პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ყავის სურნელი

კუთხიდან გამოვედი და გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსის შორიდანვე მოვკარი თვალი. ფეხისთვის მაინც არ ამიჩქარებია – არ მეჩქარებოდა, მაგრამ დრო რომც არ მქონოდა, ხალხით სავსე ტრანსპორტში ფეხზე მაინც არ დავდგებოდი. კარი გავაღე და სალონში შევიხედე. სიცარიელე იყო, ამიტომ ავედი და იქვე, ფანჯარასთან დავჯექი. ჩემ წინ, ერთი რიგის იქით, ასე მეშვიდე-მერვეკლასელი ლოყაწითელა ბიჭი იჯდა. ეტყობოდა, სახლში კოვზით სულაც არ დასდევდნენ, თავად გეახლებოდათ ყველაფერს მონდომებით. მუხლებზე მძიმე ზურგჩანთა ედო, ალბათ სკოლიდან ბრუნდებოდა. დავჯექი თუ არა, ჩემკენ მობრუნდა, მერე მიბრუნდა, მერე ისევ მობრუნდა. არ მეცნო და ვიფიქრე, ალბათ ვინმეში შევეშალე-მეთქი, მაგრამ მისი აწრიალების მიზეზი ჩემს ჩანთაში მოთავსებული ახალდაფქული ყავა აღმოჩნდა. ამოვედი თუ არა, მისი სურნელი უგრძნია და ზემოთ აღწერილი უნებლიე მოძრაობებიც სწორედ ამით იყო გამოწვეული. რამდენიმე წუთის შემდეგ თავისთვის ჩაილაპარაკა, ახალდაფქული ყავის სურნელი დადგა სალონშიო.

სალონი მართლაც ყავის სუნით აივსო.

ბოლო დროს მეცნიერები უფრო და უფრო აქტიურად იკვლევენ ამ სასმელს და, ზოგიერთი მონაცემით, დღეში 3-4 ფინჯანი ყავა თურმე ალცჰაიმერის დაავადებასაც კი ებრძვის.

ყავაზე ადრეც დავწერე და აქაც საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ მის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს წააწყდებით. ერთნი რომ აქებენ, მეორენი ყურადღებას მის უარყოფით თვისებებზე ამახვილებენ. მე კი კვლავ გავიმეორებ, რომ ყავა მიყვარს, ვსვამდი, ვსვამ და დავლევ კიდეც, და ვინაიდან მისდამი ნაზი გრძნობებით ვარ აღვსილი, აქ მხოლოდ კარგს დავწერ. ცუდი, თუ გნებავთ, თავადვე მოიძიეთ.
მეთვრამეტე საუკუნეში შვედეთში გუსტავ მესამე მეფობდა. ყავას შხამად მიიჩნევდა, თუმცა მეცნიერება იზიდავდა და რობერტ ბოილის აზრს იზიარებდა – მიაჩნდა, რომ ყოველგვარი მოსაზრება კვლევით უნდა შემოწმებულიყო. ერთ დღესაც ტყუპმა ძმამ რაღაც დააშავა. სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, მეფემ კი სიკვდილის ნაცვლად პატიმრობა და ყოველდღე რამდენიმე ფინჯანი ყავა მიუსაჯა. თან ორი ექიმი მიუჩინა, მათ ჯანმრთელობას რომ დაჰკვირვებოდნენ. ჰოდა, გამოხდა ხანი, ჯერ ერთი ექიმი მოკვდა, მერე – მეორე, მერე – მეფე… ერთი ტყუპისცალი მხოლოდ ამის შემდეგ გარდაიცვალა, 83 წლისა, მეორე კი ორი წლის შემდეგ გამოესალმა სიცოცხლეს.

სინგაპურში 45 ათასი ადამიანი გამოიკვლიეს. მათ ცეროზი ჰქონდათ, ზოგს – ალკოჰოლიზმით გამოწვეული, ზოგსაც – ჰეპატიტური. ყველას ყავას ასმევდნენ. ექსპერიმენტი 19 წელი გაგრძელდა. ალკოჰოლური ციროზით დაავადებულთა 67% მომჯობინდა და სიცოცხლე გაუხანგრძლივდა, ჰეპატიტური ციროზით დაავადებულებზე კი ყავას არც კარგად უმოქმედია, არც ცუდად.

კოფეინის შემცველობის მიხედვით პირველ ადგილზე კაფსულებია (აპარატში მოსახარში), მეორეზე – მარცვლები, მესამეზე – ხსნადი ყავა.

სუპერმარკეტში ყავის რიგებს თუ გადახედავთ, მრავალფეროვნება თვალს მოგტაცებთ. როგორ ამოვარჩიოთ ხსნადი ყავა? სასურველია, შევიძინოთ მინის ქილებში და არა პლასტმასის ჭურჭელში დაფასოებული; გრანულები ყავისფერი უნდა იყოს და არა ზედმეტად მოხალული შავი ფერისა. შინ კი სიბნელეში უნდა შევინახოთ.
ერთხელ, ჩემი მოწაფეობისას, დედას მეგობარმა დაურეკა, უთხრა, სოფლიდან ინდაურები გამომიგზავნეს და საგანგებოდ შენთვის და ქეთისთვის საცივი გავაკეთე, მოდით, წაიღეთო. ამ საჩუქარზე უარის თქმა არ შეიძლებოდა, რადგან ეს ქალბატონი განთქმული მზარეული იყო. თითებს ჩაიკვნეტო, იტყოდით მის გაკეთებულ კერძებზე. დედამ მოსატანად მე გამგზავნა – ეგონა, მისი მეგობარი ოჯახისთვის მომზადებული საცივის მცირე ნაწილს გვთავაზობდა, მაგრამ მასპინძლებმა ვეება ქვაბი დამახვედრეს. გონისწამღები სურნელი ასდიოდა… მოვკიდე ქვაბს ხელი და წამოვედი. ავტობუსში რომ ავედი, ყველას ყველაფერი დაავიწყდა. ის კი არა, უმეტესობა სწორედ ჩემს გაჩერებაზე ჩამოვიდა – ეჭვი მაქვს, სწორედ საცივის სურნელის დამსახურებით…

მაინც, რა არის სუნი? ზოგ ნივთიერებას სუნი აქვს, ზოგს კი – არა. მაგალითად, რკინა უსუნოა, იოდს კი თავისი აქროლადობის გამო გამოკვეთილი სუნი ახასიათებს. ჩვენი ცხვირი სხვადასხვა მოლეკულას „იჭერს” და სუნს ვგრძნობთ. ცხვირში 50 მილიონი სპეციალური უჯრედია განთავსებული, რომლებიც მოლეკულებს „იჭერენ” და თავის ტვინში ამა თუ იმ სუნის აღქმის შესახებ სიგნალი იგზავნება. ჩვეულებრივი ადამიანის ცხვირი დაახლოებით 10 ათას სუნს არჩევს, დეგუსტატორისა – 30 ათასს. ცხვირში მოლეკულა იმ რეცეპტორს უკავშირდება, რომელსაც მისი მსგავსი ფორმა აქვს. ეს ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა ივარაუდა და თანამედროვე მეცნიერებმა დაუდასტურეს.

ყნოსვის ცენტრი თავის ტვინის ლიმბურ სისტემას უკავშირდება, რომელსაც ემოციების მართვის ცენტრსაც უწოდებენ, ამიტომ სურნელმა შესაძლოა სხვადასხვა ემოცია აღგვიძრას და მოგონებები აგვიშალოს.

სუნის მქონე მოლეკულებს ოდოროვექტორებს, ოდოროფორებს ან ოსმოფორებს უწოდებენ. ოსმოფორი აქროლადი უნდა იყოს, სხვაგვარად ცხვირამდე უბრალოდ ვერ მიაღწევს. გარდა ამისა, ოდნავ მაინც უნდა იყოს წყალში ხსნადი, თორემ ცხვირის ლორწოვანში ვერ გაიხსნება. ლორწო, თავის მხრივ, ცილებისა და ნახშირწყლების წყალხსნარია, რომელსაც ცხვირის ეპითელიუმი გამოყოფს და რომელიც ნერვულ დაბოლოებებს ფარავს. თუმცა ლორწოს ორგანულ მოლეკულებს უნარი შესწევთ, გაუხსნელი მოლეკულები რეცეპტორებამდე მიიტანონ. ოსმოფორს უნდა შეეძლოს ლორწოს ცილის მოლეკულასთან ურთიერთქმედება და ნერვული რეცეპტორიდან თავის ტვინამდე სიგნალის გადაცემის პროვოცირება. ამ შემთხვევაშიც (ფერმენტებისა და სუბსტრატისა არ იყოს) „გასაღები-კლიტის” პრინციპი მოქმედებს, ანუ განსაზღვრულ ცილას მხოლოდ განსაზღვრული ფორმის ოსმოფორი შეიძლება დაუკავშირდეს.

რაც შეეხება მკვეთრ და უსიამოვნო სუნებს, მათი მოლეკულები ოდნავ განსხვავებული ტიპის უჯრედებს უკავშირდებიან.

ზოგიერთი ნივთიერების მოლეკულის სუნი საოცარ ასოციაციებს იწვევს. მაგალითად, პარა-ჰიდროქსიფენილბუტანონ-2 (C10H12O2) და იონონი (C13H20O). ორივე კეტონია. პირველი მათგანი ჟოლოს დამწიფებისას წარმოიქნება. არომატული სუნიც მისი დამსახურებაა. იის ფოთლების შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ პარფიუმერები მას ხშირად იყენებენ სუნამოების შექმნისას. მეორე კეტონი მზეზე გამომშრალ თივას აძლევს დამახასიათებელ სურნელს.

დიალილდისულფიდი (C6H10S2), ალილპროპილდისულფიდი (C6H12S2), თიოპროპიონალდეჰიდ-S-ოქსიდი (C3H6OS). თითოეული მათგანი გოგირდს შეიცავს, რომელიც Allium-ის რიგის მცენარეებს მკვეთრ სურნელს ანიჭებს. ამ მცენარეებს ძალიან კარგად იცნობთ. ნიორს და ხახვს ვგულისხმობ. მათში ბევრია გოგირდშემცველი ამინმჟავა, განსაკუთრებით – ცისტეინი. თავად ხახვი და ნიორი უსუნოა, მაგრამ აბა ერთი გაჭერით, დაჭყლიტეთ, ჩაღეჭეთ, ანუ უჯრედები დაუზიანეთ – მაშინვე დაიწყება ფერმენტული რეაქცია და ამინმჟავებში შემავალი აზოტი და გოგირდი აქროლად ნაერთებად გარდაიქმნება. მათ შორის ამიაკიც წარმოიქმნება და ზემოთ დასახელებული ნაერთებიც.

ევგენოლი (C10H12O2) დაფნის ფოთლის ეთერზეთში შედის. იგივე ალდეჰიდი მუსკატის კაკალშიც (Myristica fragrans) გვხვდება.

მარაქეშში, „წითელ ქალაქში”, მინარეთია, რომელიც მაშინდელმა სულთანმა ესპანელებზე გამარჯვების ნიშნად ააგებინა. მის კედლებს მუსკატის სუნი ასდის. მეთორმეტე საუკუნეში, მინარეთის მშენებლობისას, ცემენტს 1000 ტომარა მუსკატი შეურიეს და სუნი დღესაც იგრძნობა. 

ფურილ-2-მეთანთიოლი (C5H6OS) ახალმოხალული ყავის სურნელს გადმოსცემს. აი, ისეთს, მე რომ სამარშრუტო ტაქსში ავიტანე. მოხალვის დროს ყავის მარცვლები ფერს იცვლის და მუქი ყავისფერი ხდება, ზოგჯერ კი შავიც. ამ შემთხვევაში ყავა დაგიწვავთ და ეგ არის. აი, ლამაზი ყავისფერი კი მაიარის რეაქციით მიიღება. რეაქციას სახელი ლუის კამილ მაიარის პატივსაცემად უწოდეს. სწორედ მან აღწერა პროცესი გასული საუკუნის დასაწყისში. საზოგადოდ, ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ვწვავთ ან ვაცხობთ, ფერს იცვლის. ამ დროს ძირითადად გლუკოზა და ამინმჟავა შედის ერთმანეთთან რეაქციაში. შედეგად წარმოიქმნება ნაერთები, რომლებიც ერთმანეთს პოლიკონდენსაციის პრინციპით უკავშირდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროცესის დროს წყლის მოლეკულები გამოიყოფა. შედეგად აზოტშემცველი პოლიკონდენსატები, იგივე მელანოიდინები წარმოიქმნება. სწორედ ისინი აფერადებენ შემწვარ, გამომცხვარ თუ მოხალულ პროდუქტებს.

ახლა აივანზე ვდგავარ, გარეთ გაზაფხულის სუნია. მეზობელი აივნიდან ყავის ნაცნობი სურნელი მოდის. ეტყობა, ხალავენ, მაიარის რეაქციის ყველა ნიშანი სახეზეა. 

გაზაფხულის სუნში არეულ ყავის სურნელს ხარბად ჩავისუნთქავ და მურმან ლებანიძის სტრიქონებს ვიხსენებ:

„ღმერთო, ღმერთო, მე სულ ველი
სიკვდილს… შენ მაცოცხლო ვინძლო, 
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი