ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქარჩხაძის ,,იგის’’ სწავლებისას

 წინამდებარე სტატიაში განხილულია მხატვრული ტექსტის გააზრების მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის ცოდნაც გარკვეულ დახმარებას გაუწევს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.
        ბოლო რამდენიმე წელია, სასკოლო პროგრამაში შეტანილია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “იგი”. რომლის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ბევრს ის არ მოსწონს. ვფიქრობ, მიზეზის ძებნა შორს წაგვიყვანს, რადგან ავტორის, მისი შემოქმედების გაგება რთულია, როდესაც ვერ სწვდები მის შინაგან სამყაროს. ლიტერატურას სჭირდება ჩაღრმავება, შიდა შრეების გახსნა და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.
        როგორც ცნობილია, ტექსტი, როგორც თავისთავადი ღირებულება, არ არსებობს _ მას აზრს და მნიშვნელობას მკითხველი ანიჭებს. მკითხველი არის ის, ვინც დიალოგს ამყარებს იმ იდეებთან, თემებთან, ფასეულობებთან და შეხედულებებთან, რომლებსაც ტექსტში ამოიკითხავს. თითოეული ადამიანი კითხვისას ეყრდნობა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებათა სისტემას და ცოდნას. რამდენადაც უნიკალურია თითოეული ადამიანი თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და შეხედულებებით, იმდენად განსხვავებულია მისი აღქმა და დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ტექსტებზე მუშაობისას მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ, თუ რას გრძნობენ, რა ემოცია გამოიწვია მათში წაკითხულმა.

      მოზარდის მიზანი ნაწარმოების გადაკითხვა არ უნდა იყოს; მთავარი მისი გაგება და ანალიზია. ამგვარად, რთულია გაიგო “იგი”, თუ არ იცი, საიდან იწყება მისი ამოხსნა.

         ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი’’  საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექსტია. გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი სწავლებაც.  ამჯერად მინდა, ყურადღება გავამახვილო პრობლემაზე, რ ო მელ იც მე-12 კლასში ტექსტის სწავლების დროს გამოიკვეთა.

ეს არის პერსონაჟთა მხატვრული სახე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ტექსტის სრულყოფილად გაგება-გააზრებისთვის. მოსწავლეებს გაუჩნდათ შეკითხვები ვინ არიან იგი, ნი და ზუ? რა იგულისხმება სიტყვებში: ,,იგი სხვა ჯიშისაა’’ ან კიდევ ,.,,იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო’’…
რა არის იგი?
       იგი ტკივილია, შემოქმედის მიერ საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენით გამოწვეული. იგი სიხარულია, საკუთარ თავში აღმოჩენის  ტკივილიანი სიხარული. რატომ არის იგი უცნაური და გაუგებარი ჩვეულებრივი ადამიანესათვის? იმიტომ,რომ შემოქმედის მიერ საკუთარ არსებაში ღვთის ძიების გზა და მეთოდი განსხვავებული, უცნაური და, თითქმის ყოველთვის, მიუღებელია. იმიტომ, რომ იგი ბალახით, ნამით, მზის სხივით და ზღვის სუნით შეიგრძნობს თავის არსებაში სამყაროდ გამთლიანებულ შემოქმედს. 

      ,,იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია’’, რადგან მიწიერ შემოქმედშია სამყაროს შეცნობის ყველაზე უჩვეულო, უცნაური და გრანდიოზული პროცესი.

 

იგი სწორედ ეს პროცესია. გაუსაძლისი და დაუსრულებელი პროცესი, რომელსაც ვერც თვითონ შემოქმედი და ვერც მის გარშემო მყოფი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ვერაფრით ეგუებიან და იწყება დაუსრულებელი  ბრძოლა ტკივილსა და მწუხარებას, წუხილს შორის. 

       იგი მწუხარებაა, დანარჩენი ადამიანები – ტკივილი. იგის ტკივილი ურჩევნია, იგი ცდილობს, სხვა ადამიანებს ტკივილით დაემსგავსოს, რადგან იცის, მწუხარება ზეტკივილია, რომელსაც ადამიანები არაფრით აპატიებენ. არაფრით აპატიებენ მათგან განსხვავებულ ხედვას, აღქმას და მათი ტკივილისგან განსხვავებულ ტკივილსაც კი. იმიტომ არ აპატიებენ, რომ ამ მწუხარებას ვერასოდეს გაიგებენ. 
რა არის ნი?
    ნი შემოქმედის შთაგონებაა, წყაროა, რომელიც იგის სულში მოედინება, იგი გრძნობს, რომ ნი ის უმთავრესი რამაა, რაც მას ჩეულებრივი ადამიანებისაგან გამოარჩევს, ამიტომ ცდილობს მის განდევნას თავისი არსებიდან, მაგრამ საკითხავი ესაა-ცდილობს კი ასეთი სასურველის დათმობას და განდევნას?!იცის იგიმ, ყველაფერი იცის, რის ფასად დაუჯდება ნის უარყოფა. 

      სწორედ ნიმ ამხილა იგი თანამოაზრეებთან, ნიმ გაუმხილა თანატომელებს, რომ იგი სხვანაირია, რომ იგის სხვანაირი სიტყვები აქვს. ესაა შთაგონებაც, ლამაზი ქალივით მკლავებში ჩაგორებული, სამყაროს შემამეცნებელი, ბოლოს, ხორცშესხმული და  მამხილებელი,რომელიც ადამიანების წინაშე წარგადგენს შემოოქმედს, როგორც განსხვავებულს, უჩვეულოს და დამნაშავეს. 

რა არის ზუ?
      ზუ შემოქმედის უკვდავებაა. ზუ მარადისობაა, შემოქმედი ადამიანის ბოლო ხვედრია. ამიტომაც მიარბენინებს ზუ იგის ნახელავს. მიაქვს უსასრულობაში, მიაქვს მარადისობაში. 

ამიტომაც დასდევს იგის აჩრდილივით ზუ, როგორც მარადიული სიცოცხლის  ნიშანი. იგიმ ზუს არსებაში უნდა ჰპოვოს გაგრძელება. 
რა არის ბელადი?
    ბელადი ცვალებადი მიწიერი ცხოვრების სასტიკი სახეა. შეიძლება წინა ბელადზე უარესი ან უკეთესიც, მაგრამ, ყველა შემთხვევაში წარმავალი. ამიტომაც იმსხვრევა იგის მიერ გამოქანდაკებული ბელადი. რჩება მხოლოდ ნის ქანდაკება, ზუსთვის მინდობილი…

     იგი პირის ნაცვალსახელია, მთავარი პერსონაჟისთვის ასეთი სახელის დარქმევით ავტორმა მის გამორჩეულ პიროვნულ თვისებებზე მიგვანიშნა. თუ დავაკვირდებით, მისი სახელი ორმარცვლიანია, ნის და ზუს კი ერთმარცვლიანი სახელები შეურჩია ავტორმა, აქაც მისი განსხვავებულობა და განვითარებულობა გამოიკვეთა. იგის უჭირს გამორჩეულობის ტვირთის ტარება. გამოქვაბულის ,,საზოდადოებას’’ არასდროს აუხედავს ზევით, ისინი მხოლოდ ჭამით კმაყოფილდებიან. ვერ აღიქვამენ სამყაროს სხვადასხვა ფერში, ნის თმაში ვერ ამჩნევენ ჩამოცვენილი ფოთლების ფერს, თვალებში კი ზღვის ფერს. იგის პიროვნებად ქცევა მისი განსხვავებული დამოკიდებულებით გამოიხატება სხვადასხვა მოვლენასთან, აკვირდება, აღიქვამს, შეიგრძნობს, ამბობს.    

 

     იგი გამორჩეულია სიკვდილთან შეხვედრისასაც. მან მარტო აიარა აღმართი,  ნელა მიაბიჯებდა, გამართული, თავაწეული. სხვანაირად არც შეიძლებოდა. მიაბიჯებდა მშვიდად მაშინ, როცა  სხვები ვერც ხვდებოდნენ სიკვდილის უძლეველობას, ერთი სამყაროდან მეორეში გადანაცვლებას. 

    სწორედ ეს განსხვავებულობა გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი საზოგადოების პირისპირ აღმოჩნდა. იმ საზოდადოებისა, რომელიც გორგალს ჰგავდა, სამყაროს ერთი თვალით უყურებდა და ვერ გაეგოთ ადამიანად ყოფნის ხიბლი თუ ტვირთი. იგი სახეა პროგრესისა და განვითარებული საზოგადოებისა, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. 

     იგი პირველი თავისუფალი პიროვნებაა დედამიწაზე, მაგრამ თავისუფალ პიროვნებასთან ერთად ამ ქყვეყნად ჩნდება ტირანიაც, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობაც. სადაც არის იგი, იქ არის ბელადიც და პირიქით. ეს წყვილი მუდმივად თან სდევდა კაცობრიობის ისტორიას.

       ის, რომ ტექსტი  მრავალ კითხვას ბადებს, მის  უნიკალურობაზე მეტყველებს. ჩემ მიერ განხილული საკითხიც  ამის დასტურია.

     ამრიგად,   ამ კუთხით დანახული პერსონაჟები უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეთათვის ტექსტის უკეთ გასააზრებლად . სჯობს, ამ მიმართულებით წარიმართოს მუშაობა გაკვეთილზე. 
                                                                                      
                                                                                                                           
  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი