სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

შხამი წვეთობით…

… და მე ხანდახან მეჩვენება
ვითომ სამყარო
ბაღია დიდი, დაწყევლილი
და შხამიანი. 
 (უაბჯარონი, ტიციან  ტაბიძე)
დიდ და შხამიან ბაღში პირველი მსოფლიო ომის დროს 17 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა. ისედაც ჯოჯოხეთი იდგა, უფრო მეტ ჯოჯოხეთს კი ქიმიკოსები ქმნიდნენ. 1917 წელს მთელი წლის  განმავლობაში იპრში ჯარისკაცები ოქროსფერ კვამლსა და ჰაერში უცნაურ სუნზე საუბრობდნენ. მის ჩამსუნთქავს ჯერ ქავილი ეწყებოდა, შემდეგ კი ტანი საეჭვო შეუხორცებელი იარებით ეფარებოდა. ვინც გაზს ღრმად ჩაისუნთქავდა, სისხლს ახველებდა. ჯარი იპრიტით (ფაქტობრივად ქლორით) იყო მოწამლული. აირწინაღები იპრიტისგან ვერ იცავდა, რადგან გაზი  მათშიც აღწევდა. 

  იპრიტი სულაც არ ყოფილა პირველი მომწამლავი გაზი.  ის ერთ-ერთი იყო იმ გაზებიდან, რომლებიც ფრიც ჰაბერის და მისი კოლეგების ხელმძღვანელობით იქმნებოდა. ეს უკანასკნელი კარლსრუეში პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მან კოლეგა ქიმიკოსზე კლარა იმერვარზე იქორწინა. ქიმიაში ნობელის პრემიაზე ჰქონდა პრეტენზია. ქიმიურ იარაღს აწარმოებდა. ჰაბერი პირადად ადევნებდა თვალყურს თავისსავე დამზადებული ქიმიური იარაღის გამოყენებას ფრონტზე.  „სიკვდილი სიკვდილია – ამბობდა ჰაბერი, – რა მნიშვნელობა აქვს, რით გამოვიწვევთ მას, ჩამოვარიგებთ და ეგაა”.  

შხამი – წვეთობით… სიკვდილი – ჩამორიგებით…
…მეფე დაჟღენთა შხამის წვეთებით 
თავის ისართა ჯარი ნაგეში, 
და ეს სიკვდილი გულგამეტებით
 ჩამოარიგა მტრის ბანაკებში.. (პუშკინი, ანჩარი)
 ცოლი ემუდარებოდა შეეწყვიტა ქიმიურ იარაღზე მუშაობა. ჰაბერი ბრაზობდა  და სახალხოდ მოღალატეობაში ადანაშაულებდა მას. იპრიტის პირველმა გამოყენებამ 5-დან 10 ათას ადამიანამდე შეიწირა. მათ შორის ბევრი დასახიჩრდა. გერმანელმა სამხედროებმა ჰაბერი შეაქეს. კაპიტნის ჩინი უბოძეს და ბერლინში ტრიუმფით დააბრუნეს. თუმცა ოჯახში ცოლთან კვლავ უთანხმოება ჰქონდა. ეს კამათი კლარამ დაასრულა – ღამით ქმრის რევოლვერით თავი მოიკლა.  

სიკვდილი სიკვდილია, რა მნიშვნელობა აქვს  რითი მოკვდები.  ჰო, სწორედ ასე თქვა მისმა ქმარმა და მეორე დღეს კვლავ ფრონტზე იპრიტის ახალი ულუფის გამოსაცდელად წავიდა. 

სახლში დედა 13 წლის ბიჭმა დაიტირა. უკანასკნელ გზაზე ქმრის გარეშე გააცილეს. ზოგი დუმდა, ზოგიც:

„ … ასე სტიროდნენ:” ოჰ, შეხედეთ, აი ეს არის!..” (გალაკტიონი, „მგლოვიარე სერაფიმები”)

თუმცა ეს პროტესტი არავის შეუსმენია. ჰაბერის კოლეგები ახალ გაზებს ქმნიდნენ, რომლებიც ნერვულ პარალიზებას  და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას იწვევდა. ამიტომაა, რომ ზოგჯერ პირველ მსოფლიო ომს ქიმიკოსების ომსაც უწოდებენ. 

დღეს მშვიდობა გვაქვს. ქიმიური იარაღი აკრძალულია. თუმცა… რას ვსუნთქვათ, რას ვჭამთ ან რას ვსვამთ, თავადაც არ ვიცით. ამიტომაცაა, რომ ყოველ მეორეს რაღაც აწუხებს.  ზოგს – კუჭი, ზოგს ნაღვლის – ბუშტი, ზოგს – ნაწლავები. 

ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი თუ გამართული მოქმედება ისევ ქიმიას უკავშირდება. უფრო სწორედ, საკვების ქიმიურ შემადგენლობას. კვლავ პარაცელსის სიტყვები უნდა შეგახსენოთ – საკვები წამალიც არის და შხამიც. 

წყალი, მწვანილი (განსაკუთრებით კამა და ოხრახუში) და უჯრედისი ნაწლავებისთვის აუცილებელია. ეს უკანასკნელი, როგორც ვიცით, არ გადამუშავდება და არ შეიწოვება, პირდაპირ ტოვებს ორგანიზმს. თუმცა არასაკმარისი წყლის პირობებში მისი ფასი ნულია. აი, თუ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკმარისი წყალია, მაშინ უჯრედისი მისით გაჯერდება, გაჯირჯვდება, ნაწლავების პერისტალტიკასაც ხელს შეუწყობს და გზადაგზა გამოსატან  ნივთიერებებსაც გამოიტანს. გარდა ამისა, წყალი ნაწლავის ფლორის შემადგენლობასაც განაახლებს.  

შემდეგი პროდუქტი ნიორი გახლავთ. ბოლო კვლევების შედეგად კვირის განმავლობაში საკვებ რაციონში მისი 30%-იანი შემცველობაც საკმარისია. მიკრობებსაც კლავს და კიბოს პრევენციასაც აკეთებს. მის შემადგენლობაში უამრავი გოგირდშემცველი ამინმჟავებია, განსაკუთრებით დომინირებს ცისტეინი. ეს ამინმჟავები დაცვასთან ერთად იმ კარგად ნაცნობ სურნელსაც გამოსცემს, რაც ნიორს ახლავს თან. როგორც კი ნივრის სტრუქტურა ირღვევა, ანუ ჩავჭყლეტთ, დავღეჭავთ ან გავჭრით, გააქტიურებული ფერმენტები ამინმჟავებზე ზემოქმედებით აქროლად ნივთიერებებს წარმოქმნიან, რომელთა გამოც ნიორს არასასიამოვნო სურნელი ახასიათებს.

აი, მესამე პროდუქტს (თუ შეიძლება, რომ პროდუქტი ვუწოდო) ვერ გამოიცნობთ. მეც გაოცებული დავრჩი. ეს ჩვეულებრივი საღეჭი რეზინაა. ეს მათთვისაა მისწრება, ვინც მომატებული  მჟავიანობით იტანჯება. კუჭის წვენი მჟავა გარემოსია, ნერწყვი – ტუტე. ღეჭვა კი ნერწყვის გამომუშავებას უწყობს ხელს. ღეჭვა თავადაც მიხვდებით, ჭამის შემდეგაა საჭირო. ოღონდ რეზინა არ უნდა შეიცავდეს შაქარს (შაქარი დაივიწყეთ) და მენთოლს, რადგან ეს უკანასკნელი იწვევს კუჭის  კარდიის სფინქტერის (მემბრანის, რომელიც კუჭს საყლაპავისგან გამოყოფს) გაფართოებას. 

საჭმლის მომნელებელი სისტემიდან თუ თირკმელებსაც გადავხედავთ, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ წყალი მათთვისაც აუცილებელია. საკმარისი რაოდენობის წყალი შარდის ბუშტის სისუფთავის გარანტიაა. არც კრისტალები წარმოიქმნება და არც კენჭები. ნურც ასეთი  კატეგორიულები  ვიქნებით, მოდით ასე დავწერ, კარგი ნიადაგი შეიქმნება იმისთვის, რომ არ წარმოიქმნას. 

შტოშის (Vaccinium oxycoccos) წვენი ასევე თირკმელებს ასუფთავებს. მისი მეშვეობით არის  მჟავიანობა ოდნავ იზრდება, რასაც ზოგიერთი ბაქტერია (მაგ. ნაწლავის ჩხირი) ვერ უძლებს და გარეთ გამოიდევნება. 

მჟავიანობის მომატება ძირითადად მასში შემავალ ლიმონმჟავას, ბენზოის მჟავას, ვაშლმჟავას და მჟაუნმჟავას ხარჯზე ხდება. მარტივ შაქრებთან ერთად შეიცავს პექტინსაც. ვიტამინების საბადოა, თუმცა სხვა ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებისგან იმით განსხვავდება, რომ ბროკოლიზე მეტ ვიტამინ K1-ს შეიცავს. 

თერმულად დამუშავებული პომიდორი კი… კვლევების მიხედვით, მგონი ყველაფრის  პანაცეაა. ალბათ მიხვდით, აქ მთავარი პიგმენტი ლიკოპინია, რომელიც სწორედ თერმულად დამუშავებისას აქტიურდება. 

ლიკოპინის მოლეკულა ფაქტობრივად კაროტინია, რომელშიც ორივე არომატული ბირთვია გახსნილი. კაროტინი ვისაც არ ახსოვს, ვეტყვი, რომ A ვიტამინის წინამორბედია. ყველაზე დიდი რაოდენობით ლიკოპინი პომიდორში შედის. დამწიფების პერიოდში ამ პიგმენტის კონცენტრაცია მატულობს, ქლოროფილი, პირიქით, იშლება  და პომიდორი წითლდება.

 იმასაც ამბობენ, რომ თირკმელებისთვის საზამთრო და ნესვია კარგი.
ამ გახსენებაზე, მოდით ეს ორი ხილი შევადაროთ ერთმანეთს. 

მოდით, ჯერ გავიხსენოთ, რა არის გლიკემიური ინდექსი.  პროდუქტის უნარს, გაზარდოს სისხლში შაქრის რაოდენობა გლიკემიური ინდექსი ეწოდება. ანუ სისხლში მოიმატებს მარტივი ნახშირწყალი გლუკოზა, რომელიც იოლად უტილიზდება და თქვენ კვლავ მალე მოგშივდებათ. 

რომელს აქვს გლიკემიური ინდექსი უფრო მაღალი – საზამთროს თუ ნესვს? 65 ერთეულზე მაღალი მაჩვენებელი  მადას ძალიან მოგვიმატებს. 

საზამთროს გლიკემიური ინდექსია-72, ნესვის-65.

რომელია  უფრო სასარგებლო  ჯანმრთელობისთვის, ნესვი თუ საზამთრო?  ჯანმრთელობა ფართო ცნებაა, ამიტომ უფრო დავაკონკრეტოთ, რომელი მათგანი შეიცავს დიდი რაოდენობით უხეშ ბოჭკოს.

საზამთროში შემავალი უხეში ბოჭკოს მაჩვენებელია – 6,2, ნესვში – 7,9.

რომელი მათგანი შეიცავს მეტ ვიტამინს?

მხოლოდ ერთ,  ყველაზე ნაცნობ ვიტამინზე დავწერ – სად არის მეტი C ვიტამინი? ვიტამინებზე ადრე დავწერე. კონკრეტულად ამ ვიტამინს კი რამდენიმე წერილში ცალკე ნაწყვეტები მივუძღვენი. ამიტომ, აქ მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ  სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობაში მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 
საზამთროში შემავალი C  ვიტამინის  მაჩვენებელია -8,1, ნესვში -36,7.

ესეც ასე, ნესვმა გაიმარჯვა. თუმცა, მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ საზამთრო საერთოდ არ უნდა მივირთვათ, ან პირიქით, ნესვი გავზარდოთ ჩვენს რაციონში გადამეტებული რაოდენობით. 

არამც და არამც! ყველანაირ საკვებში აუცილებელია დოზირება, რადგან პარაცელსის არ იყოს: საკვები წამალიც არის და შხამიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი