სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ავტობიოგრაფიული ალბომი (ნაწილი I)

„არ არსებობს სხვა გზა, გარდა მუსიკისა”.

პ. ჩაიკოვსკი
ჩაიკოვსკის საბავშვო საფორტეპიანო მემკვიდრეობა ბავშვის მუსიკალური სწავლა-აღმზრდელობითი პროცესის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია. ფორტეპიანოს გაკვეთილზე ის უნდა იქცეს პროგრამის აუცილებელ ნაწილად. სხვადასხვა სკოლის კლასებსა და საკონცერტო დარბაზებში ყოველ წელს ჟღერს ერთი და იგივე პიესები იმ უკვდავი ოპუსიდან, საუკუნეზე მეტი ხნის წინ რომ დაწერა პიოტრ ჩაიკოვსკიმ.

საბავშვო მუსიკით ჩაიკოვსკი კომპოზიტორ-ფსიქოლოგად გვევლინება. იგი ტალანტის მთელი გენიალურობით ხსნის ბავშვის შინასამყაროს – მის გრძნობებსა და განცდებს, ფანტაზიასა და შთაბეჭდილებებს, ამიტომ „საბავშვო ალბომი” უდიდესი პედაგოგიური ფასეულობის მატარებელია. მოკლე და მსუბუქი პიესების მაგალითზე კომპოზიტორი ახალგაზრდა მუსიკოსებს აცნობს რუსულ ხალხურ მუსიკას, აგრეთვე – საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის მუსიკალურ კულტურას, შეჰყავს ბავშვები სხვადასხვა საცეკვაო ჟანრის – ვალსის, პოლკას, მაზურკასა და მარშის სამყაროში, მუსიკის მეშვეობით აჩვენებს მათ, როგორ შეიძლება მწუხარებისა და სიხარულის, ბუნების რეალური სახეებისა და ზღაპრული ფანტაზიების, მხიარული თამაშების, ლოცვის თანმხლები სულიერი განცდების, ერთი სიტყვით, შთაბეჭდილებათა მრავალფეროვანი სამყაროს გამოხატვა.

პიოტრ ჩაიკოვსკი „საბავშვო ალბომით” პირველად შეეხო საბავშვო თემას. ამ თემაზე ნაწარმოებების შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა კომპოზიტორის ცხოვრებისეული მდგომარეობა (1877-1878 წ.წ.) – ძლიერი სულიერი განცდების დროს მისი ხანგრძლივი ურთიერთობა დისშვილებთან და, ამასთან ერთად, საკუთარი ბავშვობის გახსენება. მეორე მოსაზრებით, ალბომის შექმნას საფუძვლად დაედო ძმის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყრუ-მუნჯ კოლია კონრადისთან ურთიერთობა. მესამე ვერსიით, ის შუმანის ცნობილი ნაწარმოების „ალბომი ახალგაზრდებისთვის” მიბაძვით შეიქმნა. ჩაიკოვსკი თავადაც აღნიშნავდა: „მსურს შევქმნა პატარა, მსუბუქი პიესების წყება მიმზიდველი სათაურებით, როგორებიც აქვს შუმანს”.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

დედის გარდაცვალებამ 14 წლის პიოტრ ჩაიკოვსკის ცხოვრებას უდიდესი კვალი დააჩნია. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პეტია შთაბეჭდილებიან, მგრძნობიარე და მოწყვლად ბიჭუნად იზრდებოდა, რის გამოც ძიძამ „შუშის ბავშვი” შეარქვა.

ათი წლით უმცროსი ტყუპი ძმის – მოდესტისა და ანატოლის ბედზე პასუხისმგებლობა მთლიანად პიოტრმა იტვირთა. მოდესტი იხსენებს: „ყველაზე ბრძენი და გამოცდილი პედაგოგი, მოსიყვარულე და ნაზი დედაც კი ვერ შეცვლიდა ჩვენდამი მის მზრუნველობას. ყველაფერს, რაც სულსა თუ გონებაში გაგვაჩნდა, მას უნდა ვუმადლოდეთ. უდიდესი იყო მისი გავლენა ჩვენზე. და თითქოს ჩვენ სამმა შევქმენით ოჯახი ოჯახში. პიოტრი ჩვენთვის იყო ძმაც, დედაც, მეგობარიც, დამრიგებელიც – ყველაფერი დედამიწის ზურგზე”. თითქოსდა ამის პასუხად, მოგვიანებით დრამატურგმა მოდესტ ჩაიკოვსკიმ ძმის საოპერო შედევრებისთვის, „პიკის ქალისა” და „იოლანტასთვის”, შესანიშნავი ლიბრეტოები დაწერა.

ძმების ერთგული მეგობრობა პიოტრ ჩაიკოვსკის მოულოდნელმა სიკვდილმა შეწყვიტა. კომპოზიტორმა ძმის ხელში დალია სული. დარჩენილი ცხოვრება მოდესტმა მთლიანად დიდი კომპოზიტორის სახელის უკვდავყოფას მიუძღვნა. გახდა ძმის პირველი ბიოგრაფი, დააფუძნა კომპოზიტორის სახლ-მუზეუმი და მისი არქივი ქალაქ კლინში, მოსკოვთან ახლოს.

უნდა ვახსენოთ მოდესტ ჩაიკოვსკის პედაგოგიური ტალანტიც. ყრუ-მუნჯი ბიჭუნას მშობლებმა შვილი აღსაზრდელად 25 წლის მოდესტს მიაბარეს და სპეციალური მეთოდიკის შესასწავლად შვეიცარიაში გამგზავრება შესთავაზეს. მოდესტი წინადადებას დათანხმდა და 8 წლის კოლია კონრადის აღზრდა-განათლებაზე დაიწყო ზრუნვა. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა თითქმის ზრდასრულ ასაკამდე გაგრძელდა. მოდესტ ჩაიკოვსკის დაუღალავი შრომის წყალობით მისმა აღსაზრდელმა ლაპარაკიც ისწავლა, კითხვაც, ირგვლივ მყოფთა საუბარიც ესმოდა და, ამასთან, მშვენიერი განათლებაც მიიღო.

პიოტრ ჩაიკოვსკის საბავშვო ალბომის შექმნისთვის ერთ-ერთი ბიძგი სწორედ კოლიამ მისცა. შვეიცარიასა და იტალიაში მოგზაურობისას კომპოზიტორი ეცნობოდა ბავშვის ინტერესთა სამყაროს, აკვირდებოდა მის რეაქციებს, შთაბეჭდილებებს. მისთვის თითქოს აქამდე უხილავი სულისა და ფსიქიკის საზღვრები გაიხსნა. ჩაიკოვსკის წერილებიდან კარგად ჩანს მისი მგრძნობიარე, ამაღელვებელი მზრუნველობა კოლიას მიმართ, რომლის გვერდითაც მოგზაურობისას ბევრი დრო გაატარა. „ბედნიერი ვარ. მოგზაურობის უკანასკნელი დღეები აღსავსე იყო სასიხარულო შეგრძნებებით. მიყვარს ბავშვები. კოლია უსასრულობამდე მახარებს. ძალიან საინტერესოა ასეთ ჭკვიან ბავშვზე დაკვირვება. ახლა განწყობილი ვარ, დასასვენებლად ხელი მოვკიდო ათასგვარ წვრილმან საქმეს”.
ალბომის შექმნა ჩაიკოვსკის კიდევ ერთმა იმპულსმა შთააგონა. ეს მოხდა ფლორენციაში მოგზაურობის დროს, როდესაც კომპოზიტორმა ქუჩაში 10-11 წლის ბიჭუნას ვიტორიოს ნამღერი მოისმინა. აი, რას სწერდა ის მეგობარს ამის შესახებ: „არ მახსოვს, ოდესმე უბრალო ხალხურ სიმღერას ასე ავეღელვებინო; ბიჭუნამ შემძრა თავისი სასწაულებრივი ხმით. მესამე დღეს კვლავ მქონდა ბედნიერება, ქუჩის პატარა მომღერალი მეპოვნა. მან ისევ მიმღერა და მე გამაოცა კონტრასტმა ბავშვურ ხმასა და სიმღერის ტრაგიკულ შინაარსს შორის. აღფრთოვანებისგან გული მიწუხდა”… იმავე დღეებში კომპოზიტორმა თავის გამომცემელ პ. იურგენსონს მისწერა, რომ გადაწყვიტა, თანდათანობით ეწერა პატარა პიესები ფორტეპიანოსთვის.

„საბავშვო ალბომში” ჩაიკოვსკიმ გამოიყენა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას მოსმენილი შთამბეჭდავი მუსიკა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალბომი კომპოზიტორის ერთგვარი დღიურია. მოგზაურობამ ჩაიკოვსკის საშუალება მისცა, შეეცნო მსოფლიო კულტურის სიბრძნე, რაც აისახა კიდეც მის საბავშვო შემოქმედებაზე.

***
ჩაიკოვსკის „საბავშვო ალბომი” (ოპუსი 39) სპეციფიკური „საბავშვო პედაგოგიური” მიმართულების ერთადერთი საფორტეპიანო ოპუსია. 24 მსუბუქი პიესისგან შემდგარ ციკლს თემატიკა აერთიანებს. მასში არეკლილია კომპოზიტორის მიერ გასაოცარი სიზუსტითა და სიფაქიზით დანახული ბავშვის სამყარო. ალბომი 1878 წელს დაიწერა. „დიდი ხანია, ვფიქრობ საბავშვო მუსიკალური ლიტერატურის გამდიდრებაზე, რომელიც არცთუ მდიდარია”, – წერდა ჩაიკოვსკი.

კომპოზიტორი ბევრ დროს ატარებდა კიევთან ახლოს, სოფელ კამენკაში, დავიდოვების მამულში, რომლის მფლობელი ლევ დავიდოვი ჩაიკოვსკის საყვარელი დის ალექსანდრას მეუღლე და ამავე დროს მისი მეგობარიც იყო. გასაკვირი არ არის, რომ ალბომი კომპოზიტორმა 6 წლის დისშვილს – ვალოდიას მიუძღვნა: „ეს ალბომი ჩემს დისშვილს მივუძღვენი, რომელსაც გატაცებით უყვარს მუსიკა და მპირდება, რომ მუსიკოსი გახდება”, – სწერდა ის მეგობარს. მოგვიანებით მასვე მიუძღვნა „ყველაზე გულწრფელი ნაწარმოები” – მე-6 სიმფონია.
ვალოდია დავიდოვი
ჩაიკოვსკის ძალიან უყვარდა ბავშვები. შეეძლო, საათობით ეთამაშა მათთან და დამტკბარიყო მათი უშუალობით. ალბათ საკუთარ შვილებზეც ოცნებობდა, მაგრამ ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. კომპოზიტორი სულიერ სითბოს ძმისა და დის მრავალშვილიან ოჯახებში პოვებდა. ამიტომ გასაგებია მისი სურვილი, ჩაძირულიყო ნათელ და სუფთა ბავშვურ სამყაროში საკუთარ განცდებთან ერთად.
 
პირველი ადრესატი შუმანის ნაწარმოებების ციკლისა „ალბომი ახალგაზრდებისთვის” კომპოზიტორის 7 წლის ქალიშვილი იყო. პროკოფიევის ვაჟები წამოიზარდნენ და შეიქმნა კიდეც „საბავშვო მუსიკა”. შოსტაკოვიჩის ქალიშვილს მიეძღვნა „საბავშვო რვეული”. მაგრამ ჩაიკოვსკის ხომ არ ჰყავდა შვილები; მაშ, რა იყო მიზეზი იმისა, რომ 38 წლის ასაკში კომპოზიტორმა მუსიკალური შემოქმედების ძალზე სპეციფიკურ სფეროს მიმართა? ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია – მას ხომ ძალიან უყვარდა ბავშვები და მათი რთული და მდიდარი სამყარო, რომელიც მოიცავს არა მარტო თამაშსა და გართობას, არამედ ფიქრებსაც ღმერთის, სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოს შესახებ, ვნებისკენ ქვეცნობიერ სწრაფვას და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი