სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თეთრია – თოვლი არ არის…

ეს ყუთები უკვე დავცალე და შემიძლია, გადასაყრელად გარეთ გავიტანო. ახლა ის კუთხე მაქვს მოსაწესრიგებელი. დამავიწყდა მეთქვა, ლაბორატორიას ვალაგებ. ახალ ოთახში გადმოვიტანე და იმედია, კიდევ სადმე აღარ მომიწევს გადაბარგება. ახლა რეაქტივებს ყუთებიდან ვიღებ და კარადებში ვაწყობ. ნელა ვმუშაობ, – ასეთ საქმეში აჩქარება არ ვარგა, – ამიტომ ერთი გამოცანის თქმასაც მოვასწრებ:

თეთრია – თოვლი არ არის, წკრიალებს – ზარი არ არის, ძვირფასია – ოქრო არ არის.

აბა, რა არის?

არ იცით? ასე იყოს, წაგეხმარებით. ის დიდი ხნის წინ გაჩნდა ჩინეთში. გავიდა რამდენიმე საუკუნე და მასზე მოთხოვნა საოცრად გაიზარდა. ვერც ახლა მიხვდით? რა გაეწყობა, აი, იმ დალაგებული კუთხისკენ გადავინაცვლებ – ჩაფიქრებული საგანი იქაა. მართალია, ვერ ხედავთ, მაგრამ მენდეთ – მაგიდაზე ქაფქაფა ყავით სავსე ფინჯანი დგას და ახლა სწორედ ამ სასმლის დალევას ვაპირებ. თუმცა გამოცანის პასუხი არც ფინჯანია და არც, მით უმეტეს, ყავა. პასუხი ფაიფურია.

ფაიფურის გამომგონებლის ვინაობასა და მისამართს ნუ მკითხავთ. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ჩინეთში ცხოვრობდა მრავალი საუკუნის წინ. თუმცა იმხანად ფაიფურის ნივთები მხოლოდ იმპერატორისა და მისი ოჯახის პრივილეგია იყო. საკმაო ხანი დასჭირდა, რომ ფაიფურით სარგებლობა ყველას შესძლებოდა. მისი მასობრივი წარმოება ჩინეთში მხოლოდ მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში დაიწყო, ცენტრად კი ქალაქი ძინ დე ჯენი იქცა. მერე ფაიფურმა ევროპაში შეაღწია და მალე ძვირფას ქვებზე მეტად დაფასდა. მდიდარი ფრანგი ქალბატონები გულზე დიდი სიამოვნებით იკიდებდნენ ოქროთი ან პლატინით მოვარაყებულ ფაიფურის ნატეხებს. წარმოება, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბოლოს ყოველგვარი საიდუმლო მჟღავნდება, ამიტომ დღეს მისი შემადგენლობა და დამზადების წესი ცნობილია და ინტერნეტგაზეთში დაწერასაც კი ვერავინ აგვიკრძალავს.

ძირითად მასას ე.წ. ფაიფურის ქვისგან ამზადებდნენ. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: SiO2, Al2O3, TiO2, MgO, CaO, Na2O, K2O. ამ ქვას აქუცმაცებდნენ, რეცხავდნენ, შეურევდნენ კირს და მიღებულ მასას ათეულობით წლით მიწაში მარხავდნენ, რათა განსაკუთრებული პლასტიკურობა შეეძინა. თუ მასალა თხელკედლებიანი ჭურჭლისთვის სჭირდებოდათ, ის ერთი საუკუნე მაინც უნდა დარჩენილიყო მიწის ქვეშ. ასე რომ, ბაბუა მარხავდა, შვილიშვილები კი იყენებდნენ. მზა ნივთებს ღუმელში გამოწვავდნენ, ათას გრადუსზე. შედეგად იღებდნენ ფაიფურს, რომელსაც უამრავი ღირსება ჰქონდა: იყო მტკიცე, აირებისა და სითხეებისადმი მდგრადი, მისგან ისეთი თხელკედლებიანი ჭურჭლის დამზადება შეიძლებოდა, თითქოს გამჭვირვალეაო. თუ ამ ჭურჭელს ფრთხილად შემოჰკრავდით წკირს, ზანზალაკივით წკრიალებდა.

ფაიფური ქიმიურადაც მედეგია, ამიტომ ლაბორატორიაში ფაიფურის ჭურჭელს ვიყენებთ: როდინსა და სანაყს, ფინჯანს, ჯამს აორთქლებისთვის, ტიგელს, თავსახურს, შპატელს..

.

იყო მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ერთი ალქიმიკოსი – იოჰან ფრიდრიხ ბედგერი. ბერლინში აფთიაქარის ხელობას სწავლობდა, მერე იქ რაღაც ვერ აეწყო და საქსონიის მეფე ავგუსტს შეაფარა თავი. ბუნებრივია, ეძებდა ფილოსოფიურ ქვას, რომელიც სააფთიაქო საქმიანობისთვისაც უნდოდა და ოქროს მისაღებადაც. რით მიიპყრო ავგუსტის ყურადღება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მეფემ უთხრა, დაანებე ახლა თავი არარეალურ ამბებზე ფიქრს და მიდი ერთი, ფაიფურის რეცეპტი მომიძებნე, თანაც ისეთი, რომ ხარისხით ჩინურს არ ჩამოუვარდებოდესო. ეს ჩვენი იოჰან ფრიდრიხი გონიერი კაცი აღმოჩნდა – ფილოსოფიურ ქვას აღარ ჩასცივებია, ადგა და რაც დაუფასდებოდა, იმის ძებნა დაიწყო. სხვადასხვა პროპორციებით ურევდა და ურევდა თეთრ თიხას და კაოლინს, მინდვრის შპატს და კვარცს და ღუმელში წვავდა და წვავდა. და აი, 1707 წლის დეკემბრის ბოლოს შედეგი მიიღო. ეს თარიღი ევროპული ფაიფურის დაბადების დღეა. იმ დღიდან იოჰან ფრიდრიხი გაძლიერებული დაცვით დადიოდა – მეფეს ეშინოდა, ფაიფურის საიდუმლოს არ გაეჟონა. მაგრამ მაინც გაჟონა: აიღეთ 50% კაოლინი, 25% მინდვრის შპატი, 25% კვარცი, ეს ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაფქვით, იმდენი წყალი დაამატეთ, რომ ზომიერად დანამოს, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ნარევიდან ზედმეტი ჰაერი გამოდევნეთ. მორჩა, ამ მასისგან ნებისმიერი ჭურჭლის დამზადებაა შესაძლებელი.

მოგვიანებით ინგლისში ფაიფურის მასას კალციუმის ფოსფატი დაამატეს, რომელსაც ძვლების დაწვით იღებდნენ. ამ გზით მიღებული ფაიფურის ნივთები მკვეთრი სითეთრით გამოირჩევა და ძალიან თხელი კედლები აქვს. თავად ფაიფურს კი „ძვლოვანს” უწოდებენ.

ახლა ეს წერილი თუ რომელიმე კირკიტა მოსწავლემ წაიკითხა და ქიმიის გაკვეთილზე ფაიფურის დამზადება განიზრახა, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გამოუვა. საკლასო ოთახში არც სპეციალური ინგრედიენტები გექნებათ და არც გამოსაწვავი ღუმელი. აი, ფაიფურის იმიტირება კი შეიძლება. ასეთ ფაიფურს მეორენაირად ცივ ფაიფურს უწოდებენ. დაგჭირდებათ წებო (3/4) – პოლივინილაცეტატის ემულსია, ნახევარი ჭიქა წყალი, ნებისმიერი ნელსაცხებელი (ან ვაზელინი) – ერთი ჩაის კოვზი, გლიცერინი – ერთი ჩაის კოვზი – და ერთი ჭიქა სიმინდის სახამებელი. ჯერ თხევად ინგრედიენტებს აურევთ ერთმანეთში და გააცხელებთ, მერე ნელ-ნელა დაუმატებთ სახამებელს. კარგად აურევთ და მიიღებთ თეთრ მასას, რომლისგანაც, როგორც პლასტილინისგან, ისე შეიძლება ძერწვა. მერე ის ჰაერზე გამყარდება და თითქმის ფაიფურივით მდგრადი გახდება.

 
დედაჩემს თანამშრომელი ჰყავდა, ორი ვაჟის დედა. სხვაობა ძმებს შორის სულ ერთი-ორი წელი იქნებოდა. ენერგია სად წაეღოთ, არ იცოდნენ და დროდადრო ერთმანეთზე ცდიდნენ ძალას. ერთხელ ეს ქალბატონი სტუმრად გვეწვია და შვილებიც მოიყვანა. დედამ სუფრის გაშლა დაიწყო, მეც დამიხმარა, თან მეგობარს ესაუბრებოდა. უცებ, – რა ვერ გაიყვეს ბიჭებმა, ვერ გეტყვით, – ჩვენს ხალიჩაზე ქარბორბალასავით ჩაეხვივნენ ერთმანეთს. სად რომლის ხელ-ფეხი იყო, ვერ გაარჩევდით. პირდაღებული შევცქეროდი სახელდახელოდ მოწყობილ ტატამს. საქმეში ბიჭების დედა ჩაერია და ორივე დააშოშმინა, მაგრამ მანამდე ამ ჯიკაობა- ჭიდაობას ჩემი ფაიფურის თოჯინის ხელი ემსხვერპლა. დღეს ეს ძმები ცნობილი ხალხია. აი, ჩემი თოჯინა რომ შეიწირეს, ახსოვთ თუ არა, არ ვიცი. რამდენიმე დღის შემდეგ დედამ რაღაც სპეციალური წებოთი ისე ოსტატურად მიაწება თოჯინას ხელი, რომ არც კი ეტყობა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მიწებებულია. მახსოვს, მითხრა, ეს საუკეთესო წებოაო. თუმცა ცნება „საუკეთესო წებო”, ცოტა არ იყოს, საკამათოა. უამრავი წებო არსებობს ამქვეყნად და ყველას თავისი დანიშნულება აქვს.

სწორედ ახლახან, აი, იმ ყუთში ნატრიუმის სილიკატის ტუტე ხსნარი, იგივე სილიკატური წებო ვიპოვე. ქაღალდისთვის ეს წებო არ ვარგა, სამაგიეროდ სამშენებლო საქმეში იყენებენ აქტიურად. წყალგაუმტარობის მისანიჭებლად ცემენტს ამატებენ, ჟღენთენ ხის მასალას, რომ ცეცხლგამძლე გახდეს… თუმცა მე მშენებლობას არ ვაპირებ; სამაგიეროდ, შემიძლია, მისი მეშვეობით სხვადასხვა „წყალმცენარე” გავზარდო.

ავიღოთ ქიმიური ჭიქა და ჩავასხათ სილიკატური წებო, გავაზავოთ ორ-სამჯერ მეტი წყლით და შიგნით რკინის (III) ქლორიდის პატარა ბურთულა ჩავაგდოთ. ბურთულას ჩვენ თვალწინ გამოეზრდება ტოტები, რომლებიც უფრო და უფრო რთულ ფორმას მიიღებს და უცნაურ ტრაექტორიას მოხაზავს. სანახავად მართლაც ლამაზია, მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ სილამაზე არ გვაინტერესებს – იმის ცოდნაც გვჭირდება, რა ხდება ჭიქაში.

მაშ ასე, რკინის (III) ქლორიდის ბურთულა სილიკატის ხსნარში ხვდება და გახსნას იწყებს. გახსნის პროცესში ის ნატრიუმის სილიკატთან შედის რეაქციაში. შედეგად წყალში უხსნადი რკინის სილიკატი წარმოიქმნება. რკინის სილიკატი ხსნარში მემბრანას წარმოქმნის, რომელსაც წყლის მოლეკულების გატარება შეუძლია. მემბრანა იბერება, მერე სკდება და ახალი მრგვალი წარმონაქმნი გამოიყოფა, მერე – ისევ ახალი და ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხსნარში ქიმიური წყალმცენარე იზრდება. შეიძლება, სილიკატურ წებოში მოვათავსოთ სხვა მძიმე მეტალების მარილებიც (კობალტის სულფატი, ნიკელის სულფატი, მანგანუმის ქლორიდი) და ერთ ჭიქაში მთელი ბაღი გავზარდოთ.

ლაბორატორიაში სხვა წებოც მაქვს, ე.წ. „სუპერ წებო”. „მომენტსაც” უწოდებენ. მის საფუძველს ციან აკრილატი შეადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ციანაკრილმჟავას ეთერია. ციანის რადიკალი საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ ამ მხრივ ეს წებო ნაკლებად საშიშია, ვიდრე, მაგალითად, ციანწყალბადმჟავა ან ციანიდები (ანუ ნივთიერებები, რომლებიც ასევე CN ჯგუფს შეიცავს), თუმცა ასეთი წებოებით ის ნივთები არ უნდა დავაწებოთ, რომლებიც საკვებს ეხება.
ახლა ჯობია, ისევ საქმეს მივხედო, თორემ ასე თუ ვიბაასე, დალაგებას მთელ კვირას მოვანდომებ. ფაიფურის ფინჯნიდან ყავის უკანასკნელ ყლუპსაც მოვსვამ და შევუდგები…

ჰო, მართლა, არ მითქვამს, რომ ჭიქას უცნაური არსება ახატია, სახელად გარუდა. მის შესახებ განსაცვიფრებლად საინტერესო ამბები ვიცი, მომდევნო შესვენებისას მოვყვები…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი