ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სული საქართველოსი

ერთი მოარული ამბავია, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ჰკითხა მრევლმა, უწმინდესო, სადაა ზეციური საქართველოო და ასეთი პასუხი მიიღო: ზეციურ სომხეთსა და ზეციურ აზერბაიჯანს შორისო. მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ზეციური საქართველოს იდეა რომ ბევრს მოსწონს, ნათელია. ამის მიზეზი ალბათ წარმოსახვის და ფანტაზიის სისუსტეა, რომ გარდაცვალების მერეც იგივე გგონია ადამიანს რაც აქაა, დაახლოებით ასე; შენ, შენი მეუღლე, მეზობელი მდიდარი, მეზობელი ღარიბი, ძმაკაცები, სუფრები, სასაფლაოები, იგივე საქმეები, თან ამას დამატებული იქ ერთად მყოფი ყველა ქართველი, ღირსეულნი რა თქმა უნდა, და ასე, იმ ზეციურ საქართველოში, ჟარგონზე რომ ვთქვა, მიდის გრიალი უკუნისამდე და ყველა ბედნიერია.

ამ შესავალის შემდეგ, მინდა საქართველოს სულზე ვისაუბრო ილია ჭავჭავაძის და ბესიკ ხარანაულის ტექსტების მიხევდით. მოდი, ჯერ ჩემს აზრს ვიტყვი, რა ან ვინ უნდა იყოს საქართელოს სული. არ მგონია, რომ ეს იყოს იმ ზემოთქმული ზეციური საქართველოდან გამოგზავნილი ერთ-ერთი მოდარაჯე არსება, ან რამდენიმე, რომლებიც რაღაც იქაური დროის მიხედვით ცვლიან ერთმანეთს გრაფიკის მიხედვით. ეს ალბათ არის ერის ისტორიის, ლიტერატურის, კულტურის, ხალხის და სხვა თავისებურებების ერთიანობა, რაღაც კოლექტიური ქვეცნობიერის მსგავსი, რომელიც ვიღაც ერთში შეგვიძლია განვასხეულოთ, რომ შევაფასოთ და დავინახოთ.
ჭავჭავაძე ხედავს აჩრდილს, ქვეყნის სულს, რომელიც მარად ყველგან საქართველოსთანაა. ეს სული შემაღლებულზე დგას და იქიდან წინასწარმეტყველებს, რა იქნება შემდგომ და იქიდან იხსენებს ძველ დროსაც, განსჯის და ადიდებს ადამიანებს, საქმეებს, მოვლენებს.
„აქ არვის – დიდსა, თუ პატარასა, –
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,
დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა
ღვთად მოუცია მარტო მამული”.
შემდეგ კი წუხს, რომ:
„მაგრამ ქართველნო, სად არის გმირი,
რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?”
1864 – 1871 წლებში საქართველოში ბატონყმობა გაუქმდა, პოემა 1872 წელს არის დაწერილი და ჩანს, რომ ცხოვრება ჯერ კიდევ იმ ძველი სახელმწიფო მოწყობის მიხედვით გრძელდებოდა, თავად-აზნაურობა ჩაგრავდა ისედაც გაღარიბებულ გლეხს. ამის გამოა, რომ ჭავჭავაძის ლიტერატურული გმირი, გარდა იმ ზოგადი პრობლემებისა, რაც ქვეყანას და ერს აქვს, სამომავლო ცხოვრებას ძალიან კონკრეტულად წინასწარმეტყველებს, რომ დადგება ყველა ადამიანის თუ სოციალური ჯგუფის გათანასწორების დრო, ადამიანი მისი შრომის მიხედვით დაფასდება.
„შრომის სუფევა მოვა მაშინა
ჭეშმარიტების მის ძლიერებით”.
პოემის დასასრულს ავტორის მზერას ეკარგება მოხუცი სული საქართველოსი და შემდეგ ბოლოჯერ დაინახავს მას მუხლმოყრილს, ცისკენ ხელაღპრობილს, ღვთისმშობელ მარიამს რომ ავედრებს ქვეყანას. პოემა კი სრულდება იმ სურათით, თუ როგორ გადომეშვა ციდან მშვენიერი ცისარტყელა, რაც ალბათ იმედის, სამომავლო სიკეთისა და მშვიდობის ნიშანად გამოიყენა ავტორმა, როგორც საკუთარი პოზიციის, ასევე ტექსტისა და მისი ლოგიკური ქოროს, თუ პერსონაჟის გამომხატველად.
„შეზავებულად მეხსაც ჰგავდა და მოხუცებულსაც, ცას სარჩულივით გადაჰკვროდა, არწივისა ჰქონდა სახე და ემოსა ნისლის კოტორი, თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან იდგა და იქიდან გუგუნებდა ცის მედგარივით:
– ჰოი, ჰოი, ჰოი… გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
მე ვარ სული საქართველოსი!..”
მოდი, ცოტა ვითამაშოთ, თუ ამ სტატიის დასწყისიდანვე ასე არ ვაკეთებდით, მკითხველო, და ვიტყვი, რომ ეს უკვე ბესიკ ხარანაულმა ნახა თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ სული საქართველოსი. აღწერილობა თითქმის იგივეა; პერსონაჟის იდუმალება, სტოიციზმი, ორივე რაღაც შორეული ნისლითაა შებურვილი და გადმოჰყურებენ ქვეყანას, მაგრამ საინტერესოა ერთი ნიუანსი, რაც ბესიკმა დაამატა საკუთარ პერსონაჟს; „თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან იდგა”, – ეს მომენტი ერთი შეხედვით ბევრს არაფერს, მაგრამ უმთავრესსაც კი გვეუბნება ალბათ, რომ ამ სულს, ვინც მაღალია, რჩეულია, აქვს ჩართული საკუთარი თავისაგან გასვლის, განდგომის, საკუთარ თავზე დაკვირვების, მოვლენათა გვერდიდან ხედვის ფუნქცია.
„მოვიდა ის დღეც შურის-გებისა,
მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა…”
ამბობს ამას ილიას გმირი და მერე იგონებს საუკუნეების წინანდელ ქართველებს, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნისთვის. დღეს კი ასეთი აღარავინ არისო, _ წუხს და ისეთი მკითხველი თუ ხარ ადამიანი, პერსონაჟების წარმოდგენა და მათი არებობის დაჯერება გიყვარდეს, თან შეგეცოდებოდა და გაგაღიმებდა კიდეც ამ მოხუცი სულის ისეთი საუბარი, თითქოს, თვითონ ბრძენი კი არ იყო და ამის გამო ედგა საქართველოს მარადიულ დარაჯად, უბრალოდ გაჩენის დღიდან სულ აქ იდგა, ახლა კი დაბერებულიყო და რაღაცეები ერეოდა კიდეც ერთმანეთში. ჩემი აზრით, ეს სული ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია ილიას შემოქმედებაში. მან ყველაფერი იცის ძველი, ხედავს აწმყოს და მომავალს წინასწარმეტყველებს, მაგრამ თვითონ არ შეუძლია ან უბრალოდ არ ერევა მოვლენების სხვაგვარად განვითარებაში. შური უნდა ვიძიოთ, ამის დრო დადგა ამ მეცხრამეტე საუკუნეშიო და იქვე უძველესი დროის მეფე ფარნავაზზე საუბრობს.
„გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
ჩემს ურჩსა და მოღალატეს, ჩემს მქირდავსა და მოპირფერეს,
ქალსა და კაცს, მოხუცს, ყმაწვილს, გამხმარსა და გაფუებულს
მიწაში აგზელთ!
ცრუ მღვდელს, ცრუ მლოცველს, ცრუ მეცნიერს, ცრუ მგმობელს,
ცრუ მწონავს, ცრუ მთვლელს, ენაგრძელსა და უთქმელს,
ორპირს და მანიაკს
მიწაში აგზელთ!”
ეს კი უკვე ხარანაულის პერსონაჟია. სულ სხვა ტონით მოსაუბრე. ესეც ჰო მთაზე დგას, ბრძენიც უნდა იყოს, მოხუციც, მაგრამ არწივის პროფილი აქვს. სისულელეა, მაგრამ ილიას გმირი ალბათ უფრო ახალი აღთქმის სულია, ხარანაულის გმირი კი – ძველის. რაღაცნაირი მკაცრია, შიშველი. რა საერთოა მათ შორის, რა განსხვავებები?!.
სადამდეც ჭკუა-გონება გამწვდება, შემიძლია ამ ორ ტექსტზე ვისაუბრო, მაგრამ შევწყვეტ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სტატიის მოცულობა ალოგიკურად გაიზრდება და მეორე იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ჩემი სტატიები არაა ჭკუის სწავლება მასწავლებელ-მოსწავლეებისთვის, არც პოპულარულ ენაზე დაწერილი სამეცნიერო ნაშრომებია, ეს უბრალო ინტერესის აღძვრაა კონკრეტული მხატვრული ტექსტების სხვა კუთხით აღქმა-გააზრებისათვის.
ძალიან კარგი სამსჯელო თემა იქნება კლასში თვითონ ამ ერთი პერსონაჟის – საქართველოს სულის ტრანსფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენც ყველანი, საგნებიც, მოვლენებიც, გეგმებიც, ყველაფერი ცვალებადია. ილიას შემდეგ საქართველოც შეიცვალა, ხალხიც, ვითარებაც და შეიცვალა ალბათ ის სულიც საქართველოსი, რომელიც კი არის მარადიული, მაგარამ მარადისობა თავის თავში არ უნდა ნიშნავდეს სტატიკას, რომელსაც გვამის სუნი ექნება. მითუფრო ქვეყანას არ უნდა სჭირდებოდეს მუდამ უცვლელი, ქვისგან გათლილი მფარველი, გინდა ცისა იყოს, გინდა მიწისა.
რაღაც პათეტიკური დასასრული გამომდის სარკაზმულად დაწყებულ ტექსტზე, მაგრამ ჩვენც უნდა ვიცვლებოეთ, მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც, ადამიანები ზოგადად, ხან უარყოფითისკენ, ხან დადებითისკენ, მაღლაც ავდიოდეთ და დაბლაც ვეშვებოდეთ. მოძრაობა და მოძრაობაო ჰო თქვა იმ კაცმა, აქ ვინც ბევრჯერ ვახსენე. ავირჩიოთ რაღაც საწყისი წერტილი ჩვენი არსებობის, არსის და ვმოძრაობდეთ ჩვენს აზრებში, შეხედულებებში, ფასეულობებში, თორემ:
„სისულელეა ღმერთის ძახილი, როცა შენი თავი არ მოგიხმია,
როცა სახლში გაქვს ქონება და სხვაგან დაეძებ.
აბა, გახსენ შენგან დაგდებული სკივრი, ნახე, როგორ ამოანათებს!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი