ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ახალი სემიოზისი

კულტურულმა პარადიგმამ – „შეშლილობა და შემოქმედება” – 21-ე საუკუნეში ინტენსიურად შემოაბიჯა. „მოდერნიზმში და ავანგარდში შემოვიდა შეშლილობის სემიოტიზაციის პროცესი, როცა ფსიქოპათოლოგია ხელოვნების სამსახურში ჩადგა. მე-20 საუკუნის ხელოვნებაში უზარმაზარი როლი ითამაშეს შიზოფრენიულმა სამყაროებმა. პარანოიდულმა სისტემებმა ბევრად განსაზღვრეს ევროპული ფაშიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის სოციოკულტურული სისტემები.
შესაბამისად, მხატვრულ შემოქმედებაში პარანოიდული დისკურსი კვლევის საგნად იქცა. ზოგადად, ნორმის რღვევა შემოქმედებისათვის და შემოქმედთათვის ნორმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია „ჭკუისმიღმურ” ენაზე, სრულ „ბოდვაზე” შემოქმედებაში, რომელიც ნიშანდობლივი გახდა თანამედროვე მხატვრული ლიტერატურისათვის. თუ მხატვრულ ტექსტს განვიხილავთ აგრეთვე, როგორც ერის ცნობიერების მდგომარეობას, მაშინ ფსიქოანალიზის მოშველიებით შესაძლოა გარკვეული დასკვნების გამოტანაც. ამ შემთხვევაში კი, ჩვენი ამოცანაა პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურული პროცესების ანალიზი (და არა შეფასება) ამ მიმართულებით და გამოვლენა იმ სემიოტიკური ნიშნებისა, რომლებიც დამახასიათებელია მხატვრულ შემოქმედების ამ ნაკადისათვის. პირობითად ამგვარ შემოქმედებას ვუწოდებთ „ალტერნატიულ პოეზიას”.

ბუნებრივია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხატვრული ლიტერატურაში „ბოდვა” მართლაც ბოდვას ნიშნავდეს და სხვას არაფერს. ნეტარი ავგუსტინე დიალოგში „მასწავლებლის შესახებ” საინტერესოდ განიხილავს ნიშნებს, საგნებსა და სიტყვებს: „საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნები,” – წერს იგი და აგრძელებს, რომ „სიტყვებს აქვთ ნაკლები მნიშვნელობა, ვიდრე იმას, რისთვისაც ისინი გამოიყენებიან… სახეზე გვაქვს ოთხი რამ: სახელი, საგანი, სახელის შეცნობა და საგნის შეცნობა.” ნიშნის სემიოტიკის გაშიფვრა – ეს არის გზა შეცნობისაკენ.
„შეშლილობა” მხატვრულ ტექსტში მეტაფორული ხასიათისაა, ტროპია ან ფიგურა, გამოხატვის პლანია და არა შინაარსის პლანი. სინამდვილეში შეშლილობის პოეტიკა ნიშანია, რომელიც უნდა გაიშიფროს… გარკვეული იდეის „შეფუთვაა”, რომლის ახსნით ვხსნით მთავარ შინაარსს.

ყოველგვარი ზღვრის მოშლა პოეტურ ტექსტებში და ერთგვარი ბოდვა „სხვა” სამყაროსთან ზიარებაა, რომელსაც ჩვეულებრივი ფსიქიკა ვერ გამოავლენს. პოეტის „შეშლილობის პარადიგმაში” ყოფნა არ ნიშნავს, რომ მართლა შეშლილია, მას შეუძლია ამ პარადიგმიდან გამოსვლა და დაბრუნება ჩვეულებრივ მდგომარეობაში (თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან), რადგან შეშლილობა ფსიქიკის შეცვლილი მდგომარეობაა და არა გონების სისუსტე. კარლ იასპერსი წერს ამ მდგომარეობის შესახებ „ზოგად ფსიქოპათოლოგიაში”: „იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ ბოდვითი იდეა, აუცილებელია, გავთავისუფლდეთ იმ წარმოდგენისაგან, თითქოს ის ეფუძნება გონების სისუსტეს. ამ უკანასკნელთან ნებისმიერი დამოკიდებულება ატარებს ფორმალურ ხასიათს…”

ალტერნატიული პოეზია

პოსტკოლონიურმა რეალობამ ქართულ ლიტერატურულ პროცესებში გაააქტიურა ე.წ. ალტერნატიული პოეზია, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელი მოვლენაა (მაგალითად, „ნონსენსის” ლიტერატურა ინგლისში (ედუარდ ლირი (1812-1888), ლუის კეროლი (1832-1898); მე-20 საუკუნეში კი აბსურდის თემას პოეზიაში აგრძელებენ „როკ-პოეზიის” წარმომადგენლები, რომლის თვალსაჩინო ნიმუშია კონცეპტუალური ალბომი ჯგუფისა „Pink Floyd”: „The Dark Side of the Moon”(1973); ბიტნიკების პოეზია, სიმბოლისტები, დადაისტები, ავანგარდიზმი და სხვა).

ქართულ რეალობაში 90-იანი წლებიდან არსებობდა ალტერნატიული პოეტური დაჯგუფებები: 90-იანელების: „რეაქტიული კლუბი”, „ქრონოფაგები”, „ბებერი პოეტების ორდენი”, „დემონები” და ბოლო დროის: „ვარდისფერი ავტობუსი” და „სამკაული” (დღეისთვის ყველა დაჯგუფება დაშლილია).

თითოეულ დაჯგუფებას თავისი მანიფესტი ჰქონდა, მაგალითად, „ვარდისფერი ავტობუსის” პოეტები მანიფესტში წერენ: „პოეზია – ტრანსლაციის საშუალებაა. წარმოდგენის ღვთაებებს ვუხმობ, ვთხოვ, რომ ხილვები გაათავისუფლოს, გათენდეს ამ წუთში, აქვე დავრჩეთ და თან წავიდეთ. გამოვიდეთ და თან შევიდეთ. ავჯანყდეთ და თან შევრიგდეთ. ეს არ ხერხდება. საჭიროა განადგურდეს ურთიერთობები ნაცვალსახელების ზედაპირულობით, შემდეგ დაიწყოს ადამიანთა დაახლოების პროცესი, რომელიც არასოდეს დასრულდება. „შენი მეზობელი დაფარული არსია შენი, დამდგარი წყლები მის ლანდს აირეკლავს, რომელშიც თუკი კარგად დაუკვირდები, საკუთარ თავს და სახეს დაინახავ”…

გრძელდება ჩვენება ჩვენი ლოცვების, მის გარშემო რკალურად განლაგებული სკამები იწყებენ დაცარიელებას, გეტოებისკენ, საწოლებში. მაგრამ მიწისძვრა – ეს ხომ გარდაუვალია! კულტურული სივრცის შერყევა, გამოვრბივართ სახლებიდან, გვცივა, ვანთებთ ცეცხლს და… ამ დროს გამოჩნდება ვარდისფერი ავტობუსი, განათებული, თბილი. იღება კარი და ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, ვიწყებთ ერთმანეთის, ვარდისფერი ავტობუსის ქუჩას. წინ, ერთმანეთისკენ! წინ, ვარდისფერი პლანეტისკენ!

და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას…”
როგორია ალტერნატიული პოეზიის ძირითადი მახასიათებლები?

ნიშნის დესემანტიზაცია, ახალი სემიოზისი, რომელსაც იწვევს ამ „(ანტი) ესთეტიკის” წარმომადგენელთა მიმართება სამყაროსთან და საკუთარ თავთან: ბუნტი, ეპატაჟი, ტრადიციების და ტრადიციული სალექსო ფორმებისა და პოეტიკის უარყოფა… ანტი… ანტილექსი, ანტიკულტურა…

ახალი ლექსიკონები

ალტერნატიული პოეზიისათვის დამახასიათებელია ნიშნის (ლექსიკურ, გრამატიკულ, ფრაზეოლოგიურ დონეზე) დესემანტიზაცია, ტრადიციული, სალექსიკონო გაგების გაუქმება და ახალი შინაარსის შექმნა, მაგრამ იმისათვის, რომ ე. წ. „ახალი ანბანი” გასაგები გახდეს მკითხველისთვის, ავტორები ხშირად ხსნიან სიტყვათა ახალ, მეტაფორულ მნიშვნელობებს, რითაც იქმნება ახალი პოეტური ენა, განსხვავებული ტრადიციულისაგან. ზოგ შემთხვევაში კი, ავტორი-პოეტები მანიფესტს ქმნიან, ან თავადვე იძლევიან „გასაღებს” საკუთარი პოეტური ტექსტების გასაგებად, რომელიც შეიძლება ამდენი ახსნის შემდეგ მაინც გაუგებარი დარჩეს, მაგრამ „გაუგებრობა” ხომ ამგვარ ტექსტთა სემიოტიკური მახასიათებელია.

იქმნება ტექსტები (ლექსები), რომლებსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ახალი ლექსიკონები”, მაგალითად, იორიკის (იგივე დათო ყანჩაშვილის) ლექსი: “ლექსიკონი”:

„შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია…….
…………………………………………………………………
ლექსიკონი -წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან”.
მაგალითად, იცით, რას ნიშნავს, „თოვს”? გიორგი კეკელიძისათვის ამ სიტყვის განმარტება ასეთია:

აგვისტოს ძლისპირი

ნა-გუ-ს

თოვს – ნიშნავს ღამეც… ღამეს თეთრად ათენებს
და ღრუბლის ფერფლი თამბაქოს ფერფლს დაფარავს კართან,
ნიშნავს ტოტებცრუდაყვავებულ ანტენებს,
სახლებს – თვალი რომ გაეყინათ და ღია დარჩათ.
ნიშნავს – მე თოვლი მივიწყებულ ოთახს მაგონებს,
იქ, სადაც სტვენის გეშინია და თან გინდება,
თოვს – ნიშნავს აქლემებად ქცეულ ვაგონებს
და რომ ცერებზე აიწია ნელ-ნელა მთები.
თოვს – ნიშნავს ვინმე უსათუოდ ყრუდ ჩაახველებს
და ნაბიჯს ექოდ ძველი უჯრის გახსნის ხმა ახლავს,
რომ კედლებს სუნი წასკდათ მზისთვის გადანახული
და გაამხელენ მოწყენისგან ჩათვლემილ სახლთან.
თოვს – ნიშნავს ახლა მძინავს
და სიზმრებს ვერ ვხედავ –
ისე თოვს.

მე-ს დაკარგვა

„მე – შენ ვარ!”
ნოვალისი
„я – это другой!”
ლაკანი
„Я – такого слова нет!”
Пригов

ყველაზე უფრო თვალშისაცემი ნიშანი ალტერნატიულ პოეზიაში, ეს არის ავტორის მე-ს დაკარგვა. იდენტიფიკაცია იმდენად რთულდება, რომ ავტორი არა ერთ რომელიმე საგანთან, მცენარესთან ან ცხოველთან იგივდება, არამედ ყველაფერთან და ყველასთან, ნებისმიერ სიტყვასთან და მის მნიშვნელობასთან, რომელსაც იგი წარმოთქვამს. ამ ნიშნით საინტერესოდ გვეჩვენება პაატა შამუგიას ლექსი – ლინგვისტიკის წრე:

„……და მე – პოეტი,
მე – მეძავი,
მე – პატრიარქი,
მე – ტერორისტი,
ლიბერალი,
ავტომრბოლელი,
მე – ცირკის მუშა,
გენიოსი და ღვთისმშობელი,
ვზივარ და ვუფრთხი მნიშვნელობებს, რომლებიც უკვე
მექცნენ სხეულის დამატებით ორგანოებად…..”

პაატა შამუგიას „მეები” პარალელურად ან ერთდროულად თანაარსებობენ, განფენილები არიან დროსა და სივრცეში… მეს რთულ და მრავაფეროვან სამყაროს იორიკი კი (დათო ყანჩაშვილი) მეტაფორულად წარმოგვიდგენს „მატრიოშკების” სახით, რაც გარკვეულ იერარქიას გულისხმობს და მიმართულია გარედან – შიგნით…
……………
ეს „ჭკუისმიღმური” ენა ვერ ეგუება შტამპებს და მუდმივად ნგრევა-შენების პროცესშია. რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვებს, რა თქმა უნდა, აქვთ ძირითადი, სალექსიკონო მნიშვნელობები (ამის გარეშე საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა კონოტაციური მნიშვნელობების გაჩენა). ნიშნები მხატვრულ მეტყველებაში ჩვეულებრივი მეტყველების კანონებისაგან განსხვავებით სრულიად სხვა განზომილების კანონებში არსებობენ. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია არა თავად ნიშანი, არამედ ის განცდა, რომელიც ნიშნის მეშვეობით მიიღწევა, ანუ შეცნობის პროცესი. „საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი აღმნიშვნელი ნიშნები”( წმინდა ავგუსტინე).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი