ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„სურამიადა“

ცნობილია, რომ ხშირად რეალობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში შემოქმედის მიერ იმდენად ვირტუოზულად (თუმცა ხშირია უნიჭო მოდელირების შემთხვევებიც) მოდელირდება, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ მათ შორის ზღვარი იშლება და მოდელირებული რეალობაც სინამდვილე გვგონია ხოლმე. ამის გამო ლიტერატურაც და ხელოვნებაც პროპაგანდის ნაწილად რომ იქცევა ხოლმე, ესეც კარგადაა ცნობილი. ყველასათვის ცნობილი ეს ჭეშმარიტება ერთმა ამბავმა გამახსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ წიგნშია მოთხრობილი და ჩემს მოსწავლეს ვურჩიე, კვლევის დროს გამოეყენებინა (აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წიგნში ბევრი საყურადღებო ცნობაა ისტორიულ მოვლენებსა და ისტორიულ მოღვაწეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დღიური გამოირჩევა მიკერძოებულობით და ამ ჟანრის „ნაწარმოებებში” ამბების სელექცია-ფილტრაცია ავტორის მიერ ხშირ შემთხვევაში გასაგები მიზეზების გამო ემოციურ ფონზე ხდება, ის მაინც ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს კვლევის პროცესში) ეს წიგნი, მოქალაქე-მღვდლის ნიკიტა თალაქვაძის დღიური, რომელიც ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა. „მოქალაქე-მღვდელი” – ეს უცნაური ტერმინი თავად ავტორს, ნიკიტა თალაქვაძეს, ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის დღიურის დასათაურებებიც, რომლებიც უცვლელადაა წიგნში გადმოტანილი. ერთ-ერთი თავის სათაურია „სურამიადა” და მას ავტორი რამდენიმეჯერ უბრუნდება, შესაბამისად, ამბავს რამდენიმე ათეული გვერდი ეთმობა. როგორც ირკვევა, 1922 წელს კინოთეატრ „აპოლოში” დანიელ ჭონქაძის ნაწარმოების „სურამის ციხის” მიხედვით გადაღებული ფილმის (რეჟისორი პერესტიანი) ჩვენება გამართულა. ფილმის დასაწყისში გამოჩნდა ფილიპე მახარაძის ფოტო, რადგან 1902 წელს მან დაწერა დანიელ ჭონქაძის ქება-დიდებით გაჯერებული ნაშრომი „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო” (წიგნი გამოიცა ჯერ 1904, მერე კი – 1929 წელს), რომელშიც „მკვლევარმა” მწერალი პირველ რეალისტად მიიჩნია. ამით მახარაძემ სხვა მწერლებზე წინ წამოსწია ჭონქაძის ღვაწლი ლიტერატურაში. უცნაურია, მაგრამ ფაქტი, რომ ფილიპე მახარაძემ თვალი დახუჭა, როდესაც მასთან დაახლოებულმა სასულიერო პირმა, ვინმე თოთიბაძემ, ვერის სასაფლაოზე ყველასაგან მივიწყებულ საფლავზე საგანგებო პარაკლისიც კი სპეციალურად მიწვეულ კათალიკოს ამბროსი ხელაიას გადაახდევინა, რათა ყველას გაეცნო ეს დიდებული მწერალი. მწერალი მალევე გაიცნო საზოგადოებამ და სწორედაც ფილიპე მახარაძის მცდელობით დამკვიდრებული კუთხით. ამას ხელი შეუწყო ტექსტის ფილმად ეკრანიზაციამაც. ნაწარმოების ეკრანიზაციამ ხალხზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და ჩვენების დასრულების შემდეგ დიდხანს არ წყდებოდა მაყურებლის ყიჟინა: „ძირს სამღვდელოება!” გადამღებმა ჯგუფმა და ჩვენების ორგანიზატორებმაც იმდენად კარგად წარმოაჩინეს ძველი და ახალი დროის განმასხვავებელი ნიშნები, რომ პატარა ბავშვიც კი ადვილად მიხვდებოდა სათქმელს. ფილმი სრულდებოდა წარწერით : „ეს იყო ძველი საქართველო”, ამის შემდეგ კი ეკრანი დაეთმო ახალ მოღვაწეთა სურათების თანმიმდევრულ ჩვენებას. ეს ახალი მოღვაწეები იყვნენ ის დიდი კომუნისტები, რომელთაც მშვიდობა მოუტანეს ქართველ ხალხს. ფილმის ნახვის შემდეგ სამღვდელოება საყოველთაო უკმაყოფილებამ მოიცვა. დაბნეული სასულიერო პირები ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ „სურამიადაში” ჩართულობა. საჭირო გახდა, შეწუხებული საზოგადოების დასამშვიდებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო. ამ მიზნით კათალიკოსმა საქმის გამოძიება დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძეს მიანდო და 6 დეკემბერს წმინდა მარინეს ტაძარში მოიწვიეს კრება, რომელზედაც მოხსენება წაიკითხა „გამომძიებელმა”. ამ კრებაზე „სურამიადაში” მონაწილე პირები თავის გამართლებას შეეცადნენ, აღნიშნავდნენ, რომ სამარცხვინო იყო მათი გამოყენება სარწმუნოების შესაბღალად. მაგრამ მათ გულისწყვეტას უფრო ის ფაქტი იწვევდა, რომ გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ფილმში მათი მონაწილეობა შემდეგი წარწერით იყო აღნიშნული: „Суеверие, мрак, невежество”, ხოლო თავიანთ რეალურ დანაშაულს ვერ ან არ იაზრებდნენ. როგორც ნიკიტას დღიურში ვკითხულობთ, ყველაფერი ასე დაწყებულა: 1922 წელს გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა სხვადასხვა ამბებიდან და მოთხრობებიდან ამოღებული სურათების სრულიად სხვა მოვლენებისთვის დაკავშირება. ამგვარი რამ კი სრულიად გაუმართლებელია, რადგან ამბის ანალიზი აუცილებლად კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს და მისი კონტექსტიდან ამოგლეჯას აბსურდამდეც მივყავართ. სწორედ ფსევდოხელოვანთა ამ ჯგუფმა განიზრახა დანიელ ჭონქაძის მოთხრობის ეკრანიზაციაც. ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, კერძოდ, ჩამოსანგრევად განწირული სურამის ციხის ასაშენებელი კედლის  საკურთხევლად, რომელშიც დედისერთა ზურაბი უნდა ჩაეკირათ, მათ დასჭირდათ სამღვდელოების გამოყენება. მოთხრობის მიხედვით, მღვდელს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ზურაბის ბედის გადაწყვეტაში. ფილმის მიხედვით კი, ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ეკლესია გამოდიოდა. ნიკიტას აზრით, მიზანი ერთადერთი იყო: მაყურებლის ინდოქტრინიზაცია – თითქოს მჩაგვრელ ბატონებს უღირს და ბინძურ საქმეებში მთელი სამღვდელოება უჭერდა მხარს. ამ გეგმის განსახორციელებლად გადამღები ჯგუფი დეკანოზ ცინცაძეს დაუკავშირდა. მათ ამ საქმისთვის დიდძალი თანხა გაიღეს. დეკანოზმა, როგორც ჩანს, იცრუა, რომ საქმე კათალიკოს ამბროსისთან მოაგვარა. გადაწყდა, რომ პირველ აგვისტოს ბოტანიკურ ბაღში აღესრულებინათ წყალკურთხევის რიტუალი. საქმის ინიციატორებმა (გრუპელებმა, როგორც ავტორი მათ ეძახის) ფილმში გადასაღებად ისეთი სასულიერო პირები შეარჩიეს, რომლებიც გარეგნობით „ძველი დროის სამღვდელო პირებს ჰგავდნენ” და მათ სათავეში ჩაუყენეს სოხუმიდან ახლა გადმოყვანილი ეპისკოპოსი იოანე, რომელიც კათალიკოსის ნებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. გადაღების პროცესში ეპისკოპოს იოანეს დეკანოზი ცინცაძე კარნახობდა, რა წაეკითხა ლოცვისას და რა არა. ამ ფაქტმა იოანე აღაშფოთა, იგი მიხვდა, რომ რაღაც დაკვეთის მსხვერპლი გახდა, მაგრამ საქმე უკვე გაკეთებული, უფრო სწორად, გაფუჭებული იყო. თავად ნიკიტა თალაქვაძე მხოლოდ იმიტომ არ მიიწვიეს ფილმში სათამაშოდ, რომ იგი არ ჰგავდა ძველი დროის მღვდლებს. ნიკიტა აღნიშნავს, რომ გადაღებაში მონაწილე მამებმა ქართულ სამღვდელოებას ნამუსი ახადეს და ამ ქმედებით მთელ ქვეყანაზე მოეჭრათ თავი. მას კათალიკოსის მხარდაჭერაც უკვირს, რადგან, თუკი ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციის მიმართვით სოციალ-კომუნისტების წინააღმდეგ გაილაშქრა, ახლა მან სოციალ-კომუნისტთა საეჭვო იდეას შესწირა სამღვდელოების პრესტიჟი. წმინდა მარინეს ტაძარში წარმოთქმულ სიტყვაში ავტორი სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ფილმის გადამღებ ჯგუფს სრულებით არ აინტერესებდა ისტორიული სინამდვილე, მათთვის მხოლოდ აგიტაციური მხარე იყო მთავარი. თორემ რა უნდოდა სტატისტების პოვნას და ფილმში მათ დასაქმებას?! ნიკიტასთვის მთელი ფილმი სიყალბეზე იყო აგებული, სურამის ციხის ნაცვლად თბილისის ციხის გამოყენებაც და მთელი რიტუალიც, ისევე როგორც, მისი აზრით, ამ მზაკვრული გეგმის განხორციელების გზაზე ჭონქაძის საფლავზე პარაკლისის გადახდაც პირველი ნაბიჯი იყო.  

     რამდენად ობიექტურია თავის შეფასებებში ნიკიტა თალაქვაძე, ეს  ცალკე კვლევის საგანია. ჩემთვის კი საინტერესო სხვა რამეა. არქაულ რიტუალს, რომელიც ოდითგან არსებობდა უამრავ კულტურაში და კედლებსა და ხიდებში მსხვერპლის ჩატანებას გულისხმობდა, შინაარსი გამოეცალა და ხალხის მეხსიერებაში ინტერპრეტირებული სახით დარჩა.  შემდეგ ეს ინტერპრეტირებული რიტუალი, რომელიც ლეგენდებად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მწერლისთვის სიუჟეტად გადაიქცა და სრულიად განსხვავებული ახსნა გამოეძებნა ძველ წესს. ბოლოს კი ახალი დამატებებით ადგილი დაიმკვიდრა ეკრანზე (აქ აღარ ვისაუბრებ ფარაჯანოვის ფილმზე). შემოქმედს, მით უმეტეს, თუ ნიჭიერია ის, ყველანაირი ექსპერიმენტი „ეპატიება”; პოლიტიკოსთა პროპაგანული მიზნებისთვის კი ხელოვნების გამოყენება, ჩემი აზით, ძნელად საპატიებელია. თუმცა რას ვიზამთ? სამწუხაროდ, ყოველთვის ყველა ეპოქასა და ყველა ქვეყანაში გამოიძებნებიან ისეთი შემოქმედები, რომლებიც გაიყიდებიან და ნიჭს ხელოვნებისთვის კი არა, რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის დახარჯავენ.        

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი