ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ათას წვრილმანზე…

ეკრანზე  911 აინთო, ეს ნიშნავს, რომ ჩემი რიგია. სადაზღვევო კომპანიაში ვარ, სამოგზაურო დაზღვევას ვაფორმებ. 911-ე კი ვარ, მაგრამ მოცდა სულ ათიოდე წუთი მიწევს. შემდეგ, რაღაც მიხვეულ-მოხვეულ დერეფანს გავივლი და სადაზღვევო აგენტის წინ აღმოვჩნდები. ოდესაში მივდივარ ვორკშოპზე, თემა კვლავ ბუნებრივი გამწმენდი სისტემებია. ეს ვორკშოპი უკვე ორჯერ გადაიდო და ორივეჯერ ტყუილად. ოდესაში სიმშვიდეა. 

– როდემდე გსურთ დაზღვევა?

– 20-ის ჩათვლით… თუმცა, არა, მოდი  23-ის ჩათვლით იყოს, თუ სიტუაცია აირევა და ჩავრჩები,  ერთი-ორი დღეც მექნება.

სადაზღვევო აგენტი სათვალეს იხსნის და ისე მიყურებს. ეტყობა, პირველად ხედავს მგზავრს, რომელიც შესაძლო მომავალ არეულობაში მოხვედრაზე აბსოლუტურად გულგრილად საუბრობს. 

თვითმფრინავის სალონში გვერდით ვიღაც ბატონი ჯდება და მაშინვე ეტყობა, რომ ზედმეტ კილოგრამებს გვარიანად შეუწუხებიათ. ვერაფრით ეწყობა, უსაფრთხოების ქამარი უჭერს და მის გაფართოებას დიდი სიბეჯითით ცდილობს.  იმის გამო, რომ ფრენა სულ ორსაათ-ნახევარია და ავიაკომპანიას ჩვენი კვების ვალდებულება აქვს აღებული, როგორც კი შესაბამის სიმაღლეზე ავდივართ, მაშინვე გამასპინძლების  თადარიგს იჭერენ. 

– რას დალევთ? – ბორტგამცილებელი გოგონას შეკითხვაზე, ჩემს გვერდით მჯდომი ბატონი დაუფიქრებლად პასუხობს – ვაშლის  წვენსო. აბა, გაზიან სასმელს ხომ არ დავლევო, ჩუმად ქირქილებს.

– თქვენ რას ინებებთ? ახლა უკვე მე მეკითხებიან.

– წყალს.

– წვენი აიღეთ, მირჩევს მეზობელი, ყუათს მოგცემთ. მეც ვუღიმი, ოღონდ წყალს ვირჩევ, წვენი მალევე მომაშივებს.
 მაშ ასე, საშუალო ასაკის კაცმა, რომელიც ზომიერად ფერ-ხორციანი გახლდათ და ეტყობოდა არც სპორტულ დარბაზებში სიარულით იწუხებდა თავს, საუზმეზე მისაყოლებლად ვაშლის წვენი აირჩია და არა გაზიანი სასმელი. თუმცა შეეძლო დასალევად წყალი აეღო და ვაშლი ბუნებრივი სახით მიეყოლებინა. 

თვითმფრინავში ვაშლის წვენი ჰქონდათ, თორემ, რასაც ქვემოთ დავწერ, ნებისმიერი ხილის წვენზე შეიძლება გავრცელდეს. თითქმის ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ახალ გამოწურული ხილის წვენი სასარგებლოა, მრავალ ვიტამინს შეიცავს (და ეს სრული სიმართლეა) და ხშირად მას წყლის ნაცვლადაც კი მიირთმევენ.  გაზიანი  სასმელები  კი სასარგებლო არ არის (და ესეც სრული სიმართლეა). 

სხვათა შორის, პირველი გაზიანი სასმელი პრისტლიმ გამოიგონა. ჯერ იყო და გაზებით დაინტერესდა და ჟანგბადი აღმოაჩინა, შემდეგ ადგა და ნახშირორჟანგის შეგროვება ვერცხლის წყლით სავსე ჭურჭლის თავზე დაიწყო, ასე ნაკლები დანაკარგი იქნებაო. შემდეგ კიდევ, ეს მოგროვებული ნახშირორჟანგი სასმელში გაატარა და მას შემდეგ ხალხი ფერად ლიმონათებს სვამს და სვამს… თუმცა…

თუმცა, მოდით ვცადოთ და ეს ორი სასმელი (ხილის წვენი და გაზიანი) ერთმანეთს შევადაროთ. ორ ჭიქაში ავიღოთ 250 მლ ოდენობით წვენი და გაზიანი სასმელი, 126 კკალორია  წვენშია, გაზიანში კიდევ  140 კკალორიაა.  დამეთანხმეთ, 14 კკალორია დიდი  არაფერი სხვაობაა. სიტყვამ მოიტანა და ეს ავად სახსენებელი კალორიები რის ხარჯზე წარმოქმნება? ნახშირწყლების ხარჯზე. ამ სასმელებში მარტივი შაქარი გლუკოზაა.   გლუკოზა გრამებით რომ გადავთვალოთ, რამდენი იქნება ერთ ჭიქა (250მლ) ახლადგამოწურულ წვენში? 47 გრამი, ანუ დაახლოებით 5 ჩაის კოვზი. გაზიანი სასმელის იმავე რაოდენობაში კი 47, 4 გრამია. ჰმ, არც ამ მხრივ არის დიდი სხვაობა.

ახლა, უმრავლესობისთვის ნაცნობი სახალისო ექსპერიმენტი „სპილოს კბილის პასტა” წარმოიდგინეთ. ხომ გახსოვთ? მრავალი თქვენგანი ამ ცდას ხშირად აკეთებს, იოლი და სახალისოა.  წყალბადის პეროქსიდს ვამატებთ კალიუმის იოდიდის ხსნარს, რომელიც ამ შემთხვევაში პეროქსიდის დაშლის კატალიზატორს წარმოადგენს. კოლბიდან, სადაც პეროქსიდი ასხია, უზარმაზარი ქაფი ამოვარდება. 

სწორედ ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სისხლში გლუკოზის ამოფრქვევა ერთი ჭიქა წვენის დალევის შემდეგ. ანუ, სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მოიმატებს. მოიმატებს ინსულინის რაოდენობაც, რომელმაც გლუკოზის უტილიზაცია  უნდა მოახდინოს.  თუმცა, ცოტა ხანში კვლავ მოგშივდებათ და იძულებული იქნებით კვლავ რაიმე მიირთვათ… ან ისევ წვენი ან… ნოყიერი საჭმელი და შედეგი წონის მატება იქნება.

ასე რომ,  ფრენის განმავლობაში ჩემს მეზობელ ბატონს ჩემსავით  უბრალო წყალი უნდა აერჩია, ან მწვანე ჩაი (უშაქრო), ან ბოლოს და ბოლოს ვაშლის წვენი ვაშლით ჩაენაცვლებინა. თუ მკითხავთ რატომო, პასუხი მარტივია. ვაშლის ჭამისას მივირთმევთ იმ უჯრედისს, რომელიც წვენის გამოწურვის დროს უბრალოდ გადავაგდეთ. უჯრედისი გლუკოზის მყისიერ შეწოვას ხელს შეუშლის. შესაბამისად, სისხლში არ იქნება გლუკოზის ის „შადრევანი”, რაც წეღან ქიმიური ექსპერიმენტის მეშვეობით შევეცადე მეჩვენებინა. ასე რომ,  მალეც აღარ მოგშივდებათ.  წვენზე თუ უარს ვერ ამბობთ, მაშინ უბრალოდ ახლადგამოწურული წვენი წყლით განაზავეთ. ასე, ვიტამინებსაც შეუნარჩუნებთ და შაქრიანობის და კალორიულობის დონეს დაბლა დასწევთ.

ოდესაში სიმშვიდეა. ქალაქი ჩვეულებრივ ცხოვრობს. ოპერის თეატრში, რომელიც არქიტექტურის და აკუსტიკის მიხედვით მსოფლიო თეატრების ხუთეულში შედის „ტრავიატა” გადის. ამ თეატრში უკვე მეორედ ვარ, ადრე ბავშვობაში ვიყავი, მაშინ „ლაკმე” გადიოდა. ოდესელები ხუმრობენ, ოდესაში არ ხარ ნამყოფი, თუ ოპერაში არ ყოფილხარო.  ოპერაში კიდევ ნამყოფი არ ხარ, თუ დარბაზის მოხატული ჭერი და ჭაღი კარგად არ დაგითვალიერებიაო (შესვენებების დროს, ბუნებრივია). თურქი კოლეგები ოპერაში პირველად არიან. შთაბეჭდილებებით ადუღებულები ხელებს არ ინანებენ, რომ ტაში რაც შეიძლება ხმამაღლა დასცხონ და სოლისტებს აღტაცება აჩვენონ. იეტერს ცრემლებიც კი აქვს მომდგარი. ეს ჩვენებური „ეთერის”  თურქული ვარიანტი არ გეგონოთ. ეს „იეტერია” და ნიშნავს „კმარას”. სწორედ, ასე უბრძანებია მის ბაბუას, როცა ოჯახში მერვე ნომრად კვლავ გოგო დაბადებულა და ასეც დაურქმევიათ -„იეტერ”, ანუ საკმარისიაო ამდენი გოგო. თუმცა, ცხოვრებაში ოცნებები ზოგჯერ ახდება ხოლმე და ნომერი ცხრა  უკვე ვაჟი ყოლიათ. სახელის კითხვა დამავიწყდა, ალბათ „დიდხანს გელოდით” თუ დაარქმევდნენ.

სპექტაკლის შემდეგ კაფეში შევდივართ. თერთმეტია დაწყებული. არადა, რამეს კი შეჭამდა კაცი.  ღამე ჭამაზე ზოგჯერ სული ყველას წაგვძლევს ხოლმე. 

ჩვეულებრივი ფიზიოლოგიაა, სისხლში ინსულინი გლუკოზას აითვისებს და როგორც კი სისხლში შაქრის კონცენტრაცია  მცირდება, ტვინი ახალ დოზას თხოულობს, ჩვენ კიდევ გვშია. აქ საუკეთესო გამოსავალი წყლის დალევაა. კუჭი ივსება და ტყუვდება. ან ჩაიც შეგიძლიათ დალიოთ.

ჰოდა, კაფეში შესვლისას  მე მწვანე ჩაი მინდა, იეტერს ზედმეტი კალორიების ეშინია, ჩაიზე ყოყმანობს. არადა, შია  და მოწყენილი მეკითხება, იქნებ რაიმე  გაზიანი ტკბილი სასმელი დავლიოო?… საბოლოოდ, ყველანი ჩაიზე ვთანხმდებით, თან ვსაუბრობთ. როგორც ქიმიკოსს, შეკითხვას მისვამენ, თუ ჩაის დიდხანს დავაყოვნებთ, შეიმღვრევა და რატომო. მეცინება, თუ ჩაის დააყენებ, დალიე ბარემ, რაღა ამღვრევას უცდი, მაგრამ კითხვა მიღებულია და უნდა უპასუხო. 

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩაი ფაქტობრივად ერთი დიდი ქიმიური საწყობია. მის შემადგენლობაშია ცილები, ამინმჟავები, ეთერზეთები, ვიტამინები (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით PP ვიტამინია). თუმცა, ჩაის ფოთლის სული და გული ტანინია. სწორედ ეს ნივთიერება აძლევს მას განსაკუთრებულ, დამახასიათებელ გემოს. ტანინები ფენოლის ჯგუფს მიეკუთვნებიან და დიდი რაოდენობით OH ჯგუფებს შეიცავენ. ტანინები ჩაის გარდა, მუხის, აკაციის, ბროწეულის, ხურმის ქერქში, ფოთოლსა და ნაყოფში  გვხვდება. ხომ გაგისინჯავთ დასამწიფებელი ხურმა. პირი ისე გვემწკლარტება, თითქოს ანესთეზია გაგვიკეთესო. ჰოდა, სწორედ ანესთეზიას გვიკეთებენ ტანინები. სწორედ ისინი ადედებენ ჩვენს ნერწყვში არსებულ ცილას, რომელიც წარმოქმნის აპკს და ნერვულ დაბოლოებებს ზედ ეფინება, რომ გაღიზიანებისგან დაიცვას.  შედეგად, მგრძნობელობის ხანმოკლე დაკარგვაა, რომელიც აპკის დაშლისთანავე აღდგება.  ჰოდა, სწორედ ტანინების გამო შეიმღვრევა ჩაი, თუ დიდხანს დავაყოვნებთ. მაღალ ტემპერატურაზე ტანინები წყალში კარგად იხსნებიან. როცა წყალი ცივდება, ისინი გამოილექებიან. ასეთ ჩაის თუ წყლიან აბაზანაზე  გავაცხელებთ, სითხე კვლავ გამჭირვალე ფერის გახდება, რადგან ტანინები ისევ გაიხსნებიან. სწორედ ტანინების გამო, ჩაის დაყენება მეტალურ ჭურჭელში არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება რკინის მაღალი შემცველობის მქონე წყლის გამოყენება ჩაის დასაყენებლად. როდესაც მეტალურ ჭურჭელს ვახსენებ, სწორედ რკინის შემცველს ვგულისხმობ, თორემ ალუმინის ნაკეთობაში ლაშქრობისას, დააყენეთ შიგ ჩაი რამდენიც გენებოთ. ალბათ, იკითხავთ, რას გადაეკიდა ამ რკინასო. 

სინჯარაში ჩაასხით ჩაის ნაყენი და დაამატეთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარი.  ხსნარი მომენტალურად შეიცვლის ფერს და შავში გადავა. ესეც ფაქტი, რომ ჩაის გაკარება რკინასთან არ შეიძლება.  ამ რეაქციის წყალობით  ძველად, ჩაის როგორ უხილავ მელანს იყენებდნენ. ანუ, ჩაის მეშვეობით საიდუმლო წერილს დაწერდნენ და რკინის რომელიმე მარილის ხსნარით გაამჟღავნებდნენ.

ოპერის თეატრი ჩვენი სასტუმროს გვერდითაა. კაფე ოპერის გვერდით. გამოდის, რომ ერთი ჩარბენა გვინდა სახლამდე.  სახლში  წყალს გავიყოლებ. რა ვიცი, ღამე რომ მომშივდეს?…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი