პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სპორტი, შეზღუდული შესაძლებლობები და მისი მომავალი საქართველოში

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა”.

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში” კოალიციური პროექტი, რომლის პარტნიორებიც ასევე არიან ბავშვთა და  ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და ცალკეული სამთავრობო უწყებები.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის გაზრდას არაფორმალური განათლების მეშვეობით. პროექტის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად საქართველოში განვითარდება დასაქმების სერვისები, რაც გაზრდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ხარისხს.

პრეზენტაციას ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში” საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორი ლორიან გონი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტში ჩართული ორგანიზაციებისა და სტრუქტურების ხელმძღვანელთა მისალმების შემდეგ გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. გამოიკვეთა მიზნები, თანამშრომლობისა და დასახული ამოცანების შესრულების გეგმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

როგორც ინკლუზიური სპორტის სპეციალურ პროგრამაში ვკითხულობთ, სკოლებში სპორტის როგორც საგნის შემოღება არ გულისხმობს სპორტულ საქმიანობაში მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების ჩართვას. უნდა შეიქმნას პირობები, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს სპორტულ ვარჯიშებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობა. სპორტისა და ფიზიკური განათლების ხალისიანი და შედეგიანი გაკვეთილები უნდა დაეხმაროს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს, საზოგადოდ, ინკლუზიურ განათლებას, დაარწმუნოს მოსწავლეები საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარების შესაძლებლობასა და აუცილებლობაში, ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას.

სპორტი და ფიზიკური განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფსიქოფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის როგორც ფასეულობის განმტკიცებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ესენია: სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, ინდივიდუალური და გუნდური თვითგამოხატვა, ურთიერთდახმარება, შინაგანი დისციპლინა, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა, პასუხისმგებლობის განაწილება და ლიდერობა, არაძალადობრივი ურთიერთქმედება, კოლეგიალობა, ურთიერთგაგება. 

ჯანსაღ გუნდთან (თანატოლთა წრესთან) იდენტობის განცდა მნიშვნელოვანია სოციალური მარგინალიზაციის პრევენციისთვის. სპორტული თამაშები გულისხმობს არა დისკრიმინაციულ მიდგომას, ანუ სოციალურად დაუცველი (მათ შორის – დევნილი, ობოლი და მზრუნველობამოკლებული) ბავშვების ინტეგრირებას საზოგადოებაში სოციალურად დაცულ თანატოლებთან ერთობლივი გუნდური მუშაობის და ამ გზით მათ შორის გაუცხოების გადალახვის საშუალებით.

სპორტული თამაშები გულისხმობს გენდერული თანასწორობის განმტკიცებას სხვადასხვა სპორტულ თამაშში გოგონებისა და ბიჭების თანასწორუფლებიანი მონაწილეობის გზით. სკოლას მოეთხოვება სპორტის გაკვეთილებსა და სასკოლო შეჯიბრებებში შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე მოსწავლეების ჩართვა (ფიზიკური პრობლემების მქონე მოსწავლეები, საინვალიდო ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეები, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები და სხვ.) მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი