შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მუსიკა ომის „არომატით“: ჰიტლერიუგენდი და სვინგერები

ალბათ ყველამ ვიცით, რომ სკოლამდელი ასაკი ყველაზე მგრძნობიარეა სერიოზული აღმზრდელობითი საუბრებისთვის. ბავშვის სული და გონება გახსნილია და გაოცებისთვის მზადაა. მას სასწაულების ჯერ კიდევ სჯერა.

ბავშვებს ძალიან ფრთხილად უნდა ავუხსნათ, რომ მეორე მსოფლიო ომი, რომელიც გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად წამოიწყო, ყველაზე დიდი და შემზარავი იყო კაცობრიობის ისტორიაში. რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 62 სახელმწიფო, 1,7 მილიარდი კაცი ანუ დედამიწის მოსახლეობის 80%. ამიტომაც დაერქვა ამ ომს მსოფლიო ომი.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა და მათში სხვადასხვანაირი ხალხები ცხოვრობენ. ყოველ სახელმწიფოს ჰყავს საკუთარი მთავრობა, რომელსაც სიკეთესა და ბოროტებაზე თავისებური წარმოდგენა აქვს. და როცა ხელისუფლებაში უსამართლო ადამიანები აღმოჩნდებიან, ისინი საშიში საქმეების კეთებას იწყებენ. საილუსტრაციოდ საუკეთესო მაგალითია კაცობრიობის განადგურების მცდელობით შეპყრობილი ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა. ამ ომში სხვა ხალხებთან ერთად უმძიმესი ხვედრი გერმანიის ჩვეულებრივმა მოსახლეობამაც გაიზიარა.

კომპიუტერში ომობანას თამაშთან ერთად გაზრდილი თანამედროვე ბავშვისთვის ძნელი ასახსნელი იქნება, რატომ არის ომი ცუდი – ამ თაობისთვის ხომ ნაციზმი კომპიუტერულ თამაშში მეომრისთვის უნიფორმის შერჩევაა. ბავშვისთვის ეკრანთან თამაში ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როცა ადვილად შეუძლია „გაცოცხლდეს” და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მშობლისა და მასწავლებლის ამოცანაა, აუხსნან, რაოდენ განსხვავდება ომობანას თამაში ნამდვილი ომისგან, რომ ნამდვილ ომში კომპიუტერის გადატვირთვით მეომარს ვერ გააცოცხლებს. ბავშვებს ნაციზმისა არ ეშინიათ, ვინაიდან არ იციან მისი არსი.

ბავშვს გავაგებინოთ, რომ გერმანია ჩვეულებრივი ქვეყანაა, გერმანელებიც – ჩვეულებრივი ადამიანები, აი, ნაცისტები კი – მტრები. მათ მთელი მსოფლიო ებრძოდა, გერმანელთა ნაწილიც კი. სწორედ ამიტომ ითქმის არა გერმანიაზე, არამედ ნაციზმზე გამარჯვება. 

ომი ბავშვის ცნობიერებაზე უდიდეს კვალს ტოვებს. ის აღარასოდეს უნდა განმეორდეს.
***
გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰიტლერიუგენდი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. 1933 წლისთვის, როდესაც ნაცისტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვეს, ბალდურ ფონ შირახის მეთაურობით ეს ორგანიზაცია მიზანმიმართულად იზრდებოდა და ვითარდებოდა. 1936 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც ამ ორგანიზაციის წევრობა ყოველი ახალგაზრდისთვის სავალდებულო გახდა. ამასთან ერთად, აიკრძალა სხვა ტიპის გერმანული ახალგაზრდული ორგანიზაციები. 

ნაცისტური მოძრაობის მიზანი ახალგაზრდობაში გერმანიის სიყვარულის გაღვივებასთან ერთად რკინისებრი დისციპლინისა და „არიული ცნობიერების” ჩამოყალიბება იყო. მშობლებისა და სკოლის გავლენისგან დამოუკიდებლად ყავისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები შირახის პროექტით სამხედრო და იდეოლოგიურ მომზადებას გადიოდნენ. ნაცისტურმა პარტიამ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად გერმანელი ახალგაზრდების ფიზიკური და გონებრივი განვითარება გამოაცხადა. მოზარდი ჰიტლერელები ჯანსაღი სხეულითა და სულით სამშობლოს სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ.

გარდა სახელმწიფოს მხარდაჭერით, ჰიტლერიუგენდის წევრებისთვის იმართებოდა სადღესასწაულო მსვლელობები, პროპაგანდისტული მარშები და აღლუმები, სამხედრო თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, ტურისტული ლაშქრობები, ახალგაზრდული შეკრებები. ნაცისტთა გავლენიანი ლიდერი ფონ შირახი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მუსიკას, განსაკუთრებით – სიმღერას. იქმნებოდა მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც ნაცისტური ელიტის დაბადების დღეებსა თუ ფესტივალებზე გამოდიოდნენ. ჰიტლერელები მიიჩნევდნენ, რომ ჯგუფური სიმღერა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადამიანთა გაერთიანებაში და მათ მორჩილებას უზრუნველყოფდა. სიმღერებში სამყარო ნათელ და მბრწყინავ ფერებში იყო წარმოდგენილი. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ასევე ხალხურ მუსიკას. გარდა საგუნდო კოლექტივებისა, არსებობდა უამრავი ორკესტრი, განსაკუთრებით – სასულე. 

1930 წელს ამ ორგანიზაციაში გაწევრებული იყო 9 მილიონამდე ახალგაზრდა, მათ შორის – ასეულობით ათასი ქალიშვილი („გერმანელი ქალიშვილების კავშირი” ჰიტლერიუგენდის ნაწილი იყო). არჩევნებში სწორედ ამ ახალგაზრდობის აქტიურმა მონაწილეობამ განაპირობა ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლა.

ჰიტლერიუგენდმა აქტიური მოქმედება ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო წლებში დაიწყო. ახალგაზრდა ჰიტლერელები ფიურერის დავალებას პირნათლად ასრულებდნენ. ისინი მალე გადაიქცნენ ძალადობისა და უკანონობის სიმბოლოდ.

 
ვაიმარის რესპუბლიკის ხანაში (1919 – 1933 წლებში) გერმანია ჯაზმა დაიპყრო და „დაუცხრომელ ოციანელებად” აქცია. ამერიკიდან შემოღწეული ხელოვნების ეს ახალი ფორმა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებმა, კლასიკოსი კომპოზიტორების ჩათვლით (პ. ჰინდემიტი, ე. კშენეკი და კ. ვაილი), თავიანთ შემოქმედებაში ასახეს. ეკონომიკურ მიზეზთა გამო, ნაცისტების ნებართვით ერთხანს გრძელდებოდა გერმანული და უცხოური ჯაზური ჩანაწერებისა და ჯაზური მუსიკის შემცველი ფილმების წარმოება-გავრცელება.

მაგრამ უნდა მივიჩნიოთ, რომ ჯაზის ისტორია გერმანიაში მესამე რაიხის მიერ ჩახშობილი ანდერგრაუნდის ისტორიაა. ნაცისტური იდეოლოგიის თვალსაზრისით ჯაზური მუსიკა მიუღებელი იყო… ამ „უცხო” მუსიკას „ზანგურ” ან „დეგენერაციულ მუსიკას” უწოდებდნენ. ერთი მხრივ, ეს გამოწვეული იყო ჯაზის აფრიკული ფესვებითა და ჯაზ-შემსრულებლების ებრაული წარმოშობით, მეორე მხრივ, ჯაზის სპონტანური და იმპროვიზაციული ბუნება იმ დროის ახალგაზრდა სტილიაგებს ანდამატივით იზიდავდა, რაც ნაცისტების მსოფლმხედველობისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. 1933 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ჰიტლერი მოვიდა, ჯაზისა და სვინგის ირგვლივ კონფლიქტი უფრო მეტად გამწვავდა. მიუხედავად ამისა, გერმანიაში ჯაზი მთლიანად მაინც ვერ აკრძალეს. ამ ჟანრის უდიდესი პოპულარობის გამო მკაცრი კონტროლით დაშვებულ იქნა „გერმანიზებული” (შემსუბუქებულ-შერბილებული) ჯაზური შესრულება.

ნაცისტურ გერმანიაში ანტიმოდად მიიჩნეოდა იმ ახალგაზრდების (უფროსკლასელების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მუსიკოსების) ცხოვრების წესი, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ჯაზით, ცეკვებით სვინგის სტილში, ამერიკელი ზანგებისა და ებრაელების მუსიკით.

სვინგერული მოძრაობა ქალაქ ჰამბურგში დაიწყო. გერმანელი ახალგაზრდები პოპულარულ კაფეებსა და საცეკვაო სკოლებში აკრძალულ მუსიკას უკრავდნენ და ცეკვავდნენ მხოლოდ სვინგს. ასეთი დაწესებულებები გერმანიის სხვა ქალაქებშიც იხსნებოდა. 

„მუქთახორას” ეპითეტით შემკული აპოლიტიკური „სვინგერები”, ნაცისტების აზრით, სპარტანულ-სამხედრო აღზრდის საპირისპიროდ მოქმედებდნენ. მკაცრი სამხედრო ფორმისადმი ახალგაზრდების პროტესტი მეტისმეტად განიერი ლაბადებით და გრძელი ჰალსტუხებით გამოიხატა. სტილიაგა გოგონები კი ფრანგულ და ამერიკულ მოდას მისდევდნენ. მათ არ სურდათ, ფიურერისთვის ბავშვთა მწარმოებელის ქარხნებად ქცევა; ცდილობდნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავებივით მოდურები და სექსუალურები ყოფილიყვნენ, იცვამდნენ შარვლებს ან მოკლე ქვედაკაბებს და მზის სათვალეებს ატარებდნენ, უპირატესობას ანიჭებდნენ მკვეთრ კოსმეტიკას, სიგარეტს კი დემონსტრაციულად გრძელი მუნდშტუკით ეწეოდნენ. ეს ყველაფერი სრულიად არ შეესაბამებოდა არიელი გოგონას „ჭეშმარიტ” სახეს.

სვინგერებსა და ჰიტლერიუგენდელებს შორის ხანდახან მასობრივი შეტაკებებიც ხდებოდა. სვინგერების წინააღმდეგ მკაცრი პოლიციური ოპერაციების ჩატარება მესამე რაიხმა 1941 წლიდან დაიწყო, რის შედეგადაც 300 ახალგაზრდა იქნა დაპატიმრებული. გესტაპოს წყალობით ამერიკული ჯაზით გატაცებული ახალგაზრდების ასეულობით ლიდერი საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა. ათასობით მათგანი ომში გაგზავნეს… მაგრამ მოძრაობა გრძელდებოდა… სვინგერების ახალმა თაობამ ნაცისტების დამხობამდე იარსება.

ჯაზმუსიკოსებისა და მათი თაყვანისმცემლების დაპატიმრების მიუხედავად, ჯაზის კულტურა მაინც არსებობდა მესამე რაიხში. ეს იმიტომ, რომ ნაცისტებს არ ჰქონდათ ერთიანი სტრატეგია ჯაზის მიმართ. მათი დამოკიდებულება იდეოლოგიურ აკრძალვებსა და შემწყნარებლობას შორის მერყეობდა. ამით აიხსნება, რომ ჯაზის აკრძალვის კანონი სახელმწიფოებრივ დონეზე არ იქნა მიღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი