ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქარვისფერი ცხოვრება

ქალაქში თეთრი ლომის უზარმაზარი ქანდაკება დგას. ფაფარი აშლია და მკაცრი, გაქვავებული მზერით სივრცეს გასცქერის. ამბობენ, ქალაქს იცავსო. მის უკან დიდი ჭიშკარია, იმ ჭიშკრის იქით კი ქალაქი კავალა იწყება. ოღონდ, რაც იწყება, ის ძველია, ახალი რაიონები ვიწრო, უსწორმასწორო ქუჩებით აქეთ-იქიდან მიუშენებიათ. იმ ძველ ნაწილშიც სივიწროვეა, მაგრამ გასაოცარი ოსტატობით მიდი-მოდიან მანქანები.

– ციხე-კოშკამდე როგორ მივიდე? – ვეკითხები გამვლელს.

– ამ გზას დაადექით და სულ პირდაპირ იარეთ. კოშკს მალევე დაინახავთ, ოღონდ ფრთხილად ადით, დამრეცი საფეხურები აქვს. კოშკურის თავზე ცოტა ხანს გაჩერდით და ქარვისფერ ცხოვრებაზე წაიოცნებეთ.

– ასე მოვიქცევი, – ვუღიმი პასუხად.

ქარვისფერ ცხოვრებაზე ოცნება რომ მირჩიეს, არ გამკვირვებია – აქ სჯერათ, რომ კოშკიდან ქალაქი ქარვისფერი ჩანს, ოცნებისთვის განგაწყობს და ეს ოცნებაც ქარვისფერი იქნება. ქარვისფერი ოცნების წინააღმდეგი სულაც არ ვარ, მთავარია, ქარვისფრადვე ასრულდეს.

მზის ღმერთს ერთი ვაჟი ჰყავდა, სახელად ფაეტონი, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდა და ერთ დღესაც მზის ორთვალა მისცა სამართავად. ფაეტონიც გაქროლდა და კინაღამ დედამიწა გადაწვა. დაშრა მდინარეები, გაჩნდა უდაბნოები, ცეცხლი მოედო ტყეს. მამა ღვთაება განრისხდა, ორთვალა გატეხა, ფაეტონი კი მდინარე ერიდანში მოისროლა. დედამიწა გადარჩა, ფაეტონი მოკვდა. დებმა და დედამ მწარედ დაიტირეს. მათი ცრემლები ერიდანში ჩაედინებოდა, გზადაგზა მცენარეებს ერეოდა, ქვავდებოდა და ქარვად იქცეოდა.

ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ ის ქარვის მცენარეულ წარმოშობაზე მიუთითებს.

ქარვას უნარი აქვს, ძლიერი ხახუნის შედეგად მცირე ზომის საგნები მიიზიდოს. ალბათ, ამიტომ ეგონა თავის დროზე პლატონს, რომ ქარვასა და მაგნიტს ერთნაირი წარმომავლობა ჰქონდა.

პლინიუს უფროსმა თავის წიგნში „ძვირფასი ქვების ისტორია” საბოლოოდ დაადასტურა ქარვის მცენარეული წარმოშობა. ის წერდა, რომ ქარვა წიწვოვანი მცენარეების გამონაყოფისგან წარმოიქმნება, რომელიც სიცივის, დროისა და ზღვის წყლის გავლენით მყარდება.

იმავეს ამტკიცებდა ავიცენაც და ქარვას სამკურნალოდ იყენებდა. თუ ამ ოქროსფერ ქვას ხელში დიდხანს დავსრესთ ან გავალღობთ, სასიამოვნო სურნელი გავრცელდებაო… ასე ჩაისახა ქარვანოთერაპია.

ქარვის სამკურნალო თვისებებს ჰიპოკრატეც ახსენებდა. თავდაპირველად არც კი იცოდნენ, რისთვის გამოეყენებინათ, მერე დაასკვნეს, კანს, კბილებს, თავის ტკივილს უხდება და, დაქუცმაცებული, კბილებსაც ათეთრებსო.

ქარვას ალ-რაზიც იყენებდა, რომელმაც თავის „საიდუმლოებათა წიგნში” ის მიწისებრ ნივთიერებათა ჯგუფს მიაკუთვნა. ალ-რაზის მიაჩნდა, რომ კანთან მუდმივი შეხებისას ქარვის ძლიერი ენერგეტიკა დადებითად იმოქმედებდა ადამიანზე.

არ ვიცი, ალ-რაზის ენდო თუ საკუთარ გამოცდილებას, მაგრამ ამბობენ, რომ მარტინ ლუთერი ქარვას ჯიბიდან არ იშორებდა და დარწმუნებული იყო, რომ ის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას შეუჩერებდა. ინგლისელი ექიმი ბულეინი კი სულაც ქარვის მიქსტურას უნიშნავდა პაციენტებს.

იქნებ ამიტომაა, რომ დღესაც კი ბევრს დაუნახავთ ხელში ქარვის კრიალოსანს. 

აქ, კავალაში, სამეცნიერო კონფერენციაზე ვარ, რომელიც საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმართება. მასპინძლები ბერძნები არიან, ჰოდა, ერთ ბერძენს, რომელსაც ლეგენდარული სახელი – მენელაოსი ჰქვია, ყველგან და ყოველთვის ქარვის კრიალოსანი აქვს თან. ათამაშებს და ათამაშებს…

თუმცა რა მიკვირს – ქარვის კრიალოსანი მეფე ერეკლესაც ჰქონია… „ბედი ქართლისა” გახსოვთ?
„მზე დამავალი მოჰფენს სიამეს მთიულეთისა ხეობის არეს 
და ამ მშვენიერ არაგვის პირებს ძველი ჩარდახი ზედ გარდმოჰყურებს. 
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი, მოწყენის თვალით გარდმომზირალი; 
დაფიქრებული თვისთა ზრახვათა გაცაართობდა ქარვის მარცვალთა…”
ქარვა მცენარეთა ცვილისგან წარმოიქმნება. ერთი თეორიის თანახმად, ცვილით გამოიყოფა ჭარბი აცეტატი. ცვილი მცენარის ზრდის ინჰიბიტორი ან სტიმულატორია. ის მცენარის დაზიანებულ ნაწილს კურნავს და სოკოებსა და მწერებს აშორებს.

მერე ცვილი მიწაზე ეცემა, ნიადაგში იმარხება, ჟანგბადის გავლენით გარდაიქმნება და მყარდება. იქიდან მიწისქვეშა წყლების მეშვეობით წყალში ხვდება, სადაც ჟანგბადიანი ტუტე გარემო მასში ქარვამჟავასა და მის ეთერებს წარმოქმნის. უკანასკნელ ეტაპზე არა მხოლოდ ქარვა, არამედ მინერალი გლაუკონიტიც წარმოიქმნება. ეს მინერალი ყოველთვისაა ქარვით მდიდარ ადგილებში.

ქარვამჟავა, იგივე ბუტანდიმჟავა, დიკარბონმჟავაა, გვხვდება ქარვაში, მკვახე ნაყოფში, ყურძენში. ადამიანის ორგანიზმში კრებსის ლიმონმჟავას ციკლში შუალედური პროდუქტის სახით წარმოიქმნება. ოღონდ აქ მას უკვე სუქცინატი ეწოდება და არა ქარვამჟავა. საქმე ის არის, რომ ნეიტრალურ არეში კარბონმჟავების პროტონირებული ფორმები მეტაბოლიზმში მონაწილეობს და მათი სახელებიც იცვლება. მაგალითად, ლიმონმჟავა – ციტრატით, ფუმარმჟავა – ფუმარატით, ვაშლმჟავა – მალატით, რძემჟავა – ლაქტატით, ქარვამჟავა კი, როგორც გითხარით, სუქცინატით.

ალქიმიკოსმა აგრიკოლამ ქარვისგან თეთრი ფხვნილის სახით ქარვამჟავა (HOOC-CH2-CH2-COOH) მიიღო და ელექსირად, იმავე ფილოსოფიურ ქვადაც სწორედ ის აღიარა. მედიცინაში მისი გამოყენებაც დაიწყო, თუმცა განსაკუთრებული შედეგი არ მიუღია.

ქარვას ცოცხალს ვერაფრით უწოდებ, მაგრამ შემადგენლობით ცოცხალ ორგანიზმს შეესაბამება. ის ორგანული მჟავების მაღალმოლეკულური ნაერთია და შეიცავს: 79% ნახშირბადს, 10,5% წყალბადს, 10,5% ჟანგბადს. 100 გრამ ქარვაში 81 გ ნახშირბადი, 7,3 გ წყალბადი, 6,34 გ ჟანგბადი, ცოტაოდენი გოგირდი, აზოტი და მინერალური ნივთიერებებია. ჟანგვის პროცესში ჟანგბადის რაოდენობა იზრდება, სხვა კომპონენტებისა კი მცირდება. ქარვის ზოგადი ქიმიური ფორმულაა C10H16O, თუმცა  მინარევის სახით მასში 24-მდე ქიმიური ელემენტი გვხვდება:  Y , V , Mn , Cu , Ti , Zr , Al , Si , Mg , Ca , Fe , Nb , P , Pb , Zn , Cr , Ba , Co , Na , Sr , Sn , Mo,Yb.
ქარვას სხვადასხვა შეფერილობა აქვს. სამვალენტიანი რკინის იონები მას მომწვანო-მოყვითალო ფერს აძლევს. მოთეთრო-მოლურჯო შეფერილობა თუ შეამჩნიეთ, ე.ი. ტიტანს შეიცავს. თუ მუქი ყავისფერისკენ იხრება, მაშ, მის შემადგენლობაში იოდი და მურა წყალმცენარეები ჭარბობს.

ქარვის გამჭირვალობა მასში ჰაერის ბუშტუკების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ქარვა წყალში არ იხსნება, თუმცა ზოგიერთ ორგანულ გამხსნელში გახსნას ახერხებს: სპირტში – 20-25%-ით; ეთერში – 18-23%-ით; ქლოროფორმში – 20,6%-ით; ბენზოლში – 9,8%-ით; ცხელ კონცენტრირებულ აზოტმჟავაში – 100%-ით.
ძველმა ბერძნებმა შეამჩნიეს, რომ თუ ქარვას შალით გახეხავდნენ, მსუბუქ ნივთებს (ბუმბულს, ჩალას, ქაღალდს) მიიზიდავდა, მაგრამ ამ მოვლენის ბუნებაზე არაფერი იცოდნენ. 

მე-17 საუკუნეში ამ მოვლენით ინგლისელი ექიმი და ფიზიკოსი ჰილბერტი დაინტერესდა. თუ ქარვის ღეროს – შალით, მინის ღეროს კი აბრეშუმის ქსოვილით გახეხავდა და ერთმანეთს მიუახლოებდა, მათ შორის ნაპერწკალი გაიელვებდა.

ამ მოვლენას ჰილბერტმა ელექტრობა (ბერძნ. ქარვა) უწოდა, მაგრამ ვერ ახსნა.

მინა, ქარვა, ჰაერი ელექტრულ დენს არ ატარებს, მაგრამ მინის ღეროზე აბრეშუმის ქსოვილის ხახუნისას უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები ელექტრონები მინიდან ქსოვილზე გადადის, ამიტომ მინა პირობითად დადებით მუხტს იძენს.

ქარვა ფოროვანია, რისი წყალობითაც მასში იოლად აღწევს სითხეც და აირადი ნივთიერებებიც. ზოგიერთ ორგანულ ნივთიერებაში ის ჯირჯვდება და მისი მოცულობა 8%-ით იზრდება.

ქარვა მოვლას მოითხოვს. მასზე მეტი მზრუნველობა მხოლოდ მარგალიტს თუ სჭირდება. როდესაც ქარვის ნაჭერი თავის ბუნებრივ გარემოშია, ანუ ქვიშისა და ქვების გარემოცვაში წყალში ლივლივებს, თავს შესანიშნავად გრძნობს. უბრალოდ, მისი ზედაპირიდან ზოგიერთი ნივთიერება გამოირეცხება და ქარვა გლუვი ხდება. აი, ჰაერზე მოხვედრისას კი ნელ, მაგრამ მუდმივ ჟანგვას განიცდის, მუქდება, იბინდება და ზედაპირი ხორკლით ეფარება. ამიტომ ქარვის ნაკეთობას დროდადრო „წყლის პროცედურები” უნდა ჩავუტაროთ, მერე კი ფრთხილად გავამშრალოთ. შენახვითაც, ჯობს, სიბნელეში შევინახოთ.
კოშკურის თავზე ვდგავარ… ქვემოთ ქალაქია… ქალაქი ქარვისფერია… 
– რაზე ფიქრობ? – ჩამესმის უკნიდან.
ეს ჩემსავით ქალაქში მოსეირნე კოლეგა ამოსულა ზემოთ და შეუმჩნევლად წამომდგომია თავს.
– ქარვისფერ ცხოვრებაზე, – ვიცინი
– ისეთი ხედია, რაიმე ლექსი მოუხდებოდა. შეგიძლია, რამე წაიკითხო ქართულად? თუნდაც ერთი სტროფი.
– „თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი, 
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს, 
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი, 
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს…” – ვიხსენებ გალაკტიონს.
– ლამაზად ჟღერს. რაზეა?
– ქარვაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი