შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დიახ, სირცხვილია

სირცხვილის გრძნობა ყველას აქვს. ვის რისი რცხვენია და ვის რისი… შედარებითია მისი შეგრძნება.

თუ მე ლექციაზე მოუმზადებელი მივალ, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტებთან არასამართლიანი ვიქნები, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტი არ ისწავლის, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტი არც ისწავლის, მაგრამ სტიპენდიის ამბიცია ექნება, დიახ, სირცხვილია…
თუ სახლიდან მოუწესრიგებელი გამოვალ, დიახ, სირცხვილია…
ათასი რამეა სირცხვილი, მე ასე ვფიქრობ, სხვა სხვანაირად…
გულგრილობა სირცხვილია…
ექიმის პაციენტისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
მასწავლებლის მოსწავლეებისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
ზოგადად საქმისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
და ხალხისადმი გულგრილობა? ოჰ, რა სირცხვილია…
ვალუტის კურსით თამაში? დიახ, სირცხვილია…
და თუ ეს მიზანმიმართულად ხდება? ოჰ, რა სირცხვილია…
როცა საქმის არა გაგეგება რა, მაგრამ, მაინც თანამდებობას რომ თანხმდები…უფრო სირცხვილია…
ხალხს რომ გზა არ აქვს, დიახ, სირცხვილია…
და ხალხს რომ თაკარა სიცხეში უწყლოდ ამყოფებ? ოჰ, რა სირცხვილია…

გაყალბება სირცხვილია…

და შენს გაყალბებულ პროდუქტს თუ ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირება? ძალიან სირცხვილია!!!

ერევანში კოლეგა მყავს, მართალია ინჟინერია, მაგრამ კოლეგები ერთი საერთო პროექტის მიხედვით გამოვდივართ. ამას წინათ სურათი გამომიგზავნა, ქეთიჯან, ცავატანე, აბა აქ რას ხედავო? დავაკვირდი და მინდორში რაღაც ორჩოფეხებზე შემდგარი აპარატი იდგა და ზედ უამრავი ფუტკარი ჰყავდა დასეული. მივწერე, აპარატს ვხედავ, რასაც სავარაუდოდ თაფლი წაუსვით, რომ ფუტკრები დაგეხვიათ ზედ-მეთქი. ბევრი იცინა, არაო, ამ მოწყობილობის ფასი ოთხასი ათასი ევროა, მაგას თაფლს როგორ წავუსვამდითო. ესენი კიდევ ველური ფუტკრები არიან. როგორც ჩანს, სკას ახალი ოჯახი გამოეყო და გზად ახალი სახლისკენ, ამაზე გადაწყვიტეს დასვენება. პროფესიონალი მეფუტკრეების მოშველიება დაგვჭირდაო.

თაფლი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტკბილეული გახლავთ. ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, საიდან ამზადებდნენ ეს ბზუილა მწერები თაფლს. მერეღა აღმოაჩინეს, რომ თურმე ყვავილის ნექტრისგან. ნექტარი რამდენიმე ტიპის შაქარს შეიცავს, ასევე მჟავებს, სპირტებს, ფერმენტებს. ფუტკრები თაფლად გადაამუშავებენ და მისი შემადგენლობაც იცვლება. ძირითადად ემატება ვიტამინები და მიკროელემენტები. თუმცა მთავარი შემადგენელი ნაწილი მაინც მასში შემავალი ნახშირწყლებია (აბა რა იქნება, რაკი შაქრებს შეიცავს). ეს შაქრები გლუკოზა და ფრუქტოზაა. ძველად ზოგ ქვეყანაში ძმობას ერთმანეთს თაფლით ეფიცებოდნენ. აი, შეჭამდით ერთად თაფლს და მორჩა, უკვე ძმები იყავით. დაახლოებით ჩვენთან, რომ ფიც-ვერცხლს ჭამდნენ.

მაგრამ… იმ დროსაც იყვნენ უსირცხვილოები. თქვენ გგონიათ არ იყვნენ?

თაფლის ფალსიფიკატორებზე მოგახსენებთ. ძირითადად სახამებელს, ცარცს და სახამებლის შემცვლელს უმატებდნენ. ასეთი უსირცხვილოები დღესაც არიან, აბა რა. სამაგიეროდ, ქიმიკოსებმა შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ გამოავლინოთ ისინი. მაშ ასე:

ავიღოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და გავხსნათ მცირეოდენ გამოხდილ წყალში. შემდეგ მიღებული ხსნარი სამ სინჯარაში გავანაწილოთ. პირველ სინჯარაში იოდის ხსნარი ჩავასხათ, თუ ხსნარი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ თაფლში სახამებელია ჩამატებული და არ ვარგა. თუ ფერი არ შეიცვალა, მაშინ ნატურალური ყოფილა.

ახლა ვნახოთ, უსირცხვილომ თაფლს ცარცი ხომ არ ჩაამატა. ამიტომ მეორე სინჯარაში ჩავამატოთ რამდენიმე წვეთი ჩვეულებრივი სამზარეულოს ძმარი. შეგახსენებთ, რომ ეს 5%-იანი ძმარმჟავაა, ცარცი კიდევ კალციუმის კარბონატია. ამიტომ, თუ ის თაფლშია ჩამატებული, მაშინ რეაქცია სწორედ ძმარმჟავასა და კარბონატს შორის მოხდება და შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ანუ, ბუშტუკები უნდა წარმოიქმნას. თუ გაზი არ გამოიყო, თაფლი ნატურალურია.

მესამე სინჯარას სახამებლის შემცვლელზე ვამოწმებთ და ვუმატებთ ჩვეულებრივ სამედიცინო სპირტს. ფალსიფიცირების შემთხვევაში სითხე რძესავით უნდა გათეთრდეს.

ზოგიერთი კი თაფლს შაქრის სიროფს უმატებს. სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში შაქრის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მასზე პირველად ალექსანდრე მაკედონელმა შეიტყო. ინდოეთის დალაშქვრისას მთავარსარდალსა და მის ჯარისკაცებზე შთაბეჭდილება მყარმა ტკბილმა ნივთიერებამ მოახდინა. შემდეგ უკვე შინ დაბრუნებულები ათას ტყუილ-მართალს ერთად ყვებოდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე შაქარს შაქრის ლერწმისგან აწარმოებდნენ. ზოგი მას წამლად მიიჩნევდა, ზოგიც პირის ჩასატკბარუნებელ პროდუქტად. მცირე დოზებით აფთიაქშიც კი ყიდდნენ. თუმცა 1749 წელს მოხდა შაქრის რევოლუცია. იმ წელს გერმანელმა ანდრეა მარგრაფმა ქიმიკოსებიდან პირველმა კვლევისთვის მიკროსკოპი გამოიყენა. ჰოდა იჯდა საათობით და ათას რამეს აკვირდებოდა. ერთ დღესაც მიკროსკოპის ქვეშ თეთრი ჭარხლის თხელი ნაჭერი ამოდო და იქ შაქრის პაწაწინა კრისტალები დაინახა. შეგახსენებთ, რომ ყველა ნივთიერებას მისთვის დამახასიათებელი კრისტალური მესრის ტიპი და ფორმა აქვს. ამის შემდეგ შაქრის წარმოება შაქრის ჭარხლისგან დაიწყეს. ჭარხალს აქუცმაცებენ, ადუღებენ წყალში, რათა საქაროზა გამოყონ. ამას სპეციალურ აპარატებში აწარმოებენ და მიღებულ ხსნარს კალციუმის ჰიდროქსიდით ამუშავებენ. შემდეგ მის ზედმეტ რაოდენობას მოაშორებენ და აორთქლებით ფხვნილს მიიღებენ. მრავალჯერადი წმენდის შემდეგ კი ვიღებთ რაფინირებულ შაქარს.

ამას წინათ მიწისქვეშა გასასვლელთან ერთი ბოთლი რძე ვიყიდე. ჭარმაგი ქალბატონი იჯდა, მწვანილს და რძეს ყიდდა. იფიცებოდა ნაღდიაო. ასეთი გულიბრყვილოც არ ვარ, რომ მჯეროდეს ქუჩაში ნამდვილ რძეს ყიდიან, თუმცა ასეთ ფალსიფიცირებას არ ველოდი. რძიანი ბოთლით პირდაპირ ლაბორატორიაში წავედი, სადაც სტუდენტები მეცადინეობაზე მელოდებოდნენ. ვითომ სახლის რძეც სწორედ ამისთვის მჭირდებოდა, მისგან ცილები უნდა გამოგვეყო, მაგრამ რა ცილა… ის, რაც ბოთლში ესხა, წყალგარეული იყო.

ყველაზე იოლად სპირტით შეგვიძლია დადგენა რძე წყლითაა განზავებული, თუ არა. სპირტი და რძე ერთმანეთს შეურიეთ პროპორციით 1:2. კარგად შეანჯღრიეთ და გაშლილ ჭურჭელში გადმოასხით. თუ რძე ნამდვილია, მაშინ ფიფქისმაგვარი მასა გამოილექება, ეს ცილა კაზეინია, რომლის დენატურაციაც სპირტით მოხდა. თუ არაფერი გამოილექა, რძე წყალგარეულია და …ფიფქები შესაძლოა გამოილექოს კიდეც, ოღონდ მცირე რაოდენობით და დიდი ხნის შემდეგ.

წყლით განზავების გარდა, რძეს შესაძლოა სახამებელი, ცარცი, სოდა ჰქონდეს დამატებული. თუ რძეს ლიმონმჟავას (ლიმონს) ან ძმარმჟავას (ძმარს) დავამატებთ და გაზის ბუშტუკები წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რაღაც აქვს დამატებული და ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

რძის 3-5მლ-ს დავამატოთ 7-8 წვეთი ბრომთიმოლის ლურჯის ხსნარი, არ შევანჯღრიოთ და 10 წუთი დაველოდოთ. თუ ზედაპირზე წარმოქმნილი რგოლი ყვითელი დარჩა, მაშინ რძეს სოდა არ აქვს დამატებული, მწვანე ან მომწვანე მოლურჯო ფერი რძეში სოდის არსებობაზე მიუთითებს.

თუ რძეში ჩაშვებული ლაკმუსის ქაღალდი გაწითლდება, მაშინ მასში რაიმე მჟავა ჩაუმატებიათ, მაგ. ბორის ან სალიცილის.

ამ წერილს გვიან ღამით ვწერ. მაინც ვერ ვიძინებ და ბარემ დავწერო… კუს ტბაზე თურმე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება და იმხელაზე აქვთ ხმა აწეული, მგონი ნახევარ თბილისს ესმის. ამას „მუსიკა” ისე ქვია, თორემ ეს არის გაურკვეველი ბრახუნის, შიშინის, სტვენის და ა.შ. ნარევი. ამას უბნის მაწანწალა ძაღლების ყმუილსაც თუ დავამატებთ… ძაღლებს არ გაემტყუნებათ, შეუძლებელია ამ ხმებზე არ იყმუვლო.. ეს ჩემი აზრია, თორემ რადგან ფესტივალს ატარებენ, მას მიმდევრებიც ეყოლება. აქ მთავარი სხვა რამეა. თურმე იმაზე, რომ ნახევარმა ქალაქმა ღამე ათიოს, ვერ დაიძინოს და ამ გაურკვეველ ხმაურს უსმინოს, ფესტივალის ორგანიზატორებს მერიის ნებართვა ჰქონიათ. სწორედ ასეთ პასუხს იძლევა პასუხობს სამაშველო სამსახური, რომელიც იქვე აღიარებს, რომ ორი ღამის უძილობით შეწუხებული მოქალაქეების ზარი არ წყდება. კი ბატონო, ყველანაირ ფესტივალს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ხომ შეიძლება, ვინც ნებართვის გაცემაზე ხელს აწერს, ხმაურის (დიახ, ხმაურის და არა მუსიკის) სიმაღლის ზღვრები დააწესოს. თუ თავად არ იცის, ექიმებს ჰკითხოს და ეტყვიან, რომ ხმაური ჯანმრთელობის მტერია, ხმაურით გამოწვეული უძილობა კი ნერვულ სისტემას ანადგურებს. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რამდენი ავადმყოფი, მოხუცი ადამიანი იტანჯება ეს ორი ღამეა ამ ხმაურით, რამდენი ჩვილი გააღვიძეს. თუმცა ვის ანაღვლებს, ფესტივალი გრძელდება…

სირცხვილი შედარებითი გრძნობაა… მე ერთის მრცხვენია, სხვას სხვა რამის. ის კი ვიცი, რომ ზოგიერთი უსირცხვილო ადამიანი გულგრილია საქმისადმი, ხალხისადმი, ქვეყნისადმი. თუმცა ეს ეტყობა გენეტიკურად მოგვდგამს. გახსოვთ, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა:
აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები…
(და შემდეგ დასძენს, ამდენი უსირცხვილოს ხელში )
მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი