ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წერის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი

ერნსტ კასირერი თავის ნაშრომში ,,რა არის ადამიანი?” აღნიშნავს, რომ „ენობრივი ცნობიერების გაღვიძება ეს არის გონითი რევოლუცია ბავშვის ცხოვრებაში. ამ დღიდან იწყება ბავშვის პირადი ცხოვრების მთლიანი გარდაქმნა”. მოზარდის  ენობრივი ცნობიერების გაღვიძებასა და გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. უპირველესად ისინი ქმნიან ბავშვისთვის ენობრივ გარემოს. რაც უფრო მდიდარია იგი, მით უფრო უადვილდება მოზარდს მშობლიური ენის დაუფლება. თუმცა ბავშვი მზამზარეულად მიწვდილს არ უნდა დასჯერდეს. თავად უნდა გაიმდიდროს მეტყველება და ისწავლოს წერა-კითხვა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც, საგნობრივი სტანდარტის მიხედვით სწორედ ამ მიმართულებით  ( ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) მუშაობენ. სამივეში შედეგის მიღება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ განსაკუთრებით რთული წერაა, რომელიც პირველი ორი კომპონენტის კარგად ფლობასაც გულისხმობს.

მოგეხსენებათ, ტექსტი ბევრნაირი არსებობს. შესაბამისად იგი სხვადასხვანაირად იწერება. ვიდრე მოსწავლე დასაწერი ტექსტის სპეციფიკას გაარკვევს, ეცოდინება, როგორ დაწეროს ესე, რეფერატი, პუბლიცისტური წერილი და ა. შ. უნდა ჩამოვუყალიბოთ მას ნაფიქრის ფურცელზე გადმოტანის ჩვევა.

წერის სწავლების მეთოდი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ახალი არ არის. მინდა მოგიყვეთ იმაზე, როგორ ვიყენებ მას  ძირითადად სწავლების საბაზო საფეხურზე. წერის სწავლების სტრატეგიას პირობითად  „სიტყვებით თამაში” დავარქვით. მოსწავლეებს ვთავაზობთ სამ სიტყვას (ვცდილობთ ეს სიტყვები იყოს პოზიტიური განწყობის გამომწვევი, რადგან ჩვენს ბავშვებს ისედაც სტრესულ გარემოში უხდებათ ცხოვრება) და ვეუბნებით მათ, რომ მოცემული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შექმნან მოთხრობა, ჩანახატი, ზღაპარი, ლექსი…   ,,კანდინსკი მიუთითებს, რომ ჩვეული ყოველდღიური საგნები ადამიანზე „ზედაპირულად”,  პერიფერიულად ზემოქმედებენ, ხოლო ბავშვისთვის სამყარო მისი „სიახლისა” და „უჩვეულობის” გამო დიდი შთაბეჭდილების მომტანია.’’ (რ. მირცხულავა, ,,ხელოვნების ფსიქოლოგია”, გვ. 119).  სამყაროს  ,,სიახლისა” და ,,უჩვეულობის”  გადმოცემის ერთ-ერთი საშუალება სიტყვაა.  ბავშვები იწყებენ ფიქრს, როგორ ააგონ ტექსტი. სიტყვები გარკვეულ ასოციაციას იწვევს მათში. ისინი თითქოს არიადნას გორგლის როლს ასრულებენ. მოზარდები შემოქმედებით პროცესში ერთვებიან. მათ სიტყვასთან ჭიდილში მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდებათ. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეთა ნაწერებში მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შეცნობაც შეიძლება, რაც მასწავლებლისთვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.

წარმოგიდგენთ მოსწავლეთა რამდენიმე ნაწერს, რომლებიც  ზემოთ აღწერილი წერის სწავლების მეთოდის გამოყენებით შეიქმნა.

გამოსაყენებელი სიტყვები: მზე, მთა, ზღვა. ავტორი ნიკა ყურუა (VI კლასი):

„მზე დილით გაიზმორა, ივარჯიშა და გზას გაუდგა. მიწის შვილებს (მცენარეებს) სტუმრობს. ყველას ახალისებს. გზად მიმავალი მტირალ მთას აწყდება. თურმე სხვა მზეებს მისი კალთები გადაუწვავთ.

მზე სხვა მზეებთან მიდის. საყვედურობს. შეწუხდნენ მზეები: ჩვენ მხოლოდ თამაში გვინდოდაო. ორმოსთან დასხდნენ და დაიწყეს ტირილი. ორმო ზღვად იქცა. მზეებმა შიგ თავი ჩაიხრჩვეს. ის ერთი მზე კი ყოველ ღამე ჩადის ზღვაში და გარდაცვლილ მზეთა საფლავებს მოინახულებს’’.

გამოსაყენებელი სიტყვები: ლოცვა, მე, შენ. ავტორი ლადო ბერიშვილი. ამონარიდი მისი ნაწერიდან  (VII კლასი): 
,,ღმერთო, მე შენ მიყვარხარ. შენი შვილიც მიყვარს. დამეხმარე, რომ კარგი შვილი ვიყო!”
გამოსაყენებელი სიტყვები: ქალაქი, ქაღალდი, ქვა.  ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):

ქაღალდის ქალაქი

,,ქაღალდის ქალაქში მცხოვრებთა ბაგეები ოქროს მფრქვევი  ვულკანებია. მათ მხოლოდ კეთილი სიტყვები  იციან და თბილი გულები აქვთ.

ქაღალდის ქალაქიდან ქვის ქალაქის შემზარავი კონტურები იკვეთება. იქ მხოლოდ ბოროტება  მეფობს. მე ვრჩები ქაღალდის ქალაქში და ველოდები მსახვრალი ბედის გამოჩენას”.

გამოსაყენებელი სიტყვები: წვიმა ღრუბელი, მზე. ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):

მტირალა ღრუბელი

„ღრუბელი დარდისაგან გალურჯდა, მერე გაშავდა და მთელ ცას მოედო. უნდოდა გათავისუფლებულიყო. ადგა იტირა, იტირა და მიწაზე ჩამოიღვარა. ღრუბელი დარდისგან გათავისუფლდა და მზემაც გამოანათა”.

უსასრულოდ შემიძლია დავიმოწმო მოსწავლეთა ნაწერები, მაგრამ წერის სწავლების ზემოთ აღწერილი სტრატეგიის პრაქტიკაში დანერგვის წარმოსაჩენად, ვფიქრობ, ესეც საკმარისია.

აქვე მინდა დავძინო, რომ მასწავლებლობა მხოლოდ სწავლებას არ ნიშნავს. ბავშვებისაგან ჩვენც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ჩემი მოსწავლეების ნაწერები ჩემთან ერთად ცხოვრობენ და განსაკუთრებით მაშინ მომეძალება მათზე ფიქრი, როცა ცხოვრება მეპირქუშება.
                                                           

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი