შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მუსიკა ომის არომატით: ჯაზის ორმხრივი ცხოვრება და ედიტი

ჯაზი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1917 წ.წ.) გამოჩნდა. ის იქ საფრანგეთის მხარეზე მებრძოლმა აფროამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიტანეს. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჯაზურმა ცხოვრებამ მოიწყინა, ვინაიდან ნაცისტებისგან თავის დასაღწევად მრავალმა მუსიკოსმა თავი ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა. მაგრამ ჯაზი პარიზში მაინც ცოცხლობდა. ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში პარიზელებმა 80 ჯაზური კონცერტის გამართვა მოახერხეს.

ოკუპირებულ საფრანგეთში ჯაზს „ორმხრივი” ცხოვრება ჰქონდა. მისი როლი ნაცისტური ბანაკების სისტემაში ვითარებასთან ერთად იცვლებოდა. ერთი მხრივ, გერმანელები „უცხო მუსიკაში” საფრთხეს ვერ ხედავდნენ, თუმცა კი ჯაზის თავაწყვეტილი ბუნება გერმანულ ფასეულობებს ეწინააღმდეგებოდა. მეორე მხრივ, ის ნაცისტების პროპაგანდისა და რეჟიმის ფაშისტური „კუდების” გასართობი საშუალება იყო. “ესესი”-ს ცალკეული წევრები ნაციზმის მუსიკალური პრინციპების თავგადაკლული გულშემატკივრები სულაც არ ყოფილან; გესტაპოს ზოგიერთი ოფიცერი ჯაზის მუსიკოსებთან ერთად შესანიშნავად ატარებდა დროს. ასეთი შემთხვევების წყალობით საძულველმა ჯაზურმა მუსიკამ ნაცისტურ ბანაკებში გადარჩენა შეძლო. ტყვეების მიერ შესრულებული განდევნილი ჯაზის („დეგენერაციული მუსიკა”) მოსმენა პატიმრებს მორალურად აძლიერებდა, შეშინებულ ადამიანებს ამშვიდებდა. ბუხენვალდის ჯაზური ორკესტრის „რიტმის” საქსოფონისტის მოგონებიდან: „ჩვენ ნაციონალურად ჭრელი აუდიტორიის წინაშე მესამე რაიხის მიერ აკრძალულ „რასულად უსუფთაო” მუსიკას ვუკრავდით. ნებისმიერ სხვა გარემოებაში ჩვენი გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა. ჯაზი თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ გადაიქცა, წინააღმდეგობის მოძრაობის შესანიშნავ საფარად”.

წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები კაბარეებში დოკუმენტებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზნით ფარულ შეხვედრებს აწყობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი „ხოტ კლუბი” იყო, რომელიც 1943 წელს გესტაპომ დაარბია. ზოგი მონაწილე გაზის კამერაში დაიღუპა, ზოგი დეპორტირებულ იქნა. დააპატიმრეს რამდენიმე ბრიტანელი აგენტიც. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა არ ცხრებოდა, ახალგაზრდული ორგანიზაციები კვლავ იქმნებოდა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო „სვინგერების” მსგავსი ორგანიზაცია „ზაზუ”. ასე უწოდებდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც ნაცისტური ოკუპაციის დროს მოქმედი წესების შესრულებაზე უარს ამბობდნენ. 

1942 წელს, როდესაც ფაშისტებმა ებრაელები აიძულეს, ტანსაცმელზე ყვითელი ვარსკვლავი დაეკერებინათ, „ზაზუს” ახალგაზრდობამაც დაიწყო ყვითელი ვარსკვლავის ტარება, რომლის შუაგულში „სვინგი” ან „ზაზუ” ეწერა. ასე იქცა „სვინგი” და „ზაზუ” წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

1943 წელს სენ-ჟერმენში ახალგაზრდების მდუმარე აქცია გესტაპომ დაარბია, მონაწილეები კი დააპატიმრა.
ახლა კი, გადავხედოთ ნაცისტური ოკუპაციის დროს წინააღმდეგობის მოძრაობაში ედიტ პიაფის ორმხრივი ცხოვრებით მონაწილეობის უმნიშვნელოვანეს როლს. 

ედიტი 
 
ედიტ პიაფის ცხოვრების ეპიზოდები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ მისი მოღვაწეობა წინააღმდეგობის მოძრაობაში ნაცისტური ოკუპაციის დროს.

ომი ყველას შეეხო. ყველაზე მეტად – ევროპას. საფრანგეთში ამ ომს ვერავინ დაემალა. და აი, ისიც – ახალგაზრდა წარმატებული ედიტ ჯოვანა გასიონი მსოფლიო ტრაგედიის ნაწილი ხდება. ერთ დღესაც 25 წლის პიაფის მშობლიური საფრანგეთი ნაცისტებმა დაიპყრეს.

იმ ღამით მიუზიკ-ჰოლის სცენაზე ედიტის „სად არიან მეგობრები, ადრიან დილას ომში რომ წავიდნენ?” ჟღერდა. გამთენიისას, კონცერტის დასრულების შემდეგ, ქუჩიდან დიქტორის შემზარავი ხმა გაისმა: „დღეს, დილის 6 საათზე, გერმანიის ჯარმა ბელგიის საზღვარი გადმოკვეთა”. და მხიარულება დასრულდა. დიდი ხნით. კვირები კვირებს მოსდევდა. საჰაერო განგაშის ფონზე პარიზი საცოდავად გამოიყურებოდა. ედიტს სარდაფში ჩასვლა არ უნდოდა, ეშინოდა ცოცხლად დამარხვის. დაუჯერებელი იყო, მაგრამ ხალხი პარიზს ტოვებდა. დაცარიელდა მდიდრული სახლები და თანდათან – მთელი ქალაქი. 

რაოდენ პირქუში ჩანდა პარიზი 1940 წლის 13 ივნისის დილას, როდესაც წუთი-წუთზე ელოდნენ გერმანელების შემოსვლას… მერე იყო ოკუპაცია – აკრძალვები, დაჭერები, შავი ბაზარი, მძევლები, ქუჩებში გაკრული ბრძანებები, სვასტიკიანი პირადობის მოწმობები… 

ნაცისტების მოახლოებისას პარიზი ედიტმაც მიატოვა და ტულუზაში გაემგზავრა. მაგრამ როდესაც ხელმოწერილ იქნა დროებითი ზავი და საფრანგეთი ოკუპირებულად გამოცხადდა, დაბრუნდა, როგორც შედარებით უსაფრთხო გარემოში. რა თქმა უნდა, ეს ის პარიზი აღარ იყო. ედიტს რეგისტრაცია და სიმღერების შესრულებაზე ნაცისტების ნებართვა სჭირდებოდა. ვინაიდან ნაცისტებს მოსწონდათ მისი სიმღერა, გამოსვლის ნება დართეს. მომღერალი თავს უფლებას აძლევდა, შეესრულებინა ისეთი სიმღერები, რომელთა გამო შესაძლოა სერიოზულ უსიამოვნებებში გახვეულიყო. მაგალითად, „სად არიან ჩემი მეგობრები?” ომში წასულ მეგობრებს ეძღვნებოდა. ერთ-ერთ კონცერტზე ამ სიმღერის შესრულებისას ედიტი საფრანგეთის დროშაც კი შემოიხვია. 

ომის დაწყებამდე ედიტ პიაფის შემოქმედებას აყვავების ხანა ედგა. ამ პერიოდში ეს ნიჭიერი ქალბატონი მდიდრულ სახლში ხიზილალასა და ანანასს მიირთმევდა. ომით შეშფოთებული ედიტი შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა სამშობლოს, რისკის ფასად ებრაელებს გადარჩენაში ეხმარებოდა. საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად ედიტი ფრონტის წინა ხაზზე მეომრებს უმღეროდა. ომის პერიოდში მომღერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება უფრო და უფრო უიღბლო ხდებოდა. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობის მოძრაობასთან ურთიერთობას მაინც განაგრძობდა. 

40-იან წლებში დაიდგა ჟან კოკტოს პიესა ედიტის მონაწილეობით. პიესას გასაოცარი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლით გერმანელებიც დაინტერესდნენ და თეატრი გასტროლებით გერმანიაში მიიწვიეს. ედიტს კიდევ ერთი შანსი მიეცა ტყვეების დასახმარებლად. პიაფი იმ პირობით დათანხმდა, თუ სპექტაკლს საკონცენტრაციო ბანაკებში ფრანგი ტყვეებისთვისაც გამართავდა. შეთანხმება შედგა. ძნელი წარმოსადგენია ედიტის იმდროინდელი მდგომარეობა… გატანჯულ, გამოფიტულ ადამიანებს შორის მხიარული განწყობით სიმღერა. ყოველი გამოსვლის შემდეგ პიაფი მაყურებელთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას ითხოვდა და გერმანელები მომღერალს ამ თხოვნასაც უსრულებდნენ. პარიზში დაბრუნებული ედიტი გადაღებულ ფოტოებს თავის მეგობრებს აწვდიდა წინააღმდეგობის მოძრაობიდან. ფოტოზე აღბეჭდილი ყოველი პატიმრისთვის ყალბი დოკუმენტები მზადდებოდა… ედიტი შინ შეძრწუნებული ბრუნდებოდა. მისთვის ძვირფასი იყო ყოველი ტყვე ფრანგი ჯარისკაცი. შემდეგ პიაფი კონცერტებით კვლავ ბრუნდებოდა იმავე ბანაკებში ტყვეებისთვის პასპორტების გადასაცემად, ოფიცრების ყურადღების გაფანტვას კი ქათინაურებით ახერხებდა. 

ამ საბუთებმა ბევრს გაუხსნა გზა თავისუფლებისკენ… მათი წყალობით 120–მა ტყვემ დააღწია თავი საკონცენტრაციო ბანაკს.

გარდა ამისა, ედიტი ხშირად მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად. 
სასიმღერო რეპერტუარის პრობლემატიკა ედიტთან ავტობიოგრაფიულია, როგორც ხელოვნებაში წვდომის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

საუკეთესო ფრანგი შანსონიეებისთვის, როგორც წესი, უმნიშვნელოვანესი იყო სიმღერის პოეტური ტექსტის ხარისხი. „უპირველესად, სიტყვები მაინტერესებს, რათა ყოველ სიმღერაში პერსონაჟი გავაცოცხლო. სიმღერა მოთხრობაა. მსმენელს მისი უნდა სჯეროდეს. მე სიყვარულს განვასახიერებ. ჩემში ყოველი უჯრედი უნდა ფეთქავდეს – ასეთია ჩემი სახე”, – ამბობდა ედიტი.

პიაფი სრულიად თავისებურად მღეროდა… ასე სიმღერა მხოლოდ მას შეეძლო. მომღერალი მაყურებელს უმეტესად უიღბლო სიყვარულსა და მარტოობის დრამაზე მოუთხრობდა. მიუზიკ-ჰოლსა თუ მოდურ კაბარეებში ბუნების სტიქიის მსგავსი ხმით, ვნებითა და ტკივილით მომღერალი შესანიშნავ ტრაგიკულ არტისტად წარმოდგებოდა. ფერმკრთალ, გადაღლილ სახესა და ოდნავ ჩახლეჩილ ხმაში ხან სიგიჟე, ხან მეგობრული ირონია, ხან მარტოობის დაუსრულებელი სევდა გამოსჭვიოდა. 

როცა ედიტს რჩევას აძლევდნენ, ის პასუხობდა: „ჩემი კონსერვატორია ქუჩაა, გონება კი – ინტუიცია”. ქუჩის მომღერლობიდან ესტრადის ვარსკვლავად ქცეული ედიტ პიაფი დღემდე ფრანგული სიმღერის სიმბოლოა.

ბოლო ხანს ედიტს არაადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა სიმღერის დროს სცენაზე გადასაადგილებლად, რათა ტკივილების გამო ხმის ფლობაზე (საშემსრულებლო ოსტატობაზე) კონტროლი არ დაეკარგა.

უდიდესი მომღერლის უკანასკნელი გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა – მადლიერმა მსმენელმა მას ხუთწუთიანი ოვაცია მოუწყო. იმავე წლის 10 ოქტომბერს კი ვარსკვლავის სიცოცხლე შეწყდა. მომღერლის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას გამოსათხოვარ სიტყვაში ითქვა: „ფრანგული სიმღერის მთელი მიმდინარეობა წავიდა ედიტ პიაფის სიკვდილთან ერთად”.

დღეს ფრანგები ამაყობენ თავიანთი „დიდი ედიტით”, რომელიც საფრანგეთის ნაციონალურ საგანძურადაა მიჩნეული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი