ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საქართველოში ბავშვთა სპორტი ძიუდოს მაგალითზე უნდა განვითარდეს

როგორც ცნობილია, ბავშვებისათვის ფიზიკური აღზრდის სწავლებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი ძვ. წ. მე-8 საუკუნეში, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზაღზრდის სწავლება პირველად ამერიკაში დაინერგა. მე-19 საუკუნეში ამერიკულმა კოლეჯებმა თავიანთ კურიკულუმში შეიტანეს ფიზიკური აქტივობის ისეთი სახეობები როგორიცაა ცეკვა, ტანვარჯიში და ასე შემდეგ. მიზანი იყო, რომ მოზარდებისთვის ესწავლებინათ თავიანთ ჯანმრთელობასა და სხეულზე ზრუნვა.

ამერიკაში კალიფორნია იყო პირველი შტატი, რომელმაც სკოლებს მოსთხოვა მოსწავლეთა ყოველდღიური გამამხნევებელი ვარჯიში, მას სხვა შტატებმაც მალევე მიბაძეს. და მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზაღზრდის გაკვეთილები სკოლებში? კვლევები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ზრდის მათ კრეატიულობას, ამაღლებს თვითშეფასებას, უვითარებს გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებს, პოზიტიურად აისახება მათ ქცევაზე.

სპორტი ავითარებს მოზარდებს მორალური კუთხითაც – მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გამოსცადონ ლიდერობა, პასუხისმგებლობის აღება სხვის და საკუთარ საქციელზე, მოსწავლეებს უვითარდებათ თვითდისციპლინა, თანაკლასელებთან ურთიერთობის კულტურა. ფიზიკური აქტივობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ ჩვევა ისწავლონ, როგორ დასახონ მიზნები და იბრძოლონ მათ მისაღწევად.

გარდა ამისა, როგორც სპორტის ექსპერტები ამბობენ, სპორტის სწავლება სკოლაში იმიტომაა მნიშველოვანი, რომ არ დაიჩაგრონ ის მოსწავლეები, ვინც არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ გააჩნიათ კარგი სპორტული მონაცემები. ექსპერტების აზრით, ასეთ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საკუთარი ტალანტის წარმოჩინების შანსი.

არსებობს ბევრი მაგალითი მომავალი ოლიმპიური ჩემპიონების ჯერ კიდევ სკოლის ასაკში აღმოჩენის. სპორტის სკოლაში სწავლება ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მოზარდებმა ისწავლონ ახალი სპორტის სახეობები, რომლის სწავლასაც სხვაგან ვერ შეძლებენ, რაც მომავალში შესაძლოა მათი პროფესიაც კი გახდეს. კანადაში მიიჩნევენ, რომ სპორტის სკოლებში სწავლება ეფექტური საშუალებაა, ებრძოლო მოსახლეობის ჭარბწონიანობას და კიდევ სხვა მრავალ დაავადებას.

ბავშვებისათვის სპორტული აქტივობები სკოლის გარეთაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბჭოთა კავშირის პერიოდში სპორტული ფედერაციებისა და სექციების წარმომადგენლები დადიოდნენ სკოლებში და არა მხოლოდ ტალანტებს არჩევდნენ, არამედ ეწეოდნენ სპორტის კონკრეტული სახეობების პოპულარიზაციას.

ამჟამად საქართველოში მსგავსი პრაქტიკა სამწუხაროდ აღარ არსებობს. ერთადერთ გამონაკლისად საქართველოს ძიუდოს ფედერაცია უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც ჯერ კიდევ შარშან საქართველოში ევროპის ძიუდოს კავშირის ინსტრუქტორები: ალექსანდრ იაცკევიჩი და იანა დმიტრიევა ჩამოიყვანა და ყვარელში სემინარი ჩაატარებინეს თემაზე “ძიუდოს გაკვეთილები სკოლებში”. სემინარს ესწრებოდნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც საჯარო სკოლებში უშუალოდ უნდა ჩაუტარონ ბავშვებს ძიუდოს გაკვეთილები.

სხვათა შორის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ უკვე მეორე მსგავსი სემინარი ჩაატარა. პირველი სემინარი ყვარელში 2013 წლის ზაფხულში გაიმართა. ამ წამოწყებით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია შეუერთდა ევროპის ძიუდოს კავშირის მემორანდუმს, რომელიც საჯარო სკოლებში ძიუდოს სწავლებას ითვალისწინებს. პირველი სემინარის შემდეგ სასწავლო წლის დასაწყისში ძიუდოს გაკვეთილები უკვე ჩატარდა ყვარლის რამდენიმე სკოლაში და მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ყვარლის მუნიციპალიტეტმა საჯარო სკოლებს ამ პროგრამის განსახორციელებლად ტატამი შეიძინა, ხოლო საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დაბეჭდა სპეციალური წიგნები და მოამზადა შესაბამისი ვიდეოგაკვეთილები. აღსანიშნავია, რომ წელს სწავლის განახლებასთან ერთად ძიუდოს გაკვეთილები უკვე ყვარლის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში ჩატარდება.

იმედია ასეთ კარგ მაგალითებს ჩვენი ქვეყნის სხვა სპორტული ფედერაციებიც გაითვალისწინებენ, რადგან სპორტის ექსპერტების აზრით, ბავშვებში სპორტის პოპულარიზაცია კომპლექსურად გადასაჭრელი საკითხია და საზოგადოების სრული თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი