ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სპორტის ტრადიცია საქართველოში

საქართველოში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არა მარტო იცნობდნენ სპორტულ თამაშობებს, არამედ თავად ატარებდნენ მასშტაბურ ასპარეზობებს. საქართველოში ფიზიკური ვარჯიშებისა და სპორტული ასპარეზობების სიძველეს მრავალი ისტორიული წყარო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა ადასტურებს.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებიდან ყველაზე ძველი აპოლონიოს როდოსელის მიერ ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში დაწერილი ცნობილი „არგონავტიკაა”. ავტორს ნაშრომში აღწერილი აქვს „კოლხური ასპარეზობები”, რომლებსაც კოლხები, ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში, დაღუპული გმირების მოსაგონებლად ატარებდნენ. „არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”. როდოსელის ეს ცნობა საქართველოში სპორტული ასპარეზობების სიძველეს ადასტურებს და ქართველებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია. მასზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინ ქართველებს სპეციალურად მოწყობილი საასპარეზო მოედანი ჰქონიათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე არსებობდა ფიზიკური ვარჯიშების, წვრთნისა და ასპარეზობების მოწყობის მაღალი კულტურა.

მართალია, ჩვენამდე შემორჩენილ წყაროებში არ მოიპოვება ცნობები ქართველთა ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ ქართველები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თავად ატარებდნენ ელინთა ოლიმპიადის მსგავს ხალხმრავალ სპორტულ თამაშებს. მკვლევარ-ეთნოგრაფი ივანე გვარამიძე გაზეთ “დროებაში” (17 ოქტომბერი 1882წ.) აღწერს, ე. წ. “მესხურ შეჯიბრებებს”, რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა. მსგავსი ტურნირების კვალი არმაზობის სახალხო დღესასწაულის ქრონიკებშიც გვხვდება ცნობილი სანახაობის “ყეენობის” სახით.

საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობებს მხოლოდ სპორტული და სანახაობითი დანიშნულება არ ჰქონია. ქართველების ცხოვრების წესი, კავკასიის მკაცრი ბუნებრივი პირობები და განუწყვეტელი ბრძოლები განსაკუთრებულ სიძლიერეს, გამძლეობას, მოხერხებულობას, გაწვრთნილობასა და მრავალმხრივ სამხედრო მომზადებას მოითხოვდა. ცხადია, ასეთი გეოგრაფიული და ისტორიული რეალობიდან გამომდინარე ფიზიკური აღზრდის სისტემა საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მას გამორჩეული ადგილი ეკავა ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სახალხო დღესასწაულებსა თუ სხვა დღეებში გამართული შეჯიბრებები ახალგაზრდების წვრთნას უწყობდა ხელს.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ადრეულ საუკუნეებში საქართველოში ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ პირის მეფედ დასმისას აუცილებელი იყო, რომ ის ქვეყნის მართვისთვის საჭირო გონებრივი მონაცემებისა და უნარ-ჩვევების გარდა, საბრძოლო საქმეში დახელოვნებული და ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული, სხვებზე აღმატებული და მძლე უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია ომის მიმდინარეობის მაშინდელი წესებით იყო განპირობებული.

თითქმის ყოველ ბრძოლაში უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე დაპირისპირებულ მხარეებს გამოყავდათ ერის გამორჩეული გმირები. ისინი იყვნენ მამაცობით, მოხერხებულობითა და ფიზიკური შესაძლებლობებით გამორჩეული მეომრები, ანუ, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ “ბუმბერაზები”, რომლებიც ბრძოლის ველზე საომრად მომზადებული ჯარისკაცების თვალწინ ერთმანეთს ერკინებოდნენ. ასეთი ორთაბრძოლები ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გამარჯვება ან დამარცხება ქვეყნის პრესტიჟის საქმე იყო და ნაწილობრივ ბრძოლის ბედსაც კი განსაზღვრავდა, რადგან ბრძოლის დაწყების წინ ის მეომრებზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ ორთაბრძოლებში უმეტეს შემთხვევაში მეფეები მონაწილეობდნენ და შერკინება თითქმის ყოველთვის დამარცხებულის სიკვდილით მთავრდებოდა, ადვილი გასაგებია, თუ რატომ იყო მოთხოვნა, რომ ქვეყნის პირველი პირი ფიზიკური მონაცემებით ყოფილიყო გამორჩეული.

მემატიანეები სხვადასხვა ეპოქაში ქართველი მეფეების ტიტულატურის ჩამოთვლისა და დახასიათების დროს ფიზიკურ სიძლიერეს განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ, რასაც ხშირად ვხვდებით ისტორიულ წყაროებში. ასე მაგალითად, მეფე მირვანზე, იგივე მირიან I-ზე, რომელიც ძვ. წ.აღ.-ის 230-180 წწ. მეფობდა, ვკითხულობთ „მირვანი იყო ტანითა სრული, მშვენიერი, ძლიერი, მხნე და ქუელი”. 230-265 წლებში ქართლში (იბერიაში) მეფობდა მეფე ამაზასპი, რომელზეც ვკითხულობთ „იგი იყო კაცი ძლიერი და გოლიათი”.

არაერთი ჩანაწერი გვხვდება მეფე ვახტანგ გორგასალზე, მეფე დავით აღმაშენებელზე, მეფე ერეკლესა და სხვა ქართველ მეფეებზე და გმირებზე, რომლებიც თავისი ფიზიკური მონაცემებით, შიშს გვრიდნენ მოწინააღმდეგეს და მხნეობას მატებდნენ ქართველ მეომრებს. მეფე ვახტანგ გორგასალზე, ვკითხულობთ, რომ თურმე ერთხელ მას ნადირობის დროს ირემმა რქებით ცხენი დაუზიანა რის შემდეგაც მეფემ დაჭრილი ცხენი მხრებზე შეისვა და არმაზის ციხემდე ისე აიყვანა. „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2,40მ) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს”. „იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქაჲ და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა”.
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი