ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რაზე ოცნებობენ ბავშვები

საქართველოში ფეხბურთით გატაცებულ 12 წლამდე ასაკის მოზარდებს რომ ჰკითხოთ, რა არის მათი ყველაზე დიდი ოცნება სპორტული კუთხით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უმრავლესობა გიპასუხებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოხვედრაო. არც იქნება გასაკვირი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები სიხარულის არავითარ იმედს არ გვიტოვებს, ფეხბურთის სიყვარული ქართველებში ამან ვერ მოსპო. განსაკუთრებით მათში, ვისაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე დიდი ფეხბურთი უნახავს – ამ სპორტით „მოწამლულები”, ალბათ ვეღარასოდეს „განიკურნებიან”.

 

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ სამხრეთის ზღვისპირა ქვეყნებში (მათ შორის მოიაზრება საქართველოც) ფეხბურთის სიყვარული განსაკუთრებული ფანატიზმითაა ნასაზრდოები. მოსახლეობას ის ისე აქვს გამჯდარი გულ-გვამში, რომ საფეხბურთო მატჩები ხშირად დიდი გაწევ-გამოწევის წინაპირობადაც იქცევა ხოლმე. ამის მიზეზი, უპირველესად, ამ ხალხების სამხრეთულ ხასიათში უნდა ვეძებოთ, რომელიც მხოლოდ ფეხბურთთან მიმართებით არ გამოიხატება.

ქართველებს სიყვარულიც და სიძულვილიც მთელი ძალ-ღონით, ემოციის უკანასკნელ წვეთამდე შეუძლიათ, რაც, კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის კარგი. ჩვენი ქვეყნის ისტორია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ქართველი, ისევე როგორც, ვთქვათ, ესპანელი ან კოლუმბიელი, ჯერ ჩხუბობს და მერეღა ფიქრობს კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზე; ჯერ უყვარდება და მერეღა ფიქრდება სიყვარულზე; ჯერ სძულს და მერეღა ხვდება სიძულვილის აბსურდულობას.

ბავშვობაში მინახავს გერმანიისა და იტალიის ნაკრებების ქომაგი ქართველი ბიჭების ჩხუბი. ახლა ეს ამბავი მეც სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ როცა ვიხსენებ იმ ბიჭების წამონთებულ თვალებს, აჭარხლებულ სახეებს და ბრაზით შემართულ მუშტებს, მერწმუნეთ, მათი შემხედვარე არაერთი ტიფოზი თუ ინჩასი დაიხევდა უკან. ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნების ნაკრებთა გამო და წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ მართლაც დადგა ნანატრი ჟამი და ჩვენს ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი მიეცა…

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქართული საგულშემატკივრო ტრადიციის სულ სხვანაირი გააზრება და აქ რომ ამბები დატრიალდება, არგენტინელი ან ბრაზილიელი ქომაგები იმასთან სად მოვლენ. ქართველ ბავშვებს ხომ ყველაფერი მონატრებული აქვთ: დიდი ფეხბურთიც, მისი თანმხლები ზღვა ემოციაც და ქომაგობაც, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს სტადიონზე მზესუმზირას ჭამითა და ნერვების მოშლით შემოიფარგლება…

მთავარი კი ალბათ მაინც ისაა, უნდა გვქონდეს თუ არა უკეთესი მომავლის იმედი. ამას ერთადერთი პასუხი აქვს: აუცილებლად! თუ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გასასვლელად ისეთ ქვეყნებს ეყოთ ილაჯი და ნიჭი, როგორებიც, მაგალითად, ბოსნია ან ლატვია არიან (ჩვენი დიდი პატივისცემა მათ!), უნდა გვჯეროდეს, რომ ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი