ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სულ სხვა “ვეფხისტყაოსანი”

დასვენებაზე ბიჭებს უჩხუბიათ. გაკვეთილზე ერთი თვალცრემლიანი დამხვდა, მაჯით სწრაფად იწმენდდა ცრემლებს და თავსაც დაბლა ხრიდა, არ შემამჩნიოსო… ვითომ ვერ შევნიშნე და გაკვეთილიც პატარა ლირიკული გადახვევით დაიწყო…

პედაგოგობა რომ ურთულესი პროფესიაა, ამაში, ალბათ, მხოლოდ პედაგოგები დამეთანხმებიან…

იყო პედაგოგი, ნიშნავს გახდე კონკრეტული საგნის მასწავლებელი, ბავშვთა ფსიქოლოგი, პედიატრი,  კარგი მსახიობი (იცოცხლეთ, ხანდახან თავი ერთი მსახიობის თეატრის სცენაზე მგონია), კარგი ჟურნალისტი, სტილისტი, იურისტი (რაც ჩვენ “საქმეები” გაგვიხსნია); არამარტო საკუთარი საგნის, არამედ სხვა საგნების კარგად მცოდნე – ბავშვებს ძალიან მოსწონთ და უხარიათ, როცა პედაგოგი ზოგად განათლებას ამჟღავნებს.  რატომღაც ჰგონიათ,  მასწავლებელმა მხოლოდ თავისი საგანი იცის. გაკვეთილზე ასეთი კომენტარიც მომისმენია – “თქვენ ეს საიდან იცით, მას”. 

პედაგოგი კარგი მინისტრი, პრეზიდენტი, მებაღე, ასტროლოგი, მყვინთავი და გნებავთ, კოსმონავტიც კი უნდა იყოს. პედაგოგიკაზე საუბარი  შორს წაგვიყვანს, ახლა კი სულ სხვა “ვეფხისტყაოსანზე'' მოგახსენებთ…

დაკვირვებული ვარ, რომ  პედაგოგს ყველაზე მეტად ერთი უმარტივესი ნაბიჯის გადადგმა  უჭირს. “ჭეშმარიტება სიმარტივეშიაო”- ხშირად ამ სიმარტივის მიგნება  ძნელდება. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება “ვეფხისტყაოსანს”.
უდავოა, ყველას გვიყვარს, ყველანი ვაღმერთებთ და მის გენიალურობაზე ერთხმად ვთანხმდებით, მაგრამ,  როგორც კი საქმე კლასში მის ახსნაზე მიდგება – ყველა დაბნეული პირველკლასელები ვხდებით. 

განა იმიტომ, რომ ტექსტი არ ვიცით? იცოცხლეთ,  სულ ციტატებითა  და აფორიზმებით გავაჯერებთ ანალიზს… არც მეტაფორები გვაშინებს და არც ჰიპერბოლები, ვიღაცას რომ ეგონა, “უღმერთოდ ” არის დაწერილიო, ეს საიდუმლოც ამოვხსენით და სახარებისეულ პარადიგმებსაც მოვიშველიებთ, მაგრამ მე სულ სხვა სირთულეზე მოგახსენებთ – როგორ შევაყვაროთ მოსწავლეებს “ვეფხისტყაოსანი”? 

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გენიალური ქმნილება ხშირად ბავშვებს არ უყვართ. რისი ან ვისი ბრალია ეს? ჩვენ ხომ ფსიქოლოგიაში “კარგად განსწავლული” პედაგოგები ვართ, ვიცით პიაჟე, ვიგოცკი, მასლოუ, უზნაძე და ა. შ. რატომღა გვიკვირს მოსწავლის უარყოფითი დამოკიდებულება იმ პოემისადმი, რომელიც 1669 სტროფისგან (ერთ-ერთი გამოცემის მიხედვით) შედგება?

 როგორი მოქარგული ენითაც არ უნდა ავხსნათ, პოემა სქელტანიანი წიგნია, რომელიც ყველა “სიკეთესთან” ერთად კარგა გვარიანად გაუგებარი სიტყვებითაც დაუწერიათ… 

30 მოსწავლიდან 3-5 თუ გადაშლის დიდი სურვილით და მონდომებით. დაახლოებით 10 – იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა ისწავლოს, რადგან უმაღლესში ბარდება… დანარჩენი,  ისე დაბერდება,  თავიდან ბოლომდე ალბათ არასდროს  წაიკითხავს…

    ჩემს აქ არყოფნაში რამე მოხდა?- ვიკითხე სხვათა შორის. (აბა, მიზანმიმართულად თუ იკითხე და მიხვდნენ, რომ რაღაც იცი, ან ეჭვობ, მტრისას,  ოცდაათიივე მოსწავლე უტყვ სალ კლდედ გადაიქცევა. 

–  მტირალაა რა, მას, ქალივით ყველაფერზე ტირის, – ნერვებმა უმტყუნა ერთ-ერთ მოჩხუბარს და იმ სახელოთი ძლივს ცრემლებშემშრალებული ისევ ასლუკუნდა …

(“ქალივით ტირილზე” ყოველთვის ტარიელი მახსენდება).

 მერე რა, რომ ტირის, კაციც ადამიანია. ტარიელიც კი ტიროდა, – ვთქვი მშვიდად.

– ტარიელ მასწავლებელი, მას? – ( გვყავს  მართვის ასეთი პედაგოგი).

– არა შე, შტერო, “ვეფხისტყაონის” ტარიელი, – მუჯლუგუნი გაჰკრა უფრო განათლებულმა.

_ დიახ, ვეფხისტყაოსნის ტარიელი, –  და მოვუყევი, როგორ ტიროდა ტარიელი. ტირილამდე ჯერ დავუხასიათე,  მისი აღნაგობისა და მამაცობის შესახებ ვუამბე. მოსწავლე ვაფრინე უფროს კლასში, “ვეფხისტყაოსანი” ვითხოვეთ. ეპიზოდები წავიკითხეთ.”ხელთა ნაჭედი მათრახი იყო უმსხოსი მკლავისა”- ბიჭები მაჯაზე იკიდებდნენ ხელს… “ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა” გოგოებს თვალები გაუბრწყინდათ მსგავსი ძვირფასეულობის წარმოდგენაზე… გავარკვიეთ რამდენიმე მეტაფორაც… როსტევანის მონებიც დავხოცეთ, რა თქმა უნდა, ტარიელის მეშვეობით და ისე შევიჭერით სულ სხვა “ვეხისტყაოსანში”,  დაგვავიწყდა სად ვიყავით, ვინ ვიყავით და რა გვევალებოდა (იმ გაკვეთილზე ერთ-ერთი მწერლის ბიოგრაფია და ლექსი უნდა ამეხსნა).

… ზარის წკრიალმა გამოგვაფხიზლა.

– აუ კიდე წავიკითხოთ რა, მას… ნეტავ ის როგორია, ვის გამოც ტიროდა. 

– ო, თქვენ ის უნდა ნახოთ… – მეც ვეშმაკობ.

– გავაგრძელოთ რა, მას!

ვერ გავაგრძელეთ – მათ მათემატიკის გაკვეთილი ეწყებოდათ. მე სხვა კლასში მელოდებოდნენ, მაგრამ დავთქვით, რომ კვირაში ერთ გაკვეთილს  გამოვყოფდით და ვეფხისტყაოსანს წავიკითხავთ.
  ორშაბათია. 
– მას დღეს ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს?
– არა, პარასკეობით, ლუკა.
– ეე, მე დღეს მეგონა.
ასე აღმოვაჩინეთ სულ სხვა “ვეფხისტყაოსანი”, კვირიდან კვირამდე რომ ელიან ჩემი მეექვსეკლასელები. 

არდადეგების შემდეგ, ერთი სული გვაქვს წავიკითხოთ უცხო მოყმის საოცარი ბრძოლა ხატაელებთან. თუმცა რატომ უცხო? ჩვენ ვიცით, რომ მას ტარიელი ჰქვია და ნესტან-დარეჯანი უყვარს. მშვენიერი სატრფო კი ქაჯებს დაუტყვევებიათ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი