ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქეთევან კუპატაძე – ფულის რაობა

ფული გააქვთ?…

„ფული გააქვს?” – გახსოვთ ალბათ შეკითხვა ერთი სიმღერიდან.
თუ ფული გაქვთ… ოოო, მლიქვნელთა მთელი ამალა გეყოლებათ. ყველაფერს შეგიქებენ ფეხის ფრჩხილიდან დაწყებული თმის ღერით დამთავრებული. თქვენი ტელეფონი არ გაჩერდება, მთელი დღე იწკრიალებს. ყველას დასჭირდებით, ყველგან მიგიწვევენ, აზრს შეგეკითხებიან და თუ იტყვით, რომ ორის და ორის ნამრავლი ხუთია, მართალი სწორედ თქვენ იქნებით.
არ გაქვთ? … ჰოო, ეგ ცუდი ამბავია… პირველ რიგში, თქვენთვის. მოემზადეთ მარტოობისთვის, შენიშვნებისთვის, ქილიკისთვის. რაო, რა ბრძანეთ? ორის და ორის ნამრავლი ოთხია? და განა ეს ისედაც ცნობილი არ არის, ახლა კიდევ თქვენ რომ არ გვასწავლოთ ჭკუა.
არც კი გაბედოთ და დეპრესიამ არ დაგძლიოთ. დარდი დაავადებებს იზიდავს, მათი განკურნებისთვის კიდევ ექიმია საჭირო. ახლანდელი ექიმების უმრავლესობას აღარც კი ახსოვს, ოდესმე თუ ჰიპოკრატეს ფიცი დაუდიათ. ჰოდა, როგორც უფულოს ცინიკურად შემოგხედავენ და გეტყვიან, არა, ჩვენთან არაფერი გესაქმებათ, თქვენი ადგილი ზეცაშიაო.
თუმცა ზეცამდეც რომ გაემგზავროთ, აქ დარჩენილ სხეულს საბოლოო დაბინავება სჭირდება და ესეც ფულთან არის დაკავშირებული.
მაინც რა არის ფულად წოდებული ეს ბანკნოტები თუ მონეტები, რომლებიც მავანს და მავანს ადამიანის სახეს აკარგვინებს და მათი ფლობისთვის სინდისზეც კი აღებინებს ხელს. „ხელის ჭუჭყი”?
საქართველოში „ხელის ჭუჭყად” წოდებული პირველი მონეტა ”კოლხური თეთრი” ძვ. წ. მეშვიდე საუკუნეში მოჭრილა. ვერცხლის მონეტა გახლდათ, რომლის ერთ მხარეს ლომი იყო გამოსახული. ეს ადგილობრივად მოჭრილი მონეტა იყო და არა უცხოეთიდან შემოტანილი. კოლხური თეთრის ზოგიერთ მონეტაზე ბერძნული ასოებია A, θ (ხარის თავის გამოსახულებასთან), ზოგზე MO, EO. ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ყურადღებას იპყრობს ახალი ტიპის ვერცხლის მონეტების ჯგუფი, რომელიც კოლხური თეთრის ტიპთან ახლოს დგას. უკანასკნელი
ქართული მონეტა 1833 წელს მოიჭრა, ანუ საქართველოს საკუთარი მონეტა დაახლოებით 2400 წლის მანძილზე ჰქონია.კოლხური თეთრის ქიმიური შედგენილობა შემდეგია: სპილენძი – 48,00-71,73%, ვერცხლი – 28,42-51,17%.
XII-XIII საუკუნეებში (ახ.წ.-ით) სხვადასხვა დროს მოჭრილი მონეტები უმთავრესად სპილენძისგან შედგება (94,773-91,71%), მასში ნაპოვნია ტყვიაც – ერთ-ერთ მონეტაში 14,93%. 1230 წლის მონეტა, ე.წ. ”რუსუდან დედოფლის დრამა”, ძირითადად, შეიცავს ვერცხლს და მასთან ერთად – 13,68% ოქროს, მაგრამ ოქრო შენადნობის სახით კი არ არის, არამედ მხოლოდ მონეტის ზედაპირს ფარავს.
XIII საუკუნის 50-იან წლებში მოჭრილი მონეტა, ძირითადად, სპილენძისგან შედგება, თუმცა გვხვდებოდა ტყვიის შემცველი სპილენძისაგან დამზადებულ მონეტებიც. ასე მაგ. ერთი მათგანი 1,43% ტყვიას შეიცავს. XIII-XIV საუკუნეებში მოჭრილი მონეტები, ე.წ. ”კირმანეული თეთრი”, სპილენძისა (38,72-52,48%) და ვერცხლისაგან (42,85-57,52%) შედგება. მასში არის 1,02-3,04% ოქროც 1605-1798 წლების მონეტებში სპილენძი 97-99,16%-ია; ზოგიერთში არის ტყვიაც (0,42-1,49%). XVII-XVIIIსს. შუა წლების ვერცხლის ფული შეიცავს 0,36-17,21% სპილენძს,
ოქროს შემცველობა მხოლოდ კვალის სახითაა.
გოგირდის თანაობა კი იმაზე მიგვითითებს, რომ მონეტების მოსაჭრელად საჭირო შენადნობი სულფიდური მადნების აღდგენით მიიღებოდა. შესწავლილ მონეტებში კალის მცირე რაოდენობით შემცველობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ საქართველოში კალა ცოტა ყოფილა.
საერთოდ კი, პირველი ლითონის ფული ჩვ.წ.აღ.-ის VIII ს.-ში ჩინეთში მოჭრილა და მთლიანად სპილენძისგან ამზადებდნენ. საუკუნის შემდეგ ოქროს ფულიც მოჭრეს.
სანამ თხრობას განვაგრძობდე, ერთი ექსპერიმენტი უნდა ჩაგაწერინოთ. აი, ეს სპილენძის მონეტა ოქროსად როგორ „გადავაქციოთ”. აქვე იმასაც დავწერ, რომ იმავე ძველ ჩინეთში, ვინც ქიმიას არასწორად იყენებდა და სპილენძის ფულის ოქროდ გასაღება სურდა… ხელს აჭრიდნენ. თუმცა ჩვენ ეს არ გვემუქრება, ჩვენ მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვატარებთ რეაქციას.
მეფე მიდასის მსგავსად ფილოსოფიური ქვა არ გვაქვს, რომ მონეტას შევეხოთ და ოქროდ ვაქციოთ. თუმცა ლაბორატორიაში არის: თუთიის სულფატი (10გ), თავად თუთიის ფირფიტა და სპილენძის მონეტა. თუთიის სულფატი გავხსნათ 50 მლ გამოხდილ წყალში და ქურაზე გავაცხელოთ. ამავე ჭიქაში ჩავყაროთ თუთიის ფირფიტები ან ნაჭრები და სპილენძის მონეტაც იქვე მოვათავსოთ. ოღონდ ისე, რომ თუთიასთან შეხება ჰქონდეს. მთელი ეს შემადგენლობა ასე 15 წუთი ვადუღოთ. დუღილის პროცესში ნათლად ჩანს, როგორ დაიფენება მონეტის ზედაპირი თუთიით. რა რეაქცია მიმდინარეობს? ხსნარში გამოიყოფა თუთიის იონები. სპილენძი მათ მიიზიდავს და შესაბამისად მონეტა თუთიის თხელი ფენით იფარება. თხუთმეტი წუთის შემდეგ თუთიით დაფარულ მონეტას ჭიქიდან ამოვიღებთ და მის „ოქროდ გარდაქმნას” შევუდგებით. მონეტა გახურებულ ქურაზე დადეთ და თქვენ თვალწინ ის ოქროდ იქცევა. ეს ისეთივე ოქროს მონეტა იქნება, როგორი ოქროც თავის დროზე ეგვიპტელმა ბოლოსმა წარუდგინა საზოგადოებას. მან თუთიის და სპილენძის შელღობით თითბერი მიიღო. ჩვენც, მონეტის გაცხელებით თუთიის ფენა უფრო მეტად შევალღვეთ სპილენძთან.
ასწლეულების მანძილზე ლითონის ფული ოქროსგან, ვერცხლისგან და სპილენძისგან მზადდებოდა. სახელმწიფოთა მმართველები ფულის ზომას, წონას და სინჯს საზღვრავდნენ. სახელწოდებებსაც თავადვე არჩევდნენ. მე-16-ე საუკუნის ვენეციაში მონეტებს „გაზეტა”-ს უწოდებდნენ. როდესაც ამ ადგილებში პირველი გაზეთი გამოჩნდა, მას ერთი „გაზეტას” ფასად ყიდნენ და პრესას ასეც შერჩა სახელი – „la gazetta”.
ფული „ხელის ჭუჭყია”, მაგრამ ეს „ჭუჭყი” აუცილებელია. ერთხელ ბებიამ ზაფხულის არდადეგებზე ახმეტაში მარგო მასწავლებელთან წამიყვანა. იქ ადრეც ვიყავი ნამყოფი და პატარა მეგობარიც მყავდა სახელად თინა. ჩემი ჩასვლის ამბავი მაშინვე გავრცელდა და თინამაც უმალ მომაკითხა. წამოდი, მოპირდაპირე მხარეს ერთ ოჯახში მიგიყვან, საოცრებას ნახავო. ეზოში მსხვილი ქვისგან ნაგები პატარა ოთახი იდგა, ფარღალალა კარ-ფანჯრით. სახურავის მაგივრობას თივა ასრულებდა. იატაკის ნაცვლად კი მიწის ბელტები იდო. გარშემო უხვად მიმოეფანტათ მოძველებული, დაფლეთილი პალტოები, რომელსაც თურმე ლოგინად იყენებდნენ. აქ სამ შვილთან ერთად ქვრივი ქალი ნუშო ცხოვრობდა. მეუღლე ურმიდან გადმოვარდნოდა, მისი სიკვდილის შემდეგ არაყს მისჩვეოდა და მთელი დღეები გარინდებულ-გაოგნებული იჯდა. ახლაც იქ იყო, თმაგაჩეჩილი, პირდაუბანელი, ლოთობისგან უაზრო გამომეტყველებით უსასრულობაში იყურებოდა. უფროსი ბიჭი სახელად ვალახტო, იმ წელს სკოლაში უნდა წასულიყო, მაგრამ თინამ მითხრა, ვერ წავაო, ფული არ აქვთ, რომ სასკოლოდ მოემზადოსო. ფული მეც არ მქონდა, ვალახტო კიდევ შემეცოდა. იქაურობას თვალი მოვავლე და მწიფე მსხმოიარე ჭერამი დავინახე. დაკრიფეთ და გაყიდეთ-მეთქი. არაო, ამოილუღლუღა ვალახტომ, ბაზარში წამართმევენო. იმ ბაზარში ერთხელ ბებიასთან ერთად ნამყოფი ვიყავი, რაღაცები ვიყიდეთ და ვიცოდი სადაც იყო. მეც წამოვალ-მეთქი, გავამხნევე და ასე ნახევარ საათში, ჭერმით დატვირთულები, მე, თინა და ვალახტო ბაზრისკენ გავეშურეთ.
პირველსავე დახლთან დავდექით, ჯამს თავი მოვუბი და მყიდველს დაველოდე, ოღონდ არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა. ვალახტო ყვითელი და გამხდარი იყო, ძლივს იდგა ფეხზე, ყველასი და ყველაფრის ეშინოდა. „ბიზნესი” ჩავარდნას აპირებდა, რომ უცებ ერთი კაცი გამახსენდა, თბილისში ჩვენი კორპუსის წინ დაუსრულებლად გადი-გამოდიოდა და ყველა სეზონის ხილს ყიდდა. თან იმხელას ყვიროდა, აბა კარგი ხილი, აბა გემრიელიო. ჩემი უზარმაზარი ნაწნავი წინ გადმოვიგდე, ყელი მოვიღერე და ყვირილი მოვრთე:
აბა, კარგი ჭერამი, გემრიელი, B ჯგუფის ვიტამინებით სავსე, მკვდარს გააცოცხლებს-მეთქი.
იმ პერიოდში ბებია მართლაც იკეთებდა B ჯგუფის ვიტამინის ნემსებს და ესეც გამოვიყენე. გაჭრა და ჩვენს ჭერამს ხალხი მოაწყდა.
„ბიზნესი” უკვე ყვაოდა, რომ მეზობელი დახლიდან ქალი მომივარდა:
შენ ეი, ქალაქელო, პატარა არ იყო, მაგ ნაწნავს ბღუჯა-ბღუჯად გიქცევდი. რომ ყვირი, რას ყვირი, მთელი მყიდველი რომ დამიფრთხე. თან რაღაცეებს ამბობ, ჯგუფებით არის სავსეო, ჭერამი ჭერამია, რა ჯგუფი უნდა ქონდეს მაგას. ჩემს ჭერამს თუ ჯგუფი არა აქვს, რა ტკბილი არ არის? ვალახტო შეშინდა და მაგიდის ქვეშ შეძვრა. მე კი არ შემშინებია, ვიცოდი, თუ რამე იქნებოდა ბებია დამიცავდა. თუმცა სწორედ ბებიასგან იმ საღამოს მომხვდა კიდეც. ეს რა გააკეთეო, მისაყვედურა, გეთქვა ჩემთვის და ვალახტოს ფულს მე მივცემდიო, თუმცა ნუშო მაინც არაყში გადაყრიდაო.
ასეა თუ ისეა, ჭერამი გავყიდე და ნავაჭრი ფული ვალახტოს ჩაუთვალე. მე გულით მივეხმარე, თუმცა… შემდეგ გავიგე, ნუშოს ცხვარში გაუგზავნია და იქ მძიმე შრომისთვის ვერ გაუძლია პატარა ბიჭს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი