სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

მუსიკა ომის არომატით: ხელთათმანებიანი ვაგნერი

უახლეს ისტორიაში ებრაელთა დევნის დასაწყისად 1930-იან წლებს განიხილავენ, როდესაც გერმანიისა და ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში ანტისემიტური პოლიტიკის გამტარებელი მემარჯვენე რადიკალები მოვიდნენ (სინამდვილეში, ისტორიული ქრონოლოგიით, ებრაელები ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 1200 წლიდან იდევნებოდნენ). მიმდინარე მოვლენებმა ასეულობით ათასი ებრაელის დევნა განაპირობა. მეორე მსოფლიო ომამდე 400 ათასამდე ებრაელმა დატოვა გერმანიის, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია.

როდესაც გერმანიაში ებრაელ და ანტინაცისტ ავტორთა წიგნების საჯარო დაწვა დაიწყო, ათასობით ებრაელმა თავშესაფარი საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში პოვა. ქვეყნები, რომლებიც 1939 წლამდე მესამე რაიხის მიერ დევნილ ებრაელობას იფარებდნენ, მალე თავად აღმოჩნდნენ ოკუპირებულნი და დევნილებს, ფაქტობრივად, გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. აქვე უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არცთუ ცოტა დევნილი მიიღო და გადაარჩინა.

ცნობილია, რომ ანტისემიტიზმი კომპოზიტორ რიჰარდ ვაგნერის მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი ანტისემიტური გამოსვლები და პუბლიკაციები („ებრაელობა მუსიკაში”) იმ დროის ლაიფციგის კონსერვატორიის პროფესორების აღშფოთებას იწვევდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გენიალური მუსიკოსი ებრაელ დირიჟორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდა თავისი ოპერის, „პარსიფალის”, დირიჟორობის უფლებას, თუ ის მოინათლებოდა. დირიჟორი ჰერმან ლევი ბავარიის სამეფო კაპელის კაპელმაისტერი იყო, ორკესტრს სხვა დირიჟორთან ერთად გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, კონტრაქტის დარღვევა ბავარიის მეფესაც კი არ შეეძლო, მაგრამ, კომპოზიტორის კატეგორიული მოთხოვნით, მეფემ ვაგნერთან ერთად ახალი სამპუნქტიანი ხელშეკრულება გააფორმა (კონტრაქტი დაცულია მიუნხენის გერმანული ხელოვნების მუზეუმში). დანარჩენი ორი მოთხოვნის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ…

უნდა ითქვას, რომ ოპერა „პარსიფალი” მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ვაგნერის შემოქმედებაში. კომპოზიტორი ნაწარმოებს არა ოპერას, არამედ სადღესასწაულო სცენურ მისტერიას უწოდებდა, რელიგიურ ცერემონიად მიაჩნდა და არა ტრადიციულ გასართობ სანახაობად. ოპერის პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში კომპოზიტორი წერდა: „ჩემს ოპერაში წარმოვადგენ ებრაული სისხლისგან განწმენდილი ქრისტეს იდეას”. მისივე სიტყვებით, „პარსიფალი” „ხსნაა მხსნელისგან”, „ვინაიდან ქრისტეს ძარღვებში ებრაული სისხლი მიედინებოდა”. მეუღლისადმი მიწერილ წერილში კი, აი, რას ვაწყდებით: „გამანადგურებელი ბგერები, რომლებიც ლიტავრებისთვის სოლ მინორში შევთხზე, ებრაელთა სრულ დაღუპვას განასახიერებს. ამაზე დიდებული არაფერი დამიწერია”. ნიცშე კი „პარსიფალს” შავ მესას უწოდებდა. მოგვიანებით ერთმა ავსტრიელმა ოფიცერმა, ვაგნერის ოპერების შესანიშნავმა მცოდნემ, „პარსიფალში” XX საუკუნის ანტიქრისტე – ადოლფ ჰიტლერი ამოიცნო.

ისტორია ცხადყოფს, რამდენად სახიფათოა რასისტული და ქსენოფობიური იდეების თამამად ფრქვევა, განსაკუთრებით – სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლებისგან, რადგან არ ვიცით, როგორ მოგვიბრუნდება ჩვენივე სიტყვები. და აი, XIX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის სიტყვებს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრაგედიით მილიონობით ცხედარი „გამოეხმაურა”. 

შემაშფოთებელია ვაგნერის წიგნის ერთ-ერთი თავი – „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა” (იდეისა და ტერმინის ავტორი თავად ვაგნერია). კომპოზიტორი ბავარიის პარლამენტს ებრაელების განადგურების საკუთარ გეგმას სთავაზობდა. მთელი ისტორიის განმავლობაში, არათუ მუსიკოსი, არავინ, ფილოსოფოსების ჩათვლით, ასეთი გეგმით არ გამოსულა. ვაგნერის მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ნიცშეც კი, რომელსაც ებრაელთა მიმართ სიმპათიას ვერაფრით დააბრალებდი, კომპოზიტორს სწერდა: „თქვენ ხართ ავადმყოფობა და არა ადამიანი”. ფილოსოფოსის აზრით, ვაგნერი ციხეში უნდა მომკვდარიყო და არა საწოლში.

 
ვაგნერი ზრუნავდა, რომ მისი იდეები ნათლად გაეგოთ თაობებს. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, საკუთარ იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში, კომპოზიტორმა ხაზგასმით აღნიშნა: „ჩემი სადირიჟორო ჯოხი კიდევ ბევრჯერ დაანახებს მომავალ თაობებს, რა გზით უნდა იარონ”. ვაგნერს არა მხოლოდ საკუთარი იდეების ხორცშესხმა სურდა, არამედ: „სიკვდილის შემდეგ ზევიდან მივადევნებ თვალს, რომ მითითებული გზიდან არავინ გადაუხვიოსო”. გამაოგნებელი აღმოჩნდა გზა, რომლისკენაც ვაგნერმა თაობებს მიუთითა. მოგვიანებით სწორედ ეს იდეები აიტაცეს ნაცისტებმა. ვაგნერის მისტიციზმმა და იდეოლოგიურმა ანტისემიტიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის დასაწყისის გერმანულ ნაციონალიზმზე. ჰიტლერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ვაგნერი მისი სულიერი მოძღვარი იყო. უფრო მეტიც – გერმანულმა ნაციზმმა, ფაქტობრივად, ვაგნერის შემოქმედების საფუძველზე „ააგო” ფაშიზმი.

ჰიტლერის წარმოუდგენელი თავდაჯერება მაგიურად რომ ზემოქმედებდა და თრგუნავდა საზოგადოებას, სწორედ ვაგნერის „რეალობის გადაჭარბების”, „შეუძლებლის შეძლების” მოთხოვნიდან მომდინარეობდა. სწორედ ვაგნერით დაიწყო ხელოვნებაში მასების მოჯადოების ეპოქა, ხელოვნების რეალობაზე მეფობა. ვაგნერის გარეშე  მესამე რაიხის ესთეტიკა წარმოუდგენელია. კომპოზიტორის ექსპანსიურობით მოწამლულმა ადოლფ ჰიტლერმა ხელისუფლების სათავისკენ ტრიუმფალური სვლა ვაგნერის გმირივით დაიწყო; თავისი არტისტულობითა და შეუპოვრობით საკუთარი მსმენელი მან უზარმაზარ მასად აქცია.

ვაგნერი გერმანულ მუსიკალურ ტრადიციებს აღმერთებდა და თუ არსებობს გამოთქმა: „იტალიელისთვის მუსიკა სიყვარულია, ფრანგისთვის – საზოგადოების სამსახური, ხოლო გერმანელისთვის – მეცნიერება”, – ვაგნერის პერიფრაზით ის ასე ჟღერდა: „იტალიელი მომღერალია, ფრანგი – ვირტუოზი, გერმანელი კი მუსიკოსი. მხოლოდ გერმანელს აქვს სრული უფლება, იწოდებოდეს მუსიკოსად, რამეთუ მხოლოდ მასზე ითქმის: „მუსიკა მას უყვარს არა იმისთვის, რომ მისით მოიხიბლონ, მოიპოვოს ავტორიტეტი ან ფული, არამედ იმიტომ, რომ მუსიკა ღვთაებრივია”.

გერმანელების ისტორიული როლის შეცნობასა და გერმანული ნაციის ფორმირებაში დარწმუნებულმა რიჰარდ ვაგნერმა ძალზე რთული და მონუმენტური დრამატურგიის მქონე ეპიკური ტილო „ნიბელუნგების ბეჭედი” შექმნა. ტეტრალოგია იღბლიანი აღმოჩნდა – პრემიერიდან მოყოლებული დღემდე, თეატრების აფიშებიდან არ ჩამოსულა.

გერმანიის მსოფლიო ბატონობის იდეით შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერი სახელმწიფოს 1933 წელს ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ წელს აღინიშნა რიჰარდ ვაგნერის გარდაცვალებიდან 50–ე წლისთავი ფესტივალით „ვაგნერი და ახალი გერმანია”. ამ იუბილესთან დაკავშირებით ჰიტლერს ვაგნერის რამდენიმე ოპერის პარტიტურა მიართვეს. ამბობენ, რომ ფიურერმა ისინი ბუნკერში თან წაიღო. სახელმწიფოს სათავეში ნაცისტების მოსვლით განსაკუთრებული კავშირი დამყარდა XIX საუკუნის კომპოზიტორსა და XX საუკუნის დიქტატორს შორის. ჰიტლერი ვაგნერის მსოფლმხედველობასთან მისტიკურ კავშირს გრძნობდა. ის ჯერ კიდევ 1924 წელს ამტკიცებდა, რომ გერმანიის მომავლის მისეული ხედვა ვაგნერის შემოქმედებაში იყო ასახული. გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ კი ვაგნერით გატაცება თავისებურ ნაციონალურ კულტად აქცია.

ჰიტლერის წყალობით ვაგნერი სამყაროს ნამდვილ ცენტრად გადაიქცა, თუმცა აღიარება არც მანამდე აკლდა. მისი მუსიკა ჟღერდა ყველგან, საკონცენტრაციო ბანაკების ჩათვლით, სადაც სასიკვდილოდ განწირულები გაზის კამერაში „ზიგფრიდის” უვერტიურის თანხლებით შედიოდნენ. არც ერთ სხვა მუსიკოსს არ ჰქონია ნაცისტებთან ესოდენ მჭიდრო კავშირი, როგორიც ვაგნერს და მესამე რაიხთან ასოცირება ლაქად ისე არავის დამჩნევია, როგორც ვაგნერის შემოქმედებას. დიახ, ჰიტლერის მიერ მისი მუსიკის სიყვარული ჩრდილად ადგას კომპოზიტორის შემოქმედებას. მის ნაწარმოებებს ისრაელში იშვიათად თუ შეასრულებენ.

საინტერესოა, რომ რიჰარდ ვაგნერის შვილთაშვილი, მუსიკათმცოდნე გოტფრიდ ვაგნერი, იერუსალიმის არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს, ისტორიკოსსა და ნაცისტურ დამნაშავეთა მკვლევარს თხოვნით მიმართავს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ისრაელში ვაგნერის მუსიკა არ ჟღერდეს. შვილთაშვილი კარგად აცნობიერებს დიდი ბაბუის ზღვარგადასულ ანტისემიტობას. გოტფრიდი მიიჩნევს, რომ კომპოზიტორის აქტიურმა ანტისემიტურმა პოზიციამ და სხვა ფაქტორებმა ჰიტლერი „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის” აუცილებლობაში დაარწმუნა. 

კომპოზიტორის დასაცავად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ხელოვნების სამყაროში ვაგნერი ერთადერთი ანტისემიტი არ ყოფილა, რომ სხვადასხვა გამონათქვამის საფუძველზე ქსენოფობიური მიდრეკილებები არაერთი გამოჩენილი მოღვაწისთვის „დაუბრალებიათ”. და ერთიც – რიჰარდ ვაგნერის მუსიკა მსოფლიო კულტურის მწვერვალია, მაგრამ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი