის მიღების აკრძალვა…

ცნობილი ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე შარშან გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, რომ მთელი ბავშვობა მწვრთნელები უკრძალავდნენ ვარჯიშის შემდეგ წყლის მიღებას. საფრანგეთში სათამაშოდ ჩასულს კი ძალიან გაუკვირდა, როდესაც მწვრთნელებმა ყველა მორაგბეს წყლიანი ბოთლები ჩამოურიგეს და დაავალეს, რაც შეიძლება ბევრი წყალი დაელიათ. 

ვარჯიშის დროს ორგანიზმიდან დაკარგული წყლის მარაგი აუცილებელ შევსებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია ორგანიზმის გაუწყლოვანება მოხდეს, რაც შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგებითაც კი დამთავრდეს. მაგრამ საბჭოთა კავშირი აბა რისი უცნაური ქვეყანა იქნებოდა, მსგავსი ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტებებიც კი ასე ადვილად რომ მიეღო? ამის გამო სპორტსმენ მოზარდთა არაერთი თაობა დაიტანჯა უწყლობითა და უფროსების უგუნურებით.

კვლავ სპორტსმენის ჯანსაღად კვებას რომ დავუბრუნდეთ, პირველ ყოვლისა უნდა გავიხსენოთ ავტომრბოლელების დიეტა, რომელიც გამორჩეულად მკაცრია და როგორც ცნობილი აწგარდაცვილი ბრაზილიელი პილოტი, აირტონ სენა ამბობდა: ”საკვების თვლა ავტომრბოლელის ტრაგედიაა”. რამდენიმე ბანანი, ვაშლი, ფორთოხალი, ერთი ნაჭერი უცხიმო ხორცი, გამომშრალი პური და ნატურალური წვენი – ესაა ცნობილი და ლეგენდად ქცეული ავტომრბოლელების მუდმივი საკვები. ისინი ასევე იშვიათად მიირთმევენ მოხარშულ თევზსა და მსუბუქ ბურღულეულს და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მათი კვებითი რაციონის უნდა გვშურდეს. თუმცა თუკი ნაჩვენებ შედეგებსა და ამ შედეგების შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას გადავხედავთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მომთმენი ნამდვილად მოგებულია.

ქართველი სპორტსმენებისათვის დიეტის დაცვა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე სხვა რამ შეზღუდვა. ალბათ გახსოვთ არაერთი უცხოელი მწვრთნელის წუწუნნარევი პასაჟები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქართველი შეგირდები განსაკუთრებით დღესასწაულების შემდეგ (ძირითადად აღდგომა, შობა-ახალი წელი და სხვა…) საწვრთნელ შეკრებებზე გვარიანად მოსუქებულები ბრუნდებიან და მერე ერთი თავის ტკივილია მათი კვლავ ფორმაში მოყვანა. ფორმადაკარგული სპორტსმენი კი (მოჭადრაკეც კი) დიდ შედეგებზე ვერ იფიქრებს.

თუმცა არიან გამონაკლისებიც. თუკი ძველი თაობის მკითხველები ქართველ ფეხბურთელს, რეზო ჩელებაძეს გაიხსენებენ, ჩვენ აქედან ბრაზილიელი ჩაპუტკუნებული სუპერმეგოლის, აილტონის სახელს შევაშველებთ, რომელიც საკუთარი სხეულის სიმძიმის მიუხედავად მინდორზეც ქარივით დაჰქროდა და გოლებიც აურაცხელი გაიტანა. მაგრამ გამონაკლისები მხოლოდ გამონაკლისებია და სხვა არაფერი.

სწორად კვება და კვებითი რეჟიმის დაცვა მოზარდებისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი რამაა. და თუ რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი, როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან და 30 წელს გადააბიჯებენ, თავად უკეთ მიხვდებიან და ნახავენ…  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი