შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი ლექსის ოდისეა

ამას წინათ, საგაკვეთილო გეგმებსა და სილაბუსთან ჭიდილში დაღლილს, ყელზე ყულფივით მომიჭირა კითხვამ: სად არის პოეტი თამთა დოლიძე?

ჯერ სულ რაღაც ორი წელია, რაც სკოლაში ვასწავლი. ვისაც ცოტა ხნით მაინც შეუხედავს ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების შიდა სამზარეულოში, იცის, რას ნიშნავს მასწავლებლობა. ერთი შეხედვით, რუტინული, მაგრამ ამავე დროს თავბრუდამხვევი რეჟიმი და მოთხოვნათა მუდმივი ზრდა-ცვალებადობა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ სახლშიც კი სკოლა მიგვყვება, იქაც მასწავლებლები ვართ. ჰოდა, ადგნენ ეს ჩემი ვერაფრით დაწერილი ლექსები და სამოგზაუროდ წავიდნენ… ჯერაც არ დაბრუნებულან.  

სამაგიეროდ, მხატვრული სიტყვის სამყაროში ბავშვებთან ერთად ვმოგზაურობ. ვცდილობ, პატარებს პოეზიამდე მისასვლელი გზა ვუჩვენო, ნაგულისხმევი და ართქმული სიმართლის ფსკერის აღმოჩენაში დავეხმარო, სიტყვის მუსიკა გავაგონო, კალეიდოსკოპივით ამოუწურავი კადრებისა თუ ამბების სამყაროში მეგზურად გავყვე.

***
ამას წინათ,  ერთმა ჩემმა მოსწავლემ  თავისი დაწერილი ლექსი წამაკითხა, თან გამიმხილა, რომ მისი პოეზიით დაინტერესება  ჩემმა ლიტერატურისადმი დამოკიდებულებამ განაპირობა. ლექსის სიყვარული გადამდებია. თუნდაც არ აღიარო, მაინც გამოგჟონავს სხვანაირი ფრაზა, თითქოს გამადიდებელი შუშით ათვალიერებ თითოეულ სიტყვას, მაჯას უსინჯავ, მარცვალ-სუნთქვას უთვლი. ეძებ ყველაზე მთავარს, ფსკერზე დალექილს, სიტყვების ქვიშაში ჩაფლულ საიდუმლოს, რომელიც თვალის ანკესს არ წამოეგება. აქ გრძნობის ყველა ორგანოს მოხმობაა საჭირო. ჩემთვის სიტყვა მარტო კი არ იკითხება, ჩანს კიდეც.  მახსოვს, პირველად  იისფერი ბარდნა ,,დავინახე”. მოგვიანებით ქარის რიტმივით მოუხელთებელ სიტყვებსაც ავეკიდე. მათ ყოველ დაქროლვაზე სევდის უზარმაზარი ლოდი ამქონდა შთაბეჭდილებების უზარმაზარ მწვერვალზე, ლამის გამსრისა სიტყვის აგონიამ („სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ!”).

ლექსის მთავარი საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ ის ყოველ ჯერზე სხვანაირად გაკითხებს თავს. პოეზიის სამყაროში მოგზაურობა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ლექსთან მისვლამდე სასურველია ავტორი გაიცნო, მისი ხასიათის და ცხოვრებისეული გამოცდილების გააზრება ტექსტის გაგებას საგრძნობლად აადვილებს. თუმცა პირიქითაც ხდება – წიგნი აღმოგაჩენინებს ხოლმე ავტორს.

ლექსებს ხშირად ჰყავს,  ე.წ. წინაპარი ლეგენდის, მითის ან ზღაპრის სახით. სასურველია, შესასწავლ ტექსტთან ერთად მათაც გავეცნოთ. მაგალითად მოვიყვან ილია ჭავჭავაძის ლექსს ,,ბაზალეთის ტბა”. ამ ტბის შექმნასთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ვფიქრობ, მათი მოსწავლეებისთვის გაცნობა ლექსის სწავლის მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს.

ჩვენამდე ბაზალეთის ტბის ძირში დამარხული ოქროს აკვნის შესახებ არსებული ლეგენდის რამდენიმე ვარიანტმა მოაღწია. ერთ-ერთი ვერსიით, ქართლის მეფემ თავისი გარდაცვლილი ვაჟიშვილის ცხედარი ოქროს აკვნით ტბაში ჩაძირა. მეორე ვერსიის თანახმად ოქროს აკვანში ამირანი, ანუ პრომეთე გაიზარდა. აი ლეგენდის კიდევ ერთი სახეცვლილი ვარიანტი:  

უხსოვარ დროში, ტბის ადგილას სოფელი ყოფილა. მის განაპირას მდგარა მაღალი კოშკი, რომელსაც ჰქონია ღრმა ჭა. ვინც ამ ჭიდან წყალს ამოიღებდა, აუცილებლად უნდა დაეფარებინა სარქველი, თორემ წყალი გადმოვიდოდა და მთელ სოფელს დაახრჩობდა. კოშკში ერთ პატარძალს ოქროს ქოჩრიანი ვაჟი ჰყოლია. გამოსულა პატარძალი ჭასთან, კოკა წყლით აუვსია, ჭა კი პირახდილი დარჩენია. ის სოფელი კოშკთან ერთად ამ ჭიდან ამოსულ წყალს დაუძირავს. 

ქართულ ფოლკლორში შემონახულია დევისაგან გაქცეული ღვთიშვილის – იახსარის ტბაში დამალვის რამდენიმე ვარიანტი. ღვთიშვილის დასამალ ადგილად ბაზალეთის ტბაც არის მოხსენებული.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ოქროს აკვანი ქართველმა ხალხმა გააკეთა იმ იმედით, რომ დადგება დრო და ეს აკვანი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება. სწორედ მასში გაიზრდება გმირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაჭირვებისგან იხსნის. 

მიუხედავად ლეგენდის ზღაპრული შინაარსისა, მეცნიერთა გარკვეულმა ნაწილმა აკვალანგებით ბაზალეთის ტბის ფსკერის კვლევა დაიწყო, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერს მიაგნო. 
ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ და გამოყონ მათთვის  ყველაზე საინტერესო ვერსია, ივარაუდონ, ლეგენდის რომელი ვარიანტი დაედებოდა საფუძვლად ილიასეულ ტექსტს. ესეც ასე, ლექსის საფუძვლიანად შესწავლისა და გაგებისთვის ნიადაგი მზადაა.

ჩემი აზრით, ლექსის ისტორიული კავშირების დადგენა მნიშვნელოვანია, როგორც ლექსის შემდგომი შესწავლისთვის, ასევე მოტივაციის ასამაღლებლადაც (ხანდახან ავტორის ბიოგრაფია ლექსის ისტორიასთან შედარებით გაცილებით უფერული აღმოჩნდება ხოლმე). გავბედავ და მაგალითად მოვიყვან ჩემს ერთ-ერთ გაკვეთილს:

სასწავლო მასალა: ანა კალანდაძის ლექსი ,,საქართველოო ლამაზო”.  

უკვე ვისაუბრეთ ამ შესანიშნავი პოეტის ცხოვრებაზე, მოვუსმინეთ შესასწავლ ლექსზე შექმნილ სიმღერასაც. ახლა ლექსთან მისვლის დროა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შესაბამისი ინტონაციით ვკითხულობ, მოსწავლეებს პირველი შთაბეჭდილების გაჩენის საშუალებას ვაძლევ. წაკითხვის მერე ლექსის მუსიკით, სათქმელით თუ მხატვრული სახეების სილამაზით მოგვრილი შთაბეჭდილების ერთმანეთისთვის გაზიარების დრო დგება. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ლექსის სტრუქტურულ და შინაარსობრივ დამუშავებას: 

მოსწავლეებს ძალიან უყვართ მაძიებლის როლის მორგება. საკმარისია, ჯგუფებად დაყოთ კლასი, გადაანაწილოთ ,,ენათმეცნიერების”,  ,,ლექსიკოლოგებისა” თუ  ,,ისტორიკოსების” (პირობითად) როლები და ნახავთ, როგორი პასუხისმგებლობით მიუდგებიან სამუშაოს. ,,ენათმეცნიერები”  ლექსს პულსს (მარცვლებს) დაუთვლიან,  გაიხსენებენ ნაცნობ სალექსო ფორმებს  – ტაეპებს  სხვადასხვა ,,მეტრით” გაზომავენ. ტექსტის მარცვლებად, ტაეპებად, სტროფებად დაშლა-შესწავლის შემდეგ, დააჯგუფებენ სარითმო წყვილებს, განიხილავენ რითმის სტრუქტურას.  „ისტორიკოსები”,  ავტორის ბიოგრაფიასთან ერთად, ლექსის დაბადების მიზეზს – მის ლიტერატურულ პირველწყაროსაც  შეისწავლიან ან სხვა მსგავსი თემატიკის ნაწარმოებთან დააკავშირებენ. ,,ლექსიკოლოგებს” კი ყველაზე ფაქიზი,  ე.წ. საიუველირო სამუშაო აქვთ – უცხო სიტყვებს ფსკერამდე უნდა ჩაყვნენ.

,,ლექსიკური რუკა”  

ლექსის გარედან დათვალიერება-შესწავლის შემდეგ, ბუნებრივია, მის შინაარსს უნდა ჩავუღრმავდეთ. რიტმული ტექსტის შესწავლის დროს უცხო სიტყვების თუ მხატვრული ფრაზის განმარტებას  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამიტომაც გვიწევს ხშირად ,,ლექსიკურ რუკაზე” მუშაობა, რაც საკმაოდ ნაყოფიერ და სახალისო აქტივობას წარმოადგენს:
 
მაგალითისთვის ვირჩევ ისეთ სიტყვას, რომელიც  მოსწავლეებს აქამდე არსად შეხვედრიათ და ვიწყებთ:
 
ლექსიკურ რუკაზე მუშაობა, სიტყვის მარაგის შევსებასთან ერთად, მოსწავლეს მაძიებლობის  და ვარაუდების გამოთქმის უნარს განუვითარებს, თან  ცოდნის ეფექტურად გამოყენებას და, რაც მთავარია, ლექსიკონთან/ სიტყვასთან მუშაობას ასწავლის.

ახლა კი ,,ისტორიკოსების” ჯერია: 

ჯერ ავტორთან დაკავშირებულ ცნობებს დაამუშავებენ,  ლექსის ამღერების ისტორიასაც შევახსენებ. შემდეგ თავად ლექსის ცხოვრებას დააკვირდებიან,  შეისწავლიან მის ,,წინაპარ” ტექსტებს (მათი არსებობის შემთხვევაში). კიდევ ერთი ნიუანსი: ლექსი შესაძლოა სხვა ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვით აღძრული შთაბეჭდილების შედეგად დაიწეროს. ანა კალანდაძის ლექსს რეფრენად გასდევს ფრაზა – ,,სხვა საქართველო სად არი?” გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან – ,,სადღეგრძელო”.  მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიცნოს სულ სხვა დროსა და სივრცეში მოღვაწე  პოეტის ლექსი, ერთმანეთს შეადაროს ორი სრულიად განსხვავებული ეპოქის პოეტის შემოქმედება.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როცა შედარებით თანამედროვე, ასე ვთქვათ, მისი სამყაროს ნაწილსა და შორეულ წარსულში შექმნილ ტექსტებს შორის კავშირს პოულობენ. თითქოს დროის მანქანაში სხედან – ინტერესით აკვირდებიან თითოეულ დეტალს, მსგავსებასა თუ განსხვავებას.
 
თუ ლექსი რაიმე ამბავს გვიყვება, მაშინ მისი ,,გაშინაარსება” (პროზაულ თხზულებად გარდაქმნა), სიუჟეტური ჯაჭვის აღდგენასთან ერთად,  ტექსტის წინაპარ თხზულებასთან შინაარსობრივად, ისტორიულად თუ იდეოლოგიურად დაკავშირებაშიც დაგვეხმარება.                რაც შეეხება მთავარი სათქმელის მოძიებას, მოსწავლემ თავად უნდა აღმოაჩინოს ის და თხზულებას ციტატის ან პერიფრაზის სახით დაურთოს. თუ წერითი დავალების დასასრულს არგუმენტებით გამყარებულ საკუთარ მოსაზრებასაც ამოიკითხავთ, ესე იგი, გაკვეთილის მიზანი მიღწეულია. 
მოკლედ, არ დაიზაროთ, გაჰყევით ლექსებს შორეულ მოგზაურობაში და მოსწავლეებთან ერთად, დაუსრულებელი თავგადასავლების სამყაროში აღმოჩნდებით. სასიამოვნო ხეტიალს გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი