ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ წარსული დრო მარტივად

კლასში ფრანგული ენის სწავლებისას  ყველა მასწავლებელი, დამწყები თუ გამოცდილების მქონე, იცნობს იმ თავისებურებებს და სირთულეებს, რომლებსაც ვაწყდებით წარსული დროის, კერძოდ le passé composé-ს (რთული ნამყო წყვეტილი) ახსნის ეტაპზე.

       თავისი მნიშვნელობიდან და გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე, მასწავლებელი ენის სწავლების დაწყებიდან საკმაოდ მალე აღმოჩნდება le passé composé-ს ახსნის აუცილებლობის წინაშე.  ვინაიდან ეს არის პირველი გრამატიკული დრო, რომელშიც დამხმარე ზმნები avoir  და être დამწყები მოსწავლეებისთვის სრულიად ახალ კონსტრუქციაში გამოიყენება. Le passé composé-ს ახსნა საკმაოდ დიდ საზრუნავს უჩენს პედაგოგს, რომელიც ცდილობს, რომ ეს ახალი დრო, რაც შეიძლება იოლად გასაგები გახადოს  მოსწავლეებისთვის.  შემდგომში სწავლისას, ისინი ნახავენ, რომ  ბევრი გრამატიკული დრო გაიმეორებს იმავე სტრუქტურას, მაგრამ მათთვის ეს უკვე აღარ იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი იმ შემთხვევაში, თუ le passé composé-ს წარმოება და ყველა ის ნიუანსი, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული, კარგად ექნებათ ათვისებული.

ყოველივე ზემოთქმულიდან  გამომდინარე, ფრანგული ენის მასწავლებელთა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ კლასში le passé composé-ს კარგად ახსნა  მომავალში ბევრი სირთულის თავიდან აცილების წინაპირობაა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ენის შემსწავლელთა ასაკი, აგრეთვე აუცილებელია  ეს პროცესი მოსწავლეებისთვის სახალისოდ წარიმართოს, რათა მათ სირთულეების დაძლევა გაუადვილდეთ. ის ფაქტი, რომ ისინი მოკლებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში ფრანგული მეტყველების მოსმენასა და ამ ენაზე მეტყველებას, დამატებით სირთულეებს აჩენს.

ჩვენ დღეს არ შევეხებით le passé composé-ს წარმოებას მისი სიმარტივის გამო, არც le participe passé-ს (ნამყოს მიმღეობა) პირდაპირ დამატებასთან, ზოგ შემთხვევაში მოქმედ პირთან  სქესსა და რიცხვში შეთანხმების წესებს, რადგან ამ  საკითხებს, რომლებიც საკმაოდ დიდ სირთულეებს უქმნის ენის შემსწავლელებს, მოგვიანებით სხვა სტატიებში დავუბრუნდებით.

           კოლეგების უმრავლესობას საქართველოშიც და უცხოეთშიც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი და მიდგომა აქვს, ბევრი მათგანი კოლეგებსაც  მუდმივად უზიარებს საკმაოდ სასარგებლო ინოვაციასა და მიგნებას le passé composé-ს ახსნის გასაადვილებლად. ამ ამოცანის გამარტივების ერთ-ერთი ეფექტური გზა შეიძლება აღმოჩნდეს ამ პროცესის რამდენიმე ეტაპად დაყოფა. ამ პოზიციას იზიარებს საქართველოში ფრანგული ენის ბევრი მასწავლებელი.

პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ავუხსნათ  le passé composé-ს წარმოება დამხმარე ზმნა avoir-ით და პირველი ჯგუფის რეგულარული -er-ზე დაბოლოებული ზმნების გამოყენებით, რომელთა ნამყოს მიმღეობის (le participe passé)-ს წარმოება მათთვის არანაირ სირთულეს არ ქმნის. ერთი ან ორი მაგალითის დაფაზე ჩვენება, ძირითადად, საკმარისია ხოლმე;

ზმნის საწყისი ფორმა -er – ნამყოს მომღეობა -é.

მაგ.(Infinitif) danser- (Le participe passé)dansé.

 (Le passé composé) -Nous avons dansé.

მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ეს იოლია და საკმაოდ სწრაფად დაიწყებენ ამ ტიპის ზმნების გამოყენებას le participe passé-ში როგორც წერით, ისე ზეპირმეტყველებაში. აქვე მათი წახალისებისა და შექების პარალელურად მოსწავლეები აუცილებლად უნდა შევამზადოთ იმისთვის, რომ ზოგიერთი ზმნა სხვაგვარად აწარმოებს აღნიშნულ დროს. 

მას შემდეგ, რაც დამხმარე ზმნა avoir-ით ნაწარმოები ზმნების le passé composé მოსწავლეებს  კარგად ეცოდინებათ, სასურველია მასწავლებელმა  ახსნას -ir/-re-ზე  დაბოლოებული რეგულარული მე-2 და მე-3 ჯგუფის ზმნების le participe passé-ს  და, ამავდროულად, წარსული დროის წარმოება.

Infinitif en -ir – Participe en –i

(Infinitif)finir – (Le participe passé)fini

Infinitif en -re – Participe en -u

(Infinitif) vendre –  (Le participe passé) vendu

რაც შეეხება არარეგულარული ზმნების ნამყოს მიმღეობებს (les participes passés), აქ მათი ფორმების ზეპირად სწავლას გვერდს ვერ ავუვლით. მიუხედავად იმისა, რომ მათისია (რომელიც თითქმის ყველა FLE-ს სახელმძღვანელოს აქვს დართული) მოსწავლეებს  ვერ აღმოაჩენინებს დაბოლოებების სრულ სპექტრს-(i, it, u,é,û), მას მაინც შეუძლია ფასეული დახმარება გაუწიოს. აღნიშნული ზმნების  ნამყო მიმღეობების (les participes passés) კარგად გათავისება  ხშირად დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ყველაზე აუცილებელი და ხშირად გამოსაყენებელი ზმნების ნამყოს მიმღეობები მეორე ეტაპის დასაწყისშივე უნდა მივცეთ მოსწავლეებს, რათა მათ რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ შესაბამისი ზმნების წარსულ დროში გამოყენება.

ბოლო ეტაპზე ვუხსნით დამხმარე ზმნა être-ით ნაწარმოები ზმნების le passé composé-ს. მათი ნამყოს მიმღეობების (les participes passés) სქესსა და რიცხვში შეთანხმება მოქმედ პირთან მოსწავლეებისათვის კიდევ ერთი დამატებითი გამოწვევაა და აქაც მასწავლებელს ხშირად უწევს მათთან ერთად გაიაროს ყველა ის სირთულე და დაარწმუნოს ისინი თავიანთ ძალებში.

ამ გრამატიკული დროის გამოყენებისას ენის შემსწავლელთათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს ორი დამხმარე ზმნიდან საჭიროს  არჩევა წარმოადგენს, როდესაც  le passé composé-ს გამოყენებას იწყებენ. მხოლოდ იმ ზმნების ჩამონათვალის წარდგენა, რომლებიც დამხმარე ზმნა être-ს იყენებენ le passé composé-ს საწარმოებლად ყოველთვის ვერ იძლევა სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ფრანგული ენის მასწავლებლები ეძებენ აღნიშნული ზმნების ჩამონათვალის დამახსოვრების საკუთარ ვერსიებს და დადებითი შედეგის შემთხვევაში დიდი სიამოვნებით უზიარებენ მას თავიანთ კოლეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოშიც ბევრი ისეთი პედაგოგია, რომელმაც ამ ზმნების ჩამონათვალის დამახსოვრების განსხვავებული მეთოდი შეიმუშავა და  შესანიშნავად მუშაობს. აქვე გვინდა ჩვენი რამდენიმე უცხოელი კოლეგის ვარიანტიც შემოგთავაზოთ, რომლებიც  მოწონების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენს საქმიანობაში აქტიურად გამოიყენოთ. 

პირველი ნახატი მოგვითხრობს პერსონაჟის ისტორიას, რომელიც კლასში რამდენიმე დღის განმავლობაში თვალსაჩინო ადგილას შეგვიძლია გამოვფინოთ, შემდეგ კი დავმალოთ ის და შევეცადოთ, მოსწავლეებთან ერთად აღვადგინოთ ამბავი. ეს სავარჯიშო საკმაოდ ახალისებს მოსწავლეებს, ზოგჯერ ბავშვებს უჩნდებათ  ამ ნახატის გადახატვის, პერსონაჟისთვის სახელის დარქმევის და შემდგომ მისი ისტორიის მოყოლის სურვილი, რაც ძალაუნებურად განაპირობებს  ზმნების დამახსოვრებას(აქვე მათ შეიძლება განემარტოთ, რომ ზმნების თანამიმდევრობას ჩამონათვალში არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს)


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ნახატები და მასში მოთხრობილი ისტორიები ინტერნეტში საკმაოდ მრავლად მოიპოვება, თითოეულ მასწავლებელს შეუძლია მათ შორის რომელიმე აირჩიოს ან თავისი საკუთარი შექმნას (უმჯობესია, თუ ამ აქტივობაში მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი). აღნიშნული ვიზუალური მასალა უდავოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს კლასში. სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ უყრის თავს ერთადერთ ნახატში დამხმარე ზმნა  être-ით ნაუღლებ ყველა ზმნას და პედაგოგს მაინც უწევს დამატებითი კომენტარების გაკეთება.

ამ მხრივ, საკმაოდ კარგი ვარიანტი შემოგვთავაზა ჩვენმა ფრანგმა კოლეგამ, რომელიც შეეცადა ერთ ნახატში გაეერთიანებინა დამხმარე ზმნა  être-ით ნაუღლები ყველა ზმნა, მათ შორის – ნაცვალსახელოვანი (უკუქცევითი) ზმნები, ასევე ზმნები, რომლებიც ორივე დამხმარე ზმნას იყენებენ, და ის, თუ რა მოქმედებას გამოხატავს le passé composé.



 ეს ვარიანტი საკმაოდ სრულყოფილი, მაგრამ, ამავე დროს, ვიზუალურად გადატვირთულია. ამიტომ ის შეიძლება უფრო სამუშაოს შემაჯამებელ ფაზაში ვიზუალურ მასალად გამოვიყენოთ, ვიდრე ზმნების ჩამონათვალის დამახსოვრების გასაადვილებელ საშუალებად.

  ზემოთ წარმოდგენილი ხედვა, შესაძლოა,  არ არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა უკვე აპრობირებულია და საკმაოდ  კარგადაც მუშაობს. შესაძლებელია მისი დამხმარე მასალად გამოყენება.






კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი