ცოტა უცნაური კაცი

გადარეული ბიჭი იყო ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს და თამაშისას მისი მიმიკითაც მიხვდებოდი, როგორ ემოციებშიც დააბოტებდა ბურთთან ერთად. მერე წლებმა თავისი ქნა, ამას კოჭის ტრავმაც დაემატა და ახლა ბავშვებს ავარჯიშებს თბილისის გარეუბანში, ხრიოკ მინდორზე. ისმის კითხვა: რატომ დაჰყავთ ბავშვები მშობლებს მაინცდამაინც მასთან, როდესაც გუნდების არჩევანი ასეთი დიდია, ამ გუნდში კი ელემენტარული საწვრთნელი პირობებიც არ არის? პასუხი მარტივია: სხვაგან ფულს ითხოვენ, ეს გადარეული კაცი კი არათუ გასამრჯელოს არ იღებს, ხანდახან, თუ თავისუფალი დრო გამოუჩნდა, მის გუნდში მოთამაშე რომელიმე ბავშვის სკოლაში მიდის და იქაურ სპორტის მასწავლებელს უშრობს სისხლს – შენს გაკვეთილებზე ბავშვი უაზრო ტრავმებს იღებს და მაგ ასფალტზე რომ არბენინებ, ამისთვის განათლების სამინისტროში გიჩივლებო.

მოკლედ, დიდი უცნაური კაცია, მაგრამ მისი პატიოსნება და ბავშვების სიყვარული ის ყავლგაუსვლელი ღირსებებია, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი და ამიტომაც მის გუნდში მოვარჯიშე ბავშვების რიცხვი თანდთან იმატებს. მაგალითად, გასულ თვეს სტადიონის ახლოს მდებარე დევნილთა პატარა დასახლებიდან ერთბაშად რვა ბიჭუნა ესტუმრა, რომლებმაც მასთან ფეხბურთის თამაშის სურვილი გამოთქვეს. ისიც ადგა და ყველა აიყვანა გუნდში. ასეთი გულჩვილობისთვის კოლეგები ხშირად აკრიტიკებენ. ამას ემატება ისიც, რომ ბავშვთა ტურნირებში თითქმის არასოდეს მონაწილეობს და იმითაც კმაყოფილია, თუ მისი მოწაფე რომელიმე სხვა, უფრო ცნობილმა და დიდ კლუბს მიბმულმა გუნდმა წაიყვანა.

ერთ რამედ ღირს ამ უცნაური გუნდის ვარჯიშის ცქერა. იმის გამო, რომ სპორტული ამუნიცია და მაისურები სულ 12-15 ბავშვის სამყოფი თუ ექნებათ, ვარჯიშის დროს უმაისუროდ დარჩენილ ბიჭუნებს წელს ზემოთ გახდილებს უწევთ თამაში, მოწინააღმდეგეებისგან რომ განსხვავდებოდნენ, მეკარის ხელთათმანები კი დიდი ადამიანის ზომისაა და რომ არ გასძვრეს, მათი გუნდის მეკარე, აწოწილი წითური ბიჭუნა, ვარჯიშის წინ ხელებზე საიზოლაციო ლენტს იჭერს. ამის გამო ნერვებს უშლის ხელთათმანის მალიმალ გაძრობა და ხშირად საერთოდ უხელთათმანოდ ვარჯიშს ამჯობინებს, რაც მწვრთნელს არ მოსწონს, მაგრამ იძულებაც რომ არ გამოდის…

ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელიც და მისი ბიჭებიც ერთად მიდიან ავტობუსის უახლოეს გაჩერებამდე, რომელიც მათი მინჯღრეული სტადიონიდან კარგა მოშორებითაა. გზად მწვრთნელი წინა დღეებში ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებზე ჰყვება და სანამ ავტობუსი მოვა, რამდენიმეჯერ წაკამათებასაც ასწრებენ იმის შესახებ, მესი ჯობია თუ რონალდუ, ნოიერი თუ კასილასი, „ბაიერნი” თუ „რეალი”. ყველა ბავშვმა იცის, რომ მათი მწვრთნელი ჰოლანდიის ნაკრებისა და ჰოლანდიური კლუბების ქომაგია, მაგრამ ამაზე იშვიათად ლაპარაკობს. სათქმელიც, კაცმა რომ თქვას, ბევრი არაფერია…

მერე მოვა ავტობუსი და იქ გრძელდება კამათი და ჟრიამული. ასეა კვირაში ხუთი დღე. ასე დადის ეს უცნაური კაცი იმ ღვთისა და კაცისგან მივიწყებულ ადგილას და უფასოდ ავარჯიშებს ბავშვებს. ასეთ კაცს ჩვენში რატომღაც შერეკილს ეძახიან. თუმცა ეს „რატომღაც” ალბათ ზედმეტიც კია…

კომენტარები

comments