ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თეთრისა და შავის საიდუმლო (I ნაწილი)

ყოველი საიდუმლოს ინტერპრეტაცია, ნებისმიერი მუსიკალური, პოეტური თუ მხატვრული ტექსტი, ალბათ არც შავ, არც თეთრ ენაზე არ იწერება. უმეტესად ეს „საიდუმლო ნიმუში” შავ-თეთრ დანაკარგზეა. შესაწირავია და გამოსასყიდი.

 

საინტერესოა, რომ დიალექტიკური განვითარების საწყის ეტაპზე ადამიანები მხოლოდ ორ ფერს, თეთრსა და შავს, იცნობდნენ შემდეგი სიმბოლოების მაგალითზე: ცა და მიწა, ნათელი და ბნელი, დღე და ღამე /აქტიური და პასიური დრო/, მამაკაცი და ქალი, ბედნიერება და უბედურება, სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი. კაცობრიობის განვითარების მომდევნო საფეხურებზე საზოგადოებრივმა ურთიერთობებმა მესამე ფერის აუცილებლობა წარმოშვა და ეს ფერი წითელი აღმოჩნდა. წითელს ძალუძს სითბოსა და სიცოცხლის მონიჭება, მაგრამ, ამავე დროს, შეუძლია იყოს დაუნდობელი და ყველაფრის გამანადგურებელიც. ის მზისა და ცეცხლის სიმბოლოცაა, როგორც ბუნების გამათბობელი და წვის მოვლენების გამომწვევი (სიმბოლო: გრძნობების, ძლიერების, ომის, მსხვერპლის, სისხლის, ტანჯვის, სამართლიანობის).

მოგვიანებით, საზოგადოებრივი ცხოვრების გამრავალფეროვნებასთან ერთად, საჭირო გახდა ფერად სიმბოლოთა რაოდენობის გაზრდა და, ამასთან ერთად, ენობრივ სისტემად მათი გარდაქმნა.

დავუბრუნდეთ თეთრსა და შავს და გადავხედოთ მათ დაპირისპირებულ პოლარულ მდგომარეობას. მიუხედავად ანტაგონიზმისა, ხელოვნებაში მათი შინაარსი არცთუ ერთმნიშვნელოვანია და შეიძლება შეფასდეს როგორც „სიცოცხლე და სიკვდილი” და, იმავდროულად, „სიცოცხლე და სიცოცხლის დაბადება”.

აღმოსავლურ ფილოსოფიაში შავისა და თეთრის შეხამება წინააღმდეგობათა ერთიანობის, ჰარმონიის აღსანიშნავად გამოიყენება (ინი და იანი). აღმოსავლეთის სისტემებისგან განსხვავებით, დასავლეთევროპული სიმბოლიკა სამყაროს ღვთაებრივი წარმოშობის იდეაზეა აგებული.

თეთრი ოდითგანვე სიკეთის, სიხარულის, სიმშვიდის, სისუფთავის, გულისხმიერების, უმანკოების, ზნეობრიობის სიმბოლოა. ის მზის სინათლესთანაა გაიგივებული, ხოლო სინათლე ღმერთია, სიცოცხლე.

უძველესი კულტურების ტრადიციებში თეთრი ფერი საღვთო სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ამიტომ ღმერთებს (მითოლოგიაში) და მეფეებს თეთრ ცხენებზე ამხედრებულებს, თეთრად შემოსილებს გამოსახავდნენ. ასევე – ანგელოზებსა და წმინდანებსაც. ის სისუფთავისა და უმანკოების სიმბოლოცაა და ალბათ ამიტომ, ახალშობილებს დღემდე თეთრ სახვევებში ახვევენ.

უცნაურია, რომ ზოგიერთ კულტურაში ამ ფერს საპირისპირო, ნეგატიური დატვირთვაც აქვს, თუმცა ჩვენ მასზე ყურადღებას არ შევაჩერებთ.

შავი უიღბლობის, უიმედობის, მწუხარების, ნგრევის, უბედურების, შთანთქმის, გლოვისა და სიკვდილის სიმბოლოა. გასაკვირი არ არის, რომ ის გლოვის ფერია და უარყოფასთან, ურწმუნოებასთან, ანარქიასთან, შურთან, უზნეობასა და ტანჯვასთან ასოცირდება. ადამიანის მიერ შავი ფერის არჩევა დეპრესიაზე, დარდსა და მწუხარებაზე მიუთითებს.

სულიერი ზრდისა და სულის ტრანსფორმაციის სიმბოლოებში შავი ფერი გარდაცვალების კანონზომიერი ეტაპია, ყოველგვარი ზედმეტის განადგურების ეტაპი, რომელსაც მოჰყვება სითეთრის – განახლების, ახალ მდგომარეობაში გადასვლის – სტადია. სიკვდილი, როგორც მომდევნო საფეხური, უმაღლეს სამყაროში გადასვლას ნიშნავს, მაშინ როდესაც შავი დაბლა დაშვებაა, არარაობად გარდასახვა, დამარხვა, ფიზიკური სიკვდილი და მიწაში მისი გარდაქმნა – გვამი ფეხქვეშ.

უნდა ითქვას, რომ შავსაც აქვს ნეგატიურის საპირისპირო – სიწმინდის – სიმბოლური მნიშვნელობა (აქ საიდუმლო და მღვდელმსახურებაც იგულისხმება). ეკლესიის მსახურებს, ტრადიციისამებრ, შავი შესამოსელი მოსავთ. შავი და ოქროსფერი კი, როგორც მიწისა და ზეცის კავშირის სიმბოლო, ფარაონების ფერებად მიიჩნეოდა. ერთი მხრივ, შავი ფერი მჭიდრო კავშირშია ნეგატიურთან – ბოროტებასთან, მეორე მხრივ კი იდუმალი და მიმზიდველია.

როდესაც ბავშვები ხატვის დროს შავ ფერს ირჩევენ, მშობლებს, ცხადია, შიში იპყრობს. მაგრამ ამ შიშს ყოველთვის არ გააჩნია საფუძველი, რადგან ბავშვებმა შავი შესაძლოა აირჩიონ მხოლოდ თეთრთან მაქსიმალური კონტრასტის გამო. შავი ფერისადმი განწყობა იმაზეც მეტყველებს, რომ სამი წლის ასაკში ბავშვი კრიზისს გადის, რომლისთვისაც პროტესტი, უარყოფაა დამახასიათებელი. ამ დროს ბავშვმა შესაძლოა შეგნებულად აირჩიოს ფერი, რომელიც დედას არ მოსწონს. მერე კი მოსალოდნელია, მოზარდისთვის შავი იქცეს ფავორიტად და ფერების შერჩევისას უპირატესობა მას მიანიჭოს, ხოლო კრიზისის პერიოდში მოზარდი საკუთარ პოზიციას უკვე პრინციპულად იცავს. ეს მშობლისთვის იმაზე მინიშნებაა, რომ აუცილებელია, ბავშვის მიმართ მეტი მოქნილობა და ტოლერანტობა გამოიჩინოს, რათა არ გაამწვაოს წინააღმდეგობა და დაეხმაროს შვილს ასაკობრივი კრიზისის ყოველგვარი „გართულების” გარეშე გადალახვაში.

ბავშვების მიერ ხატვისას ხშირად გამოყენებულ შავ ფერს ფსიქოლოგები უკავშირებენ ფარულ მიზეზს – სიყვარულისა და მზრუნველობის ნაკლებობას.

ადამიანის ფსიქიკაზე თეთრი მოქმედებს როგორც სრული სიჩუმე, რომელიც შეიძლება შევადაროთ მუსიკალურ პაუზას, მუსიკალური ფრაზის (ჟღერადობის) დროებით შეწყვეტას. ეს განვითარების უკანასკნელი წერტილი არ არის. შავი კი მზის ჩასვლის შემდგომი მკვდარი მდუმარებაა, იმედებისა და მომავლის გარეშე. მუსიკაში ეს ფერი დასკვნითი პაუზაა, წერტილი.

და თუ პიანინოს კლავიატურაზე მხოლოდ შავი და თეთრი კლავიშებია, სამაგიეროდ, ბგერებია მრავალფერადი.

 

კლოდ დებიუსის საფორტეპიანო პიესა „შავი და თეთრი”

 

სოლფეჯიო. დარწმუნებული ვარ, მუსიკალურ სკოლაგამოვლილ არაერთ ადამიანს ამ სიტყვაზე დღემდე ნეგატიური რეაქცია აქვს.

სოლფეჯიო და მუსიკალური ლიტერატურა მხოლოდ იმისთვის არ ისწავლება, რომ ბავშვი პატარა, თუნდაც მოყვარულ მუსიკოს-შემსრულებლად ჩამოყალიბდეს – მთავარია, მუსიკა შეიყვაროს. სამწუხაროდ, სოლფეჯიოს გაკვეთილებზე ხშირად დასტურდება გამონათქვამი, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. ბავშვებს მეტწილად არ უყვართ საგანი „სოლფეჯიო” თეორიული წესებისა თუ საშინაო დავალებების სირთულის და, უპირველესად, საგნის არსის გაუგებრობის გამო. „მუსიკა” და „სოლფეჯიო” მათ აზროვნებაში თითქოს გაყოფილია.

საინტერესოა, რა საჭიროა ეს საგანი? სოლფეჯიო სასწავლო დისციპლინაა. თვით სიტყვა წარმოქმნილია სოლ და ფა ნოტების სახელების შეერთებით: „სოლ ფა ჯიო”. სოლფეჯიოს მნიშვნელობის შესახებ სწორი წარმოდგენა ბავშვების მუსიკალური მომზადების საფუძველია. ამ საგნის ძირითადი ამოცანაა თვით მუსიკის არსში წვდომა, მისი ძირითადი კანონების რაობაში გარკვევა. სოლფეჯიო, რასაკვირველია, საკმაოდ რთულად აღსაქმელი საგანია ბავშვისთვის, მაგრამ ამას თვითონ ვერ უნდა გრძნობდეს. შესწავლის პროცესი დამწყებისთვის გაადვილებულად, თამაშის ფორმით უნდა მიმდინარეობდეს. სირთულეების გადალახვას პედაგოგი იმ შემთხვევაში შეაძლებინებს მოსწავლეს, თუ ობიექტურად შეაფასებს მის ნიჭიერებას.

თუ სოლფეჯიოს სწავლება ფორმალურია, მისი ძირითადი პრინციპების მნიშვნელობის გაგების გარეშე ბავშვის მიერ საკრავის ათვისების შემდგომი სრულყოფა მნიშვნელოვნად რთულდება, ეს კი ნეგატიურად აისახება დაკვრის ტექნიკაზე, მუსიკალური სმენის განვითარებაზე და საერთოდ შეაფერხებს ბავშვის მუსიკალური შესაძლებლობების წინსვლას.

თეთრი და შავი კლავიშების გარეშე სოლფეჯიოს სწავლება ხომ თითქმის შეუძლებელია. მომდევნო წერილში სწორედ ამ ორი ფერის საიდუმლო დამოკიდებულებაში ჩაღრმავება მოგვიწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი