პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საშინაო დავალება – განსხვავებული რაკურსი

გიო ლიტერატურაში სწავლობს “ნარნიის ქრონიკებს”.

 

დავალება – ნარნიის თემაზე უნდა შექმნას სამაგიდო თამაში თავისი დაფით, ბარათებით და წესებით. სამაგიდო თამაში გიომ აარჩია, კიდევ ორი არჩევანი იყო: ნარნიის ტურისტული ბროშურის შექმნა ან ჯადოსნური კარადის მოდელის გაკეთება. რა დრო და ნერვები მაქვს დახარჯული მოსაწყენი თემების წერაზე…

 

ეპიგრაფად დართული სიტყვები ჩვენი ინტერნეტგაზეთის ერთ-ერთ ბლოგერს, ნანა დიხამინჯიას ეკუთვნის. დავალება კი, რომელიც მისმა შვილმა უნდა შეასრულოს, ამერიკის პატარა ქალაქის, როლას სკოლაში მისცეს მოსწავლეს. ბლოგის დაწერის იდეა სწორედ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. წარმოვიდგინე, რა ინტერესით, ხალისით და მაღალი მოტივაციით შეასრულებს მოსწავლე ამ ტიპის დავალებას, როგორ გააანალიზებს და დაამუშავებს ტექსტს, როგორ მიიღებს საკუთარი შრომის შედეგად საინტერესო პროდუქტს – სამაგიდო თამაშს, როგორ ტრანსფორმირდება მისთვის ტექსტი ფურცლებზე არსებული ნარატივიდან პრაქტიკულად გამოსაყენებელ, ხელშესახებ ობიექტად…

 

რამდენი ხანია, რაც სკოლა დაამთავრეთ? გახსოვთ თუ არა მოწაფეობის დროს შესრულებული რომელიმე საშინაო დავალება? აცნობიერებდით თუ არა საშინაო დავალების მიზანს ან დაგისვამთ თუ არა მასწავლებლისთვის კითხვა – ეს რატომ უნდა გავაკეთო?

საკუთარ თავს მოსწავლეების ადგილას მაშინ ვაყენებ, როცა მათთვის „სავალდებულოდ შესასრულებელი” და ცოტა არ იყოს, მოსაწყენი დავალებების მიცემა მიწევს. მართალია, „იდეალურ ქალთა სახეებს” და „დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების შედარებით დახასიათებებს” ჩვენი მოსწავლეები, საბედნიეროდ, აღარ წერენ და სტანდარტით არც საზეპირო ადგილების მონიშვნა და ჩაბარება არ ევალებათ, მაგრამ ვრცელ-ვრცელი თემები, რომლებშიც მკაცრად გაწერილი სტრუქტურა უნდა დაიცვან, შინაარსის დეტალურად დასწავლა და სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც უხდებათ. ეს კი რუტინული და ნაკლებად შემოქმედებითი საქმე მგონია. (აქვე საზეპიროებთან დაკავშირებით მინდა შევნიშნო – ჩემი აზრით, სულ მცირე, უცნაურია, ამოიღო სტანდარტიდან საზეპირო ადგილი და საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეს დაუსვა შეკითხვა, რომელსაც ის ვერაფრით უპასუხებს, თუ ზეპირად ან ტექსტთან ძალიან ახლოს არ ახსოვს ნაწარმოები).

მოგეხსენებათ, დროის თვალსაზრისით საკმაოდ შეზღუდულები ვართ, საპროგრამო მასალა მოცულობითია, სტანდარტით გაწერილი კომპეტენციები – ასათვისებელი, გამოცდები (საატესტატო და ერთიანი ეროვნული) – ჩასაბარებელი. ამიტომ ყოველთვის ვერა, მაგრამ იშვიათად მაინც შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და სასიამოვნო (შესრულების პროცესი) სასარგებლოს (დასახული მიზნების, გეგმის შესრულება) შევუთავსოთ.

ქვევით ერთ უჩვეულო და ახლებურ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც რომელიმე ეპოქის ლიტერატურული ტექსტების შესწავლის შემდეგ შეგეძლებათ გამოიყენოთ. ამ დავალების შესრულება მოსწავლეებს კრეატიული, საინტერესო იდეების გენერირების საშუალებას მისცემს. შედეგად მათ დაამახსოვრდებათ ტექსტები, გაუჩნდებათ თავიანთი დამოკიდებულება, განწყობა შესასწავლი მასალის მიმართ.

რამდენიმე ლექსი ერთად

ეს მეთოდი გერმანიაში, კასელის საერთაშორისო სემინარზე პოეტიკისა და კრეატიული წერის კურსის ფარგლებში გაგვაცნო კურსის ხელმძღვანელმა, ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტმა, კასელის თავისუფალი ვალდორფის სკოლის პედაგოგმა, პიტერ ლუცკერმა.

კურსის მიზანი გახლდათ ლექსებისადმი თანამედროვე მოზარდების სკეპტიკური ან უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა. „მათ უჭირთ პოეზიის გაგება, ეზარებათ ტროპების ამოხსნა, ფიქრი, კონცენტრირება. ითხოვენ მარტივ და გასაგებ ენაზე საუბარს, ისე, როგორც თავად ეხერხებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გადაცემისას. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ლექსი და მისი ავტორი საინტერესო გახდეს. ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი გზა კითხვებია. დასვით კითხვები ისე, რომ მოსწავლეს თავიდანვე შეეცვალოს განწყობა შესასწავლი ობიექტისადმი. ეს არ იქნება კითხვები, რომლებიც მათ ცოდნას, მიხვედრილობას ან გამჭრიახობას შეაფასებს. არც დასწავლილი თეორიული მასალის გამოყენება დასჭირდებათ. რეალურად, ამ კითხვებზე სწორი პასუხები, რომლებსაც ისინი შემდეგ სახელმძღვანელოში გადაამოწმებენ, არც არსებობს, რადგან კითხვები კრეატიული იდეების გენერირებას უწყობს ხელს და სხვას – არაფერს”. შესავალი სიტყვის შემდეგ პიტერმა სამუშაო ფურცელი დაგვირიგა. ფურცელზე 4 ლექსი იყო წარმოდგენილი. ბოლოს კი ჩამოყალიბებული გახლდათ საკლასო სამუშაოს პირობა და კითხვები: წაიკითხეთ ლექსები, რომლებიც დაგირიგდათ. დაფიქრდით და შეარჩიეთ, რომელ ლექსს და რომელ სტრიქონს შეარჩევთ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

1. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის თარგმნა რომ გთხოვონ ენაზე, რომელსაც კარგად ფლობთ, რომელს შეარჩევდით? რომელი სტრიქონის თარგმნა გაგიჭირდებოდათ ყველაზე მეტად? რატომ?

2. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის ილუსტრირება რომ გთხოვონ, რომელს შეარჩევდით? კონკრეტულად რომელ ეპიზოდზე შეაჩერებდით ყურადღებას? რას გამოსახავდით ნახატზე?

3. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის მიხედვით სკეტჩის გაკეთებას შეძლებდით? რომელი ლექსი გამოდგებოდა „სცენაზე გასაცოცხლებლად”?

4. რომელი ლექსის განწყობა შეგიძლიათ გამოხატოთ ფოტოაპარატის მეშვეობით? რა კადრი წარმოგიდგებათ თვალწინ ლექსის კითხვისას? აღწერეთ სიტყვიერად.

5. კომპოზიტორმა რომ გთხოვოთ დახმარება და ერთ-ერთი ლექსის შერჩევა მუსიკის დასაწერად, რომელ ლექსს შეარჩევდით? არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეულ ლექსში ადგილები, რომლებსაც რეფრენივით/მისამღერივით გამოიყენებდით და გაიმეორებდით?

6. ამ ლექსების ავტორებთან გასაუბრების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რომელ ავტორს შეარჩევდით? რომელი ტაეპის ახსნას, განმარტებას ან განვრცობას მოსთხოვდით პოეტს?

7. ჩაწერეთ წარმოსახვითი ინტერვიუ ავტორთან. თავად დასვით შეკითხვები და თავადვე უპასუხეთ მათ.

მეთოდი გამოვიყენე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების შესწავლის შემდეგ. ამ შემთხვევაში, პირობის მოდიფიცირება მომიხდა, რადგან ოთხი განსხვავებული პოეტის ლექსის ნაცვლად ერთი პოეტის სამი სხვადასხვა ლექსი შევარჩიე, თუმცა მოსწავლეებს სამუშაო საინტერესოდ მოეჩვენათ და ხალისითაც შეასრულეს.

საინტერესო დაკვირვება – ლექსებიდან ერთ-ერთი ტატოს „სულო ბოროტო” იყო. ისე მოხდა, რომ უმრავლესობამ სწორედ ამ ლექსის მიხედვით მოისურვა „ილუსტრაციის” შექმნა. მოსწავლეები სიტყვებით „ხატავდნენ” შავ-ბნელ, იდუმალ, მისტიკურ „ნახატებს”. ნამუშევრების კლასში გაცნობისას ვიკითხე, რომელი ფერი სჭარბობს ლექსში? რა ფერის განცდა იბადება კითხვისას/მოსმენისას? პასუხი მოსალოდნელი იყო – შავი. შემდეგ კიდევ ერთხელ მივუბრუნდით ტექსტს და აღმოჩნდა, რომ ლექსში საერთოდ არ არის ნახსენები ფერი. ფერის განცდას ლექსის საერთო სულისკვეთება, განწყობა ბადებდა. ეს დაკვირვება თავად მოზარდებსაც საინტერესოდ ეჩვენათ.

აღმოჩნდა, რომ პოეზია იმაზე მეტია, ვიდრე ტროპებად „დაშლა”, შინაარსობრივი დეტალები თუ „სამახსოვრო ადგილები”.

აღმოჩნდა, რომ სიტყვის ოსტატებს, პოეტებს, კონკრეტული სიტყვების გამოყენების გარეშეც შეუძლიათ გარკვეული სურათხატების წარმოჩენა. სათქმელის გადმოცემა, მკითხველზე სასურველი ზემოქმედების მოხდენა.

აღმოჩნდა, რომ კარგი ლექსი იმაზე მეტია, ვიდრე საპროგრამო, სავალდებულო შესასწავლი და განწყობა „აუ, ამას რა ისწავლის” შეიცვალა დამოკიდებულებით „ვა, რა მაგარი ტიპი ყოფილა ეს ტატო…”

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი