შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ლიტერატურას რამდენიმე მაინც უდიდესი მოაზროვნე მწერალი და პოეტი ჰყავდა, რომელთაც საზღვარგარეთ ჰქონდათ განათლება მიღებული და იმ დროისათვის მოწინავე იდეებითა და აზრებით იყვნენ გატაცებულნი. მათ შორის ერთ-ერთი იყო ლუკა რაზიკაშვილი. 
ბიოგრაფიულ დეტალებზე წერას აქ არ დავიწყებ. ამ სტატიით სხვა მხარეს მინდა გავიხედოთ. მე  არც კვლევა ჩამიტარებია და არც ზეციური გამოცხადებით მეუწყა ციფრები და სტატისტიკა, მაგრამ სხვა რეალობიდან მოტანილიც არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვაჟა-ფშაველა დღეს სკოლებში ერთ-ერთი ვერ ან ცუდადგაგებული ავტორია, მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაღაც ნაწილის მიერ. 
ხშირად მინახავს სასკოლო ღონისძიებებზე წარმოდგენილი მწერლის ბიოგრაფიული დეტალების, მისი ტექსტებიდან ამონარიდების წარდგენა-წაკითხვა-გათამაშება და ყველგან ერთი განცდა მრჩებოდა, რომ ოთახებსა თუ დარბაზებში, წუთი-წუთზე ტყაპუჭებით შემოაბიჯებდა ვაჟა, ცხვრის სუნს შემოიყოლებდა, რაღაცას ჩაილაპარაკებდა გაუგებარ კილო-კავზე და ცალ თვალს მოგვავლებდა ყველას. 
განათლება ვახსენე და ვიტყვი, რომ ვაჟა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. იცნობდა იმ დროისთვის დიდ მეცნიერებს, კითხულობდა და ისმენდა მათ ლექციებს უახლეს იდეებზე, აზრებსა და მიღწევებზე. 
რომელი სჯობს, იყოს ვაჟა-ფშაველა როგორც ევროპელი მოაზროვნე მწერალი, თუ სადღაც კავკასიის მთებში მიკარგული გენიოსი, რომელსაც წვერი მოუშვია, ცხვარში დაეხეტება და ქალაქში ხურჯინით ჩამოაქვს ლექსები. ალბათ ორივე იარლიყი მიმზიდველია. რაზიკაშვილიც ორივეს კარგად ირგებს, მაგრამ საქმე მას კი არა, ჩვენ გვეხება. როგორ უნდა მივიყვანოთ მოსწავლემდე ლუკა რაზიკაშვილი, მისი აზრები, იდეები, ცხოვრება, ბიოგრაფია. კი, მითოსი ახლა ასე იკვებება პიროვნებებით, ცალთვალა ვაჟას, მის გარშემო მფრინავ ყვავ-ყორნებსა და ფასკუნჯებს მიმზიდველობა აქვთ, მაგრამ მოსწავლეს ვერაფერს აძლევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადი, ოღონდ სწორი წარმოდგენა მაინც შეექმნას ამ მწერალზე.
 
ვაჟა-ფშაველასთვის ყოველთვის უმთავრესია პიროვნება, ადამიანი, ინდივიდი, რომელიც გადის განვითარების გზას პირობითი ადამიანობიდან – პიროვნებამდე. გავიხსენოთ ალუდა ქეთელაური, რომელიც მუცალს ხელს არ აჭრის. ალუდაში უცბად ხდება ეს გარდატეხა, ასე ვთქვათ, გასხივოსნება. ამ მომენტიდან ის უკვე აღარ ეკუთვნის თემს. საინტერესოა ერთი რამ ადამიანის თავისებურებებიდან, რომ როცა რაიმეს შეიმეცნებ, ნახავ, გაიგებ, შენ უკვე ვეღარ დაუბრუნდები ძველს, განვლილ გზას, იმიტომ რომ იქ ვეღარ დაეტევა შენი გონება, განცდები. ეს იმას ჰგავს, ოცი წლის ასაკში ეცადო, მოირგო ის ფეხსაცმელი, ცხრა წლის ასაკში რომ გეცვა. აქედან გამომდინარე, ალუდა, რომც უნდოდეს, ვეღარ დაუბრუნდება ძველ საკუთარ თავს და მსოფლაღქმას. ის თავისთავად მოეკვეთა თემს, საზოგადოებას იმ მომენტიდან, როცა მასში გაჩნდა რაღაც ახალი. არც ისეა, რომ ქეთელაური ყველა მომენტში შეგნებულად აკეთებდეს იმას, რაც მისი ცვლილების შემდეგ ხდება. შეუძლებელია ადამიანმა გაიაზროს ამხელა ტრანსფორმაცია საკუთარი დამოკიდებულებისა გარესამყაროსადმი დროის მოკლე მონაკვეთში. რა თქმა უნდა, მან იცის თავისი ახალი „მეს” უმთავრესი ღირსებები, მაგრამ ძირითადად მისი ქცევები და პოზიცია გამოდის იმ ფეხსაცმლის პრინციპიდან. 
ძალიან საინტერესოა ვაჟას, როგორც პიროვნების და მწერლის დამოკიდებულება ბუნებასთან. ეს არაა მხოლოდ ლამაზი სურათების, ფლორისა და ფაუნის აღწერა და მათთვის კონკრეტულ ტექსტებში ადგილის მიჩენა. იქნებ ყველაფერი ბევრად უფრო ღრმა აზრს ატარებს, არ ვიცი. საერთოდ ლიტერატურას აქვს ერთი კარგი თვისება; მწერალს, შეიძლება, სულ არ უფიქრია რამე კონკრეტულ სახე-ხატზე ან ამბავზე ისე სიღრმისეულად, როგორც შენ; სულ არ აპირებდა შორ ფსკერზე ჩასვლას და ჩრდილების აღწერას, მაგრამ შენ თუ ამას გააკეთებ და ტექსტიც ამის საშუალებას მოგცემს, ეს ცუდი კი არა, პირიქით კარგია და ღირსებაში ეთვლება მწერალსაც (მისდა უნებურად) და მკითხველსაც. ჰოდა, მეც როგორც მკითხველი, ისე ვეცდები ვიპოვო ღირსებები. ვაჟას ბუნება ყოველთვის მოიაზრებს თავის თავში ადამიანს. ესაა ერთი დიდი მარადიული გამოსხივება – მთლიანი სამყარო, საგნების და იდეებისა და მოვლენების. 
„შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო”
აქედან უკვე ნათლად ჩანს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პოემაში. „შუქი შუადღის მზისა” იგულისხმება ის გათვიცნობიერებულობა, გასხივოსნება, რომელიც ალუდამ განიცადა. შატილში ეს შუქი არა ჩასულა, იქ ისევ ძველ ტრადიციებს მისდევენ, რომელიც აბსოლუტურად არაჰუმანური და არაქრისტიანულია. სტროფის ბოლო ორი ტაეპი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არ იქნება ალუდას გადაწყვეტილება დადებითად აღქმული თემში და არც დროის მერე შეიცვლიან ისინი პოზიციას, რადგან მათი გონება დაბინდულია და „ცა ახურია კლდისა”. როდესაც მინდიას მოაქვს მუცალის მოჭრილი ხელი, ალუდა ამბობს:
„ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა”.
ქეთელაურმა მოიშორა არა მოჭრილი ხელი, არამედ ძველი საკუთარი დამოკიდებულება უაზრო ტრადიციისადმი. ამიტომ, ერთი შეხედვით ხელზე, მაგრამ ის საუბრობს საკუთარ ძველ შეხედულებებზე, რომ ისინი მას არსად და აღარასდროს არ გამოადგებიან. 
ორიოდ სიტყვა „სტუმარ-მასპინძელზეც”… აქ, ისე როგორც „ალუდა ქეთელაურში” არ ხდება პიროვნებისა მკვეთრი ცვლილება.
„ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!”
ჯოყოლა მხოლოდ იმიტომ იცავს ზვიადაურს, რომ ის მისი სტუმარია. სტუმარ-მასპინძლობის წესი კი მთის ისეთივე ტრადიციაა, როგორც სხვა დანარჩენი წესები. თემი არღვევს ამ ტრადიციას, რადგან, როგორც ჩანს, შურისძიების სურვილი სჭარბობს. თუმცა საინტერესოა ერთი რამ – ზვიადაური რომ თუნდაც მუსას სტუმარი ყოფილიყო, შეიძლება არც მუსას დაეთმო ის თემისათვის ჯოყოლას მსგავსად, მაგრამ ფაქტია, რომ ჯოყოლა თავისი ჰუმანიზმით თემზე გაცილებით მაღლა დგას. მან უკვე იცის, რომ ზვიადაური მისი ძმის მკვლელია და მაინც ამ სიტყვებს ამბობს:
„- ეგ მართალია, იქნება…
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა”.
ანუ ჯოყოლა აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია თავისი პოზიციით, იმდენად შორს თემისგან  რომ,  მისი თქმით, ძაფიც კი არ არსებობს ისეთი, მას და თემს რომ აკავშირებდეს. 
თუმცა, თემიც ისევე იცავს ტრადიციებს, როგორც ჯოყოლა. მათ უნდა აიღონ თავიანთი ძმების, მამების მკვლელის სისხლი და როცა ამას გააკეთებენ, მათაც უჩნდებათ სინანული, რომ კარგი ვაჟკაცი მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ზუსტად ამ სხვა გზის არარსებობაა თემის წევრების და სოფლის გონებრივი თუ გრძნობიერი სიბნელე, რომ ისინი დგანან უკვე ერთხელ დადგენილ წესებზე და არ უნდათ ახლის მიღება, ანუ ისინი მზად არ არიან არაფრისთვის. 
„შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
„ცოდვაა!” – ყველა ჰფიქრობდა. –
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდნენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდნენ:
„ხომ მაგას რა მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა, –
ყველა ალლაჰსა ჰფიცავდა, –
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა”.
შემდეგ ერთ სტროფში ვაჟას საოცრად გადმოსცემს საკუთარ პოზიციასა და მერე უკვე სიუჟეტის განვითარებისათვის მოქმედი პერსონაჟების აზრს:
მაგრამ „მტერს მტრულად მოექეც” –
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო”.
აქ ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებებზე, ადამიანზე კონკრეტულ წეს-ჩვეულებას, რელიგიაში არსებულ დოგმას, რომ ხშირად ამ უკანასკნელებს არაფერი აქვთ საერთო ცოცხალ ღმერთთან, ჭეშმარიტებასა და რელიგიურობასთან. იყო რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი აპრიორში არ ნიშნავს შენს რელიგიურობას, ანუ ცოცხალ სულსა და გონებას, რომელიც მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის სრულყოფილებისკენ, რათა ემსგავსოს და მიუახლოვდეს ლოგოსს, ალფასა და ომეგას, რაღაც მარადიულს და არ დარჩეს უტყვ ქვად, რომელზეც რაღაც შეცდომით ან სწორადაა ამოკვეთილი, მაგრამ უკვე აღარაფერშია საჭირო. 
შამილის სიკვდილის შემდეგ, ტაძარი ააშენეს, როგორც ნიშანი-სახსოვარი ამ აჯანყებული ადამიანის მოშორებისა. ვაჟამ პროტესტის ნიშნად ტაძრის კედელზე წრეები დაახატა და სროლაში ვარჯიში დაიწყო. მისთვის სხვა რამ იყო ტაძარიც და ქრისტიანობაც, რომ მათზე მაღლა თვითონ ქრისტე იდგა და არ დასჭირდებოდა ქრისტეს კაცის სისხლის საზეიმოდ აგებული მისივე სახლი. აქედან ჩანს, რა პროგრესულად და ღრმად მოაზროვნე მწერალი და პიროვნებაა ლუკა რაზიკაშვილი. ჰოდა, იყოს ტყაპუჭებითაც, ფაფახითაც, ხურჯინითაც, ამ ყველაფერსაც საოცრად იხდენს ეს კაცი, მაგრამ მთავარია, ჩვენს ერთ-ერთ წარმოსახვაში მაინც ის მუდამ მთიდან ჩამოდიოდეს და ვინმეს მოჭრილი ხელის ნაცვლად რაღაც დიდი სინათლე მოჰქონდეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი