ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსასმენი აქტივობების საჭიროება უცხოური ენის სწავლების პროცესში

ენის ცოდნა განისაზღვრება 4 კომპეტენციით: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი და, ლოგიკურია, ერთ-ერთის არასათანადოდ სწავლების ან ნაკლებობის შემთხვევაში მოსწავლეს ვერ ეძლევა საშუალება სათანადო ცოდნა მიიღოს უცხო ენაში.

 ენის ერთ-ერთი კომპონენტი – მოსმენა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან იგი მხოლოდ მოსმენის აქტივობებს არ მოიცავს, არამედ: მოსწავლე შეძლებს სწორად გამოთქვას სიტყვა, მიაჩვიოს ყური უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხთა დიალოგს/მონოლოგს, რომელიც თავისთავად ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საუბრის უნარის გაუმჯობესებას.

  თუმცა, სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პედაგოგები საკუთარ საგაკვეთილო პროცესებს ვერ ტვირთავენ მოსასმენი დავალებებით. ამ ფაქტს შესაძლოა საკუთარი ახსნაც ჰქონდეს: 

·საკმარისი რესურსების არ ქონა, 
·თანამედროვე ტექნიკაზე ხელმიუწვდომლობა 
·და ა.შ. 

 მოსმენის  კომპონენტის  გამოყენებისას მეთოდოლოგიურად  აქტუალურია რა აქტივობები დაგეგმა მასწავლებელმა :

 

1.მოსმენის აქტივობების დაწყებამდე (pre-listening)  
2.მოსმენის დროს (while-listening)
3.მოსმენის შემდგომ (post-listening)

მოსმენის აქტივობების დაწყებამდე, (pre-listening) აუცილებელია მოსწავლეები შევამზადოთ ამ აქტივობისათვის. სასურველია, თუ მათ დავაინტერესებთ აღნიშნული აქტივობით. მაგ.: დააკვირდით სურათს და მოსმენის შემდეგ მიპასუხეთ ვინ ამბობს შემდეგ სიტყვებს, ან სთხოვეთ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები რომელიმე სიტუაციასთან დაკავშირებით და შემდეგ, მოასმენინეთ ჩანაწერი ტექსტი, მოსწავლეები თავად ნახავენ განსხვავებას ნათქვამსა და მოსმენილს შორის. წაახალისეთ მოსწავლეები, რათა შეძლონ აქტივობების შესრულება. 

არსებობს ასევე მოსმენის დროს (while-listening) შესასრულებელი უამრავი აქტვივობა. მაგ.: სთხოვეთ მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებისას ნასწავლი სიტყვები გახაზონ ტექსტში და შემდეგ მოსმენისას დააკვირდნენ მათ გამოთქმას. ან ჩამოუწერეთ მოსწავლეებს რამოდენიმე სიტყვა დაფაზე და სთხოვეთ მოსმენისას გამოტოვებულ ადგილას ჩასვან შესაბამისი სიტყვა.

მოსმენის შემდგომი (post-listening) აქტივობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მოსწავლეს არასდროს არ უნდა გაუჩნდეს შეკითხვა: ნეტავ, ამას რატომ მოვუსმინე? რა სარგებელი მომიტანა? ამისათვის საჭიროა, მასწავლებელმა სათანადოდ დაგეგმოს მოსასმენი აქტივობები თავისი წინარე მოსმენის (Pre-listening), მოსმენის პარალელური (while listening) და მოსმენის შემდგომი (Post- listening) აქტივობები. მოსმენის შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი მოსაზრება მოსმენილთან დაკავშირებით ან დააწერინეთ პატარა მოთხრობა მოსმენილი ტექსტიდან გამომდინარე.

დაწყებით კლასებში მოსმენის დავალებებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. საწყის ეტაპზე მოსწავლეებს შეგვიძლია მოვასმენინოთ ანბანი, დათვლა, ფერები და ა.შ., რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ სახალისო ფორმა, მაგ.: მუსიკალური, ვიდეო, მულტფილმის ფორმატი და ა.შ. მოსწავლეები გაცილებით ადვილად დაიმახსოვრებენ ამ ყოველივეს, ვიდრე ჩამოწერილი – სიტყვების სახით. მოსმენისას მარტივად შეძლებენ პერსონაჟების (მაგ.: ბიჭი, გოგო), ემოციების (სიხარული, სინანული), ადგილის (ქუჩაში, სკოლაში, სახლში) ამოცნობას, რაც დაეხმარებათ მათ ადვილად შეასრულონ მოსასმენის შემდგომი დავალებები.

არსებობენ ისეთი სახის მოსასმენები, რომელთა ფუნქციაც არის უბრლოდ მოსმენა და თვალის მიდევნება. ასეთი სახის აქტივობების შესრულებას სჯობს, სთხოვეთ მათ დახურონ წიგნი და მოუსმინონ ჩანაწერს, შემდეგ სთხოვეთ გადმოსცენ საკუთარი სიტყვებით მოსმენილი ჩანაწერი, შემდეგ გადააშლევინეთ წიგნი და ამჯერად მეორედ მოასმენინეთ ტექსტი და სთხოვეთ, გააყოლონ თვალი. ამ ტიპის სავარჯიშოები დაეხმარებათ მათ მოსმენის უნარისა და სტრატეგიების გაუმჯობესებაში. ამავრდოულად, აღსანიშნია ისიც, რომ მოსწავლეებს მოსმენის შედგომ ყოველთვის უწევთ მოსმენილი მასალის ზეპირი ანალიზი, ანუ ერთდროულად უვითარდებათ მოსმენისა და მეტყველების უნარები.

საბაზო საფეხურზე მოსასმენების რაოდენობაცა და სავარჯიშოების მრავალფეროვნებაც იზრდება, შესაბამისად, იზრდება აქტივობათა ტიპები. აქ უკვე ძირითადად ტექსტის მოსმენამდე სთხოვეთ მოსწავლეებს დააკვირდნენ ტექსტის სათაურს, არსებულ სურათს და გამოათქმევინეთ ვარაუდი აღნიშნულ მოსასმენთან დაკავშირებით, შემდეგ მოასმენინეთ ტექსტი და სთხოვეთ, გადმოსცენ მოსმენილის შინაარსი. მოსმენის პარალელურად კარგია, თუკი მოსწავლეები შეასრულებენ categorizing/ matching/-ის ტიპის დავალებებს, როდესაც ერთდროულად, მოსწავლეები უსმენენ ჩანაწერს და პარალელურად მოსმენილი ფრაზა ან სიტყვა უნდა დაახარისხოს ნიშან-თვისებათა მიხედვით ან მიუსადაგოს სხვა სიტყვას იქნება ეს მათი სინონიმი, ანტონიმი თუ ა.შ. მოსმენისას ასევე ერთ-ერთი მშვენიერი აქტივობაა ე.წ. true/false, მართალი/მცდარი ტიპის სავარჯიშოების შესრულება. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ მოსმენის უნარი და ერთდროულად ასრულებს როგორც წერით, ასევე – მოსმენით სავარჯიშოსაც. 

მოსმენაზე დაფუძნებული პროექტი – ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სასწავლო პროცესში და ამავდროულად მოსასმენი უნარების გაუმჯობესება. მოვასმენინოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ტექსტები მაგ.: სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციები, ან ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და შემდეგ გამართეთ დისკუსია. რა იყო საერთო, რა განსხვავება და ა.შ. ამის შემდეგ გადაანაწილეთ როლები და  სთხოვეთ მოსწავლეებს აირჩიონ თითომ თითო მოსასმენიდან გაგებული ინფორმაცია, მოსმენილი ინფორმაციის მთავარი შინაარსი გადაატანინეთ ფორმატზე/ფურცელზე, თუ ნახატებითაც გააფორმებინებთ უკეთესი იქნება და შემდეგ მიეცით მათ პოსტერის, ბუკლეტის ან კედლის გაზეთის სახე და გამართეთ პრეზენტაცია. ამ აქტივობებით ერთდროულად მოსწავლეებს უვითარდებათ: მოსმენის, ლაპარაკის, გუნდური მუშაობის, როლების გადანაწილების, დისკუსიისა და პრეზენტაციების უნარები.

დავით ახვლედიანი, პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, შიდა ქართლი,  კასპის რაიონი სოფ. კოდისწყაროს საჯარო სკოლა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი