ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოდი, სელფი გადავიღოთ…

გავა დრო და ვიტყვით – იცით, რა დროში ვცხოვრობდით? 

ეს ის დრო იყო, როცა დღეში ერთი სელფის გადაღება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. გადაღება ყველგან შეიძლებოდა, ხმელეთსა და ცაში, წყალსა და მის ქვევით. კამერა ან პირდაპირ  სახისთვის უნდა დაგემიზნებინა ან საამისოდ მაღაზიის ვიტრინა ან  სარკე გამოგეყენებინა. სარკის გამოყენება ნებისმიერ ადგილას იყო შესაძლებელი.  გამომეტყველებას რაც შეეხება, პირობითად სამ ჯგუფად იყოფოდა: სერიოზული ან სევდიანი, მომღიმარი და, ე.წ. „ტუჩებგაბანტული” სახით. მე ამ  ბოლო ჯგუფის სურათების თვალიერება  ყველაზე მეტად მომწონდა, კაცია და გუნება. თითო გაბანტული სურათი სოციალური ქსელის  ყოველ მესამე გვერდზე იდო.

არა, სელფის საწინააღმდეგო სტატიას კი არ ვწერ. პირიქით, გადაიღეთ ყველგან და ყოველთვის. მე ფოტოსურათის ისტორია მინდა დავწერო, თან ისე, რომ რამენაირად ქიმიას დაუკავშირო.

1839 წელს  ვინმე რობერტ კორნელიუსს პირველი სელფი გადაუღია. 

ბერძნულიდან თუ ვთარგმნით, ფოტოგრაფირება სინათლით ხატვას ნიშნავს. ეს ხატვა კი ერთი ქიმიური ელემენტის, ვერცხლის მეშვეობითაა შესაძლებელი. 

პირველი ფოტო 1826  წელს ფრანგმა ჟოზეფ ნიეპსმა გადაიღო. გამოსახულება  სპეციალური  კამერით,  ასფალტით დაფენილ თხელ ფენაზე გამოსახა. სინათლის მოქმედებით ასფალტი გამყარდა. ის ნაწილები კი, სადაც სინათლე არ მოხვდა, ლავანდის ზეთით დამუშავდა. პროცესი რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  სურათი ასახავდა ხედს, რომელიც ავტორის სახელოსნოდან იშლებოდა. თუმცა,  მთლად ფოტოსურათსაც ვერ დაარქმევდი, რადგან ვერცხლის გამოყენების გარეშე იყო შესრულებული. 

ფოტოპორტრეტის მისაღებად, ან როგორც მაშინ უწოდებდნენ, დაგეროტიპის მისაღებად კამერის წინ, 10, 20 ან სულაც ზოგჯერ შეიძლება 40 წუთი გაუნძრევლად უნდა მჯდარიყავი.  მოგვიანებით პორტრეტის გადასაღები დრო შემცირდა, თუმცა ფოტოგრაფები კლიენტებს დაახლოებით  ისეთი შეძახილებით ამხნევებდნენ, როგორც კინოფილმ „საბუდარელი ჭაბუკის” ერთი ქუთაისელი  ფოტოოსტატი:

ასე გაშეშდი,  თვალები ძმაო, თვალებიც დააპაჭუნე, ჰო, კარგია. აბა, არ გაინძრე, გაქვავდი! თავისუფალი ხარ.
 პირველად ვერცხლი ინგლისელმა ტალბოტმა და ფრანგმა დაგერმა გამოიყენეს.  ამ მეთოდით ფოტოს დამზადებას წუთები სჭირდებოდა.  ვერცხლის მარილების დიდი მგრძნობელობის გამო სინათლის მიმართ, ეს ელემენტი კინემატოგრაფშიც გამოსაყენებელი გახდა. 

ახლა ფოტოპროცესის მექანიზმი აღვწეროთ. მთავარი მოქმედი პირი აქ სინათლეა.  სწორედ ის აღძრავს ქიმიურ რეაქციას და მეტალური ვერცხლი მარილიდან გამოთავისუფლდება. რა მარილებს იყენებენ ფოტოგრაფირებისას?  ვერცხლის ქლორიდს AgCl,  ვერცხლის  ბრომიდს AgBr და ვერცხლის იოდიდსაც კი AgI.  ჟელეში, რომლითაც დაფარულია ფირი, ეს მარილი წვრილი კრისტალების სახითაა.  ამ კრისტალებზე სინათლის დასხივებისას, ფოტოლიზის  შედეგად მეტალური ვერცხლი წარმოიქმნება. 

 AgCl=Ag+Cl2
AgBr=Ag+Br2

პირველად ფირზე, ე.წ. დაფარული გამოსახულება ჩნდება.  საჭიროა მისი გამჟღავნება. გამამჟღავნებელი რთული შემადგენლობის ხსნარია და  შედგება ნივთიერებებისგან, რომლებიც სინათლის მსგავსად მოქმედებენ, ანუ გამოყოფენ მეტალურ ვერცხლს. ამავე დროს, აქ შემავალი ნივთიერებები ამ პროცესს ანელებენ.  ეს ხსნარი პირველ რიგში იმ უბნებზე მოქმედებს, სადაც სინათლე მოხვდა. შედეგად, ნათელ გამოსახულებას ვღებულობთ. თუმცა სურათის დამზადებისას მეორე ხსნარსაც იყენებდნენ, რომელსაც ფიქსატორი  ეწოდებოდა. ის ფირიდან ვერცხლის მარილების იმ ნარჩენებს ჩამორეცხავდა, რომლებმაც გამოსახულების გამჟღავნებაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

რა გამოდის? სინათლით ხატვის საქმეში ვერცხლი და ჰალოგენები იღებენ მონაწილეობას, უფრო სწორად ვერცხლის ჰალოგენიდები. ჰალოგენები ბერძნულიდან „მარილმბადებს” ნიშნავს. ისინი მეტალებთან აქტიურად შედიან რეაქციაში და წარმოქმნიან მარილებს.

 სანსკრიტული სიტყვისგან -„Argenta” – წარმოიშვა სიტყვა არგენტუმი, რაც ნიშნავს – ღიას, ნათელის. იოდმაც თავისი სახელი (იისფერი) ფერის მიხედვით მიიღო. თუ აფთიაქში ნაყიდ იოდის სპირტხსნარს წყალში გავხსნით, ხელში მოყვითალო-ყავისფერი სითხე შეგვრჩება. სინამდვილეში, იოდი შავი ფერის კრისტალური ნივთიერებაა. არაფერი გსურთ შემისწოროთ? კრისტალები შავია, ხსნარი მოყვითალო-ყავისფერი და იისფერი რაღა შუაშია? საქმე ის გახლავთ, რომ თუ იოდის კრისტალებს გავახურებთ, ის სუბლიმაციას დაიწყებს და იისფერი ორთქლი წარმოიქმნება. ანუ მისი ორთქლი იისფერია.

იოდზე გამახსენდა, გაინტერესებთ, როგორია თქვენი „თითის ანაბეჭდი” ქაღალდზე?

ამის გასაგებად თითი დააჭირეთ ქაღალდს. ფიქსატორად იოდის სპირტხსნარი გამოიყენეთ. ცოტა ხნის შემდეგ იოდის გახსნით ცხიმოვან ნივთიერებაში ქაღალდზე თქვენი თითის ანაბეჭდი გამოისახება.

ბერძნულიდან თუ ვთარგმნით „Chloros” მოყვითალოს, მწვანეს ნიშნავს.  მართლაც, თავისუფალ მდგომარეობაში ქლორი წარმოადგენს მომწამლავ გაზს, რომელიც მოყვითალო-მომწვანოა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიამ ბელგიის ქალაქ იპრში მომწამლავი გაზი ქლორი გამოიყენა. ეს ისტორიაში პირველი სამხედრო შეტევა იყო გაზის გამოყენებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყეს მომწამლავი გაზის საწინააღმდეგო საშუალებების ძიება.  პირველად ქსოვილის პირბადეების გამოყენება სცადეს, რომლებსაც  ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარში ასველებდნენ.  რატომ? ამ ხსნარით ხდებოდა ქლორის განეიტრალება:
 
თუმცა ეს არც უხიფათო იყო და არც  თვალებს არ იცავდა. საბოლოოდ, შეიქმნა აირწინაღი, სადაც მავნე გაზის მშთანმთქმელად ხის ნახშირი იყო გამოყენებული.

ქლორი და მისი ნაერთები გამოიყენება როგორც ფართო სპექტრის მადეზინფექცირებელი საშუალებები.

საცურაო აუზებში წყლის გასაწმენდად ნატრიუმის ჰიპოქლორიდის საფუძველზე შექმნილ დანადგარს იყენებენ. 
ჰალოგენების ნათურებზე ხომ გსმენიათ? განსაკუთრებით მათ, ვისაც საჭესთან აქვს საქმე, ბურუსის საწინააღმდეგო ჰალოგენის ნათურები ერთხელ მაინც გამოუყენებია.

რა იწვევს ნათებას?

ნათურაში ვარვარების ძაფთან ერთად მოთავსებულია ბრომი ან იოდი. ელექტრული განმუხტვის შედეგად ხდება ნათება.

იოდი რატომღა არ ორთქლდება?

ამისთვის ნათურაში ინერტული გაზი ქსენონია მოთავსებული.

დიდი ხნის განმავლობაში ფტორის წარმოებულები იყო ცნობილი, მათ შორის ფთორწყალბადმჟავაც. ეს სწორედ ის მჟავაა, რომელშიც მინა იხსნება და მისი შენახვისთვის თუ მასთან მუშაობის დროს მხოლოდ პლასტმასის ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ. ამ მჟავასთან მუშაობისას (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მჟავასთან) განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან მძიმე დამწვრობას ტოვებს კანზე. HF-ის თვისებები  1810 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა ამპერმა გამოიკვლია. მანვე უწოდა სახელი „ფთორი” იმ ელემენტს, რომელიც დამოუკიდებელი სახით  მოგვიანებით 1886 წელს გამოყვეს.  „ფთოროს” ბერძნულად  დაშლას, სიკვდილს ნიშნავს. 
სიტყვამ ფტორის წარმოებულები მოიტანა და  თქვენთვის ფრეონიც უეჭველად ნაცნობია.  

ისინი ნაჯერი ნახშირწყალბადების ფტორ ან ქლორ წარმოებულებს წარმოადგენენ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბრომსაც შეიცავდნენ. ფრეონით ავსებულ ჰერმენტულ სისტემას კონდიციონერებში, მაცივრებში იყენებენ.  ასევე, ფრეონის ზოგიერთ სახეობას შესაძლოა ამაქაფებლებში, გამხსნელებში და აეროზოლებშიც შევხვდეთ. 

სადარბაზოში წესი გვაქვს, ლიფტის ფულის ასაკრებად ყველანი ვმორიგეობთ. ვერ გეტყვით, რომ ეს ვინმეს დიდად ხიბლავდეს, მაგრამ რაღა გაეწყობა. გასულ თვეში ჩემი მორიგეობა იყო. ერთ-ერთ მეზობელთან შესვლისას სტუმრად მისული მისივე ოთხი წლის შვილიშვილი, კიკინებით და წითელი ტუჩსაცხით ჩემკენ გამოცქრიალდა და მეც  ხელები შევაშველე ასატაცებლად.  

– რა გქვია? – ახლოს მომიტანა სახე.

– ქეთი, შენ? – თავისი  სახელის თქმა საჭიროდ აღარ ჩათვალა, ტუჩები გაბანტა და  გადამჭრელი ტონით მითხრა:

– მოდი, სელფი გადავიღოთ!

ეჰ, რა დრო იყო… სელფის დრო იყო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი