შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქალის გენდერული როლი „შუშანიკის წამების“ მიხედვით

გენდერული თანასწორობისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა ეკლესიისგან მოდის. საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ თავს მრევლად მიიჩნევს, მისი წიაღიდან მომავალი სტერეოტიპები(კაცი ოჯახის თავია, ქალს მოთმინება და მორჩილება მართებს, ქალი უტვინო ძვლისგანაა შექმნილი) აფერხებს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მხატვრული ლიტერატურა ქალის როლსა და ადგილს საზოგადოებაში საკუთარი კონტექსტიდან გამომდინარე, დროის შესაფერისად ასახავდა. თუ თანასწორი თაობების აღზრდა გვინდა, ლიტერატურის სწავლებისას ხაზი უნდა გაესვას ეპოქის მახასიათებლებს, რათა ის სტერეოტიპები, რომლებიც ამა თუ იმ დროისთვის იყო დამახასიათებელი, თანამედროვე მკითხველებმა (მოსწავლეებმა), პირდაპირ არ გადმოიტანონ თავიანთ ყოფაში.

ჯადოსნური ზღაპრის ვ. პროპისეულ ფუნქციათა განსაზღვრებაში პირველი ფუნქცია გმირის სახლიდან გასვლაა. იმისთვის, რომ ქმედება, სიუჟეტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო პერსონაჟი გზას გასდგომოდა. წინააღმდეგობა, თავგადასავალი ყოველთვის გარეთ მოიაზრებოდა. ასევე იყო ანტიკურ კულტურაშიც.

„ქალი სახლში ელოდა ბედს” და ამიტომ ჯადოსნურ ზღაპარში აქტიური ქალი პერსონაჟი ძალზედ ცოტაა. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვხვდებიან, როცა იძულებით (დედინაცვალმა გამოაგდო, სასიკვდილო საფრთხეს გაექცა) არიან გარეთ.

ქრისტიანობამ თვისობრივად შეცვალა გმირობის სივრცე. მან ბრძოლის ასპარეზი ადამიანში გადაიტანა და ამით ქალები ერთგვარად თანაბარ პირობებში ჩააყენა მამაკაცებთან.

სახარებისეულმა ისტორიებმაც, რომლის მიხედვითაც ქრისტესთან გოლგოთაზე მხოლოდ ქალები არიან და დამალულია თერთმეტივე მოწაფე; გარდამოხსნის შემდეგ მასთან მიდიან მენელსაცხებლე დედები და რაც მთავარია, თვითონ ღვთისმშობლის სახემ, საგრძნობლად წინ წაწია ქალის როლი საზოგადოებაში. თუმცა, მოგვიანებით, ბიზანტიურ პერიოდში, როცა სახელმწიფომ რელიგია მართვის მძლავრ იარაღად აიღო, ბევრი რამ სახელწიფოსთვის სასურველ მარწუხებში მოექცა და თავისუფალი სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ქალთა საკითხთან მიმართებაში, არამედ ზოგადადაც უსაზღვროა სახარებაში, საგრძნობლად შეიზღუდა.

ის რომ პირველი ქართველი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი ქალია, ქრისტიანობის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ შუშანიკის ქცევის ახსნა სხვა, ადამიანური ასპექტებიდანადაც შეიძლება, (შეურაცხყოფილი ცოლია, პოლიტიკურ ომს უგებს ვარსქენს) მისი ბრძოლის იარაღი ქრისტიანობაა. შუშანიკს სწორედ ადამიანის ქრისტიანულმა გაგებამ მისცა იმის საშუალება, ყოფილიყო გმირი, მოწამე და რაც მთავარია, გამარჯვებული.

პასიური პროტესტი, რომელიც ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეუძლია, დაუმორჩილებლობა – ქრისტიანულ ნიადაგში აქტიური გმირის გაჩენის საშუალებას ბადებს. ასეთი ასპარეზი მანამდე არ არსებობდა.

„შუშანიკის წამებაში” ერთანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სრული უუფლებობა ქალისა და მეორე მხრივ, სრულიად ახალი განაცხადი იმ დროის საქართველოსთვისაც და ვარსქენისთვისაც – ქალი პიროვნება, რომლის მორევაც შეუძლებელია, რომელიც საკუთარი სულიერი შესაძლებლობებით ქმარზე მაღლა დგას და ფიზიკური ძალა, რომელიც პიტიახშის ხელშია, უძლური ხდება მასთან პირისპირ.

შუშანიკი ვარსქენზე აღმატებულია არა მხოლოდ სულიერად, არამედ გონებრივადაც. დედოფალმა მშვენივრად იცის, რისი გამკეთებელია ქმარი: „და უკეთურებისა მის სახისა ქმრისასა მისისაისა მარადის გულს-ეტყვინ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთვის, რაითამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტეისსა”.

და მზად არის ბრძოლისთვის, მზად არის განითქვას სახელი და სულ მცირე, ინფორმაციული ომი მოუგოს მოღალატე მეუღლეს. სწორედ ამიტომ უკვირს იაკობ შეკითხვა, აღწეროს თუ არა მისი ღვაწლი. შუშანიკს ყველაფერზე წინასწარა აქვს ნაფიქრი.

ვარსქენზე იმავეს ვერ ვიტყვით. ის, როგოც ერთპიროვნული მმართველი, უპრობლემოდ ჰპირდება პეროზ მეფეს:” რომელი იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცივე შენსა შჯულსა, ვითარცა-ესე მე.” და სრულებით არ არის მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც სახლში ელოდება. ყოველ შემთხვევაში, მზად მყოფის არაფერი ეტყობა მის შემდგომ ქმედებებს. შუშანიკი უგებს ვარსქენს ყველა პოლემიკას, მისი მოტყუება ქმარს არ შეუძლია.

საინტერესოა, შუშანიკის, როგორც დედის სახე. დღესაც კი ქართული საზოგადოების ნაწილის აზრით, დედობა იმდენად უპირველესი ფუნქციაა ქალისა, რომ შვილების დაბადებით ის თითქოს კარგავს პიროვნული არჩევანის უფლებას, რადგან საზოგადოება მასზე ძალადობს, იყოს უპირველესად შვილებისთვის და მთელი ცხოვრება მოახმაროს მათ.

შუშანიკი თავისი არჩევანიდან გამომდინარე, იძულებულია დატოვოს შვილები. ისინი არასრულწოვანები არიან, წმინდანის რთულ გზაზე ვერ გაიყოლებს, ვარსქენის ფიზიკური ძალადობის სამიზნედ ვერ გახდის, ამიტომ იძულებულია ღმერთს მიანდოს და საკუთარ თავზე იზრუნოს. „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან ესენი და შენ დაიცვენ ესენი. … გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაი შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა” – ეს ერთგვარი გამიჯვნაა, ისეთი, რომელსაც დღესაც კი ძნელად უგებს ქალს საზოგადოება.

შუშანიკი, მიუხედავად მიღებული შედეგისა (მასზე უკვე სულიწმინდის მადლია გადმოსული, უშვილოებს შვილს აძლევს, ბრებს თვალს უხელს, ავადმყოფებს კურნავს.) უკმაყოფილოა თავისი გენდერული როლით საზოგადოებაში, პროტესტი უთანასწორობის მიმართ მასში იმდენად მძლავრია, რომ „საწყალობელი”ვარსქენის სულზე გამუდმებული ლოცვის ნაცვლად, რაც უფრო ბუნებრივი იქნებოდა წმინდანისგან, მრისხანედ მოითხოვს და ელოდება თანასწორობასა და მიყენებული ტანჯვის გამო ვარსქენის დასჯას: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სად-იგი არა არს თუალღებაი წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაისა, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი, სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქვათ წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეისა.”

უთანასწორო სტერეოტიპი, რომელსაც შუშანიკი იცავს, რადგან საკუთარი რელიგიის ხალყოფად მიაჩნია, არის ის, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად ჭამა არ შეიძლება: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამა პური?!”

საბედნიეროდ, დღეს ეს წესი დარღვეულია და სქესთა შორის გამიჯვნა აღარ არის ასეთი კატეგორიული, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ ეკლესიას, სურვილის შემთხვევაში, გენდერული სტერეოტიპების დაძლევის პერსპექტივა აქვს.

აგრესიულ ქცევას ქალისაგან დღესაც ძნელად იღებს საზოგადოება. გასაგები მიზეზების გამო ის მხოლოდ მამაკაცებს ეპატიებათ. იაკობ ხუცესი არ ერიდება თავის პერსონაჟს თითქმის უდანაშაულო ქალისთვის, ჯოჯიკის ცოლისთვის ღვინით სავსე ჭიქა სახეში შეალეწვინოს. ეს ყველაზე წინააღმდეგობრივი საქციელია შუშანიკისა. ეს საქციელი თითქოს შეუფერებელია ქალისთვისაც, დედოფლისთვისაც, ქრისტიანისთვისაც. მისი ამ ქმედების მოტივაცია მრავალგვარი შეიძლება იყოს. პირველი – ის ავლენს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკუთარ სიმტკიცეს, კატეგორიულად აცხადებს უარს კომპრომისზე. მეორე – მან იცის, რომ ფიზიკური წამება ელის და რადგან მოლოდინი ძნელია, ერთგვარად იახლოვებს განსაცდელს. მესამე – პროვოცირებს, რომ ვარსქენის მხეცური ბუნება გამოავლინოს და ბოლოს, რადგან იცის, რომ მთელი მისი ბრძოლა პასიური უნდა იყოს, პირველ ნაბიჯით მაინც ახერხებს აქტიურ ქმედებას, იწყებს თვითონ და ამით ერთგვარ განაცხადს აკეთებს, რომ არ დასჯერდება იმ როლსა და ადგილს, რომელსაც მას საზოგადოება, როგორც ქალს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი