პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რა არის ლიტერატურა

თანამედროვე სამყაროში მოზარდებს სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ მხატვრული ლიტერატურა. კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა მედიასაშუალებები მათ თითქმის მთლიანად უკმაყოფილებს ასაკისთვის შესაბამის მოთხოვნებს. ახალი ინფორმაციის მიღება, ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის ამოქმედება, თავისუფალი დროის გატარება – ეს ყველაფერი ახლა გაცილებით მარტივად, სულ რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი. ტექნოლოგიის ასეთ განვითარებამდე კი სწორედ წიგნი ითავსებდა ამ ფუნქციებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ მხატვრული ლიტერატურისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში სკოლაც ბევრს სცოდავს. რამდენჯერ გაგვიგონია მოსწავლეებისგან: რა კარგი ლექსია (მოთხრობაა, რომანია…) და ახლა ამ ყველაფრის „გაფუჭება” მოგვიწევსო.

„გაფუჭება” კი ლიტერატურული ტექსტის შესწავლის „სტანდარტულ პაკეტს” გულისხმობს – ავტორის ბიოგრაფიას, ეპოქის მიმოხილვას, მთავარი გმირების დახასიათებას, „კულტურულ-ისტორიული”, „ისტორიულ-სოციალური” თუ „მხატვრულ-იდეური” პლასტების ანალიზს, სასიყვარულო ან პატრიოტული მოტივების ძიებას მწერლის შემოქმედებაში და ა.შ.

არადა, ლიტერატურა, სავარაუდოდ, სწორედ ისაა, რაც ამ ყველაფრის მიღმა იწყება. ჟურნალისტად მუშაობამ ერთ საინტერესო დასკვნამდე მიმიყვანა: არის კითხვები, – ერთი შეხედვით, მარტივი კითხვები, – რომლებზეც პასუხის გაცემა არცთუ იოლია, ხოლო მათზე ფიქრი, პასუხების ძიების პროცესი – რთული და, იმავდროულად, საინტერესოც. არის ცნებები, რომელთა მიმართაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი დამოკიდებულება აქვს, რომლის ვერბალიზებაც საკმაოდ ძნელია, თანაც გამოთქმული არასოდესაა „საკმარისი” და თანაფარდი იმის, რასაც გრძნობ, განიცდი. მაგალითად, შეგიძლიათ, სრულყოფილად ახსნათ და გადმოსცეთ ყველა ის განცდა, რაც სიტყვა „სიყვარულთან” გაკავშირებთ? ან განმარტოთ, რა არის მეგობრობა? სიცოცხლე?..

ეს ის შემთხვევაა, როცა ერთია განმარტებით ლექსიკონში არსებული „ოფიციალური” დეფინიცია და სრულიად სხვა – ადამიანის დამოკიდებულება, მისი ხედვა, მისი პირადი გამოცდილება. და ყველაზე საინტერესო, ვფიქრობ, სწორედ ამ გამოცდილებათა ურთიერთგაზიარებაა.

ერთი ასეთ კითხვათაგანია სათაურში გამოტანილი კითხვაც: რა არის ლიტერატურა?
ამ კითხვით რამდენიმე ხნის წინ ჩემს კოლეგებს მივმართე. პასუხები იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, მინდა, თქვენც გაგიზიაროთ. 

როგორც უკვე აღვნიშნე, არ არსებობს ერთი და უნივერსალური განმარტება. თითოეულისთვის ისაა ლიტერატურა, რადაც თავად განიცდის. ჩემთვის ეს ტელეპორტაციის მსგავსი მოვლენაა. სხვა სამყაროებში გადაბარგების საუკეთესო საშუალება. ეს მომწონს, ალბათ, ყველაზე მეტად და განსაკუთრებით მიყვარს სწორედ ის ავტორები, ვის სამყაროშიც ადვილად და მთელი არსებით გადავბარგდები ხოლმე. „იქ ყოფნის” და ცოტა ხნით „იქ, სხვაგან ცხოვრების” შესაძლებლობას ვინც მაძლევს. 

კიდევ დოჩანაშვილის კისერზე შემოსკუპებული მკითხველი მახსენდება. ლიტერატურის ილუსტრაცია სწორედ ასეთი იქნებოდა ჩემთვის. სხვების „ფანჯრებში” შეჭყეტის, დაკვირვების, გაოცების, აღფრთოვანების, ზიზღის, მშვენიერების – ათასგვარი ემოციის გადახარშვის საშუალება და არავითარ შემთხვევაში – მხოლოდ ესთეტიკური ტკბობა. ამიტომაა, რომ განსხვავებული ჟანრის, ფორმისა და შინაარსის ტექსტები მხიბლავს და, განურჩევლად ყოველგვარი პირობითობისა (ისეთისა, როგორიცაა, მაგალითად, ლიტერატურული გვარი, ჟანრი, ეპოქა, კლასიკა…), ხარბად და ინტერესით ვკითხულობ წიგნებს.

მაშ, რა არის ლიტერატურა ან, თუ გნებავთ, რა საჭიროა ლიტერატურა? მოისმინეთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების პასუხები და თუ არ დაიზარებთ, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვაც კომენტარებში:
„ჩემთვის ლიტერატურა ადამიანთმცოდნეობაა”.

„როგორც ავტორისთვის, უფრო საკუთარი თავის დალაგებაა (ჯერჯერობით მაინც) და როგორც მკითხველისთვის – სხვის დალაგებულ თუ დასალაგებელ სახლში საკუთარი ადგილის პოვნა. ისე, ჰო, ძნელი გამოსათქმელია, უფრო მეტია, ან უფრო სხვაა, ვიდრე მასზე შეგვიძლია ვთქვათ…”
„ლიტერატურა ჩემთვის გზამკვლევია – ცხოვრებაში, ადამიანებში, საკუთარ თავში უკეთ გასარკვევად… გათავისუფლებს”.

„კატასავით ცხრაჯერ ცხოვრების საშუალება :)))”
„ჩემთვის ლიტერატურა არის ჩემი ცხოვრების შიგნითა მხარე, ქარის შიგნითა მხარესავით არ არის ჩემი პროფესია და ამით ბედნიერი ვარ”.
„ემიგრაცია რეალობიდან…”

„ლიტერატურა, ჩემი აზრით, სიტყვებით გაშუალებული სინამდვილეა, რომელიც ისევე აუცილებელია სამყაროს აღქმა-მიღებისთვის, კვლევისთვის, პროგრესისთვის, როგორც ფიზიკა და ქიმია”.
„ზოგადად, აზრის ფორმაა, კონკრეტულად კი – გამოცდილებათა გაზიარება…”

„ასტროფიზიკაში არის მოსაზრება, რომ შავი ხვრელები ძალიან დიდი პლანეტების „სიკვდილის” შედეგად წარმოიშობა. ანუ პლანეტა, რომელიც დაიცლება თავისი სასიცოცხლო ნაერთებისგან, იკუმშება, იკუმშება და შესაძლოა ფეხბურთის ბურთისოდენაც გახდეს მზეზე ათასჯერ დიდი ვარსკვლავი. ეს ქმნის კოლოსალურ, ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ და გამოუთვლელ ენერგიას, რომელშიც ქრება დრო და სივრცე. ეს ენერგია ჭამს საკუთარ თავს, გარშემო ყველაფერს იზიდავს, იერთებს და აქრობს. ღმერთმა უწყის, სად მიაქვს. არსებობს მოსაზრება, რომ პარალელურ განზომილებებში (თუ ეს უკანასკნელი არსებობს)… მოკლედ, ამ შავი ხვრელებიდან გამოიტყორცნება სხივი, რომელიც ჩვეულებრივ სინათლის სხივზე უზომოდ დიდი სისწრაფით მოძრაობს და მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე ყველაფერს წვავს. მოკლედ, რატომ დავეცი ქადაგად… ლიტერატურაც ეგეთი რამეა, რაღაც შავი ხვრელი. გიზიდავს, გითრევს, სხვაგან გადაჰყავხარ, სხვა განზომილებაში, და მის სიახლოვეს არ არსებობს დრო და სივრცე და თუ არსებობს – მხოლოდ მის მიერ შემოთავაზებული. და არის ხოლმე, ბოლოს სასწაულად დიდი სხივი გამოდის მისგან”.

ცხადია, ერთად აღებული ყველა ეს განსაზღვრებაც არ არის საკმარისი ლიტერატურის, უფრო სწორად, მხატვრული ლიტერატურის არსის ამომწურავი განმარტებისთვის და კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა სხვადასხვა თვალსაზრისის მოსმენა და ამაზე კიდევ ერთხელ (და მრავალგზის) დაფიქრება არასოდესაა ზედმეტი.
ადამიანები მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ქმნიან წარმოსახვით, პარალელურ, მხატვრულ რეალობებს და, ვფიქრობ, ასევე გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს.

ჩვენი კი როგორც მასწავლებლების დანიშნულება ისაა, რომ აღვძრათ ინტერესი და ამ ახალ-ახალი სამყაროების აღმოჩენისა და შესწავლისადმი დაუოკებელი სწრაფვა. ოღონდ არა ისე, რომ ეს პროცესი მომაბეზრებელი და სავალდებულო იყოს, არამედ ისე, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესთაგანი გახდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი