ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განწირული სულისკვეთება

ადამიანს ბედნიერების განცდისთვის სჭირდება აღიარება, სხვებისგან თუ არა, საკუთარი თავისგან მაინც. ყოველდღიური წვრილმანები ყოველ წუთას გაცლიან სასიცოცხლო ძალებს და გაიძულებენ დათმო რაღაც ღირებული. ვერ შეძლო, რამე ისეთის გაკეთება, რაც, სანამ მომავალ სიმაღლეებსა და გზას დაინახავდე, სანამ გააცნობიერებდე, რომ ისევ შორს ხარ, ერთი წუთით მაინც მოგცემს ამოსუნთქვის საშუალებას, წუთით მაინც იქნები ამაყი და ბედნიერი საკუთარი ნამოქმედარითა თუ მიღწეულით.

რაც ამ გზაზე შეიძლება დაგეხმაროს, გამოცდილებაა, მთელი კაცობრიობის გამოცდილება. ალბათ პროფესიიდან გამომდინარე, კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანურ გმირობებზე მეტად მხატვრული გამოცდილება მეხმარება, ხანდახან მაინც ვიყო უფრო უკეთესი, ვიდრე  ვარ, ხანდახან მაინც ვიგრძნო საკუთარ თავში „თავგანწირული სულისკვეთების” სიო, რომელიც „შავად მდინარ” ფიქრებს მინიავებს და მართალია, ჩემი თავგანწირვები კარიკატურულად მცირეა, იმ დიდთან, ნამდვილთან შედარებით, მაინც ესაა, რაც მაძლებინებს.

დღეს ორ „განწირულ სულისკვეთებაზე” მინდა დავწერო. 

ორივე გამარჯვებულია, ორივე აღწევს მიზანს, ოღონდ ერთის ისტორია მხატვრულად ნამდვილი, მომხდარი ამბავია, მეორე –  შინაგანი თავგადასავალია. ავთანდილსა და” მერანის” ლირიკულ გმირზე მინდა  დავწერო.

პირველი და უმთავრესი, რაც მათ აერთიანებთ, ბედისწერასთან ბრძოლაა. ორივე ახერხებს ბედისწერის საზღვარი გადალახოს. „წუთისოფლობის” ტრაგიზმი, მოკლე, ამქვეყნიური ცხოვრების საზღვარი იშლება, თუ შეძლებ ამ წუთისოფლის წესრიგი ცოტათი მაინც უკეთესი გახადო, ცოტათი მაინც მიუახლოვო პირველქმნილს. ავთანდილი ახერხებს შეცვალოს იმ დროის ერთ-ერთი ბედისწერა – ქალი მამის საკუთრებაა, ვისაც უნდა იმას მიათხოვებს, სიყვარულით ოჯახები არ იქმნება. ნესტანისა და ტარიელის გამარჯვების ისტორია კი, უკვე  პრეცედენტია, რომელიც ამხელს  ბოროტებას და ამით ამქვეყნიურ წესრიგს უკეთესობისკენ ცვლის.

„მერანის” ლირიკული გმირის ბრძოლის ასპარეზი სხვაგვარია. მას ბოჭავს ადამიანად ყოფნის საზღვრები, ის მთლიანად „წუთისოფლობას” ებრძვის და თავისთავად ცხადია, ამ წუთისოფლიდან გასვლა უწევს, რათა სხვა, ახალ სივრცეებსა და დროს ეზიაროს. განა თითოეულ ჩვენგანს არ მორევია ბრაზი საკუთარი სხეულის გამო, „რომლის ჰიგიენაც კი ოცდაოთხ საათში ძველდება”, განა არ გვიგრძნია საკუთარი ჭურჭლის სივიწროვე და სიმყიფე? მაგრამ ასეთ ფიქრებს თვალი რომ გაუსწორო, მაშინ უნდა გაწირო კიდეც საკუთარი ამქვეყნიური ყოფა და სიკვდილიც მარტომ ინატრო. არადა, სწორედ სიკვდილისას გვინდა ვიყოთ ახლობლებით გარშემორტყმულნი. ბოლო ამოსუნთქვისას ჩავებღაუჭოთ ახლობლის ხელს, ბოლო ცდაა, ილუზიით თავის დამშვიდებისა. არადა, თუკი მარტოობას, როგორც სინამდვილეს, თვალი ვერ გაუსწორე, ვერც ბედისწერას მოერევი. ავთანდილი და „მერანის” ლირიკული გმირი ამისთვის მზად არიან:

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, 
მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე ლმობელმან.”
„ნუ დავიმარხო ჩემს მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის,-
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტრიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!”

ამ მზადყოფნის გარეშე არ არსებობს გმირობა. გმირობა გულისხმობს, იყო მარტო და იყო სხვებისთვის.

„ვეფხისტყაოსანში” არის სიტყვები, რომელთაც დღეს მნიშვნელობა შეცვლილი აქვთ. ყველამ ვიცით, რომ „ღარიბი” უცხოს ნიშნავს, მაგრამ დღევანდელი მნიშვნელობითაც უხდება კონტექსტს, ღარიბობა, არაფრისმქონობა სწორი მდგომარეობაა ბედისწერასთან მებრძოლი პერსონაჟისა. რა თქმა უნდა, მკვლევარს არა აქვს უფლება სიტყვები თავისი გემოვნებითა და ორმაგი მნიშვნელობით გაიგოს, მაგრამ მკითხველი თავნება არსებაა.

ავთანდილსა და „მერანის” ლირიკულ გმირზე ერთად წერაც ჩემი, როგორც მკითხველის, ერთგვარი თავნებობაა. მათ ჩემთვის კიდევ ერთი რამ აერთიანებთ – სურვილი.

ავთანდილს უნდა და ეხმარება ტარიელს, მერანის მხედარს უნდა და მიფრინავს საზღვრებიდან. იქნებ ჩვენ, ადამიანებს, გამუდმებული კომპრომისები კი არ გვიშლის ხელს, სურვილის სიმძაფრე და გულწრფელობა გვაკლია და ამიტომ ვუშვებთ კომპრომისებს? გრძნობები არ გვყოფნის და ამიტომ  დაგვატარებს წუთისოფელი თავისი „ბრძნული” კანონებით.

აბა, ერთი შეხედვით არც ერთის საქციელი არ ჯდება ამქვეყნიური ლოგიკის ჩარჩოებში. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ავთანდილის წასვლა ერთგვარად ქვეყნის ღალატიცაა. მთავარსარდალი რომ ჯარს დატოვებს და ვიღაც მტირალი კაცის დასახმარებლად გაიპარება, არის კი ამაში ყოფითი ლოგიკა? რა თქმა უნდა, არ არის. მაგრამ მისი საქციელის, მისი გადაწყვეტილების გამამართლებელი მხოლოდ ის კი არაა, რომ ტარიელი გაჭირვებული და დასახმარებელია, არაბეთს და თინათინს კი არაფერი უჭირს, არამედ უპირველესად მისი, ავთანდილის სურვილია. ის ამ სურვილით არის ყველაზე მართალი და მომხიბვლელი.

არც მერანის მხედრის თავგანწირვაში ჩანს ამქვეყნიური ლოგიკა. მიდის და კვდება მარტო, შავი ყორანი უთხრის საფლავს. რატომ, რა აიძულებს? რა ამართლებს?

სურვილი. სურვილი საკუთარი მძიმე ყოფიდან გაღწევისა და ეს ყოფა, ასე მგონია, კონკრეტულად ბარათაშვილის ყოფასთან, იმ დროინდელი საქართველოს მძიმე მორალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებთან არაფერ შუაშია. არც ილიკო ორბელიანის  ტყვედ ჩავარდნის ამბავია გადამწყვეტი. რაღა თქმა უნდა, საწყისი პოეტური იმპულსის მიმცემი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ პოეტის ფიქრი გაცილებით შორს წავიდა და გასცდა კონკრეტული დროისა და სივრცის საზღვრებს. ვერც რომანტიზმის, ვერც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს საზღვრებში ის ვეღარ ეტევა, იმდენად ვრცელია მისი რბოლის ასპარეზი და პროტესტიც ზოგადადამიანური შესაძლებლობების წინააღმდეგაა მიმართული და არა კონკრეტული სარბიელის არქონისკენ.

„მერანის” ლირიკულ გმირსა და ავთანდილს, როგორც ზემოთ ვახსენე, მოქმედების ვექტორი განასხვავებს. ავთანდილის „საზღვრის გადალახვა”, ერთი შეხედვით, ამავე სამყაროს ჩარჩოებში რჩება. ეს სამყარო ხდება უკეთესი, და აქედან გამომდინარე, საკუთარი არსებობის წარმავლობას უპირისპირდება, რაც უფრო მეტად მიუხლოვდება პირველქმნილ წესრიგს, მით უფრო გაძლებს. მაგრამ, თავისთავად ცხადია, ამ ტიპის ბრძოლაში გამარჯვებისთვის ავთანდილს სრულიად განსაკუთრებული პიროვნული თვისებები სჭირდება, რომლებიც ამავე სამყაროსთან უფრო მჭიდრო კავშირში უნდა იყოს, ვიდრე „მერანის” ლირიკული გმირისა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის  გმირის თავგადასავალი მარტო კაცის შინაგანი ამბავია. წუთისოფელს არაფრით შეუძლია მისთვის ხელის შეშლა. წუთისოფელს უკვე გაკეთებული აქვს თავისი საქმე, მიღებული აქვს ბედისწერის შავი ფერი. ის მერანს ვეღარ შეაჩერებს. ერთადერთი, შეუძლია, „დასჩხავლოს”, მაგრამ ეს ჩხავილი საზღვრის იქით ვერ გადააღწევს.
ავთანდილის შემთხვევაში ბედისწერას შერჩენილი აქვს თავისი ძალა. ავთანდილი ამ სამყაროში მოქმედებს და გამარჯვებისთვის საჭიროა ამავე სამყაროს შვილი ბოლომდე, ერთგულად და მართლად დარჩეს.

რა თვისებებს მიჰყავს ავთანდილი გამარჯვებამდე, თანაც გამარჯვებამდე ტრაგიკული აღსასრულის გარეშე?

უპირველეს ყოვლისა, განცდას, რომ ეკუთვნის მთლიანად სამყაროს. მისი პიროვნული ხედვა პლანეტებსაც (ვარსკვლავებსაც) კი სწვდება, და არ შეიძლება ჩაკეტილი იყოს ვიწრო ეთნიკურ ჩარჩოებში. ერთი მხრივ – რწმენა, და მეორე მხრივ – ცოდვა, რომელიც მას ასევე არ აკლია, ქმნის გამარჯვებული პერსონაჟის სწორ პარადიგმას. ის რომ უცოდველი და  იდეალური ყოფილიყო, დაიკარგებოდა, როგორც ამ ქვეყნის შვილი და ვეღარ შეძლებდა ამ ქვეყნისთვისთვისვე მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევას.

საბედნიეროდ, ავთანდილი ჩვეულებრივი ცოდვილია: ემუქრება სუსტს (ასმათს გამოქვაბულში), იტყუება გულანშაროში, კლავს მძინარე ადამიანს, ღალატობს სატრფოს. შთამბეჭდავი ჩამონათვალია, მაგრამ ადამიანი ამ სამყაროში სხვანაირი ვერ იქნება. ის განწირულია ცოდვისთვის და რაც მის ცოდვებს გამოისყიდის, ლოცვაა, ის ლოცულობს ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ლოცულობს ცრემლით, ლოცულობს სიმღერითაც (შემოქმედებით) და მისი რწმენა, ტკივილი და გულწრფელობა მთელი სამყარო აიძულებს გვერდში დაუდგეს. 

რამდენადაც „მერანის” ლირიკული გმირი სრულიად მარტოა, ავთანდილთან ყოველთვისაა ღმერთი. „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსნებიო”, დანანებით აღიარებს როსტევანი და ამ „თავის ხლებაში” მარტო მისი გადაწყვეტილება და თავისუფლება არ იგულისხმება, აქვეა ღმერთი, როგორც იმედი, როგორც მთელი სამყარო, რომელიც ამსუბუქებს ღარიბობისა და უცხოობის სიმძიმეს.

ასევე მნიშვნელოვანია თინათინი, როგორც საწყისი იმპულსის მიმცემი და შემდეგში თანამგრძნობი. მისი სურვილით, გაიგოს სიმართლე, იწყება ავთანდილის თავგადასავალი, მაგრამ ეს სხვა დიდი თემაა.

ასეთი ნდობა ღმრთისა, სამყაროსი, როგორც ავთანდილს აქვს, ბუნებრივი იყო პირველ ცოდვამდე, სანამ ადამიანში ცნობიერება გაიდგამდა ფესვს. 

ავთანდილი კი, იმისთვის რომ იმოქმედოს, სწორედ ამ ცნობიერს, ცოდნას იყენებს. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწობრთა წყობისა”.

ავთანდილის მიღწეული შედეგი სრულიად აშკარაა. მერანის ლირიკული გმირისა – შედარებით დაფარული.

თუმცა ბარათაშვილიც ისეთივე ქმედითია და თუ ჩვენ მას საკუთარ კულტურულ გამოცდილებად ვაქცევთ, ნამდვილად წინ გაგვიძღვება და ადამიანად ყოფნის, მისი დაძლევის, საჭირო დროს თავგანწირვის პატარ-პატარა შესაძლებლობებს მოგვცემს. გზა უკვე გაკვალულია. მთავარია, ჩვენ თვითონ ვიგულოთ თავი მის „მოძმეებად”, რომ ბოლოს, როცა საზღვრის გადალახვის დრო დადგება, მეტ-ნაკლებად ჩვენც გვეთქმოდეს: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება”…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი