ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საფეხბურთო გეოგრაფია და კლიშეები

სამწუხაროდ, ჩვენი თაობის დიდი ნაწილი კლიშეებისა და წარმოსახვების ტყვეობაში გაიზარდა და რაც დღეს ერთი შეხედვით სასაცილოდ მოჩანს. იყო დრო, ეს ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა.

კლიშეები დღესაც ბლომადაა დალექილი ადამიანთა ტვინებში. მაგალითად საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში კიდევ ბევრს ჰგონია, რომ ქართველებს აუცილებლად ულვაში აქვთ და ნიჭიერები და ზარმაცები არიან, რუსებს ჰოკეიში ბადალი არ ჰყავთ და უზბეკეთში ყველაზე კარგ ქაბაბს ამზადებენ. ასეთი ერთსახოვანი წარმოდგენები მსოფლიოს უამრავი ხალხის მიმართ არსებობს და ალბათ საინტერესო იქნება თუკი საფეხბურთო თვალსაზრისით ამ წარმოდგენებს გადავხედავთ. კლიშეები ასევე დამკვიდრებულია საფეხბურთო გეოგრაფიის კუთხითაც. და დღეს ფეხბურთის მოყვარული ბავშვები ამა თუ იმ ქვეყნებსა და ნაკრებებს ხშირად წინასწარ შექმნილი წარმოდგენებით განიხილავენ. მაგალითად:

არგენტინა – ქვეყანა, სადაც მარადონა თამაშობდა ფეხბურთს და სანამ მარადონა ხელმეორედ არ დაიბადება, მათ არაფერი ეშველებათ. მათ ნაკრებში სულ თეთრკანიანები თამაშობენ, რაც მოფაშისტო ტიპებს ძალიან მოსწონთ. არგენტინელები ევროპაში კარგად თამაშობენ, ნაკრებში კი ცუდად. საქართველოში არგენტინის ნაკრებს საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა მათი უმრავლესობისთვის ამ გუნდზე საუბარი ”მესი ჯობია თუ მარადონათი” იწყება და მთავრდება.

ბრაზილია – აქ ფეხბურთის თამაში კი მაგრად იციან, მაგრამ პლაჟზე კოტრიალიც ძალიან უყვართ და ამიტომაა, რომ ხშირად უცნაური ანგარიშებით აგებენ. ბრაზილიელებს ბუნებისგან მომადლებული ტექნიკა აქვთ, მაგრამ ფიზიკური მომზადების მხრივ “ვერ ქაჩავენ”. ჩვენთან ყველა ამბობს, რომ პელე და გარინჩა საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ მათი თამაში გულშემატკივართა დიდ უმრავლესობას მცირე ასაკის გამო არასოდეს უნახავს.

გერმანია – გერმანიის ნაკრები არის “გერმანული მანქანა” რომელიც გამართულად მუშაობს (ამ ტერმინს მათგანაც კი გაიგონებთ, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა) თამაშობენ ცოტა ხისტად, დარბიან ბევრს და გერმანელებმა თუ მოინდომეს, 10 გოლს გაუტანენ, ვისაც უნდათ.

ესპანეთი – ესპანელებს დაბალი, მაგრამ მოძრავი ფეხბურთელები ჰყავთ და თავით თამაშს მოკლე პასები და ცენტრში სწრაფი გარღვევები ურჩევნიათ. ესპანელები ადრე წლების მანძილზე ვერაფერს იგებდნენ, მერე კი მიჯრით ყველაფერი მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ მათმა ნაკრებმა ამდენ მწვერვალებს უწია, ესპანეთის მოსახლეობა მაინც ვერ გაერთიანდა.

ინგლისი – არავინ იცის რა უფრო რთულია, ტერორისტის სამოთხეში მოხვედრა თუ ინგლისის საფეხბურთო ნაკრების გაჩემპიონება? ინგლისელების სანაკრებო პრობლემები უკვე ინგლისშიც კი ქილიკის საგნადაა ქცეული და მოდით ჩვენ ნუ დავასხამთ ცეცხლზე ნავთს. საქართველოში ინგლისის ნაკრებს საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ქომაგი ჰყავს. ეს ამ ქვეყნის კლუბების წარმატებების დამსახურება უფროა.

იტალია – ამ ქვეყანაში საუკეთესო მწვრთნელები არიან, რაც ყველამ იცის, მაგრამ ისინი საკუთრივ იტალიელების გარდა ყველას სძულს. ასევე არიან საუკეთესო მცველები და მეკარეები და ისინიც იტალიელების გარდა ყველას ეჯავრება. საერთოდ იტალიური ფეხბურთი ან ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ და ამის მიზეზები იტალიის ნაკრებისა და კლუბების წარსულ წარმატებებში უნდა ვეძებოთ. რთულია გულის ტკენის დავიწყება. ქართველებისათვის კი იტალიის ნაკრები ის გუნდია, სადაც ფრანჩესკო ტოტიმ “ორი ტყუილი პენალტი “აიკიდა”. ეს ის თემაა, რაზე საუბარიც ჩვენებურებს ძალიან უყვართ.

საფრანგეთი – საფრანგეთი ყოველთვის გამორჩეულად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სანამ კეფაზე შემელოტებული არაბი ამ გუნდის სული და გული არ გახდა, მანამდე ვერ ეღირსათ მსოფლიოს ჩემპიონობა. ფრანგებს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ხშირად უცნაურად ვარდებიან დიდი ტურნირებიდან. არგენტინის ქომაგებისა არ იყოს, საქართველოში საფრანგეთის ქომაგებიც ძირითადად ორ ადამიანზე – პლატინზე და ზიდანზე საუბრითა და მათი შეთანასწორებით შემოიფარგლებიან.

ჰოლანდია – ეს არის ყველაზე უიღბლო საფეხბურთო ნაკრები მთელ მსოფლიოში და ბავშვმაც კი იცის, რომ ჰოლანდიელები ფინალში მარცხის “დიდოსტატები” არიან. ამის მიუხედავად ნიდერლანდებს ყველგან მაინც ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. საქართველოში ამბობენ, რომ კრუიფი ვან ბასტენზე მაგარი იყო, რუუდ გულიტმა კი რომ მოინდომოს, ახლაც მაგრად ითამაშებს ფეხბურთს.

საქართველო – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე ევროპაში რა წარმოდგენებია, ამის ზუსტად თქმა ძალიან გაგვიჭირდება. აი საქართველოში კი რას ფიქრობენ – ამის თქმა არ ღირს. ჰოდა ამიტომ უმჯობესია საერთოდ არაფერი ვთქვათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი