ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გაზაფხული მაინც მოვა…

მოსწავლეებს “განთიადის” დაწერის ისტორიის მოძიება დავავალე.

ყოველთვის ვცდილობ, დავუკონკრეტო, რას ვითხოვ მათგან. ამიტომ ფრჩხილებში მივუწერე – რატომ დაწერა, ვის მიუძღვნა, რატომ მიუძღვნა და ერთი საინტერესო ფაქტი ადრესატის შესახებ.

გაისმა ყველა მოსწავლისთვის საინტერესო და საჭირბოროტო კითხვა – ინტერნეტში მოვიძიებთ? იმის შიშით, რომ ძიების და სწავლის სურვილი ჩანასახშივე არ ჩამეხშო მათთვის, ბრმად დავეთანხმე – დიახ, მოიძიებთ. მერე კი თავადვე გადავამოწმე, რა შეიძლებოდა „ამოეგდო” საძიებო სისტემას.

აღმოჩნდა, რომ დიმიტრი ყიფიანის შესახებ ცნობების მოძიება ინტერნეტში სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. (რამდენიმე მართლმადიდებლურ საიტზე, ვიკიპედიაზე, სხვადასხვა რესურსზე – ლიტერატურული განხრით). ერთი სიტყვით, სად დაიბადა, ვის ოჯახში დაიბადა, რომელ წელს დაიბადა, რომელ სასწავლებელში სწავლობდა და როდის შეირაცხა წმინდანად – ადვილი მოსაძიებელია. თუმცა, ახლა უკვე მეთორმეტეკლასელებმა კარგად იციან, რომ მწერლის შემოქმედების შესწავლისას და მისი ბიოგრაფიის გაცნობისას ჩემთვის დაბადება-გარდაცვალების, პირველი პოეტური კრებულის და დაოჯახების წლებზე მნიშნელოვანი სულ სხვა ცნობებია.

ვფიქრობ, ისტორიული პირების და შემოქმედი ადამიანების ცხოვრების, მათი ნამოქმედარის გაცნობისას ისეთ დეტალებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რაც წლების შემდეგაც არ დაგავიწყდება. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ვერ გაიხსენო, მაგალითად, ვარსქენ პიტიახშის და გნებავთ, შუშანიკ დედოფლის გარდაცვალების ზუსტი თარიღები, რომ ტექსტის დაწერის წელი გამოითვალო, მაგრამ სასურველი იქნება ისეთი ფაქტები გვახსოვდეს ამ ტექსტიდან და ამ ტექსტის ავტორზე, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ იაკობ ხუცესი ნებსით თუ უნებლიეთ არღვევს ჟანრის მკაცრად განსაზღვრულ კანონს და შუშანიკს ვერ წარმოგვიდგენს ბოლომდე იდეალურ, სრულყოფილ გმირად (სწორედ ამიტომაცაა ბევრისთვის ეს ტექსტი განსაკუთრებით მომხიბლავი და საინტერესო, მთავარი მოქმედი გმირი კი ცოცხალი და „ადამიანური” პერსონაჟი და არა სტატიკური, ერთგანზომილებიანი კანონიკური ფრესკა).
ერთი სიტყვით, მშრალი ფაქტები და თარიღები უმნიშვნელოა, ადამიანის ხასიათის, მისი სისუსტეების, ძლიერი მხარეების, საინტერესო გამონათქვამების, ცხოვრებისეული შემთხვევების, ყოველდღიურობის შესახებ საინტერესო ცნობები კი გაცილებით მნიშნელოვანი.

დიმიტრი ყიფიანს დავუბრუნდები და მეთორმეტეკლასელებს.

ძალიან მინდა ხვალ საშინაო დავალების გამოკითხვისას მოვისმინო, რომ დიმიტრი ყიფიანი სულაც არ იყო „მოსაწყენი” ადამიანი, როგორც მას 1832 წლის შეთქმულების შეკრებებზე უწოდა ერთ-ერთმა დამსწრემ (თავის მემუარებში დიმიტრი ყიფიანი წერს, რომ 18 წლისა „თავისუფალი მსმენელის” სტატუსით ესწრებოდა შეთქმულთა კრებებს. მეტწილად დუმდა და გამოსვლებს უსმენდა. ერთხელ კი შეკითხვაზე – „რას ფიქრობთ” ალალად უპასუხა – „სულ ვფიქრობ, რით დაბოლოვდება ეს ყველაფერი”. ამის შედეგად უწოდა მას ერთ-ერთა შეთქმულმა მოსაწყენი კაცი. აქვე იმასაც იგონებს ყიფიანი, რომ შეთქმულების გაცემის შემდეგ მას პირადად შედარებით მსუბუქი ბრალდება ერგო – ვოლოგდაში გადაასახლეს…), არამედ იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე, მამათა თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ილიაც და აკაკიც უდიდეს პატივს სცემდნენ, (ამ ორის გამანადგურებელი ქილიკის და კრიტიკის ამბები უკვე იმ პერიოდიდან იციან, „თერგდალეულების” და „მტკვარდალეულების” „შეტაკებებს” რომ განვიხილავდით…). ადამიანი, რომელსაც „არ მოუსვენია არც ერთი დღე, არც ერთი საათი, მაგარი და მტკიცე სულით იგი მხნედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ისე კი არა, როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც პატიოსანი კაცი და დაუცხრომელი მოღვაწე”(გუნია ვალერიან, დიმიტრი ივანეს-ძე ყიფიანი, ტფილისი, 1887;)

ან თუ მაინცდამაინც ასეთად (მოსაწყენად) მოეჩვენებათ, საკუთარი არგუმენტებით გამტკიცებული მსჯელობა უნდა წარმოადგინონ კლასის წინაშე.

კარგი იქნება, თუ მისი წერილებისა და ჩანაწერების მიხედვით შეიქმნიან წარმოდგენას ამ უჩვეულო, ალალი, გულუბრყვილო და მამაცი ადამიანის შესახებ.

ძალიან გულისამაჩუყებელია მისი წერილი, რომელიც რუს გენერალს მისწერა, როცა ამ უკანასკნელმა უკადრებელი იკადრა და საქართველო აუგად მოიხსენა. ნახეთ, რას წერს: “იმის მერე, რაც მოხდა, მე ვეღარ დავტოვებ ჩემს ფოტოსურათს თქვენს ოჯახში და აღარც მე შევინახავ თქვენს სურათს ჩემს სახლში. დამიბრუნეთ ჩემი სურათი და დაგიბრუნებთ – თქვენსას”.

სახალისო იქნება, თუკი ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამი მის შესახებ “იგი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა “ჰოს”, როცა მისი გული ამბობდა “არას” – თანამედროვე ავტორის, გურამ დოჩანაშვილის რომანის ერთ-ერთ პერსონაჟს გაახსენებთ, რომელიც, ცხადია, არაფრით ჰგავს მას. უბრალოდ, ალუზიური ფრაზაა.
თუ ყურადღებით გაეცნობიან მის ნააზრევს, მომავალში თანამედროვე ღირებულებებსა და თანამედროვე სამყაროში ცოდნისა და განათლების აუცილებლობაზე მსჯელობისას დიმიტრი ყიფიანის ფრაზის დამოწმება შეეძლებათ – “სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზეაღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამობასთან მიახლოებისა… განათლება ყველას გვათანასწორებს”.

..

იმედი მაქვს, მოვისმენ სასულიერო აკადემიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელობისა და ეგზარქოსი პავლეს ამბებს, იქნებ იმ უაღრესად ზრდილობიანი და ამავდროულად მტკიცე, გაბედული წერილის ამონარიდებიც ამოიწერონ, ყიფიანმა რომ მისწერა ხაშურიდან ეგზარქოსს. ძალიან საინტერესო წერილია. ასეთი მშვიდი, აუღელვებელი და შთამბეჭდავი ტექსტი ცოტა თუ წამიკითხავს…

ამ პატარა წერილში ყველა საინტერესო ეპიზოდის ჩატევას ვერ მოვახერხებ. 45 წუთის განმავლობაში ვერც მეთორმეტეკლასელების მიერ მოძიებულ მასალებს გავეცნობი სრულად, თუმცა, დიმიტრი ყიფიანისა და აკაკი წერეთლის უკანასკნელი შეხვედრა კი მაინც მინდა ცალკე გამოვყო. აკაკი იხსენებდა: „როცა დიმიტრის მღვდელმთავრის შეურაცხყოფისთვის სტავროპოლში გადასახლება გადაუწყვიტეს და ეს ამბავი ქვიშხეთში მყოფს შეატყობინეს, მისმა მხიარულმა სახემ გამაოცა. სიცილით მითხრა: ნუ გშურს, ჩემთვის ეს ღვთის წყალობაა, უკეთეს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებდი. ერთი საუკუნეა ქართველები ცუდკაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა. დე, პირველი მერცხალიც მე ვიყო, მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვეღარ ესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა”…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი