პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცისფერია თუ მწვანე?…

რაღაცნაირად არასასიამოვნოდ ჩამობნელდა. არადა, სულ ათიოდე წუთის წინ მზე ანათებდა. მერე ნიავმა წამოუქროლა, თანდათან გაძლიერდა და ცაზეც ელვის ხაზები დაიკლაკნა. ჯერ ოდნავ, მერე მკვეთრად. გაიელვებდა და სულ წამიერად ცის იქითა სამყაროს დაგვანახებდა. ცოტა ხანში ზუზუნიც გაისმა.

მოიცათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მორიგი თბილისური წვიმის და ელვის აღწერით ვარ დაკავებული? არა, ბატონო, ასე გარუდა მოფრინავს… ჩემი ფაიფურის ყავის ფინჯნის გარე კედელზე. დიახ, ფინჯანზე სწორედ, გარუდას მიწაზე დაფრენის სცენაა დახატული. ეს ფინჯანი სადღაც, მოგზაურობის დროს ვიყიდე. იქვე, ლამაზი საღებავებით მიხატულ-მოხატული, თავად გარუდას სურათებიც იყიდებოდა, მაგრამ დიდი ზომის იყო და წამოღება გამიჭირდებოდა. ამიტომ ყავის პაწაწუნა ფინჯანს დავჯერდი.

მხოლოდ მესამე აბზაცს ვწერ და სახელი „გარუდა” უკვე სამჯერ ვახსენე. ვინ არის გარუდა? ნახევრადადამიანი და ნახევრადარწივია. ღვთაება ვიშნუს პირადი ტრანსპორტი. ზოგიერთი მითის მიხედვით კი, ფრინველის სახით წარმდგარი თავად მზეა. მესამე ცაზე ცხოვრობს, საიდანაც გამოსასვლელი ელვის შედეგად იხსნება. ვიშნუ მოიხმობს და გარუდაც მიწაზეა. ახლა არ იფიქროთ, ვიშნუ ისეთი თავქარიანი ვინმე იყო, რომ გარუდას მესამე ციდან სასეირნოდ ეძახდა. ისინი ერთად დემონებს და ურჩხულებს ებრძოდნენ.

არსებობს, ე.წ. პალეოკონტაქტის თეორია. მე სკეპტიკურად უყურებ, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს და მიმდევრებიც ჰყავს. თანაც, სერიოზული მიმდევრები. სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები-არქეოლოგები, ისტორიკოსები, ეთნოლოგები და ა.შ. თეორია ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და ჩვენთან კონტაქტი ახლაც აქვთ, ადრე ხომ ჰქონდათ და ჰქონდათ. უფრო მეტიც, ისინი რაღაცებს გვასწავლიდნენ და ეს ცოდნა ლეგენდების სახით არის შემონახული. მაგ. ამ თეორიის თანახმად „გარუდა” ცოცხალი არსება კი არა, საფრენი მანქანაა და მისი აფრენ-დაფრენა ზემოთ აღწერილ ბუნებრივ მოვლენებს იწვევს. ანუ უცხოპლანეტელებმა „გარუდას” სახით პირველი საფრენი აპარატები დაამკვიდრეს, შემდეგ კი კაცობრიობამ ყველაფერი დახვეწა და დღეს თვითმფრინავით დავფრინავთ. გარუდა გველებს ჭამდა. ეს იყო მისი საზრდო. ზოგიერთ ნახატზე სწორედ სადილის დროსაა გამოსახული და ნისკარტიდან გრძელი გველი მოუჩანს. პალეოკონტაქტის თეორიის მიმდევრები ამბობენ, შეხედეთ ბატონო, როგორ ასხამენ თვითმფინავში ბენზინსო. შლანგი ზუსტად ისევე აქვს მიერთებული, როგორც სურათებზე „გარუდას” აქვს გველიო. მოკლედ, გარუდა კი არ სადილობდაო, საწვავს უსხამდნენ ხოლმე და ლეგენდაში ეს ფაქტი გველის ჭამად შერაცხესო.

რა ვიცი, ლეგენდასაც და თეორიასაც არსებობის უფლება აქვს. ვინ დაიჯერებს და ვინ არა, ეს ყველამ თავად გადაწყვიტოს. მე კიდევ იმ ფერადსაღებავიან გარუდას სურათებს მინდა დავუბრუნე, უცხოეთში ერთ ვიწრო ქუჩაზე მხატვარს, რომ ჰქონდა გასაყიდად გამოფენილი. დღეს წახვალ მაღაზიაში და რა გინდა სულო და გულო, ყველანაირ საღებავს იყიდი. აი, შუა საუკუნეებში კი მხატვრები… რას აღარ ჩადიოდნენ…
მომავალი ნახატის ტილო ჯერ გრუნტით უნდა დაეფარათ. გრუნტისთვის იღებდნენ ზუთხის კანს, ძვლებს და ლაყუჩებს, დებდნენ წყალში და ხარშავდნენ. დიდი დრო სჭირდებოდა და გარშემო ცუდ სუნს აყენებდა. რა ხდებოდა ქვაბში ქიმიის კუთხით? თევზის კანიც, ძვლებიც და ლაყუჩებიც შეიცავს ცილა კოლაგენს. გაცხელებისას კოლაგენი წყლის არეში ჰიდროლიზდება და წარმოიქმნება გლუტინი. ის ბუნებრივი ცხოველური წებოა. გლუტინს ხელით არა ერთხელ შეხებიხართ. არ გახსოვთ? თუ თევზს მოხარშავთ და მოხარშულ ნაჭერს შეეხებით, თითები რაღაცნაირი წებოვანი გაგიხდებათ. ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ თევზის ნაჭერზე წარმოქმნილ გლუტინს შეეხეთ. გლუტინს ჟელატინსაც უწოდებენ. ჟელატინის მისაღებად ზუთხის მოხარშვა საჭირო აღარ არის, ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება. ჟელატინის წყალში გახსნით ჟელესმაგვარი სუბსტანცია წარმოიქმნება. ჩვენ კიდევ ოდნავ გავათბოთ წყლის აბაზანაზე, რომ უფრო თხევადი გახდეს.

ამასობაში სამხატვრო გრუნტის სხვა კომპონენტი მოვამზადოთ. ეს ჩვეულებრივი ცარცია. ფაიფურის როდინში დავსრისოთ, სანამ ფხვნილს არ მივიღებთ. ცარცის ფხვნილი ჟელატინში ჩავყაროთ და ავურიოთ. მიღებული მასა სახატავ ქაღალდზე უნდა დავატანოთ სამჯერ და თითოეული წასმის შემდეგ, გრუნტს გაშრობა უნდა დავაცადოთ. როცა გრუნტის მესამე ფენაც გაშრება, მომავალი ნახატის საფუძველი მზად არის.

მუზეუმებში ყოფნისას შეამჩნევდით, რომ ძველ შედევრებს ფერი საოცრად აქვთ შენარჩუნებული. გეთანხმებით, მათთვის სპეციალური მიკროკლიმატია შექმნილი და უვლიან კიდეც. თუმცა მიზეზი ისიც არის, რომ შუა საუკუნეებში მხატვრები მხოლოდ ბუნებრივ საღებავებს იყენებდნენ. ფერად მინერალებს ფქვავდნენ და მიღებულ ფხვნილებს პიგმენტად მოიხმარდნენ. ასევე ჰქონდათ, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პიგმენტებიც.

ლაბორატორიაში თიხა მაქვს და ფაიფურის როდინში დავსრეს. ყავისფერია და ყავისფერ საღებავს მივიღებ. ფხვნილი კი მივიღე, მაგრამ ვერაფერსაც ვერ დავხატავ, რადგან მასში რაიმე საფუძვლის დამატებაა საჭირო. ასეთი რამ კი კვერცხის გულია. მისი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ოლეინის მჟავაა. ოლეინის მჟავა წყალს არ შეერევა. ამიტომ, კვერცხის გულის საფუძველზე მომზადებულ საღებავს ვერანაირი ნესტი ვერ გააფუჭებს. კვერცხის გულს დავამატებ თიხას და ავურევ, მივიღებ ყავისფერ საღებავს. შემდეგ, დარჩენილ კვერცხის გულს ქრომის ოქსიდს ჩავამატებ და კვლავ ავურევ. Cr2O3 ძალიან ლამაზ მწვანე შეფერილობას წარმოქმნის. თუმცა ასეთი საღებავები საკმაოდ წებოვანი და სქელია და მალე შრება. ამიტომ, ძველად მათ ბურახით აზავებდნენ.

ახლა ლურჯი საღებავი მივიღოთ. სინჯარაში რკინის ნაქლიბს ჩავყრი, დავამატოთ განზავებული მარილმჟავა. ეს რეაქცია შესანიშნავად იცით, გამოიყოფა წყალბადი, რკინის იონები კიდევ ხსნარში გადადის. რკინის იონების აღმოსაჩენად სისხლის წითელი მარილი გამოვიყენოთ (კალიუმის (III) ჰესქაციანო ფერატი). მარილის სინჯარაში დამატების შემდეგ, სინჯარა მწვანედ შეიფერება, რომელიც ლურჯში გადავა. ეს ბერლინის ლაჟვარდის წარმოქმნის გამო ხდება. გაფილტვრის შემდეგ ფილტრის ქაღალდზე, სწორედ მოლურჯო ფხვნილი დაგვრჩება.
სურათებს ოლიფათი ფარავდნენ. მასვე დაატანდნენ ზედაპირზე ხატებსაც. ასე წარმოიქმნა, ე.წ. ხატების ოლიფა. მცენარეული ზეთები ორ ჯგუფად იყოფა: ერთი მალევე შრება, მეორენი კი არა. მაგ. ზეითუნის ზეთი ოლიფასთვის არ გამოდგება. თავად ზეთი ძალიან კარგია, ზეთების სამეულში მესამე ადგილზეა (იხ. ჩემივე ავტორობით დაწერილი წერილი „ბიჭო გოგიაა…” https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=9&id=617), მაგრამ არ შრება. მზესუმზირის ზეთი ოლიფასთვის სანახევროდ გამოდგება. ისე კი ზეთებში მეორე ადგილზეა. მხატვრისთვის ყველაზე კარგი სელის ზეთია (ზეთების სამეულში სასარგებლო თვისებებით პირველ ადგილზეა), ის მდგრად აპკს წარმოქმნის. მაგრამ როცა გაშრება, მუქ ყავისფერს ღებულობს. ძველად, სელის ზეთს ორი წელი მზეზე ტოვებდნენ (ბუნებრივია, ვიღაც ყურადღებას აქცევდა და ქარის, წვიმის ან თოვლის დროს მშრალ ადგილას გადაიტანდა). ამ ხნის განმავლობაში ღიავდებოდა. შემდეგ უმატებდნენ ტყვიის მათეთრებელს 2PbCO3·Pb(OH)2 და მაღალ ტემპერატურაზე ხარშავდნენ. შემდეგ ზეთს ფილტრავდნენ და მასში ქარვას გახსნიდნენ.

ამას წინათ სოციალურ ქსელში ფუსფუსი იყო ატეხილი. სიმართლე გითხრათ, იქ ყოველთვის ფუსფუსია, ხან პოლიტიკური, ხან სოციალური, ხან სატირული, ხან სენსაციური და ხანაც უბრალოდ გასართობი. მე ამ უკანასკნელზე მოგახსენებთ. მოკლედ, ვიღაცის კაბას განიხილავდნენ და ვერაფრით დაედგინათ ოქროსფერი იყო თუ იასამნისფერი. ქსელის შიგნით და მის მიღმა უცნობი ადამიანები, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და საბოლოოდ მგონი იმაზე შეჯერდნენ, რომ კაბის ფერი განწყობაზე იყო დამოკიდებული, შენ რა ხასიათზეც შეხედავდი, კაბაც ის ფერი იყო. მერე კიდევ მგონი გაირკვა, რომ პატრონს ეს კაბა ორი ფერის ჰქონია, ორივეს სურათი გამოუფენია და გართობის მიზნით უკითხავს, აბა, რა ფერისააო. ეს ვნებათაღელვა რომ მინელდა, შემდეგ ვიღაცამ კატის სურათი დადო. თვითკმაყოფილი სახით კიბეზე ადიოდა… ან იქნებ ჩადიოდა… ან სულაც ერთდროულად ადიოდა და ჩადიოდა. კამათის თემა ასეთი იყო: რას აკეთებდა კატა. ბარემ იმასაც დავწერ, რომ სოციალური ქსელის მთელი ეს ვნებათაღელვანი მე ნაკლებად მაინტერესებს, უბრალოდ ჩემს „კედელზე” გამოჩნდება ხოლმე და ვხედავ. ეს შესავალი კი იმიტომ დავწერე, რომ ერთი ექსპერიმენტის შესახებ მინდა მოგითხროთ.

ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით მცირე რაოდენობით კალიუმის ბიქრომატის ნარინჯისფერი ხსნარი. დაუმატეთ გოგირდმჟავას ხსნარის მცირე რაოდენობა. მათი შერევისთანავე ხსნარი გაწითლდება. ასეთ შემჟავებულ ხსნარში თუთიის რამდენიმე პატარა ნატეხი ჩააგდეთ. ბიქრომატი აღდგება და ხსნარი გამწვანდება.

K2Cr2O7+7H2SO4+3Zn=Cr2(SO4)3+K2SO4+3ZnSO4+7H2O

ერთდროულად, თუთიის რეაქციით მჟავასთან გამოიყოფა აირადი წყალბადი.

თუმცა რეაქცია კვლავ გაგრძელდება და ხსნარი ცისფერი გახდება. ასეთი შეფერილობა აქვს ქრომის (II) სულფატს-CrSO4. ხსნარი სხვა ჭიქაში უნდა გადავასხათ (ასე ჟანგბადით გავამდიდრებთ) და კვლავ მწვანე ფერს მიიღებს ქრომის (III) სულფატის Cr2(SO4)3 წარმოქმნის გამო.

სოციალურო ქსელო, რას იტყვი? ხსნარი ცისფერია თუ მწვანე?…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი