სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ტექსტის ნიღბები

მოკლედ, ზოგჯერ, როცა რაღაც უაზრო, მაგრამ სასიამოვნო ფიქრს და ჭვრეტას მივცემ თავს, თან მეღიმება ჩემს პოზაზე, სულ ისეთი კითხვები მოდის ხოლმე, თუ რა დანიშნულება აქვს ლიტერატურას, რა უნდა შეცვალოს ადამიანში, ან ადამიანმა ლიტერატურაში, უკან ისევ დადებითად რომ დაუბრუნდეს გაათმაგებული. 
„ლიტერატურა არაფრისმთქმელია თავიანთი ბედით კმაყოფილი ადამიანებისათვის”, – ეს მარიო ვარგას ლიოსაა, „ცხოვრების მიზანი არ არის სრულყოფილება… ვინც სრულყოფილია – ის ეკუთვნის მუზეუმს”, _ ეს კი ერიხ მარია რემარკი. რა თქმა უნდა, ეს აზრები შეიძლება სულაც არ მივიჩნიოთ ჭეშმარიტებად და სიმართლედ და აბსოლიტურად საწინააღმდეგო აზრის დამტკიცებაც შეძლოს ვინმემ, მაგრამ რადგან მე – ერთი მკითხველი ვემხრობი ამ ორ მწერალს და ახლა თვითონ ვწერ, ვისარგებლებ უფლებით, დავეთანხმო მათ ნათქვამს. ეს ორივე ფრაზა ძირითადად ერთ აზრს ატარებს. 
სკოლაში მასწავლებლები გეგმავენ გაკვეთილებს ყოველდღიური, ყოველკვირეული, სემესტრული და წლიური შედეგების მისაღწევად. ამ სტატიებს ალბათ უმეტესად მასწავლებლები კითხულოენ და დამეთანხმებიან, ნამდვილად არაა სასიამოვნო პროცესი, სკოლიდან სახლში დაბრუნებული, დაჯდე და ახლა იმაზე იფიქრო ხვალ რა და როგორ გააკეთო. 
ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება… გაკვეთილის გეგმა… თამაშით სწავლება… რა თამაშები გამოვიყენო?!. ჯგუფში მუშაობისას, რა როლი თუ დავალება მივცე შშმ მოსწავლეს… – ეს კითხვები დაჯირითობდნენ ჩემს ტვინშიც კი, როცა მე სკოლაში ვასწავლიდი და დანამდვილებით ვიცოდი, რომ არ ვარ კარგი მასწავლებელი. 
მე ვიცნობ ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, რომლებსაც პერიოდულად ვესაუბრები და ისინიც მიყვებიან თავიანთი სწავლის მიღწევებისა და სკოლაში არსებული გარემოს შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ნიჭიერია, ან მთლად ასეც თუ არ დავიჩემებ, ყოველშემთხვევაში უნიჭო ნამდვილად არაა, რჩება აზროვნების იმ საფეხურზე, რომელზეც ერთი ან ორი წლის წინ იყო. ამაში არ ვგულისხმობ მთელი მისი აზროვნების განვითარებას, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად, მათ ეცვლებათ ფიქრები, შეხედულებები და დამოკიდებულებები, მაგრამ მხატვრულ ტექსტთან მათი დამოკიდებულება, რჩება იგივე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე სწორად ვერ ვარჩევ სამიზნე აუდიტორიას და შემდეგ ვერ ვაჯამებ მონაცემებს შესაფასებლად, მაგრამ არც ასეა.
მეათე-მეთერთმეტე კლასელი მხატვრულ ტექსტთან მიდის ისე, როგორც მეექვსე კლასში იყო. დარწმუნებული ვარ, სკოლის დამამთავრებელ დღეს გამართულ ღონისძიებებზე, მეთორმეტე კლასებელი თითქმის ისევე წაიკითხავდნენ ლექსებს, ნაწყვეტ ტექსტებს მოთხრობებიდან, როგორც ამას დაწყებით კლასში აკეთებდნენ – მხრებში გამართული, თავაწეული, ისე გაშეშებული, თითქოს ნეკრისის ქარებითი იყოს გატანჯული. უბრალოდ ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ ასეთი პოზა სხვა მიზეზთა გამო ხდება მათთვის სასაცილო. ეს მიზეზები ძალან უბრალოა, ამ დროს ცდილობენ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, ერთმანეთს მოაწონონ და ასეთ დროს უკვე ლექსის კითხვა ისე, თითქოს ძეგლი მაღალ ხმაზე ლაპარაკობდეს, აღარ მოწონთ. 
დამოკიდებულება კი იგივეა. ილია ჭავჭავაძე ყოველწლიურად ისე უნდა იკითხო, როგორც ერის მამის ხმა და ღაღადი, ვაჟა – მთსი არწივი, ცისფერყანწელები – შეშლილი პოეტები და ასე. ავტორებს თავი დავანებოთ, ტექსტების მიმარტ რომ არ იცვლება დამოკიდებულება, ეს უფრო მეტი უბედურებაა. ყელა ტექსტს აქვს განწყობა და მკითხველიც რა თქმა უნდა განწყობით მიდის მასთან. ასე თუ ისე ჩვენ ყოველთვის ვიცით დააახლოებით რის შესახებ ვკითხულობთ რომანს თუ მოთხრობას და თუ რამე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურია, დაფიქრებული სახეებით ვიწყებთ, თუ იუმორისტულია, წინდაწინ ვიღიმით. რამდენჯერმე გავაკეთე ისე, რომ წლების წინ წაკითხული წიგნი, მეორედ რომ ჩამოვიღე თაროდან, სხვა განწყობით გადავშალე, ადრე თუ ვიცინოდი, ახლა, როგორც იტყვიან, დანა პირს არ მიხსნიდა და პირიქით. 
თვითონ ლიტერატურა იძლევა ამის შესაძლებლობას. რაც არ უნდა მდარე ტექსტი იყოს, დაბალი ხარისხის ლიტერატურა, მასაც კი მეტ-ნაკლებად აქვს ეს თვისება, როგორც სუფთა და არასუფთა ქიმიურ ნივთიერებას და განსაკუთრებით ნობელიანტთა ტექსტებს, თუ კლასიკურ ლიტერატურას, ან უბრალოდ ნაკლებადცნობილ ძალიან ძლიერ მწერლებს, რომელთა მიმართ მე ყველაზე მეტი სიმპატია მაქვს ხოლმე მუდამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი