ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ტერორიზმი – მუდმივი საფრთხე ცვალებადი მიზნებით

ძალზე რთულია უამრავი პრობლემით დამძიმებულ დღევანდელ სამყაროში გადაჭრით გამოყო რომელიმე როგორც უმთავრესი, თუმცა ფაქტია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლა ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიიჩნევა. მას შემდეგ ტერორიზმის საფრთხე სულ უფრო მატულობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების (უპირველესად, ისლამური ხალიფატის შექმნა) შემდეგ კრიტიკულ ნიშნულს გადააბიჯა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტერორიზმის მსახვრალი ხელი დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას სწვდება და ბოლომდე დაცულად თავს ვერცერთ ქვეყანაში ვერ გრძნობენ. მიუხედავად მანამდე განხორციელებული უამრავი შემზარავი ტერორისტული აქტისა, 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და პენტაგონზე თავდასხმების შემდეგ ტერორიზმმა სრულიად ახალი სახე შეიძინა. გაქარწყლდა იმედი თუ რწმენა იმისა, რომ ტერორისტებისთვისაც კი არსებობდა ზღვარი, რომელსაც ისინი არ გადააბიჯებდნენ. ყველასთვის თვალნათელი გახდა, რომ ტერორისტები ამიერიდან არ მოერიდებოდნენ არც ათასობით ადამიანის მსხვერპლს და არც უპირველესი მნიშვნელობის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავხედურად თავდასხმებს. სტატიაში თვალს გავადევნებთ ტერორიზმის ისტორიის რამდენიმე სასტიკ, თუმცა ამავდროულად ძალზე საინტერესო გარდამტეხ მომენტს. ფაქტია, რომ ეს პირქუში ფენომენი დროის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, ზრდიდა მოქმედების არეალს და მასშტაბებს, იცვლებოდა მეთოდები და მიზნები. ტერორიზმი და ტერორისტები წარმოადგენენ სამხედრო ექსპერტების, ისტორიკოსების, ფსიქოლოგების კვლევის საგანს.

სიტყვა „ტერორიზმი” ევროპულ ენებში საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქიდან დამკვიდრდა. კერძოდ, მაქსიმილიან რობესპიერის მმართველობის ფორმიდან (1793-1794 წწ). რევოლუციის შემდეგ (1798 წელს) გამოცემულ დიდ ფრანგულ ლექსიკონში იგი განიმარტებოდა როგორც პოლიტიკური მმართველობის ერთ-ერთი ფორმა, როცა ქვეყნის მმართველობა ხელისუფლების შესანარჩუნებლად ძალადობრივი მეთოდებით უპირისპირდება პოლიტიკურ ოპონენტებს. მაგალითად მოყვანილი იყო რობესპიერის ხანმოკლე, მაგრამ უზარმაზარი მნიშვნელობის სისხლიანი მმართველობა, რომლის დროსაც იგი სასტიკად უსწორდებოდა რევოლუციის მტრებს. ენციკლოპედისტები ერთგვარად დასაშვებად მიიჩნევდნენ ძალადობას დრომოჭმული მონარქიული სახელმწიფოდან ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოზე გადასვლის გზაზე. რობესპიერის მმართველობის ფორმამ რევოლუციის მტრებიც (როიალისტები) აიძულა თავადაც ტერორისტული მეთოდებისათვის მიემართათ (მკვლელობები და სხვ.). რევოლუციიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ საფრანგეთი ისევ იქცა მსგავსი ტიპის მმართველობის ავანსცენად. 1871 წლის გაზაფხულზე, პარიზის კომუნის ხანმოკლე მმართველობის დროს გაჩნდა ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი – მძევლების აყვანა.

ტერორიზმი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რასაკვირველია, საფრანგეთის რევოლუციაზე ბევრად ადრე წარმოიშვა. მიიჩნევა, რომ ტერორიზმს ბიძგი მისცა 1648 წლის ვესტფალიის ზავმა, რომელმაც ახალი წესრიგი და სახელმწიფოები წარმოშვა. პარალელურად გაჩნდნენ ძალები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ახალ ევროპულ რეალობას. თუმცა ტერორისტულ საქმიანობას იმ ეპოქაში არ მისცემია ფართო გასაქანი, რაც ყველაზე მეტად კომუნიკაციის სუსტი საშუალებებით იყო გამოწვეული. ამასთანავე ახალი სახელმწიფოები საკმაოდ კომპეტენტურები გამოდგნენ საიმისოდ, რომ ჩაეხშოთ ტერორიზმის ჯერ კიდევ გაუბედავი აქტივობები.

დღეისათვის არ არსებობს ტერორიზმის ზუსტად განსაზღვრული დეფინიცია. ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ იგი ჩვენ თვალწინაც გამუდმებით იცვლის მეთოდებს, მიზნებს, ამოცანებს, ბრძოლის ტაქტიკას და ა.შ. ზოგადად თანამედროვე ტერორიზმი გულისხმობს წინასწარგანზრახული აგრესიის აქტის განხორციელებას, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, მთავრობებზე ზეგავლენა და მათი იძულება კომპრომისზე (ზოგ შემთხვევაში მათი დამხობა), ამავდროულად, საზოგადოებაში შიშის ატმოსფეროს დანერგვა. უდავოა, რომ დღეს ტერორისტებს გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე მათ ისტორიულ წინამორბედებს. ამის ძირითადი მიზეზი საომარი ტექნოლოგიების განვითარებაა, რომელმაც განუზომლად გაზარდა ტერორიზმის პოტენციური საფრთხე.

XVIII-XIX საუკუნეებში ტერორიზმი უმეტესწილად ერთი ადამიანის ლიკვიდაციისაკენ მიმართული პოლიტიკური აქტი იყო. ალბათ ამის გამოც იყო, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები არ ერიდებოდნენ სხვა ქვეყნებიდან გამოქცეული ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემას. მაგალითისათვის ვიქტორიანული ინგლისი გამოდგება. დღეისათვის ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ასეთი მოქმედება გასაგები მიზეზების გამო ყოვლად წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელი ჯიჰადისტი უამრავი თანამებრძოლის თუ თანამოაზრის თვალში წამებულის შარავანდედით შემოსილი წმინდა ადამიანია, ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია გააკეთა დასკვნა, რომ ყველა ტერორისტი ცივსისხლიანი მკვლელია და ტერორიზმი კი – თავისი ყველა გამოვლინებით ყოველგვარი სიწმინდისგან ბოლომდე დაცლილი კაცობრიობის საშინელი ფენომენი.

ტერორიზმი თავისი ძირითადი ფორმით მაშინ გაჩნდა, როდესაც ადამიანების მოდგმას სურვილი გაუჩნდათ, უხეში ძალის გამოყენებით მოეხდინათ გავლენა პოლიტიკურ მოვლენებზე. ზეალოტები ჩვ.წ.აღ-ის პირველ საუკუნეში იუდეაში იატაკქვეშ მოქმედი ებრაული დაჯგუფება იყო, რომელიც მოწინააღმდეგეებს მკვლელობების გზით იშორებდა თავიდან. მათ მოწინააღმდეგეებს კი რომაელების საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობაში მყოფი ებრაელი კოლაბორაციონისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც პატრიოტებს რომაული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში უშლიდნენ ხელს. ზეალოტების მოტივი იუდაიზმის კანონების უკომპრომისო რწმენა იყო, რაც გამორიცხავდა რომაული კანონებით ცხოვრებას. საბოლოოდ ზეალოტები განადგურებულ იქნენ, ხოლო გადარჩენილმა წევრებმა თვითმკვლელობით დაამთავრეს ცხოვრება.

ათასი წლის შემდეგ მსგავსი საქმიანობით მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი ასასინებმა. ისინი შიიტურ ისლამს გამოყოფილი ჯგუფები იყვნენ, რომლებმაც სამოქმედო ტაქტიკად თავიანთი მტრების ლიდერების მკვლელობები აირჩიეს. მათი არგუმენტაცია საკმაოდ ლოგიკური იყო. ასასინების მოსაზრებით, ლიდერების მკვლელობას შეეძლო თავიდან აეცილებინა გაჭიანურებული სისხლისმღვრელი ომები. საინტერესო იყო მათი მოქმედების ტაქტიკა, ხშირად ასასინი მკვლელი შეგნებულად რჩებოდა მკვლელობის ადგილას, რითაც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა. ასასინების ხელწერა იყო აგრეთვე შანტაჟი – მუქარის შემცველი წერილები გარკვეული მოთხოვნებით, რომელიც ხშირად ამართლებდა, რადგანაც ასასინებს თავიანთი მუქარის ასრულება შეეძლოთ. ასასინები ირანსა და სირიაში მოქმედებდნენ. ისინი არა მარტო კლავდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, არამედ საოცარი მოხერხებულობით აკეთებდნენ ამას. ძლიერების ზენიტში ყოფნისას მათთვის პრაქტიკულად არ არსებობდა „შეუსრულებელი მისია”, ანუ ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელთა თავიდან მოშორებაც მათ არ შეეძლოთ. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასასინებისგან მომდინარეობს ინგლისური სიტყვა assassins, რაც მკვლელობას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ზეალოტები და ასასინები შიშის ზარს სცემდნენ პოტენციურ მსხვერპლებს, ისინი არ იყვნენ თანამედროვე გაგებით ტერორისტები. მათი ტერორი კონკრეტული ადამიანების ძალზე ვიწრო წრისკენ იყო მიმართული და საზოგადოებაში არ იწვევდა შიშის აურის დამკვიდრებას, რის გარეშეც თანამედროვე ტერორიზმი ყოვლად წარმოუდგენელია. თუმცა მათ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე ტერორისტების „წინაპრები”, მათი ტაქტიკა დღესაც საკმაოდ პოპულარულია ტერორისტებს შორის, ამასთანავე მათ უკვე ჰქონდათ მაღალი მოტივაცია, მკაცრი ორგანიზებულობა, საკმაოდ ნათლად გამოკვეთილი მიზნები და ამოცანები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მრავალი საუკუნის შემდეგ ეს ორგანიზაციები ისევ კვლევის საგანს წარმოადგენენ, იმაზე მეტყველებს, რომ მათ თავის დროზე დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინეს.

ახალი ეპოქის მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციები ანარქისტული მიმდინარეობის პოლიტიკურმა ძალებმა ჩამოაყალიბეს. მათ შეძლეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების მკვლელობები რუსეთში, საფრანგეთში, იტალიასა და შეერთებულ შტატებში. მაგრამ საბოლოო ჯამში ანარქისტების არაორგანიზებულმა მოქმედებებმა და სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაზე უარმა ანარქიზმი არაეფექტურ პოლიტიკურ მიმდინარეობად აქცია, რომელიც მალე გაქრა კიდეც მსოფლიო პოლიტიკური ასპარეზიდან.

საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით ტერორიზმი პირველად სწორედ რუსეთში მოქმედმა ანარქისტულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ნაროდნაია ვოლიამ” დანერგა. იმის მიუხედავად, რომ ეს დაჯგუფება ტერორისტულ აქტებს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების მიმართ იყენებდა (ყველაზე გახმაურებული გახლდათ იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობა 1881 წელს), მათ მიერ ყველას თვალწინ დღისით მზისით ასაფეთქებელი ნივთიერებებით განხორციელებული აქტები სავსებით შესაძლებელს ხდიდა უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ნაროდნაია ვოლიას” მიზანი არ იყო საზოგადოების დაშინება, არამედ მისი დარწმუნება ორგანიზაციის სიძლიერეში და ძალისმიერი მეთოდებით მოქმედების უტყუარობაში, რასაც საზოგადოება ორგანიზაციის მოკავშირედ უნდა ექცია.

მეოცე საუკუნის შუა წლებში ტერორიზმი ახალი შტრიხებით ივსება. შეგვიძლია გამოვყოთ ორი მთავარი გარემოება: ტერორი როგორც ტოტალიტარული მმართველობის ფორმა და ტერორიზმის ელემენტების შერწყმა ნაციონალიზმის მძლავრ ტალღასთან. მეოცე საუკუნის ტერორიზმის ისტორია მოიცავს სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანილ ტერორისტულ მმართველობებს. უპირველესად ეს კომუნისტურ საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიაზე ითქმის. სტალინისა და ჰიტლერის რეჟიმები, რომელთა იდეოლოგიურ ბაზისში ტერორი მტკიცედ იყო ჩაშენებული, სწორედ მისი მეშვეობით იმართებოდა. ამასთანავე რამდენიმე ძლიერი ტერორისტული დაჯგუფება შეიქმნა ნაციონალურ ნიადაგზე. ორმა მათგანმა: ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ და ეტა-მ (ბასკეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაცია ესპანეთში) ტერორისტულ საქმიანობაზე სულ ახლახან აიღეს ხელი. ამათგან განსხვავებით ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა კარგა ხნით „მიძინებული” თურქეთში მოქმედი ქურთ მუშათა პარტია, რომლის მიზანია ოთხი სახელმწიფოს (თურქეთის, სირიის, ირანის და ერაყის) ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქურთული ეთნოსისთვის ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოპოვება. ეროვნულ ნიადაგზე იბრძვის ტერორისტული ორგანიზაცია „თამილის განმათავისუფლებელი ვეფხვები”, რომელიც შრი-ლანკაში მოქმედებს. მისი წევრები თამილელი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები არიან, მათი ხელწერა ბომბებით შეიარაღებული თვითმკვლელი ტერორისტებია.

ფაქტია, რომ დღეისათვის ტერორიზმი მჭიდროდ შეერწყა ისლამურ ფუნდამენტალიზმს და ეს ცნებები ბევრისათვის ლამის სინონიმებადაა ქცეული. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ადამიანები წლების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად უყურებენ ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების „საგმირო საქმეებს”, ხოლო მათი სახელები ყველამ ზეპირად იცის. თუმცა დადგენილია, რომ ისლამისტი ტერორისტები ხშირ შემთხვევაში სულაც არ არიან თავიანთი რელიგიის მკაცრი მიმდევრები. მაგ. საერთაშორისო ტერორიზმის ექსპერტის კარენ არმსტრონგის მტკიცებით, 9/11-ის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, პირველი თვითმფრინავის პილოტი მუჰამად ატტა დიდი რაოდენობით მოიხმარდა ალკოჰოლს. მოგეხსენებათ, ისლამი სასტიკად კრძალავს ალკოჰოლს. არმსტრონგი მიიჩნევს, რომ ატტა და ბევრი სხვა ისლამისტი ტერორისტი არა მიზეზთა გამო მოძალადეებად ქცეული მართლმორწმუნეები, არამედ მოძალადე ექსტრემისტები არიან, რომლებიც თავიანთი მიზნების შესაბამისად რელიგიური საკითხებით მანიპულირებენ.

სამწუხაროდ, არავითარი საბაბი არ გვაქვს გვჯეროდეს, რომ მომავალში ტერორიზმის საფრთხე ნაკლები იქნება. დიდი ალბათობით ის ისევ გამრავალფეროვნდება ახალი სასტიკი ელემენტებით და კიდევ მრავალ უსიამოვნო სიურპრიზს შემოგვთავაზებს.
გამოყენებული ლიტერატურა :
https://terrorism.about.com/od/whatisterroris1/p/Terrorism.htm
https://www.terrorism-research.com/history/early.php
https://www.bbc.co.uk/history/recent/sept_11/changing_faces_01.shtml

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი