პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ავტობიოგრაფიული ალბომი (ნაწილი II)

ბავშვის მიერ სამყაროს გულუბრყვილო აღქმის მიუხედავად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ „დიდების” მუსიკა ხანდახან უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება, ვიდრე მათთვის განკუთვნილი გამარტივებული პროგრამა. არადა, საბავშვო მუსიკის ორიგინალურობა სწორედ მის განსაკუთრებულ სისადავესა და გამოხატვის ერთგვარ სწორხაზოვნებაში მდგომარეობს, გაადვილებული მიწოდება რომ უდევს საფუძვლად. საბავშვო მუსიკა კომპოზიტორების მიერ თავიდანვე ბავშვის შესაძლებლობებზეა გათვლილი. 

ჩაიკოვსკის ჩანაფიქრით, ბავშვებისთვის განკუთვნილი მინიატურული პიესები მაქსიმალური სიმსუბუქითა და  მიმზიდველი სათაურებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. ცხოვრებისეული სცენების, სურათების, სიტუაციების მრავალფეროვნებასთან ერთად, ალბომში რამდენიმე შედარებით დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზია. მათ შორის, პირველი დაკავშირებულია დღის დასაწყისთან და ბავშვის გაღვიძებასთან („დილის ლოცვა”, „ზამთრის დილა”, „დედა”). შემდეგი სიუჟეტი თამაშებია, ბავშვის საოჯახო გართობები („ცხენოსნობის თამაში”, „ხის ჯარისკაცების მარში”). თამაშის თემატიკის ერთგვარ განშტოებას წარმოადგენს მინიტრილოგია. ის ეძღვნება თოჯინებს („თოჯინას ავადმყოფობა”, „თოჯინას დაკრძალვა”, „ახალი თოჯინა”). ამის შემდგომ ჩაიკოვსკი ბავშვებს აგზავნის მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში – იტალიის („იტალიური სიმღერა”, „ნეაპოლიტანური სიმღერა –

, საფრანგეთის („ძველებური ფრანგული სიმღერა”) და გერმანიის („გერმანული სიმღერა”) გარშემო. ამასთან ერთად, ციკლში ვხვდებით რუსულ თემატიკას („რუსული სიმღერა”, „კამარინსკაია”). ბავშვის დღე უახლოვდება დასასრულს პიესით „ძიძის ზღაპარი”. ძიძის გვერდით, როგორც განსაკუთრებული, ცალკე მუსიკალურ პერსონაჟად გამოჩნდება „ბაბა-იაგა” (კუდიანი ჯადოქარი). თუმცა მალე ყველა ზღაპრული ღელვა თუ შიში უკან იხევს და მათ სანაცვლოდ კომპოზიტორი ქმნის ნეტარი სიზმრების მომასწავებელ პიესას „ტკბილი ოცნება”

ჩაიკოვსკი ალბომში შეეხო მისთვის საყვარელ სფეროებსაც: ცეკვებს („ვალსი”, „მაზურკა”, „პოლკა”), პეიზაჟებს („ტოროლას სიმღერა”), ჟანრულ სახასიათო ჩანახატებს („კაცი უკრავს გარმონზე”, „მეარღნე მღერის”). 

 

კომპოზიტორი წერდა საბავშვო და მხოლოდ საბავშვო ციკლს, მაგრამ ის იქმნებოდა მისი ცხოვრების სულიერი რყევების პერიოდში. „საბავშვო ალბომის” სიღრმისეული შრე, მისი ქვეტექსტი დაკავშირებულია კომპოზიტორის ყველაზე იდუმალ გრძნობებსა და ფიქრებთან. მიუხედავად ამისა, ეს უნიკალური ციკლი ერთ-ერთი ყველაზე გასაგები, ყოველი ბავშვისთვის ახლობელი და ამავე დროს ყველაზე ღრმა ნაწარმოებია. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგმა „საბავშვო ალბომში” ორი აზრობრივი „სიუჟეტი” გამოკვეთა: საბავშვო და „სადიდო” (ადამიანის ცხოვრების გზა). ციკლის შექმნის ისტორია ადასტურებს, რომ ალბომი ავტობიოგრაფიულია. 

***
საბავშვო ციკლში მოცემული გამომსახველობითი საშუალებები: ფაქტურა, მელოდია, ჰარმონია, რიტმი, არტიკულაცია, დინამიკა, ორნამენტიკა, აპლიკატურა და პედალიზაცია რთულია. რაც შეეხება კილოურ სისტემას, კომპოზიტორს ალბომში რთული ტონალობები არ აქვს გამოყენებული. ციკლის შექმნისას ჩაიკოვსკიმ ასევე ბავშვთა ხელების განსაკუთრებულობაც გაითვალისწინა. მთელ ალბომში ოქტავებსა და აკორდებს შორის ინტერვალები (მანძილი) სეპტიმის საზღვრებს არ სცდება. კომპოზიტორი მაქსიმალურად ერიდება კლავიატურის ქვედა და ზედა რეგისტრების გამოყენებას (ხელებს შორის მოკლე მანძილს იცავს). გამონაკლისია მხოლოდ „ტოროლას სიმღერა”, სადაც ყველაზე მაღალი ბგერებია გამოყენებული. აუცილებელია პედაგოგის მიერ გათვალისწინებული იყოს კონკრეტული მოსწავლის საშემსრულებლო შესაძლებლობები.

მელოდია ძალზე გამომსახველი, რიტმული მხარე კი მრავალფეროვანია. ჰარმონიული წყობა ადვილად მისაწვდომია. ორნამენტიკა მელოდიურ ხაზთან ორგანულადაა შერწყმული. ერთი სიტყვით, კომპოზიტორი „საბავშვო ალბომში” გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით იდეალურად გადმოგვცემს უფაქიზეს ინტონაციებს. 

პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ციკლი საბავშვო მუსიკალურ ლიტერატურაში მიჩნეულია შეუფასებელ პედაგოგიურ მონაპოვრად. საყოველთაოდ ცნობილ კომპოზიტორების (შუმანის, გრიგის, დებიუსის, რაველის, ბარტოკის) საბავშვო ნაწარმოებებთან ერთად ჩაიკოვსკის „საბავშვო ალბომი” შესულია საბავშვო მუსიკის მსოფლიოს ოქროს ფონდში. 

საინტერესოა, რომ „საბავშვო ალბომის” შექმნის პერიოდში რამდენიმე თვით ადრე კომპოზიტორს დასრულებული ჰქონდა მე-4 სიმფონია და ოპერა „ევგენი ონეგინი”. ასევე საფორტეპიანო მუსიკის შედევრები: პირველი საფორტეპიანო კონცერტი (1875 წ.) და „წელიწადის დრონი” (1875-76 წ.). მოგვიანებით კი ის ქმნის საბავშვო სიმღერების ციკლს ოპუსი 54 (16 სიმღერა) და ბალეტს „მაკნატუნა”. 

***
„საბავშვო ალბომი” იხსნება პიესით „დილის ლოცვა” და მეც მოვისურვე ერთად გადაგვევლო თვალი განსაკუთრებულ, ძალიან მღერად პიესაზე: ღმერთზე, სულსა და უკვდავებაზე. 

  (პ. ჩაიკოვსკის ხელნაწერის ასლი)

ჩაიკოვსკის ძალიან უყვარდა მართლმადიდებლური გუნდური წყობის სიმღერები. საეკლესიო მსახურების დროს ის გულაჩუყებული ცრემლებს ვერ იკავებდა ხოლმე. 

„დილის ლოცვის” ნათელი ჰარმონია და ოთხხმიანი აკორდული წყობა, ხმების მდორე საფეხურებრივი მოძრაობის სიჭარბით, საეკლესიო გუნდურ სიმღერას გვაგონებს. მიუხედავად პიესის ნელი ტემპისა, დამწყებთათვის, ქორალური ტიპის ფაქტურის გადმოცემა ტექნიკურად არც ისე ადვილია.

პიესა შედგება 2 ნაწილისაგან. დაფუძნებულია ერთ თემატურ მასალაზე. პირველი წარმოადგენს 16 ტაქტიან პერიოდს, მეორე – თავისებურ კოდას. 

პიესის დაკვრის პარალელურად ზარების რეკვას თუ წარმოვიდგენთ, აუცილებლად საეკლესიო მსახურება მოგვაგონდება.

„დილის ლოცვის” შესრულებისას ერთგვარი სირთულე ტემპის შერჩევაში მდგომარეობს. პიესას, როგორც წესი, მოსწავლეთა უმეტესობას ავტორისეული Andante-ს (q = 66) სახით ვთავაზობთ. ტემპის შენელების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ფრაზის დაშლა – „მარცვლებით დაკვრა”. მთლიანობაში კი ის ექსტატიური მედიტაციის ხასიათს შეიძენს და შესაძლოა ბავშვის ხასიათსა და განწყობას საკმაოდ დაშორდეს. 

პიესას შევყავართ ბავშვის რთული განცდების სამყაროში. სკოლის პროგრამის მიხედვით ის სამართლიანად მიეკუთვნება რთულ ნაწარმოებს. ოთხხმიანი წყობის შესრულებისას მოსწავლეს სიმებიანი კვარტეტის ჟღერადობა სმენითი წარმოდგენით შეუძლია. მასწავლებლებმა დიდი სიფრთხილით უნდა ვიმუშაოთ ხმათა მოძრაობაზე, ცალკეული ბგერის გამღერებაზე. განსაკუთრებული ყურადღება კი სოპრანოსა და ბანზე უნდა გავამახვილოთ. 

ქვედა და ზედა ხმას ერთად ვუკრავთ. შემდეგ ორ ხმას ერთ ხელში. ორი ხმის ერთი ხელით შესრულებისას მოსწავლეები დაყოვნებულ ბგერებს ბოლომდე არ უსმენენ და ამ დროს კარგავენ ორხმიანობას. ამ შემთხვევაში აუცილებელია მოსწავლეს „ვერტიკალურად” – ინტერვალებით ვასწავლოთ მოსმენა. ყველა ეს ხერხი ბგერის მუდმივ კონტროლს შევუხამოთ. 

ვაგებთ აკორდულ ფაქტურას. ამ დროს არ უნდა დაიკარგოს მელოდიური ხაზი. აუცილებელია პიანოს ჟღერადობის დონეზე ოთხი ხმიდან გარკვევით ისმოდეს ყოველი ცალკეული ხმა. აკორდის ჟღერადობის გათანაბრება სმენის ვარჯიშით მიიღწევა. 
მუშაობის პროცესში ნუ დავივიწყებთ დინამიკურ ნიშნებსაც, ეგრეთ წოდებულ, „ჩანგლებს”. ასევე, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სვლა კულმინაციისკენ (მე-8 – მე-12 ტაქტამდე), რომელიც დასასრულს თანდათან ორ პიანოზე (рp) ქრება. რაც შეეხება რიტმულ მონახაზს, მუშაობის დასაწყისში საჭიროა მოსწავლემ იგრძნოს ფრაზირება და მოტივები დიდ წინადადებაში გააერთიანოს. ისინი ხშირად მოტივის დასრულებისას ბოლომდე არ ისმენენ გრძელ ბგერებს, არ გრძნობენ „სუნთქვას” ახალი ფრაზის წინ და არც ეს უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. 

პიესაში მოსწავლეებისთვის სიძნელეს წარმოადგენს ბანის მრავალჯერადი გამეორება, რომელიც უნდა შესრულდეს ერთი შეფერილობით, ერთნაირი შეხებით (მე-5 თითის მოძრაობა მაქსიმალურად ახლოს კლავიატურასთან და ქნევის გარეშე).   

ჰარმონიის ცვლისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ დაგვიანებული პედალი, ხოლო ბოლო სამი ტაქტი ერთ პედალზე შევასრულოთ.  

 

მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეს ყველა ზევით ჩამოთვლილ კომპონენტზე ერთდროულად მოუწევს ფიქრი და ნაწარმოებში მათი გააზრებული გამოყენება.

***
და ბოლოს, მინდა ბავშვებისთვის შემოგთავაზოთ ე. თ. ა. ჰოფმანის ზღაპრის მოტივებისა და პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით შექმნილი საბჭოთა მულტიპლიკაციური უსიტყვო ფილმი „მაკნატუნა”. უმეტესად ზღაპრის გმირები საუკეთესო ადამიანური თვისებებით არიან ხოლმე შემკობილნი და როგორც ყველა ჯადოსნურ, მიმზიდველ ზღაპრულ სამყაროში, აქაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი