პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„წავიდეთ მღვიმეში და შევქმნათ მკვდარი პოეტების საზოგადობა!“

სათაურად გამოყენებული ფრაზა ფილმიდანაა, რომელსაც უცნაური და , ცოტა არ იყოს, რომანტიკული სათაური აქვს – „მკვდარი პოეტების საზოგადოება”. იგი მოგვითხრობს ლიტერატურის მასწავლებელზე, რომლის ღირებულებათა შკალაზე უპირველესი ადგილი უკავია ცნება თავისუფლებას. სწორედ თავისუფლების გემოსა და სურნელს შეაგრძნობინებს ის თავის მოსწავლეებს – ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული სკოლის რუტინით, გაუთავებელი ტესტირებებითა და მაღალი ქულების დევნით გადაღლილ, დათრგუნულ, ბედნიერების განცდას მოკლებულ, თავისუფლებაწართმეულ მოზარდებს. მათ ყოველი სემესტრის დასაწყისში უსვამენ კითხვას: რომელია ის ოთხი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი კოლეჯი? მოსწავლეების პასუხი ყოველი სემესტრის დასაწყისში არის ურყევი და შეუცდომელი: ეს ოთხი სვეტია „ტრადიცია”, „ღირსება”, „დისციპლინა” და „ოსტატობა”. მათ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შეახსენებენ, რომ იმ სასწავლებელს, რომელშიც სწავლობენ, ტრადიციულად, საუკეთესო შედეგები აქვს მთელ ამერიკაში. ქვეტექსტი გულისხმობს შემდეგს: თქვენ არ გაქვთ უფლება, უღალატოთ ამ ტრადიციას! თქვენ არ გაქვთ უფლება, წლის ბოლოს არ გქონდეთ საუკეთესო შედეგი! თქვენ არ გაქვთ უფლება, არ იყოთ სრულყოფილნი! და ეს ქვეტექსტი იმასაც გულისხმობს, რომ მათ არ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, მათ არ აქვთ სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის უფლება და, საერთოდ, მათ არ აქვთ არაფრის უფლება, გარდა სწავლისა და საუკეთესო შედეგების მიღწევისა.

„მკვდარი პოეტების საზოგადოება” შემთხვევით არ მიხსენებია. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთ ფილმებს არ იღებენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები არ გვაქვს და ჩვენი მოსწავლეებისთვის სწავლა იძულებითი კი არა, სიამოვნების განცდის მომგვრელი პროცესია. ვერავინ დამაჯერებს, რომ მაგალითად, ქართველ მეათეკლასელებს სიამოვნების ან ბედნიერების განცდა ეუფლებათ, როცა ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს ან „ვეფხისტყაოსანს” სწავლობენ. მიზეზი მარტივია: არ   შეიძლება, ხალისით ისწავლო ის, რაც არ გესმის, სრულიად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ბუნდოვანია და რის სიღრმეებსაც ვერ სწვდები. ასეთ შემთხვევაში კი ვერაფრით ვერ იგებ, რატომ გიმეორებს მასწავლებელი გაუთავებლად, რომ ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლა აუცილებელია, „ვეფხისტყაოსანი” კი შედევრია. ამას კი ვეუბნებით მოსწავლეებს, მაგრამ რატომ ვერ ვახერხებთ, რომ მათაც დაიჯერონ „ვეფხისტყაოსნის” სიდიადე ან დარწმუნდნენ ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის გარდაუვალ აუცილებლობაში?

მხოლოდ საქმეში ჩაუხედავნი და გულუბრყვილოები დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ მეათე კლასში დასახელებული ტექსტების სწავლება დროული და მიზანშეწონილია, რადგან მოსწავლეები, 15 წლის მოზარდები, შეუძლებელია, ერკვეოდნენ იმ საკითხებში, რომლებიც აუცილებელია ამ ნაწარმოებების სრულყოფილად შესწავლისათვის. ვგულისხმობ თეოლოგიის, საღვთისმეტყველო ლიტერატურის, ფილოსოფიის ამა თუ იმ საკითხის ცოდნას. ეჭვი მეპარება, ჩვენს მოსწავლეებს, მაგალითად, კარგად ესმოდეთ, რომ თინათინის სიტყვებს – „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა” – საფუძვლად უდევს ეთიკური მონიზმის პრინციპი ან ამ პრინციპის არსი ჰქონდეთ გააზრებული. არც ის მგონია, რომ 15 წლის მოსწავლეები პლატონის იდეებსა და ნეოპლატონიკოსების სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედებას იცნობენ, არადა, ამ ცოდნის გარეშე „ვეფხისტყაოსნის” შესწავლას მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ შესწავლა.

ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ მეათე კლასის მოსწავლეები იგებდნენ, მაგალითად, იმას, თუ რატომ არის დაწყლულებული, წყლულებში ჩირქჩამდგარი და მატლებდახვეული შუშანიკი ბედნიერი და რატომ ამბობს, რომ ურჩევნია, აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ამ მატლებმა შეჭამონ, ვიდრე იქ, იმქვეყნად, უფრო დიდმა მატლმა. რასაკვირველია, მასწავლებელი შეეცდება აუხსნას მოსწავლეს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ამის გაგებას მასწავლებლის კომენტარი რომ არ ეყოფა და თეოლოგიის საკითხების, ქრისტიანული რელიგიის პრინციპების, ასკეტიზმის არსის და კიდევ უამრავი რამის საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება, ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება.

მაგალითების დასახლება კიდევ შეიძლება: დავით გურამიშვილის შემოქმედების დიდი ნაწილის სწავლებაც აბსოლუტურად შეუძლებელია ქრისტიანული რელიგიის პრინციპებისა და ბიბლიის კარგად ცოდნის გარეშე. სწორედ ეს ცოდნაა საჭირო გურამიშვილის ტექსტებში გამოყენებული სახე-სიმბოლოების გასაგებად.

თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია მეათეკლასელებმა იცოდნენ ფილოსოფია, თეოლოგია, საღვთისმეტყველო ლიტერატურა, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ჩვენ მათ სრულიად არარეალისტურ მიზნებს ვუსახავთ, რასაც მივყავართ იქამდე, რომ:

·         მათ სწავლა ტანჯვის მომგვრელ პროცესად მიაჩნიათ;

·         მათ არ იცან ან ზერელედ, მხოლოდ შინაარსის დონეზე, იცინ  ის, რასაც დაჟინებით ვასწავლით;

·         მათ, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ ძველი ქართული ლიტერატურა, რადგან ყოველთვის განგიზიდავს ის, რაც არ გესმის.

არადა, ქართული ლიტერატურული ტექსტების ქრონოლოგიური პრინციპით დალაგების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ მოსწავლეებს ვუჩვენოთ, როგორ ვითარდებოდა ქართული ლიტერატურა დასაბამიდან დღემდე, რის შემდეგაც მათ, წესით, უნდა დაეუფლოთ სიამაყის განცდა იმის გამო, რომ ჩვენი ეროვნული ლიტერატურა ასეთი მრავალსაუკონოვანია. არ მგონია, რომ მიზანი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებს ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების გაცნობის დაწყებისთანავე ეკარგებათ ლიტერატურის შესწავლის ყოველგვარი მოტივაცია, სიამაყის ნაცვლად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტანჯვის განცდა ეუფლებათ.

გამოდის, რომ ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, როგორია რელობა, მთავარია, ქაღალდზე გვეწეროს, რომ ვასწავლით, მაგრამ სინამდვილეში რომ მოსწავლეებისთვის მეათე კლასში ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა დაუძლეველი ტვირთია, ამას ჯიუტად არ ვიმჩნევთ.

არც მოსწავლეთა განცდები და დამოკიდებულებებია, როგორც ჩანს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, არაფრად მიგვაჩნია, რომ სწავლისგან სიამოვნებას კი არ იღებენ, იტანჯებიან. მათ, მართალია, ყოველი სემესტრის დასაწყისში არ უსვამენ შეკითხვას, თუ რომელია ის ოთხი სვეტი, რომელზეც მათი სასწავლებელი დგას, მაგრამ ამ კითხვის გარეშეც ნათელია, რომ ეს ოთხი სვეტი მტკიცედ აღმართულა ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენს მოსწავლეებს არ აძლევს უფლებას, სწავლის პროცესში იყვნენ ბედნიერნი და თავისუფალნი. სწორედ ამ ოთხ სვეტს გამოდევნებულნი, ვერ ვახერხებთ უარი ვთქვათ ლიტერატურის სწავლების ტრადიციულ, ქრონოლოგიურ, პრინციპზე და ფსევდოპატრიოტული აღტკინებით ვაიძულებთ მოსწავლეებს, ისწავლონ ისეთი რამ, რისი გაგებაც მეათე კლასში შეუძლებელია.

„წავიდეთ მღვიმეში და შევქმნათ მკვდარი პოეტების საზოგადოება”, – ამ სიტყვებს ზემოთ ნახსენები ფილმის მთავარი გმირი, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ კითინგი, ამბობს და ეს ნიშნავს: უარი ვთქვათ დახავსებულ ტრადიციებზე, სტერეოტიპებად ქცეულ შეხედულებებზე, მივიღოთ სიამოვნება ლიტერატურისგან, ნუ ვაქცევთ მის სწავლებას რუტინად.

აშკარაა, რომ ქართული სინამდვილე არ იძლევა „მღვიმეში წასვლის” საშუალებას. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ჩანს, ლიტერატურის ქრონოლოგიური პრინციპით სწავლებაა (ანუ იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი ლიტერატურის ისტორია მეხუთე საუკუნიდან იწყება) და არა მოსწავლეთა თავისუფლება, რომელიც სწორედაც რომ, შეზღუდულია, რადგან მათ ასაკისთვის შეუფერებელ, ურთულეს ტექსტებს ვთავაზობთ შესასწავლად. ჩვენ რომ მათი გათავისუფლების სურვილი გვქონდეს, აქამდე ვიპოვიდით გამოსავალს და ამ ტექსტებს  მეთორმეტე კლასში შევთავაზებდით; უარს ვიტყოდით ლიტერატურის სისტემური კურსის ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებაზე და მხარს დავუჭერდით თემატურ ან ჟანრობრივ პრინციპს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაშია მიღებული.

მაგრამ, როგორც ჩანს, შორია მღვიმემდე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი