ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გაფრინდა ქეთოს მერცხალი…

მჟავები ორ-სამ მეცადინეობაზე თუღა მეყოფა. მარაგის შევსებაა საჭირო. ხვალვე წავალ… ჰოდა, „ხვალ” ქიმიური რეაქტივების მაღაზიიდან დატვირთული გამოვედი. ხელჩანთა ხომ თავისთავად მქონდა და თანაც ორივე ხელში არაორგანული მჟავებით სავსე ბოთლებით გაძეძგილი პაკეტები მეჭირა. იქვე მზეს მიფიცხებული ტაქსის მძღოლი დავინახე და დაუფიქრებლად გავეშურე მისი მანქანისკენ. ამ თაკარა მზეში მზეს რატომ ეფიცხებოდა, არ ვიცი. ის კი შევატყვე, რომ უგუნებოდ იყო და სარკეში რატომღაც მიბღვერდა. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემი პაკეტები წინა სავარძელზე დავალაგე, ოღონდ ისე, რომ უკანა სავარძლიდან ხელით მჭეროდა, და თავადაც მოვკალათდი.

ხომ გრძნობთ, როცა გიმზერენ? ჰოდა, მეც ისევ ვიგრძენი სარკიდან დაჟინებული მზერა, ოღონდ დაბღვერილი, მოღუშული. უცებ მძღოლის კისერზე ჩამოკიდებული რამდენიმე მსხვილი ძეწკვი მომხვდა თვალში… გასაგებია. მზის გულზე რომ გამოვცხვე და თანაც ამ სიცხეში ამსისქე ჯაჭვი მეკიდოს კისერზე, შესაძლოა, მეც ბღვერით შევხედო ხალხს.

ვაჟა-ფშაველა მომაგონდა. თურმე სოფლის მამასახლისი უბღვერდა. რა ჰქონდა ვაჟას მამასახლისის საბღვერი, მაგრამ კაცია და გუნება. იმ მამასახლისსაც, ეტყობა, ჯაჭვი ეკიდა კისერზე – ალბათ, მეტი თავდაჯერებისთვის. ჰოდა, ვაჟასაც უთმენია, უთმენია და ერთხელაც უთქვამს:
რას მიბღვერ, მამასახლისო,
ჯაჭვებ რომ გკიდიანო?
ჯაჭვებ მეცა მაქვს სახლში და…
ძაღლები მიბიანო…
აი, ასე! ოღონდ ვაჟას და მამასახლისის ამბის მოყოლის ნაცვლად ტაქსის მძღოლს წყნარად ვურჩევ, გზას უყუროს.
ამის თქმაა და ისე ამუხრუჭებს, რომ პაკეტები ხელიდან მისხლტება და ჩემი მჟავები ლამის ძირს ცვივა.

აქ კი მოთმინების ფიალა მევსება და უკვე გაგულისებული ვსაყვედურობ, გზას მიხედეთ, ბატონო, თორემ ამ ბოთლებიდან რამე რომ დაიღვაროს, მერე ნახავთ თქვენს და ჩემს სეირს-მეთქი.

ჰმ, და რა გაქვთ ბოთლებშიო? – მეკითხება,

კონცენტრირებული არაორგანული მჟავები–მეთქი.

ისე გულიანად იცინის, ჯაჭვების რამდენიმე ფენაც კი უხტის კისერზე.

აგაშენათ ღმერთმაო, ღამითაც ვიმუშავე, მეძინება, მცხელა და საძაგელ გუნებაზე ვარ, თქვენ გაიხარეთ, რა კარგად გამახალისეთო. ჯანსაღი ხუმრობა მიყვარსო.

ჰო, ეგონოს, რომ ვხუმრობ. მე ჩემი ვუთხარი და თავისი საქმისა თვითონ იცის.

და თქვენ, თქვენ თუ იცით, რა არის მჟავა?…

ან კითხვას სხვანაირად დავსვამ: იცით, რომ მჟავებით ხართ გარშემორტყმული? ოღონდ უფრო ორგანულით.
თუნდაც სამზარეულოში შევიხედოთ, ნებისმიერში… აუცილებლად ვიპოვით სითხეს, რომელზეც ავიცენა წერდა: „ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და მადაზე მოჰყავხართ. თუ ვარდის ან ზეითუნის ზეთს შევურევთ, კარგად ავთქვეფთ, შიგ შალის ნაჭერს დავასველებთ და თავზე დავიდებთ, თავის ტკივილი უმალ გაგვივლის”.
ავიცენა ძმარს გულისხმობდა.

ძმარი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნით დათარიღებულ წყაროში იხსენიება. ძველი ბერძენი სწავლული თეოფრასტე წერდა, რომ ლითონზე მისი დასხმით საღებავს იღებდნენ. ძველ რომში ხომ უსაზღვრო იყო ძმრის სიყვარული. ყოველგვარ სასმელს სწორედ მას ამჯობინებდნენ, ოღონდ ტყვიის ჭურჭელში ნადგამს. ასეთ ძმარს მოტკბო გემო ჰქონდა, რადგან ტყვიის აცეტატს შეიცავდა. ტყვიის ჭურჭელში ნადგამი ძმრის სმა კი რასაც დამართებდათ, მე და თქვენ შესანიშნავად ვიცით…

მოკლედ, რა არის და რისგან შედგება ძმარი? მისი მთავარი კომპონენტი ძმარმჟავაა, ხოლო მიღება ქიმიური და მიკრობიოლოგიური გზითაა შესაძლებელი. ეს უკანასკნელი ძმრის მომზადების უძველესი მეთოდია: დატოვეთ ხილის წვენი ჰაერზე ღია ჭურჭლით, რომელშიც ყოველთვისაა სხვადასხვა ბაქტერიის სპორები; დუღილი დაიწყება და დროთა განმავლობაში წვენი ძმრად იქცევა.

ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ფერმენტების მეშვეობით წვენში შემავალი გლუკოზა ეთილის სპირტს წარმოქმნის. ჰაერისა და ფერმენტების თანაობისას სპირტი ძმარმჟავად გარდაიქმნება. ამ გზით იღებენ ყველა ნატურალურ ძმარს – ვაშლისას, ყურძნისას, ბრინჯისას… თითოეულ მათგანში ძმარმჟავას შემცველობა 4-5%–ია. გარდა ამ ნივთიერებისა, ძმარი ესთერებს, ალდეჰიდებს და სხვა ორგანულ ნაერთებსაც შეიცავს. სწორედ მათი წყალობითაა, ბუნებრივ ძმრებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფერი და არომატი რომ აქვთ. 

თუ მაღაზიაში ძმრის ბოთლებს თვალს შეავლებთ, დაინახავთ, რომ ბალზამირებულ ძმარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს განსაკუთრებულობა ფასითაც გამოიხატება. არც თვისებები აქვს ჩვეულებრივი. გაკეთებაც საწვალებელია: წურავენ ყურძენს და წვენს იმდენ ხანს ადუღებენ, სანამ სქელ, მუქ სიროფად არ იქცევა. მერე ამ სიროფს ცოტაოდენ ღვინის ძმარს ამატებენ და ყველაზე საინტერესო ამბავიც ამის შემდეგ იწყება: მორიგეობით ასხამენ სამ სხვადასხვა ტიპის კასრში და აყოვნებენ. პირველი კასრი მუხისა და იფნისაა, მომდევნო – წაბლისა და ალუბლისა, ბოლო კი თუთისა. ძმრის დასამწიფებლად, სულ ცოტა, სამი წელია საჭირო. ზოგიერთ სახეობას ნახევარი საუკუნეც კი სჭირდება. სახელწოდებაც განსაკუთრებული აქვს. ამ ძმარს თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო მიზნით იყენებდნენ, რადგან ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. შავი ჭირის დროს მას წვეთობით არიგებდნენ, როგორც ნამდვილ სასწაულს. ახლა ის აფთიაქიდან სუპერმარკეტსა და სამზარეულოში გადმობარგდა. 

რა არის ძმრის ესენცია?

ეს ძმარმჟავას 70%-იანი წყალხსნარია. მერვე საუკუნეში დაამზადა ჯაბირმა – კაცმა, რომელმაც პირველად გამოხადა ბუნებრივი ძმარი.

მახსოვს, სოფელში ბავშვებმა რაღაც მონეტა მომიტანეს – ვიპოვეთ, ძველია, მაგრამ ვერ გაგვიწმენდიაო. არც ქიმიის სწავლა ეხალისებათ და არც იმას აღიარებენ, რომ მის იქითაც არ აქვთ გზა… მონეტა, სავარაუდოდ, სპილენძისა უნდა ყოფილიყო. თავად სპილენძი მჟავებთან რეაქციაში არ შედის (გამონაკლისებია აზოტმჟავა და გოგირდმჟავა), სპილენძის ნაერთები კი – ოქსიდი, მარილები – მჟავებში იხსნება. ის მონეტაც სწორედ ამ ნაერთების ფენის გამო იყო ჩაშავებულ–ჩაყვითლებული. ოდნავ შევათბეთ და ლიმონით გავწმინდეთ – ლიმონი ხომ ლიმონმჟავას შეიცავს. ფულს ჩვენ თვალწინ დაუბრუნდა სპილენძისფერი.

სხვათა შორის, მისი გაწმენდა ფანტათიც შეიძლებოდა, რადგან ისიც შეიცავს მჟავებს, ოღონდ მონეტა შიგნით 24 საათი უნდა გაგვეჩერებინა.

ახლაც სოფელში ვარ. აქ რაღაცნაირი სიმშვიდეა და მყუდროება. არა, სიჩუმე სულაც არ დგას – ყველა ჩიტი ერთად ჟივჟივებს და სწორედ მათი ჟივჟივი მგვრის სიმშვიდისა და მყუდროების განცდას. დერეფანში მერცხლის ბუდეა და ისე არიან მიჩვეულები, რომ სახლში არავინ ცხოვრობს, ჩემს გამოჩენაზე აღშფოთებას ვერ მალავენ. ცხადია, მშობლები, თორემ პატარებს ცნობისმოყვარეობა კლავთ. ბარტყობიდან უკვე გამოდიან, ფრენითაც კარგად ფრენენ, მაგრამ ნისკარტი ჯერ ისევ ყვითელი  აქვთ და სასაცილოდ თვალებდაჭყეტილები მიქცერენ. ბავშვი ბავშვია. აი, დედა ხომ ეუბნება, არ შეხედოო, ამას კიდევ ვაინტერესებ და მიყურებს.

წეღან შუქი ჩაქრა. ვეღარ მოიშალეს ჩვენს ქვეყანაში დენის გათიშვა… სანთელს ავანთებ და ცოტა ხანს კიდევ დავრჩები ეზოში.

რისგან ამზადებენ სანთელს? ცვილისგან, სტეარინისგან, პარაფინისგან.

სტეარინი მოთეთრო, ცვილის მსგავსი ნივთიერებაა… აი, ისევ მჟავებთან მივედით. ცხიმოვან მჟავებთან. მათ ჰომოლოგიურ რიგში პირველი ერბომჟავაა. პირველად სწორედ ერბოში აღმოაჩინეს. სტეარინის მჟავაც მათ რიგს ეკუთვნის, კარბოქსილის ჯგუფს შეიცავს და ჩამოცილებული წყალბადის ხარჯზე მჟავა თვისებებს ამჟღავნებს. სტეარინის შესახებ მეცხრამეტე საუკუნეში შეიტყვეს. ერთმა ლაბორატორიამ შეკვეთა მიიღო, დაედგინა საპნის შემადგენლობა, რომელსაც იმხანად ნაჭრების შესაღებავად იყენებდნენ. შეკვეთაზე მუშაობა მიშელ შევრელმა დაიწყო. საპონი მოიწონა თუ დაიწუნა, ამაზე ისტორია დუმს. სამაგიეროდ, უცნობი ნივთიერება გამოყო და მარგარინის ცხიმოვანი მჟავა უწოდა. სტეარინის მიღება ჩვენც შეგვიძლია. არა, მუსიე შევრელს არ ვადარებთ თავს, უბრალოდ, მის გზას ვიმეორებთ. ავიღოთ სარეცხის საპონი, ისე ჩამოვთალოთ, რომ ბურბუშელას მსგავსი ნათალი მივიღოთ, ჩავყაროთ ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ პატარ ჭურჭელში და ცოტაოდენი წყალი დავასხათ, უკეთ რომ გაიხსნას, ოდნავ შევათბოთ და მოვურიოთ. მიღებულ მღვრიე ხსნარს დავუმატებთ ძმარს (დიახ, დიახ, ძმარს). წარმოიქმნება თეთრი ნალექი. თუ ამ ნალექს გავფილტრავთ და გავაშრობთ, სტეარინს მივიღებთ. თუმცა დღეს სტეარინისგან სანთლებს იშვიათად აკეთებენ, უფრო პარაფინს იყენებენ. პარაფინი მინერალური ნედლეულისგან – ნავთობისგან მიიღება.

შუქი მოვიდა… მიხარია… XXI საუკუნეში ადამიანების გახარების ძველ მეთოდებს იყენებენ. არადა, მუშაობს, ხომ იცით…

დილით მერცხლები ბუდეში აღარ მხვდებიან. 

ჩემი ბავშვობის ლექსი მახსენდება: „გაფრინდა ქეთოს მერცხალი…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი